ქრისტეშობის მადლი და სითბო


ამაყი მთების ძირს, ველზე, თანდათანობით იღვიძებს თოვლის ფუმფულა ”ქურქში” გახვეული სოფელი.

”ესეც შობის დილა, მაგრამ, სამწუხაროდ, საჩუქრები არ იქნება”, – დანაღვლიანებული ფიქრები ამოტივტივდა გოგონას გონებიდან, ნამძინარევი თვალების გახელვისთანავე… წამოჯდა საწოლზე და მოწყენილად გაიხედა თავისი დედისაკენ, რომელსაც, ერთი შეხედვით, თითქოს, საკმაოდ მშვიდად ეძინა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით სჩანდა ასე. ”ეჰ, როგორ ხშირად ავადმყოფობს დედა, ეს ბოლო დღეები”, – გოგონას ფიქრები ისევ სევდით გაიჟღინთა, აღარაფერი ახარებს საკმაო ხანია. მისი მამა, უკვე, მრავალი წელია, რაც ოჯახს არის მოწყვეტილი და უცხო მხარეში გადახვეწილი სამუშაოს საძიებლად, რათა თავის ახლობლებს არაფერი მოაკლოს. ოჯახიც, მართალია, ყოველდღიურად გრძნობს ოჯახის უფროსის ზრუნვას, მაგრამ მის გარეშე გატარებული ყოველი დღე, დედა-შვილისათვის, მაინც, უფერული და მოწყენილია… ძალზე მძიმე დღეები დადგა ყველგან. ”ადრე, თითქოს, სამუშაო უფრო მეტი იყო ვიდრე ხალხი, ახლა კი…”, ალბათ ეს გაიფიქრა გოგონას დედამ, რადგანაც ტკივილიანად ამოიოხრა. ძალიან ენატრება ქმარი, ენატრება ოჯახური სითბო, სიხარული ენატრება… უფრო მეტად მოიწყინა გოგონამ და ისევ გაიხედა დედის საწოლისკენ. ”ო, ღმერთო, როგორ მტკივნეულია ყოველივე ეს”, – ცრემლებით აევსო გოგონას თვალები და უცნაური სიცივე იგრძნო, როცა ცრემლი ლოყაზე ჩამოუგორდა. მხოლოდ ახლა იგრძნო პაწაწინამ, თუ როგორ ცივა ოთახში.”სწრაფად უნდა ავდგე და ღუმელი დავანთო, – გაიფიქრა მან, – დედა სიცივემ არ უნდა შეაწუხოს”. უღიმღამო დილა კი შუადღისკენ მიიზლაზნება…

ცოტა ხანში დათბა სახლში. დედა სიამაყით უყურებდა თავისი გოგონას ფუსფუსს და მთელი გულით ხარობდა, ასეთი გამრჯე შვილი რომ ჰყავს. ხმის ამოუღებლად, დაუზარებლად, რომ ეხმარება ყოველთვის და ყველაფერში. ”როგორ გამეზარდა ამ ბოლო წლის განმავლობაში, ჩემი პაწაწინა, – სიხარულს ვერ იტევდა დედის გული, – ხვალ კი დაბადების დღე აქვს, 12 წლის უნდა გახდეს ჩემი ანგელოზი და რა საწყენია მამა, თავისი ჩამოსვლით, რომ ვერ გაახარებს”, – ისე ამოიოხრა დედამ, თითქოს გული ამოაყოლაო. ჯერ კიდევ გუშინ ელოდა მეუღლეს, მაგრამ ის არა და არ სჩანს. მეზობლებმა თქვეს, საშინელი თოვლია გზებზე და მოძრაობა ფაქტიურად შეჩერებულიაო. ტელევიზორშიც კი არაერთხელ აღინიშნა უხვნალექიანობის თაობაზე და, შესაძლოა, 2-3 დღე ვერ აღდგეს მოძრაობაო. ”კიდევ კარგი, ჩემმა პატარამ არ იცის, რომ მამამისი უკვე გამოემგზავრა საზღვარგარეთიდან და, სავარაუდოდ, უკვე სამშობლოშია. ეგ რომ სცოდნოდა, უფრო დაიტანჯებოდა მოლოდინით და ყოველი წუთი უსასრულოდ მოეჩვენებოდა” – გაიფიქრა დედამ. ”ეს ჩემი და, მაინც, სადღაა ამდენ ხანს, რატო არ მოვიდა? ჩვენ ხომ ყოველ წელს, წინასაშობაოდ ერთად ვიკრიბებით აქ?! წუხელვე ხომ უნდა მოსულიყო, მით უმეტეს, რომ იცოდა ავად ვიყავი?!” – უფრო მეტად დაუმწუხრდა ფიქრები ქალს.

– ჩემო ანგელოზო, იქნებ დეიდასთან გასულიყავი და გაგეგო რაშია საქმე, რატომ არ მოვიდა გუშინ ჩვენთან? რაიმე ხომ არ უჭირს?

– ეხლავე, დედიკო, უცებ საჭმელს მოგიმზადებ და გადავალ დეიდასთან.

უცებ მოამზადა გოგონამ საუზმე, რომელიც ალბათ უკვე სადილიც კი უნდა ყოფილიყო, იმდენად განუცალკევდნენ დროს უსიამოვმო ფიქრებსა თუ მოგონებებში გართულებს. დედა უდიდესი მზრუნველობით დასვა მაგიდასთან, თვითონ კი ფეხზე მდგომმა შეჭამა ორიოდ ლუკმა, დააპურა შინაური ცხოველები და ფრინველები, სახლ-კარი მიალაგა, შემდეგ თბილად ჩაიცვა, დედას სიყვარულით აღსავსე მზერა დაუტოვა და წავიდა დეიდას სანახავად. ”კარგა შორია დეიდას სახლამდე”, – გაიფიქრა გოგონამ და საკმაოდ დიდი სოფლის ერთი ბოლოდან მეორესკენ გაემართა. ”სჯობს მოკლე გზით წავიდე, თორემ ასეთ თოვლში საღამომდე ვერ მივაღწევ დეიდას სახლამდე” – გადაწყვიტა და უცებ შეიმუშავა გონებაში ახალი მარშრუტი. მოკლე გზა საკმაოდ ამცირებდა მანძილს, მაგრამ, მაშინ მოუწევდა ღობე-ყორე ძრომიალი და უხერხული აღმართ-დაღმართის გავლა, მაინც, რამოდენიმე კილომეტრის მანძილზე. იცოდა, ყოველივე ეს გოგონამ, მაგრამ მას ბავშვობიდან უყვარდა სიძნელეების გადალახვა. მართლაც, რომ ძნელი აღმოჩნდა გზა, მუხლებს ზემოთ იყო თოვლი, ეს კი, უფრო, აძნელებდა მოძრაობას და გაუვლელს ხდიდა მას. გოგონას  სუსტი და ნაზი ფეხები ვერ უძლებდნენ ასეთ დატვირთვას, არართხელ დაეცა და გაეხვია იგი თოვლის საფარში, მაგრამ მაინც შეუპოვრად მიიწევდა წინ. ასე წვალებ-წვალებით ავიდა მოზრდილ ბორცვზე და ჰორიზონტზე გამოჩნდა დეიდას სახლიც. ”ახლა დაღმართი იწყება და უფრო ფრთხილად უნდა ვიყო”, – გაიფიქრა გოგონამ და ირგვლივ მიმოიხედა, ჩასასვლელად საუკეთესო გზის შესარჩევად. იქვე ახლომახლო შუახნის ქალბტონი იდგა, რომელიც შიშით ვერ ბედავდა გზის გაგრძელებას და დაბლა ჩასვლას. ქალს ხელში პროდუქტებით სავსე ჩანთა ეჭირა, მის სახეზე კი უმწეოების განცდა იყო აღბეჭდილი. უმალ შენიშნა ეს გოგონამ და გაემართა მის დასახმარებლად, მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ მოულოდნელად ქალი ძირს დაეცა და მთელი სისწრაფით დაეშვა ბორცვის ძირისკენ. გოგონა დაუფიქრებლად გაიქცა საშველად და მართლაც საოცრება იყო, რომ თითქოს ფრთები გამოესხაო, ისე ჩაირბინა, ერთხელაც არ დაცემულა. ქალი კი მძიმედ სუნთქავდა. მის სახეზე ერთდროულად გაირჩევოდა როგორც ტკივილის, ისე შიშისა და უმწეოების კვალი. კიდევ კარგი, ფაფუკმა თოვლმა შეამცირა დაცემის ძალა, თუმცა ეს, მაინც, ვერაფერი შვება იყო შეშინებული ქალისათვის, რომელიც ხელ-ფეხს ვეღარ იმორჩილებდა. ისე წამოაყენა გოგონამ დათრგუნული ქალი, რომ მისი მადლიერი თვალები ვერც კი შენიშნა, თვითონაც შეძრწუნებულმა, ქალის უმწეო მდგომარეობით. მხარი შეაშველა, ცალი ხელი წელზე შემოხვია, მეორეში ქალის ჩანთა დაიჭირა და დაყოვნება-დაყოვნებით გაუდგნენ გზას. ჩანთა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ”საოცარია, როგორ ახერხებდა ასეთი სიმძიმის ტარებას?”, – გაიფიქრა გოგონამ, თუმცაღა სახეზე სიმშვიდე შეინარჩუნა, რათა ქალს, კიდევ უფრო, უხერხულად არ ეგრძნო თავი, რომელიც ისედაც განიცდიდა იმას, თუ რაოდენ ძნელი იქნებოდა გოგონასთვის ასეთი დატვირთვა და თოვლის ”ბარიკადების” გადალახვა. ძალზე დაიღალა გოგონა, გზას კი დასასრული არ უჩანს, მაგრამ მაინც შეუპოვრად მიიწევს წინ, ფიქრებში ჩაფლული. ფიქრები კი გზას მართლაც რომ ამცირებენ და ამასობაში ქალის სახლთანაც მისულან. ”თურმე როგორ ცივა, ხელები გამეყინა”, – ფიქრებიდან გამოერკვა გოგონა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, მთელი ეს პერიოდი, ხომ, იმაზე ფიქრობდა – ასაკოვანმა ქალბატონმა რაიმე სერიოზულად ხომ არ იტკინაო? სახლის შესასვლელთან ჩანთა დადო, თავი ასწია, ქალბატონს სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალები შეაგება და ხელი გაუწოდა დასამშვიდებლად. ქალი კი ემოციებს ვერ იკავებდა, გოგონას მოეხვია და ღმერთს შეევედრა – ”ღმერთო, ბედნიერება არგუნე ამ პატარა ანგელოზს!”. გოგონა კი ფიქრებმა მოსწყვიტეს ადგილს – ”ნეტა როგორაა ჩემი დედიკო?”, პასუხად კი, თითქოს, ყურში დედის ხმა ჩაესმა – ”სადა ხარ ჩემო პაწაწინავ, როგორ მინდა ახლა გულში ჩაგიკრა და გაგათბო!” და უცებ სადღაც გაქრა დაღლაც და სიცივეც, თითქოს, ძალებიც გაუათკეცდა და გახალისდა გოგონა. ამასობაში ქალბატონმა ჩანთიდან ამოიღო დიდი, სისხლივით წითელი ვაშლი და უდიდესი სიყვარულით გაუწოდა მის მხსნელს. გამოართვა ვაშლი, გოგონამ, მადლობა გადაუხადა, გულთბილად დაემშვიდობა ქალს და გზა გააგრძელა.

აი დეიდას სახლიც გამოჩნდა.

– ჩემო კარგო, დეიდაშენი ახლახანს წამოვიდა თქვენსკენ. გუშინ ცოტა შეუძლოდ იგრძნო თავი და ვერ წამოვიდა, სახლში დარჩა. უთხრა გოგონას დეიდას მეზობელმა, რომელიც სახლის ახლომახლო და შესასვლელს თოვლისგან ასუფთავებდა.

მადლობა გადაუხადა გოგონამ და დაემშვიდობა დეიდას მეზობელს. ”როგორც სჩანს გზაში ავცდით, დეიდა დიდი გზით წამოვიდოდა”, – გაიფიქრა, გეზი სახლისკენ აიღო და გონებაში თან გადაითვალა, თუ რა დრო დასჭირდებოდა უკან დასაბრუნებლად, რადგანაც ამასობაში თოვა დაიწყო და მოკლე გზით სახლში დაბრუნება უფრო რთული იქნებოდა, თანაც შიშობდა გზაში არ დაღამებოდა. მით უფრო, რომ მოკლე გზის გავლას, მაინც, თითქმის ორჯერ მეტი დრო მოანდომა, ვიდრე იმედოვნებდა. ”მოდი ამ მადისამღძვრელ ვაშლს მაინც შევჭამ, თანაც, ცოტა არ იყოს და მომშივდა”, – გაიფიქრა გოგონამ და დაკვირვებით შეათვალიერა ვაშლი, რომელსაც ნერვიულად ატრიალებდა ხელში, მაგრამ მის თვალებს, მოულოდნელად პატარა ბიჭუნას დაჟინებული მზერა შეეჩეხა, რომელიც თავის წარმოდგენებში, ალბათ, უკვე მადიანად შეექცეოდა ამ ვაშლს. არც კი დაფიქრებულა ისე გაუწოდა ბიჭუნას ვაშლი, ის კი გაოცებული უყურებდა გოგონას, შემდეგ  დაუფიქრებლად გამოსტაცა ხელიდან ვაშლი, არ გადაიფიქროსო და სახლისაკენ გაიქცა გახარებულმა. არანაკლებ უხაროდა, ბიჭუნას სიხარული, ოქროს გულის მქონე გოგონასაც.

მთელი გზა, სახლისკენ, ფიქრებში გაატარა გოგონამ. სულ მამაზე ფიქრობდა. იხსენებდა ყოველ დღეს, როცა მამა მათთან ერთად იყო. იხსენებდა, თუ როგორ ანებივრებდა მამა, როგორ უზომოდ უყვარდა. ”ღმერთო, როგორ მენატრება მამა”, – სევდიანად ამოიოხრა გოგონამ და ირგვლივ მიმოიხედა. სანამ ასეთ ლამაზ მოგონენებში იყო იგი, თითქმის, მთელი გზა გაევლო. უკვე ბინდდებოდა. მალე ბნელდება სოფლად, ზამთარში და მხოლოდ ქათქათა თოვლი ახერხებდა ბინდის გაფანტვას. ”აი ჩემი ლამაზი სახლიც, მთელს დუნიას მირჩევნია იგი”, – სიხარულს ვერ მალავდა გოგონა. სახლიდან უსიამოვნო ხმები გამოდიოდა და იგრძნობოდა, რაღაცნაირი, ნერვიული ატმოსფერო. გაიგონა დეიდის ხმა, დედის ტირილი, მოესმა მამაკაცის ხმაც. დაძაბულმა და შეშინებულმა გააღო, გოგონამ, კარები, კარებთან კი მამაკაცი იდგა, იგი ქურქს იცვამდა და გარეთ გამოსასვლელად  ემზადებოდა, მის უკან კი დაინახა დედისა და დეიდის ცრემლიანი სახეები. გაოცებული აკვირდებოდა გოგონა მამაკაცს. ”ღმერთო, ეს ხომ ჩემი უძვირფასესი მამიკოა?”, – თვალებს არ უჯერებდა გოგონა.

– როგორ შეგვაშინე, პატარავ! უკვე მოსაძებნად მოვდიოდი, ჩემო ანგელოზო. ეუბნება მამა, რომელსაც ერთ წამში თვალები ცრემლებით აევსო.

– უზომოდ მიყვარხარ, მამიკო! – იყვირა გოგონამ, მაგრა, მაგრა ჩაეხუტა მამას და მის პაწაწინა ლოყებზე კიდევ ერთხელ ჩამოცვივდნენ ცრემლები. ო, რა თბილი იყო, უკვე, ეს ცრემლები, სიკეთითა და სიყვარულით გამთბარი…

ბინდი ჩამოწვა, ნათელი და რომანტიკული ბინდი. ქრისტეშობის მადლით ხარობდა სოფელი და მთელი ქვეყანა. ოცნების ახდენით უბედნიერეს ადამიანად თვლიდა თავს გოგონაც, მას ხომ ღმერთმა უძვირფასესი საშობაო საჩუქარი გაუკეთა…

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგ
ელაძე
(Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

ორიგინალი Рождественское тепло
07.01.2007

რუბრიკიდან Муза улыбается – рука пишет

Advertisements

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 06/01/2012, in My creativity and tagged . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: