მოლაპარაკე სახეები


დილა გათენდა. მზის სხივები ნაზად ეალერსებიან საწოლს. ზანტად ვახელ თვალებს და უნებურად ფიქრებმა წამიღეს. უცებ გამოვერკვიე ამ დაუპატიჟებელი ფიქრებიდან, არ ვიცი რა დრო გავიდა, რამდენ ხანს ვიყავი სხვა განზომილებაში, მაგრამ მომეჩვენა, თითქოს, დრო გაჩერდაო. თავს ძალა დავატანე და ავდექი. რაღაც უცნაურ დაღლილობას ვგრძნობ, ალბათ ვერ გამოვიძინე. ფანჯარაში გავიხედე, შესანიშნავი დღეა, ქუჩიდან ჟრიამულის ხმა შემოდის, ხმაურიანი ჩანს დილა. სწრაფი მოძრაობა, ხალხი აქით-იქით მიიჩქარის – ყველას თავისი საქმე აქვს, ყველას თავისი გეგმები, ყველას თავისი პრობლემები…

მეც გამოვედი ქუჩაში და ირგვლივ მიმოვიხედე. ისევ ჩავფიქრდი და ვარ ასე გაქვავებული რაღაც დროის განმავლობაში. ვფიქრობ, მაგრამ რაზე? ალბათ არც არაფერზეც ვფიქრობ, თუ ყველაფერზე? ნელ-ნელა გამოვფხიზლდი ფიქრებიდან, ავწიე თავი და ვხედავ ჩემს წინ ასაკოვანი მამაკაცი გაჩერებულა. მომეჩვენა, თითქოს, დაკვირვებით მიყურებს, თითქოს ჩემი ფიქრები უნდა წაიკითხოსო, ან იქნებ სახეზე უნდა ამოიკითხოს ჩემი განწყობა? ჩვეულებრივად გააგრძელა გზა მამაკაცმა და დავინახე მის უკან მდგომი ქალბატონი. ისიც, თითქოს, ჩემსკენ იყურებოდა… ალბათ, უბრალოდ, მომეჩვენა ყოველივე ეს. ისე კი, კაცი რომ დაფიქრდეს, ჩვენ ხომ, ჩვენდაუნებურად, არც თუ იშვიათად, ვუყურებთ და ვაკვირდებით ერთმანეთს, თუნდაც სულაც არ ვიყოთ ნაცნობები?

ვაგრძელებ გზას, შევჩერდი ტრანსპორტის გაჩერებაზე და ისევ ჩავფიქრდი, ამჯერად უკვე კონკრეტულზე – ”ისე კი, მართლაც, საინტერესოა სახეებზე აზრების ამოკითხვა, ადამიანის სახე, ხომ, ბევრისმეტყველია”…

ამასობაში ავტობუსიც მოვიდა და მეც, დაუფიქრებლად, ავედი ტრანსპორტში. ვხედავ რაღაცნაირი საქმიანი გარემოა ავტობუსში, ყველა რაღაცაზე საუბრობს, მსჯელობს, კამათობს, ზოგს მშვიდი სახე აქვს, ზოგს მხიარული, ზოგსაც მოწყენილი. გადავწყვიტე შეუმჩნევლად დავაკვირდე მათ სახეებს. შევათვალიერე ავტობუსის სალონი და უცებ ჩემი ყურადღება მიიპყრო უდნავ წინ მჯდომმა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელიც ნერვიულად ხსნის ხელჩანთას და რაღაცას ეძებს იქ. წამიერად შევავლე თვალი მის სახეს და მომეჩვენა, რომ სადღაც შორს იყო ახლა იგი, შორს იყო ხელჩანთისაგანაც და, თითქოს, სულაც არ აინტერესებს რას ეძებს. მის გვერდით ზის ასაკოვანი ქალბატონი, რომელსაც ხელთ თოჯინა უჭირავს და შეუმჩნევლად, მთელი სინაზით, ეფერება მას. ქალბატონის სახეზე, მართლაც რომ, ცალსახად იკითხება ბედნიერი განცდა, თუ რა უზომოდ უყვარს თავისი შვილიშვილი, რაოდენ გახარებულია, რომ თავის გოგონას ასეთი საოცნებო საჩუქარი შეუძინა, როგორ ეჩქარება ახლა მასთან მისვლა და მისი გახარება. მეც გადმომედო, თითქოს, ეს სასიამოვნო განწყობილება… ვაგრძელებ მგზავრების დათვალიერებას. ვხედავ ავტობუსის ბოლოში მჯდომ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც ხელთ მობილური ტელეფონი უჭირავს და ეტყობა შეტყობინებას კითულობს. სახე ისე აქვს გაბადრული და თვალებიც ისე უბრწყინავს, რომ, ეჭვგარეშეა, სასიხარულო და სასიამოვნო შეტყობინება მიიღო და იგი, ზუსტადაც რომ, თავისი შეყვარებულისგანაა გამოგზავნილი. იქვე ახლოს მამაკაცი დგას, ხელთ სპორტული გაზეთი უჭირავს და ემოციური თვალებით კითხულობს სპორტულ ახალ ამბებს. წამოვიწიე ფეხისწვერებზე, რათა, როგორმე, თვალი შემევლო გაზეთში გამოქვეყნებული სპორტსმენის სურათისათვის, მხოლოდ სათაურს მოვკარი თვალი – სტატია ევროპის ჩემპიონთა ლიგას ეხებოდა. შეუმჩნევლად დავაკვირდი მამაკაცის სახეს, სადაც მხოლოდ სპორტული ჟინი, ფეხბურთის უზომო სიყვარული იკითხებოდა და ფიქრებში არეული ოცნებები, თუ როგორ უყურებდა, იგი, თავისი კუმირის თამაშს საფეხბურთო მოედანზე.

რატომღაც ქუჩაში გასეირნება მომინდა. ჩამოვედი ავტობუსიდან, იქვე ახლოს კი სკვერია და გადავწყვიტე ცოტათი დამესვენა სასისმოვნო გარემოში. დავინახე თავისუფალი სკამი, ჩამოვჯექი და თვალებმა უნებურად დაიწყეს მოლაპარაკე სახეების ძებნა. ოდნავ მოშორებით ერთი ახალგაზრდა წყვილი დავინახე, ქალ-ვაჟი ისე იყო შემართული ერთმანეთის მიმართ, ისეთი აგრესია იგრძნობოდა, ისეთ მაღალ ტონალობაში უმტკიცებდნენ, ერთმანეთს, საკუთარ სიმართლეს, ისეთი დაძაბულობა იგრძნობოდა, რომ ცოტაც და იფეთქებდა უკონტროლო ემოციები… მთელი ყურადღებით დავაკვირდი მოჩხუბარე წყვილს და, ჩემდა მოულოდნელად, ერთმანეთის მიმართ ენით აღუწერელი სიყვარული წავიკითხე მათ სახეებზე, თვალებიც უზომო სიყვარულისგან უციმციმებდათ… რაღაც მომენტში ორივენი გაჩუმდნენ და გარკვეული დროის განმავლობაში უხმოდ აკვირდებოდნენ ერთმანეთს, თითქოს, ერთმანეთის სახეზე, რაღაც მნიშვნელოვანის ამოკითხვას ცდილობენო და უცებ ისეთი გრძნობით, ისეთი სიყვარულით ჩაეხუტნენ ერთმანეთს, გეგონებოდა მრავალი წლის მონატრების შემდეგ შეხვდნენო ისინი. ისევ შევხედე მათ. ცრემლებით სავსე თვალები და უზომოდ ბედნიერი სახეები დავინახე. ირგვლივ ყველა მათ უყურებდა და ყველას სახეზე მარტო ერთი სურვილი იკითხებოდა ამ წყვილის მიმართ – ”ღმერთო, სიხარულს, სიყვარულსა და ბედნიერებაში ამყოფე ისინი”. შეყვარებული წყვილის ახლომახლო პაწაწინა ცელქი ბიჭუნა გაჩერდა, რომელიც, მანამდე, სულ თავს აბეზრებდა, ცელქობით,  მშობლებს, რასაც მათი მხრიდან დაუყოვნებლივ მოჰყვებოდა, ხოლმე, ბავშვის დატუქსვა. ერთგვარად დაბნეული უყურებდა ბიჭუნა შეყვარებულ წყვილს და, ალბათ, უკვირდა, თუ რატო ტირიან, როცა ერთმანეთს ეფერებიანო? შემდეგ კი მშობლებისკენ გაიხედა, რომლებიც, ამ ემოციური სიტუაციის შემდეგ, ერთმანეთს უყურებდნენ და მათ სახეზეც ბედნიერება იკითხებოდა, ახსენდებოდათ, ალბათ, რაღაც ძვირფასი და რომანტიკული… ისევ ცელქი ბიჭუნასკენ წავიდა ჩემი მზერა. დავაკვირდი და გაოცება წავიკითხე მის სახეზე – ”ნეტა, რატომ აღარ მიბრაზდებიან დედიკო და მამიკო?!”.

ქუჩის მეორე მხარეს გავიხედე და დავინახე ბანკიდან გამოსული შუახნის მამაკაცი. ძალზე ამაყი და გახარებული მომეჩვენა იგი, თითქოს ხელფასი აიღო, ან ანგარიშიდან გამოიტანა თანხა, რათა მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთოს ოჯახისთვის, თუმცა, უფრო კარგად როცა დავაკვირდი მის სახეს, წავიკითხე განსაკუთრებული, ამაღლებული გრძნობა – მან ფული გადაურიცხა ახლობელ ადამიანს.

გამოვედი სკვერიდან და ჩაფიქრებული გავაგრძელე გზა. რამოდენიმე მეტრში ვხედავ ქუჩის მუსიკოსებს. ახლოს მივდივარ. განსაკუთრებული სიყვარულით უკრავენ მუსიკოსები, მთელი გრძნობით მღერიან,  ძირს, უწყვეტად, ცვივა მონეტები. მუსიკოსები კი ისეთ აზარტში არიან და ისეთ უზომო სიხარულს ანიჭებს, მათ, გამვლელთა მომღიმარი სახეები, რომ აღარც ფიქრობენ, თუ რამდენის შეგროვება შეძლეს დღეს, ფულმა დაკარგა მათთვის აზრი… მხოლოდ ეს წავიკითხე მათ სახეზე და კიდევ მათი ოცნება, რომ ფილარმონიის გადაჭედილ დარბაზში შეუსრულონ, თაყვანისმცემლებს, სხვა და სხვა ჰიტები. იქვე ფეხმძიმე მანდილოსანი შეჩერდა. მთელი ყურადღებით უსმენს სასიამოვნო მელოდიას იგი და ნაზად ეღიმება. მისი სახე და თვალები ბრწყინავს ბედნიერებით. თვალებდახუჭულიც კი შეიძლებოდა იმის წაკითხვა, თუ რაოდენ ბედნიერი იყო იგი და რაზეც ფიქრობდა: ”ღმერთო, უზომოდ მადლიერი ვარ შენი, რომ ახალი სიცოცხლე უნდა მოვავლინო ამქვეყნად და გავზარდო იგი ჩემი სამშობლოსათვის!”.

ისევ გავაგრძელე გზა, თვალებში კი ცრემლი ჩამიდგა, ბედნიერების ცრემლები…

ღმერთო, დაეხმარე ყველას, რათა მათ სახეებზე მხოლოდ ბედნიერება იკითხებოდეს!

თბილისი, 02 ოქტომბერი 2007 წ.

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 11/09/2012, in My creativity. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: