საკადრო პოლიტიკა და სავალალო შედეგები


არაპროფესიონალები და მედროვეები, რაც არ უნდა ბრმა მომხრენი იყვნენ კონკრეტული ხელისუფლებისა, ისინი, მაინც, რისკის შემცველი კატეგორიაა და ნებისმიერ დროს ზურგში დანის ჩარტყმის ტოლფასი ქმედებებია მათგან მოსალოდნელი. წლების განმავლობაში იცვლებოდა პრიორიტეტები საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ხან პროფესიონალებზე კეთდებოდა აქცენტი, ხან ნათესავებსა თუ ნაცნობ-მეგობრებზე, მიუხედავად მათი არაკვალიფიციურობისა და სამსახურეობრივი გამოუცდელობისა, ხან კიდევ მონური მორჩილების მქონე კატეგორიაზე, შესაბამისად, სახეზე იყო ხან  უდიდესი წინსვლა, ხან სერიოზული ჩავარდნები, ხან კიდევ თვითკმაყოფილება ფასადური ”წარმატებებისაგან”. ისე კი, საოცარია, რაზე ფიქრობენ ზედა ეშელონებში, როცა ისინი თავიანთი რიგებიდან იშორებენ პროფესიონალ, კვალიფიციურ, ნიჭიერ და მოაზროვნე კადრებს, ვისაც არაერთი წარმატება მოუტანია წლების განმავლობაში? ნუთუ არ ფიქრობენ, რომ ამით, მინიმუმ, ასუსტებენ თავიანთ რიგებს, თუნდაც არ აძლიერებდნენ ოპოზიციურ ფლანგს? ნუთუ, არ ფიქრობენ იმაზე, რომ ქვეყნის, ხელისუფლების თუ კონკრეტული უწყების სიძლიერე, კვალიფიციურ და გამოცდილ სპეციალისტებზე დგას და არა ე.წ. ერთჯერადად თუ მრავალჯერადად გამოსაყენებელ კადრებზე, მით უფრო არაკვალიფიციურ კონტიგენტსა თუ მედროვეებზე?

მართლაც, ცინიზმის ტოლფასია ეგრერიგად დამკვიდრებული ორმაგი სტანდარტი,  როცა, კონკრეტულ სიტუაციებში, ერთს, შესაძლოა, ცხვირის ხელით მოწმენდა ჩაუთვალონ უსაშინლეს ცოდვად და დანაშაულად (თუნდაც მათ გვერდითმდგომნიც წარამარა ეგრე იქცეოდნენ), ხოლო, ვთქვათ, ქალბატონისათვის სახეში მუშტის გარტყმა თუ ასაკოვანი მამაკაცის ფეხით ცემა ჩვეულებრივ წვრილმანად მიიღონ. მართლაც ვერ ჯდება ვერანაირ სტანდარტში, როცა ძირითადად სხვისკენ იშვერდნენ თითს და ამ დროს არად აგდებდნენ (არ იცოდნენ თურმე, არ სჯეროდათ) იმ წამების ფაქტებს, რაც ხდებოდა სასჯელ-აღსრულებით დაწესებულებებში

დიახ, ბევრს არ სჯეროდა, რომ მსგავსი სახის სისასტიკე, რაც ამ დღეებში ვიხილეთ ტელევიზიებითა თუ სოციალურ ქსელებში, შესაძლებელი იყო მომხდარიყო იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც, სათავეში მოსვლამდე, თითქოს, განსაკუთრებული სიმწვავით და უკომპრომისოდ ებრძოდა მსგავს პრობლემებს. დღეს, ასეთი ემოციურობის ფონზე, ბევრი იხსენებს სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ბევრს სჯერა რომ ქვეყანაში გეგმაზომიერად ხორციელდებოდა დაშინების პოლიტიკა თუ შანტაჟი და ბევრიც დარწმუნებულია, რომ გამიზნულად მიმდინარეობდა საჯარო მოხელეებისა და, საერთოდ, მთელი მოსახლეობის ერთგვარი დაპირისპირება, ერთმანეთის მიმართ უნდობლობის დათესვა, პრივილეგირებული ელიტისა თუ მეორეხარისხოვანთა კატეგორიის ჩამოყალიბება, ხალხის დაყოფა ”ჩემიანებად” და ”არასაიმედოებად”. ბევრიც მშვენივრად მოერგო ამ შექმნილ მდგომარეობას და შინაგანი პროტესტის გრძნობაც კი არ უჩნდებოდა, უკვე, რიგ რეზონანსულ ფაქტებზე. ზოგიც, მთელი მონდომებით, ცდილობდა, რომ სხვისი წაქცევის ხარჯზე ”ამაყად” წარმოჩენილიყო ერთგვარ ”ავანსცენაზე” და არანაირად აღარ ფიქრობდა იმაზე, თუ რა გაუკეთებია მასზე, თუნდაც მეათედით, მეტი, ვისზე მაღლა დგომასაც ცდილობდა. ასე რომ, დაუშურველად ესროდნენ ე.წ. მედროვენი ტალახს მას, ვის მიერ შესრულებული სამუშაოებისა თუ წარმატებების ხარჯზე, შესაძლოა, არარაობადაც კი გრძნობდნენ თავს. დიახ, მართლაც რომ, მრავლადაა ისეთები, რომლებიც სხვის თვალში ბეწვს შენიშნავენ, თავისსაში კი დირეს ვერ დაინახავენ, კიდევ მრავლადაა ისეთები, რომლებიც, ერთგვარად არასასურველ პირებში (თუ კონკურენტებში) მხოლოდ შეცდომების ძიებაში არიან, როცა თავისსაში თუ თავის გარემოცვაში ვერ ხედავენ უარესს, ვერ ხედავენ დანაშაულსაც კი, არ უნდათ დაინახონ, უბრალოდ…

ბევრი, ალბათ, იმასაც გაიხსენებს, თუ როგორი აზარტით გამოქვეყნებულა ერთგვარი ”მაკომპრომიტირებელი” მასალები, რათა ვინმესთვის სახელი გაეტეხათ, არაერთხელ გაჟღერებულა ისიც, თუ როგორ ჰყავთ დაშანტაჟებული ხალხი სხვადასხვა ხერხით, რათა ერთგვარად ”გამოჭერილები” ჰყავდეთ. ისე კი ბევრი იმასაც ამტკიცებს, რომ, წლების განმავლობაში, მავანთ ”მრავალპროფილიანი” ყური აქვთ მიყურადებული თავიანთი თანამშრომლებისათვის, რათა დროულად დაადგინონ, მათ გვერდით ხომ არაა ვინმე ისეთი, ვინც არ უჭერს მხარს და ასეთ არასაიმედოებს დაუფიქრებლად მოუძებნიან მიზეზს, რათა ე.წ. შავ სიაში მოათავსონ, ზურგი აქციონ და ამ დროს მეასეხარისხოვანი ხდება მათი პროფესიონალიზმი, გამოცდილება, შრომისმოყვარეობა და მათ მიერ, წლების განმავლობაში, მრავლად შესრულებული წარმატებული სამუშაოები… აი ასეთი საკადრო პოლიტიკა იყო საქართველოში წლების განმავლობაში და რას მოიმკიან შედეგად, ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ჩემი მოსაზრება პუბლიკაციის დასაწყისშივე მოგახსენეთ უკვე…

P.S. ისე კი, მე მაინც მჯერა, რომ ადრე თუ გვიან (სასურველია ეს იყოს რაც შეიძლება მალე) პრიორიტეტულად, ისევ, თანამშრომელთა პროფესიონალიზმი, კვალიფიციურობა, შრომისმოყვარეობა და წლების განმავლობაში დაგროვილი მდიდარი გამოცდილება ჩაითვლება. ასევე მჯერა, რომ აუცილებლად დაისჯება ყველა ის პირი, ვისი, ენითაღუწერელი, დანაშაულებრივი ქმედებების გამოც შოკირებულია სრულიად საქართველო. დიახ, ნამდვილად მჯერა, რომ, უახლოეს მომავალში, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში, გატარდება სათანადო რეფორმები, რის შემდეგაც სახეზე იქნება მყისიერი წინსვლა ბევრ სფეროში, პროგრესი, მეტი და მეტი წარმატება!

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)
19.09.2012 წ.

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 20/09/2012, in ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა, პოზიცია და მოსაზრები. Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: