მედია: მეოთხე ხელისუფლება თუ პირველი იდეოლოგი?


დღეს, ასეთ პოლიტიზირებულ გარემოში, საქართველოში, ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც ტელევიზორს არ უყურებს, პრესას არ კითხულობს და, საერთოდ, მოწყვეტილია რეალობას. დღევანდელ ეპოქაში, ასევე, ძნელად მოიძებნება ისეთი, ვისთვისაც უცნობია ინტერნეტის თავისუფალი გარემო, თუმცაღა, ყველაზე მნიშვნელოვანი საინფორმაციო გარემო, მაინც, ხალხის საუბრებია ერთმანეთთან. საერთოდ კი, ყველა ჩვენთაგანისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალტერნატიული ინფორმაციის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება სწორი პოზიციის ჩამოყალიბება, რამეთუ, ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, ხალხი ჰგავს ქვევრში გამოკეტილ აბესალომს და მანამ ვერ გათავისუფლდება, სანამ ქვევრი არ გატყდება.

ამ ბოლო ხანებში ლამის ყოველდღე და ყველას ”Must Carry” აკერია პირზე, მე კიდევ არ ვიცი რამდენადაა აუცილებელი კონკრეტული კანონის არსებობა იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, რამე თუ, მათ, პოლიტიკურ პარტიებზე მეტად თუ არა, ნაკლებად მაინც არ აინტერესებთ მედია. დიახ, მართლაც რომ, უდიდესი როლი გააჩნია მედიას,  უდავოდ, მეოთხე ხელისუფლებაა იგი და რაოდენ აუცილებელია, რომ  არ გახდეს პირველი იდეოლოგი…  საერთოდ კი, ინფორმაციის თავისუფლება ვინმეს გემოვნების საკითხი კი არა დემოკრატიული ღირებულებების აღიარების შედეგი უნდა იყოს.  ხოლო, თუკი, რომელიმე ტელეარხი არღვევს რაიმე სახის ნორმებს, ამისათვის არსებობს კანონები, სასამართლო და შესაბამისი მარეგულირებელი სამსახურები.

ისე კი, თვალნათლივაა უკვე შესამჩნევი, რომ, ბოლო ხანებში, საქართველო ნამდვილად აღარ უჩივის ჟურნალისტების ნაკლებობას. მახსოვს, კომუნისტების დროს, საქართველოზე ამბობდნენ, რომ, იგი, ლამის პირველ ადგილზეა უმაღლესდამთავრებულების (და არა უმაღლესგანათლებულების) მხრივ, ახლა, ალბათ, პირველ ადგილზე ვიქნებით ჟურნალისტების რაოდენობით. თუმცაღა, კაცი რომ დააკვირდეს, ყველას, ვისაც ინტერნეტში გააჩნია თავისი საიტი, ბლოგი ან კიდევ გაწევრიანებულია სოციალურ ქსელებში, რაღაც დოზით მაინც არის ჟურნალისტი და ინტერნეტმა მართლაც მისცა საშუალება, ყველას, თავისუფლად დააფიქსიროს თავიანთი პოზიცია და მოსაზრება. მეც, არაერთხელ, წამიკითხავს ბლოგერების მიერ გამოქვეყნებული საინტერესო პუბლიკაციები, რომელთან ახლოსაც, ნამდვილად, ვერ მივა ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტის ნააზრევი თუ ნაბოდვარი, პრესაში იქნება ეს თუ ტელევიზიაში, შესაბამისად არც თუ იშვიათად გამოხატულა ნეგატიური პოზიცია მედიის მისამართით…

ამ დღეებში ფეისბუკის ერთ-ერთ გვერდზე, კომენტარებში, მედიასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებთან მიმართებაში, მეც  დავაფიქსირე ჩემი პოზიცია:

ვკითხულობ ასეთ აღშფოთებებს მედიასთან მიმართებაში და ჩემთვის ვფიქრობ – რამდენად სწორადაა შერჩეული უკმაყოფილების ადრესატი? ბევრ ჩვენთაგანს ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი, თუმცაღა, ამ დისკუსიაში არიან ახალგაზრდებიც, რომლებმაც, შესაძლოა, არ იცოდნენ ან არ ახსოვდეთ პროგრამა ”ვრემია” და საბჭოური ტოტალიტარული წყობა, მაგრამ გაგონილი მაინც ექნებათ, თუ რას წარმოადგენდა საბჭოთა მედია (თუ კი შეიძლება მას მედია ვუწოდოთ) და ვინ რას იჯერებდა იმდროინდელ საინფორმაციო ველში. დღეს კი, ქვეყნის პრაქტიკულად ყოველ მოქალაქეს, წვდომა აქვს საკმაოდ მრავალფეროვან და ალტერნატიულ საინფორმაციო საშუალებებზე, მედიაზე, 40-50 წლიანი ასაკობრივი დიაპაზონია ინტერნეტის მომხმარებლებშიც, ინტერნეტში, სადაც რაიმეზე თუ არის შეზღუდვა ნამდვილად ვერ დავიჯერებ, გარდა ამისა, ყველა ყველაფერზე ლაპარაკობს ერთმანეთთან (უნდა ილაპარაკოს, კიდეც, შეუზღუდავად!) და, რაც მთავარია, ყველას აქვს უამრავი ცხოვრებისეული მაგალითი და გამოცდილება, ხომ მეთანხმებით? ახლა, ყველა ჩვენთაგანს, უნდა ჰქონდეს, თუნდაც მცირედი, ლოგიკური ანალიზის უნარი და ადამიანური ღირსება…

რაც შეეხება ქართულ მედია სივრცეს. ვფიქრობ, ეს ყოველივე, სარკეა ჩვენი ქვეყნისათვის და მასში ჩახედვისას ყველა იმას ხედავს რაც უნდა რომ დაინახოს ან, კიდევ, ვერ შეამჩნევს იმას, რაც არ მოსწონს. ასე, რომ პრობლემა სარკეში კი არაა, არამედ იმაში ვინც სარკის არსი ვერ გაიგო და იმას არ ხედავს რისი დანახვაცაა აუცილებელი. ისე კი, ერთხელ მაინც, ვყოფილვართ, ალბათ, მრუდე სარკეებიან სიცილის ოთახში და, ამ დროს მთავარია, რამდენად ადეკვატურად შეგვიფასებია იქ დანახული გამოსახულებები. ერთი ზღაპარიც გამახსენდა, სადაც სპეციალურ სარკეში ახედებდნენ გამხდარ, მშიერ და მისავათებულ ხალხს, რომლებიც გაოგნებულები უყურებდნენ თავიანთვე გამოსახულებას, სადაც საოცრად და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ…

რა შეიძლება ამას დავამატო? ალბათ ის, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა სახის ინფორმაციები მიეწოდება მასებს, ამ დროს მთავარია, თუ რა დონეზე შეუძლია ხალხს აზროვნება, რამდენად შესწევს უნარი სწორად შეაფასოს მოვლენები თუ კონკრეტული სიტუაცია, როგორი პასუხისმგებლობის გრძნობა და ღირსება გააჩნია. საერთოდ კი, ღირსება, ვისაც ასეთი გააჩნია  (მედია იქნება ეს თუ კონკრეტული პიროვნება), თავის თავს არ მისცემს უფლებას უცერემონიოდ ჩაერიოს ადამიანთა პირად ცხოვრებაში, უფრო მეტიც, ღირსება არავის გააყალბებინებს ფაქტებს და ღირსეულები არ ისვრიან ტალახს, რამეთუ, ნასროლი ტალახი შესაძლოა ასცდეს ადრესატს, მსროლელს კი ხელები წაებილწება საშვილიშვილოდ…

რამოდენიმე თვის განმავლობაში ყველა საარჩევნო სუბიექტმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, ყველამ, რა თქმა უნდა, ნათელ ფერებში, დაუხატა მომავალი ხალხს და სანუკვარ ცხოვრებაც დაპირდა, თუკი აირჩევენ და ყველაფერ ამას ერთობლიობაში უსმენდა ხალხი, რომელიც, მართლაც რომ, ამ მოზღვავებული ინფორმაციის პრესის ქვეშ მოექცა და, ნეტავი, თუ ესმით მავანთ, რა ძნელია ყოველივე ამის ერთობლიობაში გაანალიზება? რა კარგია, რომ ხვალ პოლიტიკური დუმილის დღეა… ზეგ კი ყველა თავის არჩევანს გააკეთებს და მთავარია იგი გულით იყოს ნაკარნახევი, ღირსებისა და პასუხისმგებლობის გრძნობით გაკეთებული!

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 29/09/2012, in არჩევნები, ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა, პოზიცია და მოსაზრები. Bookmark the permalink. 3 Comments.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: