ჩემი ნაკვალევი ფეისბუკის გვერდებზე – 2


2 წლის წინ, გაგანია წინასაარჩევნო ციებცხელების ფინიშის სწორს ერთ პუბლიკაციად შევკრიბე თვეების განმავლობაში ფეისბუკის გვერდებზე დაფიქსირებული პირადი პოზიციები თუ მოსაზრებები ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე და მას შემდეგაც არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია ცალკეულ პრინციპულ თუ მტკივნეულ საკითხებზე, რომელთა გარკვეული ნაწილი, გასაგები (თუ გაუგებარი) მიზეზების გამო ასცდა კონკრეტული ადრესატების დაფიქრების ზონას და ეს მით უფრო გულდასაწყვეტია იმის გამოც, რომ ის გულისტკივილი რაც მე გამომიხატავს თუ ის პრობლემური საკითხი რაც მაწუხებდა, მათზე ბევრ სხვასაც უთქვამს თავისი სათქმელი, თუმცა ამ მხრივ უკეთესობისკენ ბევრი ვერაფერი შეიცვალა საზოგადოებაში.

გადავწყვიტე გავაგრძელო ფეისბუკის გვერდებზე დაფიქსირებული პოზიციების პირადი ბლოგის გვერდებზე გადმოტანა (ზოგი ადრე უკვე მაქვს გადმოტანილი ცალკე პუბლიკაციებად და აქ აღარ გავიმეორებ) და თუმცა არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ახლა მაინც მიაღწევს სათქმელი კონკრეტულ ადრესატებამდე, ვფიქრობ, მაინც სწორი გადაწყვეტილებაა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებული მოსაზრებების გატანა ინტერნეტის ლაბირინთების უფრო ფართო არეალში, რამეთუ ვინ იცის, ექნებ ერთხელაც… არადა თვეების წინ გამოთქმული მოსაზრებების დიდი ნაწილი, ჩემი აზრით, დღესაც განსაკუთრებით უნდა იყოს აქტუალური…

* * *

ბევრი რამ შეიცვალა ქვეყანაში და კიდევ ბევრი შეიცვლება მომავალში, ხალხიც თანდათან ითავისებს იმას თუ რა არის ნამდვილი ადამიანური ღირებულებები. ყოველივე ამის ფონზე მაინტერესებს: ამ შეცვლილი რეალობის შემდეგ რითი უნდა ისაზრდოოს იმ ხალხმა, ვინც უდიდეს სიამოვნებას ღებულობდა საპატიმრო ადგილებში ხალხის წამებითა და დამცირებით, ვისაც მოსმენები ართობდა და სხვის პირად საქმეებში ჩარევა, ვინც ჭორების გავრცელებითა და სულმდაბლობით იყო დაკავებული, ვისაც დასმენები ანიჭებდა ბედნიერებას და ტალახის სროლა უმაღლეს ღირსებად მიაჩნდა, ვისთვისაც ხალხის გაუცხოება და მათი დაშინება იყო სიხარულის მომტანი?
2012 წლის 28 ოქტომბერი

 
არ ვიცი რამდენად ხშირად შემოდიოდნენ ფეისბუქის ჩემს გვერდზე ჩემი მეგობრები, ნაცნობები თუ ყოფილი თანამშრომლები, მე კი რეგულარულად ვათვალიერებდი მათ სტატუსებს, გაზიარებებს და ე.წ. ლაიქებს. დღესაც, კიდევ ერთხელ, ვესტუმრე ზოგიერთი მათგანის ფეიბუქის გვერდს და უცნაური რამ დავაფიქსირე. ადრე, ზოგზოგების მიერ საკმაოდ ემოციური და დიფირამბნარევი უზომო სიყვარულით იყო ხოლმე გაზიარებულ-დაპოსტებულ-დალაიქებული ყოფილი ხელისუფლების ცალკეული ლიდერების სურათები, სტატუსები თუ ფეისბუკის გვერდები, ახლა კი, ამ მიმართულებით, თითქოს, ყველაფერი ”მოსუფთავებულია”. საინტერესოა რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე – მლიქვნელობასთან, მედროვეობასთან თუ პოლიტიკური გემოვნების სახეცვლილებასთან? ან იქნებ მოდური თუ შეკვეთილი დალაიქება-გაზიარებების ნაცვლად გააზრებულობა უფრო არჩია ზოგიერთმა და მიხვდა, რომ ნამეტანი მოსდიოდა პირფერობა-მაამებლობის მხრივ, თანაც, ზოგი რამ უკვე არამომგებიანადაც ჩათვალა ახლა? თუმცაღა არიან ისეთებიც, რომელთათვისაც ცალკეული კუმირები ისევ კუმირებად და სათაყვანებელ პირებად დარჩნენ და ამით საკმაოდ პრინციპულად ინარჩუნებენ თავიანთ ერთგულებას. ისე კი, ზოგიერთებთან მიმართებაში, მაინც, საკმაოდ დაფიქრდებოდა ადამიანი… საერთოდ კი, ბევრი მართლაც უნდა დაფიქრდეს ბევრ რამეზე, ალბათ…
რატომღაც, ერთი, ჩემს მიერ ადრე გამოქვეყნებული პუბლიკაცია გამახსენდა – საკადრო პოლიტიკა და სავალალო შედეგები
2012 წლის 4 ნოემბერი

 
დღეს, მსოფლიო, ნამდვილად არ განიცდის ინფორმაციის ნალკებობას, მით უფრო ნაკლებობას მრავალფეროვნებისა, თუმცაღა ამ მოზღვავებულ ინფორმაციულ ნაკადს, ინტერესისა თუ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების გარდა საკმაოდ ნეგატიური გავლენის მოხდენაც შეუძლია ადამიანზე და არც თუ უმნიშვნელოსი.
დილიდან დამთრგუნა რამდენიმე პუბლიკაციამ, უფრო ზუსტად კომენტარებმა ამ პუბლიკაციებზე. ვფიქრობ და შიშით ვუყურებ მომავალს – ნეტავი, როგორ და როდის მოხერხდება, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს საზოგადოებაში დაგროვილი ამდენი ზიზღის, სიძულვილისა და გაუტანლობისაგან?
კოაბიტაცია, კოაბიტაცია, კოაბიტაცია…
ამ ბოლო დროს, ყველას, ლამის, ეს “მშობლიური” სიტყვა აკერია პირზე, თანაც ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ კოაბიტაცია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსების “საჯილდაო ქვაა” და არც არავინ ფიქრობს იმაზე, რომ კოაბიტაცია, ზუსტადაც რომ, მთლიანად საზოგადოებას სჭირდება, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ დღეს, ზუსტადაც რომ, სიკეთემ უნდა სძლიოს ბოროტებას, ქვეყანა რომ განვითარდეს და გაძლიერდეს. განა, ცოტაა პრობლემა ქვეყანაში, რომელსაც ყველა ერთად უნდა შევეჭიდოთ?!
არადა, სულ რაღაც ერთი კვირის წინ, საზოგადოება, სრულიად საქართველო, შეცდომებისა და მიყენებული ტკივილისათვის პატიებას ითხოვდა, მიტევებასა და შენდობას.
მძიმე მარხვაც დაავიწყდა, თითქოს, ხალხს და მხოლოდ სააღდგომო დღეებში მოახდენენ, ალბათ, „სავალდებულო“ თბილი ურთიერთობების დაფიქსირებას, მერე კი…
2013 წლის 24 მარტი

 

მერამდენედ უნდა დაემართოს ერს, რომ მხოლოდ მაშინ დაინახოს გზა, ურემი როცა გადაბრუნდება?! განგაშის ზარების რეკვაც რომ უფრო ემოციურად გვეხერხება, როცა ტრაგედია უკვე მომხდარია…
ერთი წლის ბავშვი რომ უყურადღებობისა და შიმშილისგან დაიღუპება, ეს ვინმე კონტრეტული ადამიანის, ან ჩინოვნიკის ბრალი კი არა, სრულიად ქვეყნის ტრაგედია და სირცხვილია…
მინდოდა მშობლებისა და ახლობლებისათვის მიმესამძიმრა ეს ენით აუწერელი ტრაგედია, მაგრამ ვფიქრობ სამძიმარი სრულიად საქართველოს უნდა გამოვუცხადოთ ყველამ და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, რომ ნებისმიერ ტრაგედიაში თავისი წვლილი საზოგადოებასაც მიუძღვის…
ღმერთო დაიფარე ჩემი სამშობლო მსგავსი ტრაგედიებისაგან!!!
2013 წლის 24 მარტი

 
იანუსი ქამელეონები მომრავლდნენ საზოგადოებაში და მავანთ, რატომღაც, სიამოვნებთ უკვე მათი „მოშინაურება“…
2013 წლის 18 აგვისტო

 
მრავალი უცნაური რამ მომხდარა ჩვენს სინამდვილეში, ბევრი გაუგებარი და ალოგიკურიც კი და არც თუ იშვიათად, ყოველივე ეს, უაზრობის მაქსიმალურ ხარისხში აყვანილი, ადამიანთა შორის ურთიერთობებშიც ყოფილა ასახული. არ ვიცი უაზრობის რა ხარისხია, რა დონის გულუბრყვილობა, ღვთის მადლი თუ სასჯელი, მაგრამ უცნაურად კი ნამდვილად უნდა ჩაითვალოს ის ასინქრონიზმი, მსუბუქად რომ ვთქვათ, როცა ადამიანი ზურგს შეგაქცევს, ახდენს შენს იგნორირებას, არც კი ინტერესდება შენით, შენ კი მას მაინც აფასებდე, მის მიმართ იყო ყურადღებიანი, პატივს სცემდე… კი, რა თქმა უნდა მესმის (თუ ვცდილობ ადგილი ვუპოვო, ყოველივე ამას, ჩვენს სინამდვილეში) უძღები შვილის დაბრუნების ამბავი და ალბათ არც მარჯვენა ლოყაზე გარტყმის შემდეგ, მარცხენას მიშვერის აუცილებლობა უნდა იყოს გაუგებარი მანამ, სანამ მავანთ ლოყაზე გალაწუნება ჩვევად თუ სიამოვნების მომგვრელად არ ჩამოუყალიბდებათ, თუმცაღა, ასევე, არც ის იქნება სწორი, რომ ნეგატიური დამოკიდებულების გამართლების მცდელობის გამო პოზიტიური დამოკიდებულების თუ ადამიანურობის გაუფასურება მოხდეს…
… და ალბათ, ჩემი ამ ნათქვამით, ბევრი სხვისი სათქმელიც ვთქვი…
ისე, მახსენდება წლების წინ რომ დავფიქრებულვარ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე: ამ ქვეყნად არც თუ იშვიათად სიტუაცია რადიკალურად და საპირისპიროდაც კი იცვლება და სწორედ მაშინ ხდება სათანადოდ გაანალიზება ბევრი რამის, განსაკუთრებით კი ადამიანური ურთიერთობისა… ჰოდა აღარც ის უნდა იყოს, ალბათ, გასაკვირი, თუ ცხოვრება, კონკრეტულ ადამიანებს, “სხვისი ჭირი ღობის ჩხირის” დაზეპირებისა და თვითდამშვიდების გარდა თავიანთ გულგრილობასა თუ “იდეალურობაზეც” მწარედ დააფიქრებს, მით უფრო, თუ ბევრ რამეს საკუთარ თავზეც გამოცდიან…
2013 წლის 20 დეკემბერი

 
ბედნიერებისათვის ნამდვილად არაა საკმარისი, რომ გქონდეს უზრუნველი ცხოვრება, იყო საუკეთესო ფორმაში, წარმატებული, საუცხოო პერსპექტივებით… ბედნიერების შეფასება არ ხდება მხოლოდ ერთი ადამიანისათვის, იგი არ განისაზღვრება ერთი ადამიანის კარგად ყოფნით. ბედნიერი რომ იყოს ადამიანი, ამისათვის ახლობელი ადამიანების კარგად ყოფნაა აუცილებელი, რადგანაც ტერმინი “ბედნიერება” მხოლოდ ფორმითაა მხოლობითი, თორემ არსით იგი მრავლობითია!
წინა სტატუსში ერთგვარი გულისტკივილით აღვნიშნე ის, რომ სათანადოდ არ ხდება ადამიანური ურთიერთობების დაფასება, რაც პირადად ჩემ თავზეც ვიწვნიე. არ ვიცი რას შეიძლება დავაბრალო პოლიტიკურ პროცესებს, მედროვე ადამიანის ბუნებას თუ ცხოვრებისეულ გამოცდას ის, რომ გასულ 2012 წელს (რომელიც მთელი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ნეგატიური აღმოჩნდა ჩემთვის) ზოგმა ისეთმა ადამიანმა მოახერხა ჩემი დავიწყება თუ ზურგის შექცევა, რომ ასეთი მოულოდნელობისაგან და ფაქტის ალოგიკურობის გამო ძალზე გამიჭირდა ყოველივეს ადეკვატურად შეფასება, არადა, თავის დროზე, ბევრი მათგანისთვის მხარში ამოდგომა თუ დახმარება მათში, თითქოს და, უსაზღვრო და გულწრფელ მადლიერებას იწვევდა. რას ვიზამთ, ესეც ჩვენი ცხოვრებისეული რეალობაა, თუმცაღა ყოველივე ამის გამო თავი უბედურად ნამდვილად არ მიგვრძნია და მომავლის იმედებით უფრო პრინციპულად შევეჭიდე სიძნელეებსა თუ უსამართლობას და უფრო მეტად გავაძლიერებ ამ შემართებას მომავალშიც.
მიმდინარე, 2013 წელი, წინასთან შედარებით, შეუდარებლად უკეთესი იყო პირადად ჩემთვის და, რომ არა, გაუმართლებლობა თუ მავანთა უაზრო გადაწყვეტილებები (რაშიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დარწმუნდებიან!) ბევრად უფრო უკეთესიც იქნებოდა, თუმცაღა ჩემთვის მთავარი მაინც ახლობელი ადამიანების კარგად ყოფნაა და მინდა მათი სიხარულითა და ბედნიერებით ვიხარო!

2013 წლის 20 დეკემბერი

 
ვიღაც ახლა დარდობს, რომ საახალწლოდ ვერ მოემზადა სათანადოდ…
ვიღაც თავის ბედს უჩივის, რომ ბიზნესში სათანადო წინსვლას ვერ მიაღწია…
ვიღაცას უსამართლობის შეგრძნება აწუხებს, ზოგსაც წარმატებების მიღწევაში ხელი შეუშალეს…
მართლაც მნიშვნელოვანი რამაა ყოველივე ეს და მომავალ წელს მოწესრიგებულიყოს არსებული პრობლემები…
ახლა კი ყველა დავფიქრდეთ, თუნდაც ერთი წამით დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენ ადამიანზე უფრო ბედნიერები ვართ, არადა ჩვენს პლანეტაზე რამდენს არ ეზეიმება ამ წინასაახალწლო დღეებში და უდიდესი ტკივილითაა ახლა დათრგუნული… ვიღაცის ახლობელი ტერორისტის მსხვერპლი გახდა, ვიღაცამ შიმშილის გამო გონება დაკარგა, სადღაც უაზრო სიკვდილით დაღუპულს დასტირიან, ვიღაც თავისი ახლობლისა თუ მეგობრის ავადმყოფობის გამო დარდობს, ვიღაც ძალადობის მსხვერპლი გახდა ან ცივი ქუჩის ტყვეობაში იმყოფება და წარმოუდგენელია, რომ ყოველივე ამის გამო უზომო დარდი არ შემოაწვეს ადამიანს, თუნდაც არ იცნობდეს არცერთს… და ახლა, ყველა მათგანს, ჩვენი გულებიდან წამოსული გულწრფელი გრძნობებით, შევუმსუბუქოთ ეს მძიმე ხვედრი, ვილოცოთ გარდაცვლილთა სულებისთვის, უფალს შევთხოვოთ დაეხმაროს უმწეოსა და ავადმყოფს!
ღმერთი იყოს ჩვენთან!!!
2013 წლის 30 დეკემბერი

 
ამ დღეებში, ერთ-ერთ დისკუსიაში, ჩემმა ოპონენტმა ასეთი ფრაზა დამიწერა:
Лучше иметь врага которого уважаешь, чем друга которого презираешь“…

მრავალმხრივ დამაფიქრა ამ ნათქვამმა, მაგრამ არც ისე ადვილია მტერ-მოყვარის გარჩევა, მით უფრო, ასე მოხშირებული ნიღბოსნებისა თუ ცხვრის ქურქოსნების ფონზე, რომლებიც თავიანთ ბნელ და მტრულ ზრახვებს სათუთად მალავენ. თუმცა, ზოგი არც კი მალავს…
ისე კი, ცხოვრებაში არც თუ იშვიათია, როცა შეიძლება გიმტრონ, ვინმემ ზიანის მოყენება მოინდომოს, მაგრამ უფრო გაგაძლიეროს, მოყვარემ, მეგობარმა თუ ახლობელმა კი – თავისი სიბრიყვით უზომოდ დაგაზარალოს, ხოლო მან, ვის მიმართაც ერთგვარი დაუფიქრებელი უნდობლობაა – თავისი შესაძლებლობებით, არაა გამორიცხული, რომ ოპონენტი (თუ მტერი) გაგიძლიეროს…
ასე რომ, მართლაც, ძალზე დამაფიქრებელია ბევრი რამ, თითოეული გადაწყვეტილება, შერჩეული პოზიცია თუ “პრიორიტეტი”…
2014 წლის 12 აპრილი

 
“ჩვენს საზოგადოებაში ადამიანი ან სამსახურზე ან თოკზე კიდია!”. სოციალურ ქსელებში დაფიქსირებული ასეთი პოზიციის პასუხად:

ადამიანი შეიძლება უმუშევრად დარჩეს, მაგრამ უსაქმურად არ უნდა იქცეს, არც უმწეო მდგომარეობის ყულფში თავის გაყოფაა გამოსავალი, ერთის უსამართლობა მეორის ტრაგედიით არ უნდა დამძიმდეს. ცხოვრება ხშირად უწყობს გამოცდას ადამიანს და ასეთ დროს საკუთარი შესაძლებლობების ხელახლა შეფასებასთან ერთად ბევრი ისეთი ადამიანის ნამდვილი სახის დანახვა ხდება, რომ ცალსახად რწმუნდები, თურმე საჭიროცაა, ხოლმე, ცხოვრებაში მსგავსი ცვლილებები… წინა ხელისუფლების დროს მეც და ბევრმა სხვამაც საკუთარ თავზე ვიწვნიეთ მავანთა “გენიალური” საკადრო პოლიტიკის შედეგი და ზოგზოგების მიერ მიღებული დაუფიქრებელი და გაუაზრებელი გადაწყვეტილებების “ნაყოფი”, საბოლოო ანგარიშში, ისევ მათვე დაუბრუნდათ ბუმერანგის ეფექტით და ბევრად უფრო მტკივნეულადაც, ხოლო ამასთან ერთად რამდენი რამ გაფუჭდა, მასზე საუბარი შორს წაგვიყვანს… აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ასევე, რომ, რიგ შემთხვევებში, ახალი ხელისუფლების ცალკეული წარმომომადგენლები წინა ხელისუფლების შეცდომებზე კი არ სწავლობს, არამედ ცდილობს მათი შეცდომები კარგად ისწავლოს და სათავისოდ გამოიყენოს. ამ ბოლო ხანებში არაერთხელ მომისმენია წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გამოხატული სინანული საკადრო გადაწყვეტილებებში დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით და არ ვიცი რამდენად გულწრფელია ყოველივე ეს, ისე კი საინტერესოა, სიტუაცია რომ არ შეცვლილიყო დაფიქრდებოდნენ კი ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებზე? თუმცა, დღეის მდგომარეობით, მიღებული შედეგის შესაბამისი არსებული რეალობა ხომ სახეზეა! ჰოდა, გავა დრო, ალბათ არაერთი ცვლილების მომსწრე გავხვდებით ისევ და მაინტერესებს, კიდევ ბევრი მსგავსი “პოსტ ფაქტუმ” წუხილის მომსწრე გავხდებით?
2014 წლის 3 მაისი

 
ჩემი ნაცნობ-მეგობრები იქნებიან თუ სრულიად უცხო ხალხი, მათ ნამდვილად არ ვანსხვავებ პოლიტიკური შეხედულებებისა თუ გემოვნების შესაბამისად, მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება და დაფასება მათივე ადამიანურობის შესაბამისადაა მხოლოდ და მხოლოდ…
2014 წლის 10 მაისი

 
ყოველი ადამიანისათვის უზომო შვებას, სიმდიდრეს და ხშირად ბედნიერებასაც კი წარმოადგენს მის მიმართ გამოხატული თუნდაც მცირედი გულწრფელი სითბო და ყურადღება, თუმცაღა საზოგადოება არც თუ ისე დიდადაა განებივრებული ადამიანურობის გამომხატველი ასეთი ღირსეული ქმედებისგან, რამეთუ ზოგს გულმავიწყობა დასჩემებია, ზოგს შესაძლოა სხვა არც კი მიაჩნდეს მისი ყურადღების ღირსად, რადგანაც თვლიდეს, რომ იმ დონეზეა იგი ღვთისგან რჩეული თავი არავის უნდა გაუყადროს, არიან ისეთებიც, ვისთვისაც დამოკიდებულების გამოხატვა მართულია, ხოლმე, სხვების მხრიდან თუ კონკრეტული პროცესების შესაბამისად…
ჰოდა, რაც უფრო იკლებს ადამიანურობა საზოგადოებაში, იკლებს სითბო და ყურადღება, შედეგად აუცილებლად მოიმატებს “ღობის ჩხირების” რაოდენობა, იმდენად მოიმატებს, რომ ფაქტიურად ყველას შეხვდება ადრე თუ გვიან…
ძნელია წინასწარ განჭვრიტოს ადამიანმა, თუ რა შეიძლება მოხდეს ან შეიცვალოს მის ცხოვრებაში, მაგრამ სითბოთი და ყურადღებით გალამაზებული ადამიანური ურთიერთობები, მომავალში ტკბილ მოგონებებად ხომ მაინც გაყვება მას და განა ეს ცოტაა?
გონიერი ადამიანისათვის კი ყოველთვის ცხადია ის, თუ რაა განსაკუთრებით დასაფასებელი ცხოვრებაში და რას უნდა გაუფრთხილდეს, რომ საკუთარი ცხოვრება ლაღი და ლამაზი ფერებით იხატებოდეს…
2014 წლის 18 მაისი

 
მედია, ინტერნეტი, სოციალური ქსელები, რეალური თუ ვირტუალური სივრცე პირთამდე აივსო და ყოველდღიურად ულევად გადმოედინება “ცხელ-ცხელი” თუ “ხელახლა გამთბარი” ცალკეულ ინფორმაციები, უღირსი ჭორები თუ ნაბოდვარი ყველასა და ყველაფრის შესახებ, ქვეყანა დაემსგავსა ერთ დიდ ჭორბიუროს და ლამის ყველა ისეთი აზარტით და დახარბებულად მიიწევს “სათაგურის” ამ სატყუარასკენ, რომ არც კი გამიკვირდება, ზოგზოგები თუ მთლიანად ქართული საზოგადოება, ადრე თუ გვიან, ფაქტიურად, თავისსავე დაგებულ ხაფანგში (აშკარა ხელშეწყობითა თუ წახალისებით, მდუმარე შემგუებლობითა თუ გულგრილობის შედეგად) ამოჰყოფს თავს… ხოლო, ხშირ შემთხვევაში, ვინც სიმართლეს ამბობს, მთავარი მიზნად ის კი არა აქვს, რომ საზოგადოებამ იცოდეს ჭეშმარიტება, არამედ უპირველესად ის სურს, რომ ვინმეს ავნოს ამით…
და, ყოველივე ამის შემხედვარე, კიდევ შეიძლება გვჯეროდეს, რომ ჩვენ მივისწრაფით ცივილიზებული სამყაროს ფასეულებების, ეროვნული ღირებულებების, თავისუფლებისა თუ ღვთისკენ?!
P.S. ისე კი, სენსაციების უთავბოლო მოყვარულნი, არც თუ იშვიათად, უდაბნოში გზააბნეულ იმ ადამიანს ემსგავსებიან, რომელსაც წყალი უზომოდ მოსწყურდა და მირაჟებით იკლავს წყურვილს…
2014 წლის 25 მაისი

 
ცხადია, რომ ადამიანთა საკმაოდ დიდ ნაწილს ყოველგვარი დაეჭვების გარეშე სჯერა, რომ სხვაზე უკეთესია და შესაბამისად სხვებზე ბევრად უკეთესსაც იმსახურებს, თუმცაღა ასეთი ამბიციებით შექმნილი სამყარო გამოფხიზლებისთანავე “ოქროს თევზის” ზღაპრის ფინალში აღმოჩნდება, ესეც ხომ ცხადია? კაცობრიობას კი, ალბათ, მხოლოდ მაშინ დაეტყობა გამოჯანსაღებისა და გაკეთილშობილების ნიშნები, თუ ყოველი თვითდაჯერებული “იდეალური” და “საუკეთესო”, თუნდაც მხოლოდ სარკეში ჩახედვის დროს, დაფიქრდება იმაზე, რომ ისიც ცოდვილია, მასაც დაუშვია შეცდომები და არც თუ ცოტა დაუშავებია ცხოვრებაში, თან ბევრი რამ კარგადაც გაიხსენოს, სანამ სხვას გაიმეტებს დასაცინად, გასაქილიკებლად თუ ტალახის სასროლად…
ნუ დავივიწყებთ, რომ ყველა ჩვენთაგანს ისედაც მძიმე ტვირთად გვაწევს ჩვენ-ჩვენი ცოდვები და მას სიკეთით თუ არ შევიმსუბუქებთ, ბოროტებით უფრო მეტად მაინც ნუ დავამძიმებთ…
2014 წლის 8 ივლისი

 
წლების განმავლობაში ერთ რამეში ნამდვილად დავრწმუნდი, რომ ადამიანური ურთიერთობები, თუ არაა გულწრფელი, თუ იგი ცვალებადია თანამდებობის, ეკონომიური მდგომარეობისა თუ გავლენის შესაბამისად, მაშინ ასეთ ურთიერთობებს არანაირი ფასი არა აქვს და იგი მომავალში ტკივილს ან იმედგაცრუებას თუ არ მოიტანს, უფერულს მაინც გახდის მას ნებისმიერ შეთხვევაში…
ამ ბოლო ხანებში კი უფრო და უფრო დავრწმუნდი იმაში, თუ რაოდენ დასაფასებელი და მოსაფრთხილებელია ალალი, გულწრფელი, თბილი ადამიანური ურთიერთობები!
სავარაუდოდ, ბევრი ჩემსავით ფიქრობს, თუმცა, ალბათ, არიან ისეთებიც, ვისაც ეს ნაკლებად აღელვებს ან სულაც არ დაფიქრებულან ყოველივე ამაზე, მაგრამ გავა დრო და მომავალში მათ მაინც მოუწევთ ბევრ რამეზე დაფიქრება, მით უფრო, თუ ამ დროს გაუფერულებული ურთიერთობები თავის შედეგსაც გამოიღებს…
2014 წლის 18 აგვისტო

 
ჩვენს ცხოვრებასა თუ მოქმედებაში უდიდეს როლს ასრულებს ინფორმაცია, ამიტომ, ამ დროს, მთავარია ის, თუ რა ხარისხისაა ეს ინფორმაცია და რამდენად წარმატებულად გამოიყენებს მას ადამიანი. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ინფორმაციის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს ჭორი, სიცრუე თუ სიყალბე და იგი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მით უფრო ცალკეული პროცესების მართვისას, თუმცა უცნაური, ყოველივე ამაში, ისაა, რომ ვინც მას უფრო აქტიურად იყენებს სხვათა მიმართ, შეურიგებელი და უკომპრომისოა იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ, მისი ახლობლებისა თუ თანამოაზრეების მიმართაც ანალოგიურად გამოიყენებენ ამ “აკრძალულ იარაღს”. ანუ ზოგ-ზოგებისთვის მოქმედებს პრინციპი “ჩემი ნათქვამი ჭორიც ჭეშმარიტებაა, შენი კი – ბოროტებაო”. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, ყველაფერი გამოაშკარავდება, ხოლმე და ჭორის, გულბოროტობისა თუ ტალახის სროლის მიზეზებიც გაირკვევა, თუმცაღა, ამ დროისათვის, სამწუხაროდ, ჭორს უკვე ნაპოვნი ჰყავს ადრესატი, ბოროტებას მსხვერპლი, ხოლო “უცოდველის” ხელიდან გასროლილმა ტალახმა უკვე მიაღწია თავის მიზანს და ამის შემდეგ ვიღას აინტერესებს განწირული და ჩაწიხლული? ან იქნებ აინტერესებს და გული ატკინა, ყოველივე ამან, ვინმეს და ბევრია კი ასეთი?
ცხოვრება კი, მართლაც, ბევრ რამეს გვასწავლის, მთავარია ვინ რას ისწავლის…
2014 წლის 21 აგვისტო

 
ამქვეყნად ყოფნა ყოველი ჩვენთაგანისათვის ერთი დიდი ცხოვრებისეული გამოცდაა, როცა წინ იდუმალებითა და მოულოდნელობებით აღსავსე მომავალია, უკან კი – ჩვენი ნაკვალევით დაფარული წარსული…
2014 წლის 23 აგვისტო

* * *

ასე ვთქვათ, ფეისბუკის კიდევ ერთი გვერდი გადავფურცლე ჩემს ბლოგში და იმედებით გავაცილე მოსაზრებები ინტერნეტის ლაბირინთებში, სადაც ჩემს ყოველ სიტყვას ჩემივე თანამოაზრისა თუ ოპონენტის პოზიცია შეეგებება და…

პატივისცემითა და კეთილი სურვილებით
edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 28/10/2014, in ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა, პოზიცია და მოსაზრები and tagged , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: