ოჯახური ძალადობის პრობლემა სხვადასხვა სივრცეში


ეს დღეები, ასე ვთქვათ, აჭრელდა მედია სივრცე ბოლო პერიოდში ეგრერიგად მომრავლებულ სისასტიკის, ოჯახური კონფლიქტებისა და ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დაფიქსირებული პირადი მოსაზრებებით. მიუხედავად რესპოდენტების (რომელთა ინტერვიუებიც მართლაც გამოირჩეოდნენ მთელი სიმძაფრით) განსაკუთრებული აღშფოთებისა და ამ სამარცხვინო პრობლემის მოწესრიგების დიდი სურვილისა, მაინც ვერ დავინახე ის რეალური გზები, რაც სრულად თუ ვერ აღმოფხვრიდა, საგრძნობლად მაინც შეამცირებდა ძალადობის ფაქტებს ოჯახში თუ ოჯახს გარეთ. ჯერ კიდევ თვეების წინ, როცა საგრძნობი გახდა ოჯახური კონფლიქტებისა და ძალადობის ზრდის ტენდენცია, თანაც სახეზე იყო უფრო მეტი აგრესიულობა და სისასტიკე, ველოდი რომ, ცალკეული სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ერთობლივად ასევე მძლავრად იქნებოდა შემოკრული განგაშის ზარები, რომლითაც საზოგადოებას გამოაფხიზლებდნენ ძილბურანიდან, თუმცა… წლების განმავლობაში, მუშა ჯგუფების შეხვედრებსა თუ კონფერენციებზე არაერთი მოსაზრება დამიფიქსირებია, კონკრეტული წინადადებებიც შემითავაზებია ძალადობის პრობლემაზე მუშაობის გასააქტიურებლად, რათა წარმატებები უფრო საგრძნობი ყოფილიყო, მაგრამ საკითხი ადგილიდან არც კი დაძრულა, თითქოს, უფრო პირიქით, სიტუაცია გაუარესდა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია… დღეს დაინტერესება გამოვხატე იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქტიურობს ესა თუ ის ორგანიზაცია თუ პრობლემასთან მჭიდროდ დაკავშირებული კონკრეტული პირები ინტერნეტ სივრცეში, სოციალურ ქსელებში, რამეთუ დღეისათვის პრინციპული საკითხების განსახილველად და დისკუსიებისათვის ეს სივრცე გამოირჩევა განსაკუთრებული ეფექტურობით და ძალზე დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების ცნობიერებაზე. შევიხედე ოჯახში ძალადობის საუწყებათაშორისო საბჭო-ს ფეისბუკის გვერდზე, სადაც ა.წ. აპრილში ისევ “ზამთრის ძილს” დაბრუნებიან, მოვინახულე “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” საიტი, სადაც “გამყინვარების ეპოქა” ჯერ კიდევ გასული წლის მაისში დამდგარა. როგორც გავარკვიე სამოქალაქო აქტივობების ცენტრი მუშაობდა პროექტზე, რომლის მიზანი იყო “ოჯახური ძალადობის შემთხვევების შემცირების ხელშეწყობა და ქალთა უფლებებზე საინფორმაციო – საგანმანათლებლო კამპანიის დაწყება”, თუმცაღა აღნიშნული ორგანიზაციის ფეისბუკის გვერდზე რაიმე მინიშნებაც კი ვერ აღმოვაჩინე ამ პროექტთან დაკავშირებით. ამ თემებზე მომუშავე კიდევ არაერთ “გაყინული” პროექტს წავაწყდი და ბევრმა რამემ მწარედაც დამაფიქრა, ხოლო როცა გავეცანი “ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდის” საიტზე არსებულ “მშრალ” ინფორმაციებსა და არაფრისმთქმელ სტატისტიკებს, კიდევ უფრო მეტად დამწყდა გული ბევრ რამეზე. ვესტუმრე Tamar Sabedashvili-ს (რომელის განსაკუთრებული აქტიურობა ქალთა უფლებების დაცვის მხრივ ყოველთვის აღმაფრთოვანებდა კონფერენციებზე იყო ეს, კონკრეტული პროექტების პრეზენტაციისას თუ ჩვენი სხვა მუშა შეხვედრებისას) ფეისბუკის გვერდსაც, სადაც უფრო მეტ ინფორმაციას, კონკრეტულ მოსაზრებებსა და პოზიციებს ველოდი, მაგრამ… შევეცადე გამეხსენებინა ძალადობის პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა თუ ცალკეული პირების მონაცემები, რათა ცოტათი მაინც დავმშვიდებულიყავი, რომ ვიღაც სადღაც აქტიურობს, თუმცა ჯერჯერობით ვერაფერი აღმოვაჩინე და ვერც რაიმე მნიშვნელოვანი პროექტის მაგვარი რამ ვიპოვნე ინტერნეტ სივრცეში რაზეც გაცხარებული დისკუსია მიმდინარეობს და მხოლოდ ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზი – 309 903 და ოჯახი ძალადობის გარეშე-ს ფეიბუკის გვერდები როცა აღმოვაჩინე (სადაც დისკუსიებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ აქტუალური ინფორმაციები მართლაც მრავლადაა) ცოტათი დავმშვიდდი, რომ მთლად რკინის ფარდა არ ყოფილა ჩამოფარებული ინტერნეტ სივრცეში ძალადობის პრობლემასა და საზოგადოებას შორის. თუმცა ერთი, ორი, ათი და ასი მერცხალიც ვერ მოიყვანს გაზაფხულს, სანამ ისინი გუნდებად არ შემოფრინდებიან, არადა ყველა, ვისაც შეხება ჰქონია ან აქვს ამ პრობლემებთან, ვისაც გული შესტკივა, ყველა ვალდებულია მაქსიმალურად იაქტიუროს ყველგან, სადაც ხელი მიუწვდება და არა მარტო კონკრეტულ შეხვედრებსა თუ ტელეეკრანის წინ, ხოლო აქტიურობამ აუცილებლად უნდა გამოიღოს სასურველი ნაყოფი, თორემ, სხვა შემთხვევაში, ფუჭი იქნება გარჯა!

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი
21 ოქტომბერი, 2014 წ.

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 01/12/2014, in ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა and tagged , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: