ჩემი ნაკვალევი ფეისბუკის გვერდებზე – 3


აბსოლიტური ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანთა ნამდვილ სახეებს გაჭირვების ჟამს ვხედავთ, ხოლმე. ამ დროს ვხედავთ იმასაც, თუ ვინ არ გამოგვიწოდა დახმარების ხელი, ვინ ზურგი შეგვაქცია თუ დაგვივიწყა, ხოლო ზოგმა უმადურმა, მედროვემ, ორპირმა თუ სხვა ტიპის სულმდაბალმა ნაძირალამ გვიმტრო და არ მოერიდა ტალახის სროლასაც კი…
რაც თავი მახსოვს, ყოველთვის იმ პრინციპით მიცხოვრია, რომ მეკეთებინა ის, რაც სხვებსაც სჭირდებოდათ და გამოადგებოდათ, შეძლებისდაგვარად, დახმარების ხელი გამეწოდა მათთვის ვისაც უჭირდათ, მხარში ამოვდგომოდი და გამეზიარებინა მათი წუხილი, თუმცაღა, ძალიან მტკივა გული, როცა მახსენდება, თუ როგორ შეძლებია თურმე ზოგიერთს ყველაფერი კარგის დავიწყება, როგორ ადვილად შეძლებია, თურმე, ზოგიერთს, ადამიანისთვის ზურგის შექცევა თუ გაწირვა, თუმცა ყველას, ვინც თვალს არ იბრმავებს, ძალიან კარგადაც უნდა დაენახა, თუ როგორ შეიძლება ბევრი რამ უცებ შეიცვალოს ცხოვრებაში, თანაც რადიკალურად და საპირისპიროდაც…
დღევანდელი გადასახედიდან უკვე ვრწმუნდები, რომ ალბათ ჩემთვის აუცილებელიც კი იყო მიმეღო ასეთი დიდი ცხოვრებისეული გამოცდა, როცა გაჭირვების ჟამს ბევრმა, ყველაფერ კარგთან ერთად, მეც დამივიწყა და ამასთან, ისეთებისგან დავინახე უგულობა, გულბოროტობა და უღირსი ქცევაც კი, ვისაც ღირსეულ ადამიანზე აქვს პრეტენზია, ზოგსაც საკუთარი თავი მორწმუნე ჰგონია თუ უშეცდომო და იდეალური. ყველაფერმა ამან ბევრი რამ მასწავლა…
მადლობა ღმერთს, რომ ასეთ დროს მთელი გულით დამიდგნენ გვერდით ის ადამიანები, ვისთვისაც მართლაც ახლობელი ვყოფილვარ. ისინი ყველანაირად ამომიდგნენ მხარში – ვინ თბილი სიტყვით თუ მხარდაჭერით, ვინ მორალურად თუ მატერიალურად და მათმა ასეთმა მხარდაჭერამ ცხოვრებაში ნათელი ფერებიც დამანახეს. ესენი იყვნენ, მართლაც რომ, ახლობელი ადამიანები და დღეს მთელი გულით მინდა გადავუხადო უღრმესი მადლობა ყველას, ვინც თავის დროზე გულთან ახლოს მიიტანა ჩემი გაჭირვება, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ნამდვილ მეგობრებსა და უძვირფასეს ნათესავებს, ჩემს მშობლებს და განსაკუთრებით ჩემს დაიკოს, რომელთა მხარში დგომა მართლაც ალალი იყო და უანგარო, ყოველივე ამან კი უფრო და უფრო გამაძლიერა, დამისახა კონკრეტული მიზნები, რათა შეუპოვრად შევჭიდებოდი ცხოვრებაში წარმოქმნილ პრობლემებსა თუ უსამართლობას.
მართალია, ბევრი რამ უკვე მოწესრიგებულია ახლა ჩემს ცხოვრებაში, თუმცაღა შემომრჩა გულისტკივილიც, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობებში გაჩენილმა ხინჯმა გამოიწვია. მაგრამ ცხოვრება გრძელდება და მართალია “შეუცდომელთა” გარდა ყველას რაღაც გვეშლება, მეც და სხვასაც, ვფიქრობ, ბევრი რამის დროულად გამოსწორებაც ასევე გვსურს, ხოლმე, მეც და იმედია სხვებსაც…
2014 წლის 2 სექტემბერი

 

ის იყო დავაანონსე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია-მოსაზრებების ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნების ახალი შემართებით გაგრძელება – პოლიტიკურ ან არაპოლიტიკურ თემებთან მიმართებაში იქნებოდა ეს თუ ადამიანურ ურთიერთობებზე, ჩვენს ყოველდღიურობაზე, რომ ქვეყანაშიც საკმაოდ საინტერესო პროცესები დაიწყო თუ გააქტიურდა. ოპოზიციაში თითქოს ერთგვარი დინამიური მოლოდინისა თუ აქტიური მზადების პერიოდია, ხელისუფლებაში კი დიდი დაფიქრებისა თუ ურთიერთობების გარკვევა-დალაგების მცდელობა. დღეს ბატონ Murman Dumbadze-ს ერთგვარი უკმაყოფილება შევამჩნიე, როცა იგი გარიცხეს (თუ თვითონ გავიდა) “ქართული ოცნების” რიგებიდან. აშკარად ჩანდა, რომ განაწყენებული იყო იმის გამო, თითქოს მას არ უსმენდნენ, არ უნდოდათ მისი გაგება. იმედია, ახლა მაინც შეუძლია გაიგოს ბატონმა მურმანმა ჩემი წუხილი, მისი მხრიდან ყურის მოყრუებისა თუ იგნორირების გამო, როცა მას საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, ჩემი აზრით, არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მივწერე არაერთხელ, განსაკუთრებულად გავამახვილე ყურადღება იმ კონკრეტულ საკითხებზეც, რომლებიც შესაბამის ადრესატებამდე უნდა მიეტანა და მათზე ხელისუფლებასაც უნდა გაემახვილებინა ყურადღება, მაგრამ… მოკლედ ფოსტაზეც მივწერე მას არაერთხელ, მობილურზეც, შევუთვალე კიდეც, თუმცაღა, მიუხედავად ჩვენი დიდი ხნის ნაცნობობისა და ჩემს მიერ წამოჭრილი საკითხების აქტუალობისა, მისი მხრიდან ფაქტიურად ნულოვანი რეაქცია მივიღე… ახლა იგი ოპოზიციაში გადავიდა (როგორც განაცხადა) და ძალიან კი საინტერესოა, აწი როგორი პასუხისმგებლობით მოეკიდება ცალკეულ პრინციპულ საკითხებს, რასაც მას მიაწოდებენ, თუმცა მე მის მიმართ, სამწუხაროდ, კარგა ხანია დავკარგე ნდობა…

P.S. ისე კი, სამართლიანობისათვის უნდა აღვნიშნო, რომ სხვებმაც წაუყრუეს ჩემს მიერ წამოჭრილ პრობლემებს. თუმცა მჯერა, რომ მალე დადგება დრო, როცა ბევრი რამ სათანადოდ გაანალიზდება, ბევრი რამ გაირკვევა, ყველაფერი ცხადი გახდება და მაშინ მართლაც გახდება აქტუალური ჩემს მიერ წამოჭრილი საკითხები, ამის შემდეგ კი, იმედია, სწორ გზასაც დაინახავენ კონკრეტული პრობლემების მოსაწესრიგებლად, რადგანაც არა მგონია ცალკეულ უწყებებსა თუ მთლიანად ხელისუფლებაში ეგონოთ, თითქოს ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი იდეალურადაა, თორემ ასე ეგონა თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობასაც და ახლა იმ სტატუსით, რაც მოიმკეს, უკვე მშვენივრად ხედავენ სხვის თვალში ბეწვსაც
თურმე როგორ ადვილად ხედავენ პრობლემებს, გონება ეხსნებათ და თვალებიც განსაკუთრებულად დაკვირვებული უხდებათ მავანთ, იმ დროს, როცა ოპოზიციაში არიან…
2014 წლის 14 სექტემბერი

 

“როგორც მექცევით ანალოგიურად გექცევით და ნუ გწყინთ”-ო, ასეთი საკმაოდ ლოგიკური და ბევრი რამის გათვალისწინებით სავსებით სამართლიანი პოზიცია წავიკითხე ახლახანს, ჩემი მოსაზრებაც დავაფიქსირე ამასთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად ჩავთვალე ფეისბუკის ჩემს გვერდზეც გადმომეტანა იგი:
მეც ხშირად მიფიქრია ამაზე, ამ ბოლო ხანს, თუმცა ასევე დავფიქრდები ხოლმე იმაზეც, ვინმეს არასწორად ხომ არ მოვექეცი და ძალიან ვწუხვარ და განვიცდი, როცა გამახსენდება სხვას თუ ცუდად მოვქცევივარ, ჰოდა მაინტერესებს, სხვაც თუ ჩაფიქრდება ხოლმე ასე, ჩემთან მიმართებაში? ისე კი, იმაზეც დავფიქრებულვარ, თუ რატომაა, რომ არც თუ იშვიათად მომხდარა, როცა გულით გაკეთებული სიკეთე შემდგომში ზოგზოგებმა ბოროტებით თუ არა უმადურობით მაინც დამიბრუნეს და ალბათ ამ მხრივ მე არ ვარ გამონაკლისი… ასე რომ, რას ვიზამთ, ესეც ცხოვრებისეული რეალობაა… ყველა თავისი საზომით ზომავს ყოველივეს და ამ დროს ხშირად ავიწყდებათ ხოლმე საკუთარი ცუდი და სხვისი კარგი…
2014 წლის 18 სექტემბერი

 

გინდ რეალურ ცხოვრებაში იყოს, გინდ ვირტუალურში, ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში თუ კიდევ სადმე, კონკრეტულ პირებს შორის ურთიერთობა თუ არ იქნება სინქრონული, თუ ცალმხრივია ყურადღება, პატივისცემა და უანგარო გულთბილ დამოკიდებულებასაც კი რაღაცნაირად აგდებულად ეპყრობიან, ადრე თუ გვიან ურთიერთობა მართლაც გახდება სინქრონული და ეს იქნება დამოკიდებულება ერთგვარი სარკისებული ანარეკლის მაგვარი… შემდეგ კი ურთიერთობაში თითქოს ყველაფერი ლოგიკური გახდება, მაგრამ ნორმალურობისა რა მოგახსენოთ…
ამიტომაცაა, რომ ძალზე სათუთად ვეპყრობი ჩემდამი გამოხატულ ყურადღებას თუ პატივისცემას და მცირეოდენ სითბოსაც კი ძალიან ვაფასებ, რამეთუ ამის ფასი, სხვებისა არ ვიცი, მაგრამ, პირადად ჩემთვის, ყოველთვის განუზომლად მაღალია!
2014 წლის 14 ოქტომბერი

 

ამ ბოლო დროს არაერთხელ გამიმახვილებია ყურადღება ადამიანურ ურთიერთობებზე, ადამიანებს შორის კეთილგანწყობილებასა და ურთიერთპატივისცემის შემცირებაზე, ხოლო სადაც პატივისცემა, სითბო და ყურადღება მცირდება იქ აგრესია, ძალადობა და სისასტიკე მატულობს, ხოლმე…
წლების განმავლობაში პირადად ვიყავი ჩართული ოჯახურ ძალადობასთან და კონფლიქტებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მომუშავე ჯგუფების საქმიანობაში, უშუალოდ ვხელმძღვანელობდი შესაბამის საინფორმაციო-ანალიტიკურ მიმართულებას და მთელი სიმწვავით არაერთხელ დამიყენებია საკითხი, რომ საზოგადოება, საგანმანათლებლო სისტემა, მედია და მთლიანად სახელმწიფო უფრო მეტად გააქტიურებულიყო ამ მიმართულებით, შეთავაზებული მქონდა კონკრეტული იდეები და პროექტებიც.
მახსოვს ჩემი გამოსვლა ერთ-ერთ კონფერენციაზე, სადაც უდიდესი გულისტკივილით აღვნიშნე საზოგადოებაში არსებული რეალობა, როცა საკმაოდ პომპეზურად აღინიშნებოდა, ხოლმე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ქალთა საერთაშორისო დღე თუ დედის დღე, შემდეგ კი… შემდეგ კი უკვე პოსტ ფაქტუმ გვიწევდა აღშფოთების გამოხატვა ბავშვთა, ქალთა თუ ასაკოვან ადამიანთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ახალ და ახალ ფაქტებთან დაკავშირებით…
ყოველთვის დაუფარავად ვიყავი შეურიგებელი აგრესიისა და სისასტიკის მიმართ, ვგმობდი ძალადობას, დღეს კი უზომოდ ვარ აღშფოთებული და შეძრწუნებული მამაკაცების მხრიდან ქალთა მიმართ ჩადენილი სისასტიკის ასეთი საზარელი ფაქტების გამო…
არა ძალადობას!
არა სისასტიკეს!
მამაკაცებო, სანამ ქალზე აღმართავთ ხელს და ხელყოფთ მის სიცოცხლეს, კიდევ ერთხელ გაიხსენეთ ის, რომ ამქვეყნად ქალმა მოგვავლინათ 9-თვიანი მუცლით ტარებისა და მტკივნეული მშობიარობის შემდეგ, ასევე ისიც გაიხსენეთ, თუ რა ლამაზი გრძნობა გაუღვიძებია თქვენში მშვენიერი სქესის წარმომადგენელს და არც ის დაგავიწყდეთ, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენელი როცა ქალს გაიმეტებს სასიკვდილოდ, ამ დროს იგი სულმდაბალ არსებად, არარაობად იქცევა!!!
ძვირფასო მანდილოსნებო, სულით ხორცამდე ვარ შეძრული მამაკაცთა მხრიდან ჩადენილი ასეთი სისასტიკეების გამო, მე მრცხვენია ამ ნაძირალების გამო და მთელი გულით ვთხოვ ღმერთს გვაშოროს ასეთი ტრაგედიები მომავალში!!!
2014 წლის 18 ოქტომბერი

 

თვეებისა და წლების განმავლობაში ფეისბუკის არაერთ სტატუსში, პოსტსა თუ კომენტარში გადმომიტანია ჩემი სათქმელი, ჩემი გულისთქმა ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში – საკადრო პოლიტიკა იქნებოდა ეს თუ სხვადასხვა პოლიტიკური პროცესი, ადამიანებს შორის ღირსეულ ურთიერთობებზე თუ ორპირობაზე, სამშობლოსადმი წმინდა სიყვარულსა თუ ქვეყნის სიძლიერისათვის ზრუნვაზე და კიდევ არაერთ პრინციპულ თუ მტკივნეულ საკითხთან მიმართებაში.
დიახ, ბევრ რამეზე მიფიქრია და გამიმახვილებია ყურადღება პირადი საუბრებისას იქნებოდა ეს თუ სოციალურ ქსელებში, მსჯელობებსა თუ დისკუსიებში და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი ნათქვამი, მოსაზრება თუ გულისტკივილი მარტო მე არ მეკუთვნოდა და იგი სხვებსაც აწუხებდა თუ, უფრო მეტიც, სხვების აზრებს, პოზიციებსა და გულისტკივილსაც ვახმოვანებდი, ხოლმე და ბევრსაც, ალბათ, ისიც ახსოვს თუ შეუძლია გაიხსენოს (თუნდაც ფეისბუკის გვერდებზე ჩემი მოსაზრებების გადათვალიერებისა თუ ჩვენი საუბრების გახსენებით), თუ რამდენ რამეში მართალი აღმოვჩენილვარ და რამდენი რამ ზუსტად გამოვიცანი ცალკეული ფაქტების ლოგიკური ანალიზისა თუ ინტუიციის დახმარებით…
თუმცა, როგორც ადრეც გამიმახვილებია ყურადღება, საზოგადოებაში დღეს “წაყრუების”, “თვალის არიდების”, “მე არ მეხებას”, “სხვისი ჭირის” და კიდევ ბევრი სხვა უბედურების ზეობაა და ფართო მასებში, ვირუსივით, ისე თავაშვებულად გავრცელდა, რომ არ დაინდო არც ჩემი ნაცნობები, მეგობრები, ახლობლები (ვითომ მეგობრები და ახლობლებიც) სხვებზე რომ არაფერი ვთქვა. ისე კი, მართლაც რაოდენ სამწუხაროა, როცა საკმაოდ გვიან დავინახავთ, ხოლმე, ადამიანის ნამდვილ სახეს და როცა საკმაოდ გვიან გავიგებთ იმასაც, თუ რა უდევს გულში, თურმე, მოღალატე ორპირისა თუ უმადურს, ჩუმჩუმელას თუ მედროვეს…
და, ალბათ, ბევრი უკვე გადაიღალა ჩემი მოსაზრებების შეხსენებებით, თუმცა მაინც გავიმეორებ მათთვის ვინც კი არ გადაიღალა ამით, არამედ ისევ და ისევ მეთანხმება (სხვამ კი შეიძლება უბრალოდ “გაატაროს”), ამ, ჩემი აზრით, ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებასა და მასთან დაკავშირებულ ღირებულებებში, რომ ჩვენი ყოველდღიურობა ცვლილებებითაა აღსავსე, ხოლმე და ეს ცვლილებები, არც თუ იშვიათად საკმაოდ მოულოდნელი და რადიკალურიცაა და ამიტომაც მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ როგორი ადამიანური ღირსებითაა დაჯილდოებული და, შესაბამისად, როგორია მისი ქცევა მანამდე, ცვლილებების დროს თუ მას შემდეგ?
ზოგადად კი, ყველა ყველაფერს ხედავს და შესაბამისადაც აფასებს, იმათგან განსხვავებით, ვისაც მარტო იმის დანახვა ეხერხება, რაც კონკრეტულ მომენტში აწყობს თუ გამოადგება…
დრო კი თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის, ასე იყო ყველასთვის!
2014 წლის 6 ნოემბერი

 

ალბათ ყველას დაგვიფიქსირებია ის, რომ ფეისბუკის გვერდზე დროდადრო გამოჩნდება, ხოლმე, ფოტოები ფეისბუკ-მომხმარებლებისა, რომლებიც ამ სოციალური ქსელის ადმინისტრატორების ვარაუდით, შესაძლოა, ვიცნობდეთ, ასევეა მაშინაც, როცა რომელიმე ახალ (თუ უცნობი პიროვნების) ფეისბუკის გვერდთან თუ ნიკთან გადავიკვეთებით. ხანდახან სერიოზულად დავფიქრდებოდი, ხოლმე, მართლაც, ხომ არ ვიცნობ ზოგიერთ მათგანს, რამეთუ, აღმოჩნდებოდა რომ, არც თუ იშვიათად, ჩვენ რამდენიმე საერთო მეგობარიც გვყოლია, ხანაც 10, 20, 30 და მეტიც კი… ვფიქრობ, ასევეა ვირტუალურზე ბევრად უფრო ფართო რეალურ გარემოშიც და მიუხედავად ამ ორი სამყაროს უკიდეგანო სივრცისა, მაინც იმდენად პატარაა ჩვენი საქართველო და მთლიანად დედამიწაც, რომ თითოეულ ჩვენთაგანსა და სრულიად უცხო ადამიანს, აღარაფერს ვამბობ მეგობრებსა და ახლობლებზე, შესაძლოა, უამრავი საერთო ნაცნობი, მეგობარი თუ ახლობელი ადამიანი აღმოგვაჩნდეს და თუ ურთიერთობისას, უნებლიედ (მით უფრო, თუ გამიზნულად), ერთმანეთს მოვექეცით არაკორექტულად, გული ვატკინეთ თუ ვაწყენინეთ, ნამდვილად არაა გამორიცხული, რომ ყოველივე ეს, საერთო ანგარიშში, გასცდეს ორ ადამიანს შორის ურთიერთობას და ამის გამო კიდევ ვიღაცას, ჩვენს საერთო ნაცნობს, ჩვენთვის განსაკუთრებით ახლობელ ადამიანს, ეტკინოს გული…
ახლა კი, უბრალოდ, ყველანი კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ბევრ რამეზე და ვიფიქროთ იმაზეც, რომ ჩვენი ქცევითა და დამოკიდებულებით კონკრეტულ უცნობ-ნაცნობებთათვის სიხარულის მინიჭებით, კიდევ სხვა საერთო ნაცნობ-მეგობარს, იმ უახლოეს ადამიანებს მოვუტანოთ ბედნიერება, რომელიც მათთან მივა ჩვენი თბილი ურთიერთობიდან, თითოეული ჩვენთაგანისგან, ცალკ-ცალკე და ერთად…
2014 წლის 10 ნოემბერი

 

არაერთხელ, უდიდესი გულისტკივილით აღმინიშნავს, რომ ქვეყანაში ადამიანებს შორის გაუცხოებისა თუ ურთიერთდაპირისპირების პროცესმა ერთგვარი ფართო გასაქანი ჰპოვა.
სისასტიკის, ძალადობისა თუ მკვლელობის აღმაშფოთებელმა ფაქტებმა ერი შოკში ჩააგდო და გული მოუკლა თითოეულ ჩვენთაგანს, თუმცა…
ზიზღით, გაუტანლობითა და შეურაცხყოფებითაა აღსავსე ჩვენი ყოველდღიურობა – ინტერნეტში იქნება ეს თუ მედიაში, ურთიერთობებსა თუ დისკუსიებში, ყველგან, ლამის ყოველი ფეხის ნაბიჯზე…
დღეს, მთელი მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს…
საქართველოშიც აღინიშნა ეს დღე, თანაც ერთგვარი თვითდამშვიდებითა და სიამაყით…
ეჰ…
არადა, როგორი მოუთმენლობით ველოდები იმ დროს, როცა გაიზრდება ადამიანთა შორის ურთიერთპატივისცემა და სხვისი დაფასებაც არ იქნება სიტუაციიდან თუ “პრაგმატიზიდან” გამომდინარე, ურთიერთობებში მოიმატებს სითბო და ყურადღება, საზოგადოებაც, მართლაც, გულწრფელად იქნება შემწყნარებლური დამოკიდებულებით ერთმანეთის მიმართ – განსხვავებული რწმენის, წარმოშობის, აზროვნებისა თუ პოზიციების მიუხედავად და ამისათვის ერთ კონკრეტულ სადღესასწაულო დღეს კი არ დაელოდება, არამედ ჭეშმარიტი, გულწრფელი შემწყნარებლობა ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრების წესი გახდება!
2014 წლის 16 ნოემბერი

 

ნათქვამია “რასაც დათესავ იმას მოიმკიო”, თუმცა, ამ ბოლო ხანებში, არაერთხელ დავრწმუნდი იმაშიც, რომ აღნიშნულ პროცესში, საკუთარ გარჯა-მცდელობასთან ერთად, ნიადაგსაც აქვს დიდი მნიშვნელობა და კიდევ ბევრ რამეს თუ გარე ფაქტორებს…
2014 წლის 21 ნოემბერი

 

ცაიტნოტი, მოხელის სამაგიდო ლექსიკონის მიხედვით, განიმარტება როგორც – დროის მწვავე უკმარისობა…
ჰოდა ძალიან მაინტერესებს – ნუთუ არ შეიძლება, რომ ყველა ერთნაირად მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს? ნუთუ ასე ძნელია, სწორად იქნას განსაზღვრული ვადები, გააზრებულად გადანაწილდეს სამუშაოები და ყველამ თავდაუზოგავად იმუშაოს საქმის წინწაწევის ეფექტის მისაღებად?! ნუთუ მართლა ასე ძნელია წინდახედულად და არა თვითდამშვიდებულად მოხდეს, როგორც ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება, ასევე კონკრეტულ საკითხზე მომუშავე პირთა, ორგანიზაციათა თუ ინსტიტუტების მხრიდან, თავიანთი ვალდებულებისა თუ პასუხისმგებლობის უმაღლეს სტანდარტამდე აყვანა, რათა თითოეული ჩვენთაგანისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა თუ კანონების მიღება მოხდეს მაქსიმალური სიდინჯითა და სიღრმისეულობით და არა დროის სიმცირის შიშით გამოწვეული აჩქარებით?!
და, მართლაც არ იქნებოდა ურიგო, მავანნი სერიოზულად დაფიქრებულიყვნენ იმაზე, თუ როდის და რატომ გვემართება დროის მწვავე უკმარისობის “დაავადება”?
2014 წლის 30 ნოემბერი

 

“ფარულ მოსმენებთან” დაკავშირებულ პროცესებზე იმდენად მაღალი ყურადღებაა მიპყრობილი, რომ “ფარულის” შიშით ბევრს სრულიად გადაავიწყდა ე.წ. საჯარო სივრცე, სადაც ყველაფერი ღიად ჩანს, თუმცა ბევრი ვერაფერი სანუგეშო…
ჩვენი თანამემამულენი, ჩვენი ნაცნობები თუ უცნობები, თანამოაზრენი თუ ოპონენტები, საკმარისია განსხვავებული პოზიცია დაინახონ, რომ ავტორი მტრადაც კი, შეიძლება, შერაცხონ, მოღალატედ მიიჩნიონ და ირგვლივ, ლამის, ყველა ერთმანეთის ლანძღვა-გინებაშია. პარადოქსია, მაგრამ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საზოგადოება ერთი ხელით თუ ძალადობას ებრძვის, მეორეთი ზიზღისა და სიძულვილის “თავისუფლებას” უწყობს ხელს, მისდაუნებურად. ქვეყანა, თითქოს, “ჩემიანებად” და “სხვისიანებად” გაიყო თუ პარტიებად გაიხლიჩა, მომხრეებად და მოწინააღმდეგებად დაჯგუფდა. ერთნი სხვისი მოსაზრების უპირობო სიმცდარეშია დარწმუნებული, ზოგიც საკუთარი აზრისა და პოზიციის უდავო ჭეშმარიტების ნეტარებაშია ჩაძირული. ყოველივე ამასთან ერთად, ერთმანეთში აირია ჭორი და მართალი, შიში და სიფრთხილე, ნდობა და უნდობლობა…
ისე კი, მწარე გამოცდილებებიდან გამომდინარე, იქნებ მართლაც ღირდეს სერიოზულად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად კეთილსინდისიერი იქნება ესა თუ ის “მიმყურადებელი”, ერთ-ერთი წევრი იმ საზოგადოებისა, რომელიც ჯერ კიდევ “დუღილის” ეტაპზეა და კაცმა არ იცის, “დაღვინებამდე” რას უნდა ველოდოთ, თანაც არც ის უნდა დაგვავიწყდეს, თუ როგორ შეუძლია ერთის უპასუხისმგებლობამ, ბევრის პასუხისმგებლობა გამოიწვიოს. და თუ, ამ მხრივ (და, არა მარტო “ფარულ მიყურადებებთან” დაკავშირებით, ზოგადად, ყველა სფეროსთან მიმართებით), სიტუაციის კონტროლი, ჩემი აზრით, სწორი და წინდახედული საკადრო პოლიტიკის გატარებითაა შესაძლებელი და საქმისადმი უდიდესი პასუხსმგებლობით აღსავსე პირებისთვის ნდობის გამოცხადებით, ხოლო, რაც შეეხება საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებულობას, პირადად მე, ძალიან მიჭირს დაიმედებული ვიყო იმ მხრივ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი თავისით გამოსწორდება და მტრული დამოკიდებულება, ღვარძლიანი, ზიზღნარევი საუბრები, აგრესია უცებ შეწყდება. არა! თავისით ეს ნამდვილად არ მოხდება, სანამ თითოეული ჩვენთაგანი ცხადად არ დაინახავს იმას, თუ რა საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის სიძულვილის ენა, ადამიანის გაბოროტება და არ დაიწყებს ზრუნვას იმაზე, რომ ბევრად უფრო ღირსეული ქვეყანა იქნეს აშენებული, ვიდრე დღეს გვაქვს…
2014 წლის 2 დეკემბერი

 

მართლაც, არაერთხელ დავფიქრებულვარ იმაზეც, თუ, აქ, ამ უკიდეგანო სივრცეში, ინტერნეტის ამ ლაბირინთებში, რამდენი კარგი რამით, რამდენი საინტერესო საუბრით, პუბლიკაციით, თბილი სიტყვით თუ ფოტოებით, როგორ ადვილად შეიძლება პოზიტიური აურის მოზიდვა, ადამიანისთვის გულწრფელი სითბოს გადაცემა და ამ დროს როგორი სასიამოვნოა იმის შეგრძნებაც, რომ ვიღაცას შენი კარგად ყოფნა და სიხარული ახარებს, შენი ბედნიერებით ხარობს, შენთან ერთად ხარობს… ჰოდა, ყოველივე ამის შემდეგ, სიმშვიდე და იმედიანი განწყობა სუფევს ირგვლივ და თითქოს შენს მიერ გამოხატული ყურადღება, გაცემული სითბო გაასკეცებულად გიბრუნდება. შესაძლოა ბევრი რამ, ამ დროს, ვიზუალურად არ ჩანდეს, თუმცა გული იმაზე მეტს შეიგრძნობს და ხედავს ვიდრე თვალი…
შემდეგ კი, გაჭირვებაც ავიწყდება ხოლმე ადამიანს, ბევრი ცუდი რამ თუ პრობლემებით სავსე ყოველდღიურობა და სითბოს სითბოთი აძლიერებს, სიყვარულს – სიყვარულით, პატივისცემა და დაფასებაც ავტომატურად იზრდება და აშკარად გრძნობ, რომ თითქოს ძლიერდები, რაღაცნაირად და რწმუნდები იმაშიც, რომ ცხოვრებისეულ სიძნელეებსაც ბევრად უფრო შემართულად და მედგრად შეეჭიდები…
და მეც, უფრო და უფრო მეტად, მთელი გულით მინდა ბევრი სასიხარულო ამბები გავიგო ჩემ ნაცნობებსა თუ ახლობლებზე და მეც გავიხარო ამით. ჩემთვის უცნობს ადამიანებსაც მინდა რომ უხაროდეთ, რამეთუ შესაძლოა ის ჩემთვის უცნობია, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ჩემი ახლობელი ადამიანებისთვის იყოს ახლობელი და მათ უხაროდეთ ეს, რადგანაც მეც ვნატრულობ ჩემი ახლობლების ბედნიერებას და მათი ბედნიერებით მინდა ვიხარო!
2014 წლის 2 დეკემბერი

 

არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ საზოგადოების ცალკეული აქტიური წარმომადგენლების მიერ დაისახა ახალი ღონისძიებები კამპანიის ფარგლებში “ეს შენ გეხება” და როგორც ჩანს, მათ საკმაოდ შორს მიმავალი გეგმებიც აქვთ ამ მიმართულებით. თვალს თუ გადავავლებთ ე.წ. მოსმენების თემასა და მასთან დაკავშირებულ პროცესებს (რის თაობაზეც არაერთხელ გამიმახვილებია ყურადღება ჩემს პუბლიკაციებში) აშკარად ჩანს, რომ მიღებული კანონი კიდევ ბევრჯერ გახდება განხილვისა თუ მსჯელობის საგანი და ამ დროს იქნება, როგორც მწვავე კრიტიკული შეფასებები, ასევე ერთგვარი კმაყოფილებაც, მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულთაგან. თუმცა, ის რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, მოსახლეობაში გაჩენილ უნდობლობის მუხტს რა დიდი ძალა აქვს (არ უნდა იყოს ძნელი იმის მიხვედრა, თუ რამ გააძლიერა იგი) და როგორი რეაგირება შეიძლება მოახდინოს საზოგადოებამ სულ მცირედ გადაცდომასა თუ შეცდომაზეც კი, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში, მეც არაერთხელ გამომითქვამს საკუთარი მოსაზრებები, იქნებოდა ეს პირად საუბრებში, სოციალურ ქსელებსა თუ დისკუსიებში და ყოველთვის პრინციპულად დამიფიქსირებია საკუთარი პოზიცია, რომ მსოფლიო ცივილიზაცია, ჯერ კიდევ, საკმაოდ მოუმწიფებელია იმისათვის, რომ მაქსიმალურად მაღალ დონეზე, სრულყოფილად დაიცვას ბალანსი სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის, ამიტომ, ვიღაცის უპასუხისმგებლო ქმედება (ნურავინ იქნება ყველაფერში აბსოლიტურად დარწმუნებული და დაიმედებული) კიდევ უფრო გააღრმავებს უნდობლობას, ხოლო, შემდეგ, მომძლავრებული რისხვა უმართავი და უმისამართოც კი შეიძლება გახდეს.
ერთიც ცხადია, რომ საზოგადოებისათვის უფრო და უფრო ღირებული ხდება საკუთარი უფლებების დაცვა, რამაც შესაბამისად უნდა დააფიქროს ის არაკეთილსინდისიერი სამართალდამცავი, რომელმაც თავისი ბოროტული თუ უღირსი “ცნობისმოყვარეობით”, საბოლოო ანგარიშში, ბევრს შეიძლება ავნოს, მათ შორის ხელისუფლებასა და საკუთარ თავსაც კი და სანამ ზოგზოგები ცხვირს დაიგრძელებენ, ყურს გაიდიდებენ და თვალს ჭუჭრუტანაში გააძვრენენ, რათა ვიღაც, ასე ვთქვათ, გამოჭერილი ჰყავდეთ, მანამ იმაზეც დაფიქრდნენ, რომ მათ უკანონო ქმედებას რა შეიძლება მოჰყვეს, თუკი ყველაფერი გამოაშკარავდება და აღშფოთების ტალღა პირადად მათკენ იქნა მიმართული…
აქვე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რაც შეეხება ჩემს ფარულ მოსმენებს (სატელეფონო იქნება ეს თუ ჩვეულებრივი საუბრები), ჩემი კორესპონდენციებისა თუ ინტერნეტ-საუბრების უკანონო დათვალიერებას, ვფიქრობ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ უნდა განვიცდიდე ამ სახის “ბედნიერებას”, რამეთუ ბოლო რამდენიმე წელია კომუნიკაციის პრაქტიკულად ყველა საშუალების გამოყენებით, საუბრებას თუ მიმოწერაში, საკმაოდ სიღრმისეულად, საკმაოდ დეტალურად აღვწერდი, ხოლმე, იმ პრობლემებს, რომლებიც ძვირად დაუჯდებოდა კონკრეტულ უწყებას და მთლიანად ხელისუფლებას, თუკი დროულად არ მოხდებოდა მათი გამოსწორება, კონკრეტული მაგალითებიც კი მომყავდა ხოლმე განსახილველად და იქვე ვთავაზობდი ჩემს მოსაზრებებს, წინადადებებს, ვაძლევდი რჩევასაც, თუმცაღა ეს მოსაზრებები და შეფასებები პრაქტიკულად არავინ იღო ყურად, არც წინა ხელისუფლებების დროს და არც ახლა, არც მან, ვისაც ეს პირადად ეხებოდა და არც იმას გამოუყენებია, ვისაც ეს ინფორმაციები “შემთხვევით” ჩაუვარდებოდათ ხელთ.
ჰოდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მე არ მისმენენ!!! ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით…
2014 წლის 3 დეკემბერი

 

ოჯახური ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებით წამოწყებული კამპანია და ცალკეული აქტიური ღონისძიებები, შეხვედრები იქნება ეს თუ დისკუსიები, მართლაც, დროულია (თუ დაგვიანებული არა) და ყოველივე ეს აუცილებელ პირობადაც კი მიმაჩნია ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, მაგრამ, ყოველივე ეს, ჩემი აზრით, ნამდვილად არაა საკმარისი. ის რომ, საგანმანათლებლო სისტემაში ბავშვებს უხსნიან ძალადობის არსს, ეს ძალიან კარგია, თუმცა აქედან წამოსული დადებითი ეფექტი გარკვეული დროის შემდეგ, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, მივღოთ, ჩვენ კი ბევრად უფრო ეფექტური ქმედებები გვჭირდება სასურველი შედეგის მისაღებად, უკვე დღეს, რისთვისაც უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია ოჯახური ძალადობისა და კონფლიქტების ფაქტების, ასევე მათთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ინფორმაციების ერთიანი კომპლექსური ანალიზი, შესაბამისი დასკვნების მომზადება, მასზე დაყრდნობით პროცესების პროგნოზირება და აუცილებელი პროფილაქტიკური ღონისძიებების დასახვა, რისთვისაც უნდა შექმნილიყო (ან იქნებ შეიქმნა კიდეც და ფუნქციონირებს) შესაბამისი სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების (ფსიქოლოგი, სოციოლოგი, პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი, ჟურნალისტი და ა.შ., ასევე, წარმომადგენლები უფლებადამცველი ორგანიზაციებიდან თუ სახელმწიფო სტრუქტურებიდან) მონაწილეობით, რომელთა საქმიანობა არ იქნებოდა ე.წ. “ფრაგმენტული” შეხვედრების ხასიათის და, ასევე, ძალზედ სასურველია, მათი მხრიდან, მინიმუმ თვეში ერთხელ, საზოგადოებისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენაც…
სხვა შემთხვევაში, ის ძალისხმევა, რაც დაისახა ხელისუფლებამ თუ კერძო სექტორმა, ის აქტიურობები, რასაც ახორციელებს შსს თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, ნამდვილად ვერ მოიტანს სასურველ შედეგებს და შესაძლოა, მხოლოდ, მოჩვენებითი სტაბილურობა მივიღოთ, ხოლო შემდეგ რა მოხდება, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს…
2014 წლის 8 დეკემბერი, 14:41

 

მომავალი იწერება დღეს…
ასე იქნება ხვალაც, ზეგაც…
2014 წლის 24 დეკემბერი, 17:21

 

ღირებული ის კი არაა, რასაც ფასი ადევს, არამედ ის, რაც ფასდაუდებელია…
2014 წლის 25 დეკემბერი, 22:15

 

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 05/01/2015, in About me, ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა, პოზიცია და მოსაზრები. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: