“სიძულვილის ენა” დისკუსიაში


ორ კვირაზე ცოტა მეტი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც აღვნიშნე – “ბეცი უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ შენიშნოს ის, თუ რაოდენ არასასურველად მატულობს დაძაბულობა ქვეყანაში და როგორ ხდება ამის გამიზნულად თუ უნებლიე ხელშეწყობა სხვადასხვა მხრიდან”… მას შემდეგ პროცესები უფრო თუ არ გამწვავდა, ყოველ შემთხვევაში, არც დამშვიდებულა და თუკი რეალურ გარემოში, ჩვენს ყოველდღიურობაში, მთლად გამოკვეთილად არ ჩანს ეს, ვირტუალურ სივრცეში, ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში უკვე სახეზე გვაქვს უკომპრომისო და დაუნდობელი, ხშირ შემთხვევაში, ზღვარსგადაცილებული დაპირისპირებები – ზიზღისა და სიძულვილის გამოხატვა ამა თუ იმ პიროვნებასთან თუ ერთმანეთთან მიმართებაში არა მარტო პოლიტიკური გემოვნებისა თუ მრწამსის გამო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოზიციებისა თუ მოსაზრებების გამოც, თუნდაც მათი ავტორები არც კი გამოხატავდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესს. ასეთი აგრესიულობა, ასეთი უხამსობა და ბილწსიტყვაობა, რაც ასე უხვად, ნიაღვარივით მოედინება სოციალურ ქსელებში დისკუსიების დროს, ნამდვილად არ “დაილექება” და დაკონსერვდება ვირტუალურ სივრცეშივე, რამეთუ იქ ურთიერთობა რაღაც აბსტრაქტულ ვირტუალურ სახელთან (“ნიკთან”) კი არ ხდება, არამედ კონკრეტულ ადამიანთან – უცნობთან თუ ნაცნობთან, ახლობელთან თუ უცხოსთან, რომელთაც ძირითადად იგივე აზრები და პოზიციები, ინტერესი და გემოვნება აქვთ რეალურ სივრცეშიც…
ჩემ თანამემამულეებს ნამდვილად არ სჭირდებათ იმის შეხსენება, თუ ტერიტორიულად რაოდენ პატარა ქვეყანაა ჩვენი სამშობლო (ყველასთვის ასეთი ძვირფასი და საამაყო რომაა) და რა ადვილად შეიძლება ახლობელი ადამიანების აღმოჩენაც ე.წ. “მტრულ ბანაკში”, ჰოდა რა გვინდა ახლა, გაღიზიანებული, აგრესიულად განწყობილი, უკომპრომისო, სასტიკი და დაუნდობელი ადამიანების მომრავლება, მით უფრო ჩვენს ახლობლებში ან, თუნდაც, ოპონენტებში?! მერე? მერე, ესოდენ მომატებული აგრესია, ვითომ, სადღაც შორს გადაიკარგება?! არა და არა!!! ყოველივე ეს, უნებლიედ თუ გამიზნულად ან კიდევ პროცესებისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო ისევ ჩვენს სიახლოვეს დაიბუდებს და მერე შეიძლება ისე უკონტროლოდ აზვირთდეს და აბობოქრდეს, რომ ყველაფერი ერთად წალეკოს ჩვენსავე მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებთან, თანამოაზრეებთან თუ ოპონენტებთან ერთად, რამეთუ ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება, რადიკალურადაც კი და დღეს, ერთ საკითხში თანამოაზრე, ხვალ ოპონენტი აღმოჩნდეს სხვა საკითხთან მიმართებაში, ხოლო ადამიანში დაბუდებული ზიზღი, სისასტიკე, აგრესია ისევ ძველებური “წარმატებით” გააგრძელებს “თავის გზას”…
მრავალ გარემოებათა გამო, წლების განმავლობაში თუ დღეს ჩადენილი რიგი შეცდომებისა და დანაშაულების გამო, ბუნებრივია, ადამიანი გაღიზიანებული იყოს, ისიც ბუნებრივია, რომ რაც უფრო დიდია უსამართლობის განცდა (იგი არ შემოისაზღვრება კონკრეტული წლებით და სხვადასხვა დოზით, ამა თუ იმ ქმედების შესაბამისად, მუდამ ჩვენს გვერდითაა), მით მეტად მატულობს ემოცია, რა დროსაც (მით უფრო ვინმეს მხრიდან დაუფიქრებელი და წინდაუხედავი ქმედებების გამო) არაა გამორიცხული ახალი შეცდომები, შემდეგ კი, ჯაჭვური რეაქციით მიღებული მოჯადოებული წრის გარღვევა, არც ისე ადვილია…
დიახ, უსამართლობის განცდა თრგუნავს ადამიანს და ლოგიკურად იწვევს პროტესტის გრძნობას (ყოველთვის – წარსულშიც, დღესაც და მომავალშიც ასე იქნება), შესაბამისად აუცილებელია, რომ “სამართალმა პური ჭამოს”, შეცდომა გამოსწორდეს, დამნაშავე დაისაჯოს და ყველას ვალდებულებაა (მით უფრო ხელისუფლების!) უზრუნველყოს სამართლიანობის განცდა საზოგადოებაში, ხოლო იმის დადგენა, თუ არეულობა, დაძაბულობა, აგრესიისა და ყველა იმ უმსგავსობის მატება, რაც ზემოთ აღვნიშნე, ვის ინტერესშიც შედის, მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და უდიდესი გამოცდილების მქონე ბრძენ ერს ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს…
მე (ისევე, როგორც ბევრი ჩემი თანამემამულე) ნამდვილად ვერ ვიქნები გულგრილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, კონკრეტული მოსაზრებებიც ამის გამო დავაფიქსირე, თუმცა ყოველივე ეს, ახლა, ასე ვთქვათ, ერთი ამოსუნთქვით დავწერე და არაა გამორიცხული ზოგი რამ ისე ვერ ჩამოვაყალიბე, როგორც საჭიროა და რიგ მოსაზრებებში კატეგორიულიც კი ვიყავი, ან კიდევ რაღაც-რაღაცეები მთლად ვერ დავაკონკრეტე, თუმცაღა მაინც მჯერა, რომ დღეს ნათქვამით, ბევრის პოზიცია გავახმოვანე – მე სათქმელი ასე ჩამოვაყალიბე, სხვა უკეთ იტყვის, ყველამ ერთად კი ღირსეული ქვეყანა უნდა ავაშენოთ, არა მხოლოდ ჩვენთვის, უფრო ჩვენი შთამომავლობისთვის!!!
2015 წლის 10 ნოემბერი
© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 28/02/2016, in ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა, პოზიცია და მოსაზრები, ყოველდღიურობა and tagged , , , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: