მოსაზრებები ცვლილებებთან დაკავშირებით


ამ ქვეყნად ყველაფერი დროებითია, განსხვავება მხოლოდ დროის ხანგრძლივობაშია: დროებითია ნებისმიერი სახის ურთიეთობა, შესაძლო ხშირად ცვალებადი “პოლარობით”, დროებითია პოლიტიკური პროცესები, რამეთუ არაერთი აღზევებული იმპერია გამქრალა ისტორიის რუკიდან, ზოგიერთი დამარცხებული ქვეყანა კი, მომდევნო წლებში, გლობალური პოლიტიკის წარმართველადაც მოგვევლინა, აღარაფერს ვამბობ პოლიტიკური პარტია-მოძრაობების აღზევებასა თუ დაცემაზე და მით უფრო დროებითია ნებისმიერი კარიერული წარმატება, რის მაგალითად ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულის გამოცდილებაც გვეყოფა.
დიახ, ყველაფერი დროებითია, ამიტომ ადამიანი მიმდინარე პროცესებზე “მორგებაზე” უფრო მეტად უნდა ფიქრობდეს თავის როლსა და ადგილზე, ცვლილებების შემდეგ. აქვე ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ ორპირობა, მედროვეობა, ინტრიგნობა, მლიქვნელობა, უმადურობა და სხვა მსგავსი უღირსობები ცალსახად შეიძლება ჩაითვალოს მიმდინარე პროცესებზე ერთგვარ “პრაგმატულ მორგებად”, რის შედეგადაც ერთნი მოკლევადიან თვითგადარჩენის ინსტიქტს მოერგებიან, მეორენი – რაღაც გრძელვადიანს, რასაც
არ დავაკონკრეტებ, კორექტულობიდან გამომდინარე… მიხვედრა კი ბევრს არ უნდა გაუჭირდეს და თუნდაც კონკრეტულ ადრესატამდე ვერ მიაღწიოს ჩემმა ამ მოსაზრებამ, დრო მაინც თავის ადგილას მიიტანს მისატანს…
ეჰ, სულ “დეჟა ვიუ” შეგრძნება რატომ მაქვს წლების განმავლობაში?!

24 დეკემბერი, 2015 წ.
© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

 

საახალწლო-სადღესასწაულო სიტუაციამ უკვე დატოვა თავისი პიკი და ცხოვრება თანდათან უბრუნდება ბუნებრივ, ყოველდღიური რუტინით გაჯერებულ მდგომარეობას. ყველას თავისი საზრუნავი აქვს, უზრუნველი ცხოვრების ილუზიაში მყოფთაც კი… ყველას თავის სათქმელი დაუგროვდა, ზოგი იტყვის მას, ზოგიც გულში ჩაიკლავს, ერთნი მომავალზე იფიქრებენ, მეორენი წარსულზე ჩაფიქრდებიან, როგორც იტყვიან – ასეც იქნება და ისეცო… მეც ბევრი სათქმელი დამიგროვდა და ასე, თანდათან, შემოგაპარებთ ფეისბუკის გვერდებსა თუ Edi Line Blog-ში.
ისე კი, იმდენად დინამიურად იცვლება სიტუაცია (ცვლილებების ტემპი უფრო და უფრო მოიმატებს) საზოგადოებრივ ცხოვრებასა თუ პოლიტიკურ პროცესებში, რომ პროგნოზების გაკეთება საკმაოდ უმადური საქმე ხდება, თუმცა როცა გადავათვალიერე თვეების წინანდელი ჩემი ცალკეული მიმოწერები თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირებული მოსაზრებები, დავრწმუნდი რომ ბევრი რამის გამოცნობა არც თუ ისე ძნელია…
ჰოდა, როგორც აღვნიშნე, ბევრი რამ მაქვს სათქმელი, ბევრი რამ გასახსენებელი და გასაანალიზებელიც, მით უფრო, რომ სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი ქვეყანაში, შესაბამისად, როგორც ამასწინათ აღვნიშნე, “ყველაფერი დროებითია, ამიტომ ადამიანი მიმდინარე პროცესებზე “მორგებაზე” უფრო მეტად უნდა ფიქრობდეს თავის როლსა და ადგილზე, ცვლილებების შემდეგ”. ასე რომ, პირადად მე, დროდადრო, ღიად დავაფიქსირებ საკუთარ მოსაზრებებს პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაშიც და ნამდვილად არ ვაპირებ შეცდომა-პრობლემებზე თვალების დახუჭვითა თუ პირში წყლის ჩაგუბებით დათვური სამსახური გავუწიო ხელისუფლებას, არც ოპოზიციის შეცდომებზე წავუყრუებ და შიგა და შიგ “გულზე მჯიღის ცემით” მიღებულ სიამაყესაც გადავასხამ წყალს მწარე სიმართლის დარი ფაქტების თქვენთვის გაზიარებით…
დღეს კი ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა (საკმაო პერიოდის განმავლობაში ცალკეულ პროცესებზე დაკვირვებისა თუ ანალიზიდან გამომდინარე), რომ უახლოეს მომავალში დაიწყება დაუნდობელი ბრძოლა პოლიტიკურ ორბიტაზე გავლენის სფეროების მოსაპოვებლად, რა დროსაც პრაქტიკულად გარდაუვალია ის, რომ ერთმანეთს სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების დღევანდელი თანამოაზრე-თანაგუნდელებიც კი დაუპირისპირდნენ.
მჯერა, ბევრი თანამოაზრე მყავს იმ საკითხში, რომ გვინდა ერთიან, თავისუფალ, ძლიერ, გაბრწყინებულ საქართველოში ვიცხოვროთ, ამიტომ საზოგადოების თითოეული წევრის ვალია უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით გაიაზროს ის, რომ ჩვენი მომავალი ჩვენსავე ხელთაა!
8 იანვარი 2016 წ.
© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

 

როგორც ადრე აღვნიშნავდი, ბევრი რამ შეიცვლება საქართველოში, უახლოეს მომავალში, არადა, კონკრეტულ მიზეზთა გამო, ცვლილებები აქამდეც უნდა მომხდარიყო რიგ მიმართულებებსა თუ საკადრო სფეროში, თუმცა სჯობს გვიან, ოღონდ, სანამ ურემი გადატრიალ-გადმოტრიალებულა…
აქვე მინდა გულისტკივილით გავიხსენო და გაკვირვება გამოვხატო იმის გამო, რომ ამა თუ იმ უწყებისთვის ჩემი მხრიდან შეთავაზებული მხარდაჭერა, წინადადებები თუ კონკრეტული მოსაზრებები როგორ იყო ხან იგნორირებული, ხან ცინიკური პასუხით თავიდან მოცილებული, ხან კიდევ დილეტანტურად რეალიზებული. თუმცა, სადაც სრულფასოვნად იქნა გამოყენებული ჩემი ცოდნა-გამოცდილება, იქ შესაბამის წარმატებებზეც დეტალურადაა შესაძლებელი საუბარი.
ჰოდა, ამით იმის თქმა მინდა, რომ, წლების განმავლობაში, გაუგებარ მიზეზთა გამო, რიგი წინდაუხედავი თუ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების შედეგად, არაერთი პროფესიონალისა თუ გამოცდილი კადრის შესაძლებლობა არ იქნა სათანადოდ გამოყენებული, შესაბამისად დღის სინათლე ვერ იხილა ბევრმა ისეთმა მოსალოდნელმა წარმატებამ, რომელთაც უდაოდ პოზიტიური როლი შეეძლო შეესრულებინა ამა თუ იმ უწყებისა თუ, მთლიანად, ხელისუფლების ავტორიტეტის ამაღლებაში…
დიახ, ქვეყანაში ცვლილებების დროა…
12 იანვარი 2016 წ.
© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

 

რიგ უწყებებში, ქართულ პოლიტიკასა თუ, მთლიანად, საზოგადოებაში წლების განმავლებაში განხორციელებულმა არაერთმა გაუაზრებელმა ქმედებამ, ინტრიგებზე, ჭორებსა თუ პროვოკაციებზე დაფუძნებულმა ცალკეულმა “ბრძნულმა” გადაწყვეტილებებმა სერიოზული დაღი დაასვა როგორც პასუხისმგებლობის გრძნობას, ასევე ღირებულ ადამიანურ ურთიერთობებსაც, რაც უკვე უზარმაზარ ტვირთად აწევს ერისა და ქვეყნის ღირსებას…
ამასწინათ, ჩემი მოსაზრებები გამოვთქვი ჩვენს რეალობაში არსებულ მზარდ თუ მოსალოდნელ მძაფრ დაპირისპირებებთან დაკავშირებით და ასევე აღვნიშნე, რომ ქვეყანაში საჭირო ცვლილებების დროა, რასაც საგრძნობლად უნდა შეესუსტებინა დაძაბულობისა თუ დაპირისპირების მუხტი, თუმცა სასურველი ცვლილებები, მხოლოდ, რაღაცნაირი, “კოჭლი კუს” ეფექტით თუ ხდება, რაც მომავალში, ცაიტნოტურ სიტუაციაში ყოფნისას, ნამდვილად გამოიწვევს არასასურველი შეცდომების დაშვებას ზედა თუ ქვედა ეშელონებში, შემდეგ კი გვიანი იქნება თითზე კბენანი თუ გადაბრუნებული ურმის იქით ჰორიზონტის ცქერა…
ისე, შესაძლოა, ამჟამადაც ზედმეტად მაშფოთებს ბევრი რამ, თუმცა ვინც (განსაკუთრებით, წინა ხელისუფლებები) სათანადოდ და დროულად ვერ შეაფასა ესა თუ ის რისკები, შემდეგ რაც მოხდა, უკვე ნათლად დაანახა, რომ თვითდამშვიდების პოზის გამო მიღებულ შედეგს სირაქლემის პოზით ვეღარ უშველიდა…
ჰოდა, ბევრ რამეს გულწრფელად განვიცდი ახლა, ბევრი რამ მაწუხებს, თუმცა ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მჯერა უკეთესი მომავლის, იმედი მაქვს და მჯერა მრავალსაუკუნოვანი მდიდარი გამოცდილების მქონე ერის სიბრძნის!
22 თებერვალი, 2016 წ.
© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

 

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 28/02/2016, in არჩევნები, ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა, პოზიცია და მოსაზრები and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: