Category Archives: არჩევნები

8 ოქტომბრის არჩევნების ფაქტობრივი შედეგი


8 ოქტომბრის დაძაბულობით, იმედებით და მოლოდინებით აღსავსე დღემაც ჩაიარა, ჩატარდა არჩევნები, შედეგებიც პრინციპში ცნობილია, მაგრამ სანამ არჩევნების შედეგებზე ვიტყოდი რამეს, მანამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ქართული მედიისა თუ ინტერნეტ სივრცის ობიექტურობის უპირობო მარცხი, 1-1,5 პროცენტიანი ცდომილებით მოტრაბახე ეგზითპოლების სამარცხვინო მარცხი, ქართული კაცთმოყვარეობის, ადამიანური ღირსებისა თუ სამართლიანობის გულსატკენი მარცხი… კიდევ არაერთი დიდი თუ პატარა მარცხის მომსწრენი გავხდით, ოღონდ მათი გახსენებით კიდევ უფრო არ დავამძიმებ ჩვენს გულებს…
ქაოტურად თუ მოწესრიგებულად გადანაწილდა პროცენტები, გამოიკვეთნენ ლიდერებიც და აუტსაიდერებიც, ზოგი წუხს, ზოგიც ხარობს… ნათქვამია გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, არადა, მე საქართველოს გამარჯვება მინდოდა, რეალურად კი მხოლოდ ერთი პარტიის მეორეზე გამარჯვება მივიღეთ.
აი ასეთი მოსაზრებები მაქვს მე და თუ ვინმეს ჩემსგან განსხვავებული მოსაზრებები გაქვთ, კიდევ ერთხელ გაიხსენეთ წინასაარჩევნო პერიოდი, რამდენიმე კვირაში კი პარლამენტის სხდომაზე მყოფი დეპუტატებიც კარგად შეათვალიერეთ…
P.S. და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, მჯერა, რომ ივერია გაბრწყინდება! როდის მოხდება ეს? მაშინ, როცა ჩემი თანამემამულეების გამოკვეთილი უმრავლესობა უშუალოდ თვითონ შეიტანს საკუთარ წვლილს ქვეყნის წინსვლასა და გაძლიერებაში, უპირველესად კი ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბებაში!
9 ოქტომბერი 2016 წ.

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

 

 

Advertisements

ჟურნალისტიკის ჰარაკირი


ძალიან კარგად მახსოვს და სხვებსაც ემახსოვრებათ, ალბათ, თუ როგორი მედია-გარემო იყო ქვეყანაში 2012 წლის არჩევნებამდე, როცა, ხელისუფლებასთან შეხმატკბილებულად, სამი ნაციონალური არხი სამოთხეში ცხოვრებას აჯერებდა (ცდილობდა, ყოველ შემთხვევაში) მოსახლეობას, თითქოს ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყო სამართლიანობა, ყველგან უმაღლეს დონეზე იყო დაცული ადამიანის უფლებები, ბიზნესი კი – ხელშეუხებელი, ხოლო ხელისუფლების უკლებლივ ყველა ოპონენტს სრული თავისუფლება ჰქონდა საკუთარი აზრის თუ პოლიტიკური პოზიციის გამოხატვისას…
ბევრი რამე შეიცვალა 4 წლის წინ, საზოგადოებამ დაიწყო თავისუფალ მედიაზე მიჩვევა, სიმართლის გაჟღერებაც თამამად და შეუზღუდავად ხდებოდა, თუმცაღა, რატომღაც მეჩვენება, რომ, პოლიტიკური პროცესებისა და ვიღაც-ვიღაცეების გემოვნების გათვალისწინების გამო, დღეს ქართული ჟურნალისტიკა თვითონ იკეთებს უკვე ჰარაკირს და შესაძლოა ამაში, “უანგაროდ”ეხმარებიან კიდეც, ჰარაკირი რომ უფრო სრულყოფილი გამოვიდეს…
როგორც 4, 7, 9, 15, 25 წლის წინ თუ უფრო და უფრო ადრეც, ბევრი რამ არ მომწონდა, არც ვაიჟურნალისტებს ვუჯერებდი, არც ვაიპოლიტიკოსებს, არც ხელისუფლების ზღაპრებს ვიჯერებდი და ასევე არ ვიბრმავებ თვალს არც ახლა, ასე იქნება ყოველთვის, რაც არ მომწონს, ნუ გაირჯებით, რომ მომაწონოთ! ხოლო შეცდომების გამეორებას რაც მოყვება, კარგად უნდა იცოდეს ყველამ!
4 სექტემბერი 2016 წ.

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

 

დისკუსიებში ერის სახე ჩანს…


ისევ და ისევ ვუბრუნდები ჩემთვის (და ვფიქრობ ბევრი სხვა საღადმოაზროვნე ადამიანისთვის) განსაკუთრებით მტკივნეულ თემას – სიძულვილის ენას დისკუსიებში. ისეთი ზიზღი და გაუტანლობა, უხამსობა და ბილწსიტყვაობა, ისეთი მტრობა რასაც მე დისკუსიებში (თუ ვითომ დისკუსიებში) ვხედავ, სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას, ასეთი აგრესია ძალიან დააზარალებს ერს და ნურავინ იფიქრებს, რომ ეს მძაფრი ნეგატივი სოციალურ ქსელსა თუ რომელიმე ინკოგნიტო თანამოასუბრეში ჩაიკარგება. და თუ არგუმენტების ნაცვლად პიროვნულ შეურაცხყოფაზე იქნება გადასვლა, მაშინ ნურავის ექნება იმის იმედი, რომ შედეგად მოაზროვნე საზოგადოებას მიიღებს. ნურც ესა თუ ის დამკვეთი თუ წამქეზებელი გაიხარებს იმით, რომ მისმა მეხოტბემ ლანძღვა-გინებით ვიღაც “მიაჩმორა”, რამეთუ ასეთი უღირსის გვერდში დაყენება თვითონ მასაც უღირსს ხდის და ადრე თუ გვიან ამ უღირსების რომელიმე საკითხში შეუთანხმებლობის გამო უკვე მათ შორის ამოხეთქავს ყველა ზემოხსენებული ნეგატივი…
ღირსეულ ქვეყანას კი მხოლოდ ღირსეული საზოგადოება ააშენებს!
იდეალური არავინაა, მაგრამ გულბოროტი უღირსების აშენებული სახელმწიფო რომ ღირსეული იქნება, ამის არ მჯერა…
4 სექტემბერი 2016 წ.

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

კორცხელის ტესტი


როცა საქმე დაპირისპირებასა და ძალადობამდე მიდის (თუნდაც გამიზნულ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი), ასეთ დროს არაფრის მომცემია თვალის დახუჭვა პრობლემაზე, რამეთუ მსგავი ქმედება ხეირის მომტანი არ ყოფილა არცერთი ხელისუფლებისთვის. და, აქვე, მინდა გავიმეორო ჩემი მოსაზრება, რომელიც სამეგრელოში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ დისკუსიაში დავაფიქსირე:
“პირადად მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ანალოგიურ პროცესებში და, საერთოდაც, ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება უფრო მეტი პასუხისმგებლობა და სამართალდამცავი სამსახურების მეშვეობით უნდა გამოავლინოს დამნაშავე თუ პროვოკატორი, რამეთუ ვინმეს თუ ინტერესი აქვს “შეამოწმოს” სამართალდამცავების პროფესიონალიზმი და ამისათვის გამომწვევადაც მოიქცეს, ვიღაცამ, თავისი დაუფიქრებლობით, შეიძლება, დათვურ სამსახური გაუწიოს ხელისუფლებას, ზოგმაც – ბრიყვული…”. ასევე ყურადსაღებია ის გარემოებაც, რაც არაერთ დისკუსიასაში ცალკეული მოსაზრებებისა თუ პოზიციის დაფიქსირებისას გამოჩნდა, როცა მოქმედი ხელისუფლების მომხრეები აცხადებდნენ, “ყველამ იცის – ნაციონალებისგან მოსალოდნელია პროვოკაციული ქმედებებიო”, ჰოდა თუ ხელისუფლებაც ასე ფიქრობს, მაშინ უფრო მეტად არ უნდა იყოს მობილიზებული?! დროულად არ უნდა გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა არ დაუშვას მსგავსი ექსცესები?! ხელისუფლების მომხრეებიც არ უნდა იყვნენ ამით დაინტერესებულები?! განა ძნელი იმის დაჯერება, რომ ძალადობამ აზვირთება იცის, შემდეგ კი განუკითხავად ანგრევს ყველაფერს და პირველ რიგში მოქმედი ხელისუფლების იმიჯს? ისტორიამ ხომ არაერთხელ დაამტკიცა ეს! ასევე, ახლო წარსულიდან ნურც იმას დავივიწყებთ, რომ საკუთარი მომხრისა თუ თანამოაზრის უპასუხისმგებლო ქმედება ბევრად უფრო მეტი ზიანის მომტანია ხელისუფლებისთვის, ვიდრე ოპონენტის მკაცრი და, თუნდაც, შეურიგებელი პოზიცია…
23 მაისი, 2016 წ.

 

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები: პოლიტიკური ფონი


საპარლამენტო არჩევნების თარიღი უკვე გამოცხადდა და 8 ოქტომბერს საქართველო თავის არჩევანს გააკეთებს, მთავარია ეს არჩევანი ნამდვილად ღირსეული იყოს. რამდენიმე თვის წინ, ფეისბუკის გვერდზე დავაფიქსირე, ბევრად უფრო ადრე კი, პირად მიმოწერაში, მაღალი თანამდებობის პირებსაც გავაცანი ჩემი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ, ბევრი რამის გათვალისწინებით, სავარაუდო იყო საკმაოდ მწვავე დაპირისპირებები და ერთ დროს ჩამოყალიბებულ, თითქოსდა მტკიცე ერთობაში მოსალოდნელი იყო სერიოზული რღვევა, ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ თანაგუნდელები და დაიწყებოდა დიდი ბრძოლა საპარლამენტო ადგილების მოპოვებისათვის პოზიციების გასაძლიერებლად თუ პოლიტიკურ რუკაზე ადგილის დასამკვიდრებლად. აქვე, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პარლამენტში მოხვედრის სურვილი საკმაოდ ბევრ პარტიასა თუ პოლიტიკოსს, ქვეყნის ბედზე გულშემატკივარსა თუ პირად კეთილდღეობაზე მზრუნველს ექნება, წინასაარჩევნო დაპირისპირება ძალზე მძაფრი იქნება და დღევანდელი გადასახედიდან, მწარე გამოცდილებისა თუ მზარდი ურთიერთდაპირისპირებების გათვალისწინებით, იგი ზნეობის ფარგლებსაც გასცდება, სავარაუდოდ, ტალახსაც დაუნდობლად ესვრიან ერთმანეთს ოპონენტები, არც ჭორისა და ე.წ. კომპრომატების “იარაღზე” იტყვიან უარს, არც ზიზღისა თუ სიძულვილის ენაზე და “დაუკრეფავში” გადასვლასაც მისაღებს გახდიან… შემდეგ კი, ასეთი დაპირისპირების საკმაოდ დიდი ნაწილი პარლამენტის სკამებს შეავსებს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებზე პრაქტიკულად გამორიცხულია ცალკე აღებული რომელიმე პარტიის გამარჯვება (მთავრობისა და საპარლამენტო ხელისუფლების ფორმირების თვალსაზრისით. პუბლიკაციის ავტორის შენიშვნა), თანაც სავსებით სავარაუდოა 5-7 პოლიტიკური პარტიის (პოლიტიკური გაერთიანების) მიერ ბარიერის გადალახვა, საჭირო იქნება საერთო ენის გამონახვა მთავრობისა თუ ხელისუფლების ფორმირებისათვის, ჰოდა თუ ქვეყნის სასიკეთოდ გვინდა ეს არჩევნები, იმ სიბრძნეს ნუ დავივიწყებთ თავშეკავებულობას, რომ გვასწავლის “ენით დაკოდილს, ცულით დაკოდილი სჯობსო”, თორემ მერე ძნელი იქნება ვაიპოლიტიკოსებმა საზოგადოებას აუხსნან თავიანთი “პრაგმატული” გადაწყვეტილება – “ნაძირალაა, მაგრამ მასთან უნდა ვიმეგობროო”…
მართალია, ხალხი ხშირად ბევრ რამეს ითმენს, მაგრამ როცა მოთმინებას დააკარგვინებენ, მერე, არც თუ იშვიათად, თავის დროზე, საკადრისად და მეტადაც კი აზღვევინა იმდროინდელ “ძლიერთა ამა ქვეყნისათა”…

5 აპრილი, 2016 წ.

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

მოსაზრებები ცვლილებებთან დაკავშირებით


ამ ქვეყნად ყველაფერი დროებითია, განსხვავება მხოლოდ დროის ხანგრძლივობაშია: დროებითია ნებისმიერი სახის ურთიეთობა, შესაძლო ხშირად ცვალებადი “პოლარობით”, დროებითია პოლიტიკური პროცესები, რამეთუ არაერთი აღზევებული იმპერია გამქრალა ისტორიის რუკიდან, ზოგიერთი დამარცხებული ქვეყანა კი, მომდევნო წლებში, გლობალური პოლიტიკის წარმართველადაც მოგვევლინა, აღარაფერს ვამბობ პოლიტიკური პარტია-მოძრაობების აღზევებასა თუ დაცემაზე და მით უფრო დროებითია ნებისმიერი კარიერული წარმატება, რის მაგალითად ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულის გამოცდილებაც გვეყოფა.
დიახ, ყველაფერი დროებითია, ამიტომ ადამიანი მიმდინარე პროცესებზე “მორგებაზე” უფრო მეტად უნდა ფიქრობდეს თავის როლსა და ადგილზე, ცვლილებების შემდეგ. აქვე ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ ორპირობა, მედროვეობა, ინტრიგნობა, მლიქვნელობა, უმადურობა და სხვა მსგავსი უღირსობები ცალსახად შეიძლება ჩაითვალოს მიმდინარე პროცესებზე ერთგვარ “პრაგმატულ მორგებად”, რის შედეგადაც ერთნი მოკლევადიან თვითგადარჩენის ინსტიქტს მოერგებიან, მეორენი – რაღაც გრძელვადიანს, რასაც
არ დავაკონკრეტებ, კორექტულობიდან გამომდინარე… მიხვედრა კი ბევრს არ უნდა გაუჭირდეს და თუნდაც კონკრეტულ ადრესატამდე ვერ მიაღწიოს ჩემმა ამ მოსაზრებამ, დრო მაინც თავის ადგილას მიიტანს მისატანს…
ეჰ, სულ “დეჟა ვიუ” შეგრძნება რატომ მაქვს წლების განმავლობაში?!

24 დეკემბერი, 2015 წ.
© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

 

საახალწლო-სადღესასწაულო სიტუაციამ უკვე დატოვა თავისი პიკი და ცხოვრება თანდათან უბრუნდება ბუნებრივ, ყოველდღიური რუტინით გაჯერებულ მდგომარეობას. ყველას თავისი საზრუნავი აქვს, უზრუნველი ცხოვრების ილუზიაში მყოფთაც კი… ყველას თავის სათქმელი დაუგროვდა, ზოგი იტყვის მას, ზოგიც გულში ჩაიკლავს, ერთნი მომავალზე იფიქრებენ, მეორენი წარსულზე ჩაფიქრდებიან, როგორც იტყვიან – ასეც იქნება და ისეცო… მეც ბევრი სათქმელი დამიგროვდა და ასე, თანდათან, შემოგაპარებთ ფეისბუკის გვერდებსა თუ Edi Line Blog-ში.
ისე კი, იმდენად დინამიურად იცვლება სიტუაცია (ცვლილებების ტემპი უფრო და უფრო მოიმატებს) საზოგადოებრივ ცხოვრებასა თუ პოლიტიკურ პროცესებში, რომ პროგნოზების გაკეთება საკმაოდ უმადური საქმე ხდება, თუმცა როცა გადავათვალიერე თვეების წინანდელი ჩემი ცალკეული მიმოწერები თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირებული მოსაზრებები, დავრწმუნდი რომ ბევრი რამის გამოცნობა არც თუ ისე ძნელია…
ჰოდა, როგორც აღვნიშნე, ბევრი რამ მაქვს სათქმელი, ბევრი რამ გასახსენებელი და გასაანალიზებელიც, მით უფრო, რომ სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი ქვეყანაში, შესაბამისად, როგორც ამასწინათ აღვნიშნე, “ყველაფერი დროებითია, ამიტომ ადამიანი მიმდინარე პროცესებზე “მორგებაზე” უფრო მეტად უნდა ფიქრობდეს თავის როლსა და ადგილზე, ცვლილებების შემდეგ”. ასე რომ, პირადად მე, დროდადრო, ღიად დავაფიქსირებ საკუთარ მოსაზრებებს პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაშიც და ნამდვილად არ ვაპირებ შეცდომა-პრობლემებზე თვალების დახუჭვითა თუ პირში წყლის ჩაგუბებით დათვური სამსახური გავუწიო ხელისუფლებას, არც ოპოზიციის შეცდომებზე წავუყრუებ და შიგა და შიგ “გულზე მჯიღის ცემით” მიღებულ სიამაყესაც გადავასხამ წყალს მწარე სიმართლის დარი ფაქტების თქვენთვის გაზიარებით…
დღეს კი ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა (საკმაო პერიოდის განმავლობაში ცალკეულ პროცესებზე დაკვირვებისა თუ ანალიზიდან გამომდინარე), რომ უახლოეს მომავალში დაიწყება დაუნდობელი ბრძოლა პოლიტიკურ ორბიტაზე გავლენის სფეროების მოსაპოვებლად, რა დროსაც პრაქტიკულად გარდაუვალია ის, რომ ერთმანეთს სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების დღევანდელი თანამოაზრე-თანაგუნდელებიც კი დაუპირისპირდნენ.
მჯერა, ბევრი თანამოაზრე მყავს იმ საკითხში, რომ გვინდა ერთიან, თავისუფალ, ძლიერ, გაბრწყინებულ საქართველოში ვიცხოვროთ, ამიტომ საზოგადოების თითოეული წევრის ვალია უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით გაიაზროს ის, რომ ჩვენი მომავალი ჩვენსავე ხელთაა!
8 იანვარი 2016 წ.
© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

 

როგორც ადრე აღვნიშნავდი, ბევრი რამ შეიცვლება საქართველოში, უახლოეს მომავალში, არადა, კონკრეტულ მიზეზთა გამო, ცვლილებები აქამდეც უნდა მომხდარიყო რიგ მიმართულებებსა თუ საკადრო სფეროში, თუმცა სჯობს გვიან, ოღონდ, სანამ ურემი გადატრიალ-გადმოტრიალებულა…
აქვე მინდა გულისტკივილით გავიხსენო და გაკვირვება გამოვხატო იმის გამო, რომ ამა თუ იმ უწყებისთვის ჩემი მხრიდან შეთავაზებული მხარდაჭერა, წინადადებები თუ კონკრეტული მოსაზრებები როგორ იყო ხან იგნორირებული, ხან ცინიკური პასუხით თავიდან მოცილებული, ხან კიდევ დილეტანტურად რეალიზებული. თუმცა, სადაც სრულფასოვნად იქნა გამოყენებული ჩემი ცოდნა-გამოცდილება, იქ შესაბამის წარმატებებზეც დეტალურადაა შესაძლებელი საუბარი.
ჰოდა, ამით იმის თქმა მინდა, რომ, წლების განმავლობაში, გაუგებარ მიზეზთა გამო, რიგი წინდაუხედავი თუ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების შედეგად, არაერთი პროფესიონალისა თუ გამოცდილი კადრის შესაძლებლობა არ იქნა სათანადოდ გამოყენებული, შესაბამისად დღის სინათლე ვერ იხილა ბევრმა ისეთმა მოსალოდნელმა წარმატებამ, რომელთაც უდაოდ პოზიტიური როლი შეეძლო შეესრულებინა ამა თუ იმ უწყებისა თუ, მთლიანად, ხელისუფლების ავტორიტეტის ამაღლებაში…
დიახ, ქვეყანაში ცვლილებების დროა…
12 იანვარი 2016 წ.
© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

 

რიგ უწყებებში, ქართულ პოლიტიკასა თუ, მთლიანად, საზოგადოებაში წლების განმავლებაში განხორციელებულმა არაერთმა გაუაზრებელმა ქმედებამ, ინტრიგებზე, ჭორებსა თუ პროვოკაციებზე დაფუძნებულმა ცალკეულმა “ბრძნულმა” გადაწყვეტილებებმა სერიოზული დაღი დაასვა როგორც პასუხისმგებლობის გრძნობას, ასევე ღირებულ ადამიანურ ურთიერთობებსაც, რაც უკვე უზარმაზარ ტვირთად აწევს ერისა და ქვეყნის ღირსებას…
ამასწინათ, ჩემი მოსაზრებები გამოვთქვი ჩვენს რეალობაში არსებულ მზარდ თუ მოსალოდნელ მძაფრ დაპირისპირებებთან დაკავშირებით და ასევე აღვნიშნე, რომ ქვეყანაში საჭირო ცვლილებების დროა, რასაც საგრძნობლად უნდა შეესუსტებინა დაძაბულობისა თუ დაპირისპირების მუხტი, თუმცა სასურველი ცვლილებები, მხოლოდ, რაღაცნაირი, “კოჭლი კუს” ეფექტით თუ ხდება, რაც მომავალში, ცაიტნოტურ სიტუაციაში ყოფნისას, ნამდვილად გამოიწვევს არასასურველი შეცდომების დაშვებას ზედა თუ ქვედა ეშელონებში, შემდეგ კი გვიანი იქნება თითზე კბენანი თუ გადაბრუნებული ურმის იქით ჰორიზონტის ცქერა…
ისე, შესაძლოა, ამჟამადაც ზედმეტად მაშფოთებს ბევრი რამ, თუმცა ვინც (განსაკუთრებით, წინა ხელისუფლებები) სათანადოდ და დროულად ვერ შეაფასა ესა თუ ის რისკები, შემდეგ რაც მოხდა, უკვე ნათლად დაანახა, რომ თვითდამშვიდების პოზის გამო მიღებულ შედეგს სირაქლემის პოზით ვეღარ უშველიდა…
ჰოდა, ბევრ რამეს გულწრფელად განვიცდი ახლა, ბევრი რამ მაწუხებს, თუმცა ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მჯერა უკეთესი მომავლის, იმედი მაქვს და მჯერა მრავალსაუკუნოვანი მდიდარი გამოცდილების მქონე ერის სიბრძნის!
22 თებერვალი, 2016 წ.
© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

 

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

არჩევნები საზოგადოების პასუხისმგებლობის გრძნობის საზომია…


წინასაარჩევნო ციებცხელების ბოლო კვირა დაიწყო საქართველოში, კულმინაციას აღწევს პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი საარჩევნო შტაბების აქტივობა, ბევრი რამის სიღრმისეულად გაანალიზება, ბევრ რამეზე საფუძვლიანად დაფიქრება მოუწევთ ამომრჩევლებაც და, ამ დროს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, რამეთუ, საერთო ჯამში, ზუსტადაც რომ, ამომრჩევლის პასუხისმგებლობა განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს და ქვეყანაც მისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმკის შედეგებს. მეც, ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვიღებ სამშობლოს წინაშე და საარჩევნო კაბინაში შესვლისას, სხვებთან ერთად, მეც მომიწევს ყოველივეს საფუძვლიანი გაანალიზება, რომ მომავალში არ შემრცხვეს მიღებული გადაწყვეტილების, თუნდაც ცალკეულ პოლიტიკოსებს სირცხვილზე უფრო მეტად საკუთარი ამბიციები აღელვებდეთ…
ასეთი პოზიციით მივდიოდი არჩევნებზე წლების განმავლობაში, ასე იყო გასულ წელსაც და, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოლოდინი ყოველთვის უფრო მაღალი იყო, ვიდრე რეალური შედეგი, მაინც ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება მომავალშიც ასევე შინაგანი რწმენით უნდა მივიღო, რადგანაც ჩემი ერთი ხმა ჩემივე ღირსების საზომია და არა რომელიმე პოლიტიკოსის ამბიციის…

© ფეისბუკის ჩემი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

არჩევნები შედგა: სამართალისა და სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო!


2012 წლის 1 ოქტომბერი, მართლაც, ისტორიული დღე აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში. ის, რაც ამ დღეს მოხდა, დაუჯერებელი იყო არა თუ ერთი წლის წინ, 2-3 თვის წინაც კი ბევრს ეეჭვებოდა, მაგრამ ის რაც, ერთი მხრივ, მოულოდნელი იყო, მეორეს მხრივ ხალხის მოთხოვნა აღმოჩნდა და ყოვლისშემძლე ნაციონალური მოძრაობა, უცებ, ოპოზიციაში გადაბარგდა და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ, ხელისუფლების ცვლილება მოხდა მშვიდობიანი გზით. ახლა, ძალიან მაინტერესებს, რა შეიცვლება, ქვეყანაში, მომდევნო დღეებში, თვეებში, წლებში? მერე და რამდენი რამაა შესაცვლელი, გამოსასწორებელი, გასაუმჯობესებელი და ა.შ., რაც, ფაქტიურად, უკვე დაიწყო დეკლარაციებისა და პოზიციების დაფიქსირების დონეზე და ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს უკვე, თანაც, ბევრი რამ, საკმაოდ სწრაფადაც. აი ამას ითხოვდა ხალხი არჩევნებზე, აი ამის მოლოდინი აქვს საქართველოს მოსახლეობას!

არჩევნების საბოლოო მონაცემები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ალბათ, უახლოეს ხანებში გამოქვეყნდება, შემდეგ მისი დამტკიცება მოხდება კომისიაში რისი, საბოლოოდ გააფორმება, უკვე, პარლამენტში მოხდება და შედეგად ახალი პარლამენტი გახდება ლეგიტიმური. რა იქნება შემდგომში ამას უკვე დრო გვიჩვენებს და, დრო და დრო, მეც მოვამზადებ შესაბამის პუბლიკაციებს, აჟამად კი ძალიან მაინტერესებს, თუ რა შეიცვლება ტელევიზიებში ე.წ. ნაციონალურ თუ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილში? უბრალოდ ღირსების საკითხია, რომ მედია ყოველთვის პრინციპულ პოზიციაზე დარჩეს და კრიტიკულად იყოს განწყობილი ნებისმიერი ხელისუფლებისადმი. აქვე, სამართლიანობა მოითხოვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოსწორდეს ის მარაზმატიკული დამოკიდებულება რეკლამების განთავსებასთან დაკავშირებით, როცა ხელისუფლებისადმი არასასურველ ტელევიზიებში ყველანაირად იზღუდებოდა რეკლამების განთავსება, ეს კი გამოწვეული იყო ბიზნესში არსებული არათავისუფალი გარემოს გამო. აგრეთვე მაინტერესებს: არჩევნების საბოლოო შედეგების დამტკიცების შემდეგ, პრაქტიკულად მთავრდება საარჩევნო პერიოდი და, გამომდენარე აქედან, რა კანონიერი საფუძველი ექნება, უკვე, სატელიტური ანტენების დაყადაღების პროცესის გაგრძელებას?

ასევე უპირველესი ზრუნვის საგანია, რაც შეიძლება მალე მოხდეს თავისუფალი მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება, ამას თუ დავუმატებთ თავისუფალ მედიას თავისი ჟურნალისტური გამოძიებებით, ყოველივე ეს ბევრი რამით უნდა დაეხმაროს უკვე ხელისუფლებას, სურს მას ეს თუ არა. კანონიერება, სამართალი და სამართლიანობა ხალხს სურს და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!

P.S. წინა პუბლიკაციაში, მე გავიმეორე ჩემი, თვეების წინ, დაფიქსირებული პოზიცია, რომ ”არჩევნებზე ადამიანმა შეიძლება გამოხატოს თავისი ნება, მაგრამ ამით ის ვერ მოიპოვებს თავისუფლებას, იგი არჩევანის გაკეთებამდე უნდა იყოს თავისუფალი!”. დღეს კი, ხალხის სახეებს რომ ვუყურებდი, მართლაც თვალნათლივ ვხედავდი თავისუფლების მოგიზგიზე ცეცხლს, მათ გულებში. დიახ, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ბევრად უფრო უკეთეს, ბევრად უფრო ღირსეულ მომავალს და ჩვენ ყველა ერთად დავადექით ამ გზას!

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2012: მოკლე საინფორმაციო მიმოხილვა


უკვე დამთავრდა წინასაარჩევნო კამპანია და ქვეყანა არჩევნების მოლოდინშია. ნამდვილად არაა გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ეს არჩევნები უმნიშვნელოვანესია საქართველოს ისტორიაში.

გთავაზობთ მოკლე საინფორმაციო მიმოხილვას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, დღეისათვის უკვე განისაზღვრა არჩევნებში მონაწილე 14 პარტია, 2 საარჩევნო ბლოკი.

2012 წლის პარლამენტის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიები

(პარტიები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში და შეტანილნი იქნებიან საარჩევნო ბიულეტენში)

1. პ/გ „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო”, საარჩევნო ნომერი – 1
2. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, საარჩევნო ნომერი – 4
3. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს”, საარჩევნო ნომერი – 5
4. „სამართლიანი საქართველოსთვის”, საარჩევნო ნომერი – 9
5. „სახალხო მოძრაობა”, საარჩევნო ნომერი – 17
6. „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა”, საარჩევნო ნომერი – 19
7. პ/გ „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი’’, საარჩევნო ნომერი – 23
8. პ/გ „ახალი მემარჯვენეები”, საარჩევნო ნომერი – 24
9. „სახალხო პარტია”, საარჩევნო ნომერი – 26
10. „მერაბ კოსტავას საზოგადოება”, საარჩევნო ნომერი – 30
11. „მომავალი საქართველო”, საარჩევნო ნომერი – 35
12. „საქართველოს მშრომელთა საბჭო”, საარჩევნო ნომერი – 36
13. „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია”, საარჩევნო ნომერი – 38
14. „საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”, საარჩევნო ნომერი – 40
2012 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისათვის რეგისტრირებული ბლოკები

(ეს ბლოკები იქნებიან შეტანილნი საარჩევნო ბიულეტენში)

ბლოკი „გიორგი თარგამაძე-ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება”, საარჩევნო ნომერი 10

ბლოკში შემავალი პარტიები:

1. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”
2. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები”

ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება”, საარჩევნო ნომერი 41

ბლოკში შემავალი პარტიები:

1. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”
2. საქართველოს კონსერვატიული პარტია
3. პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”
4. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”
5. პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”
6. პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმი”
საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი რეგისტრირებული კანდიდატები:

თელავის საოლქო საარჩევნო კომისია – ალექსი შოშიკელაშვილი
ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია – გიორგი გლუნჩაძე
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია – ვლადიმერ ვახანია (მოხსნა კანდიდატურა)
ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია – გურამ ხოზრევანიძე

თითოეულ მათგანს საარჩევნო ნომრად მიენიჭა – 42

ამ არჩევნებისათვის საქართველოში სულ გაიხსნა 73 ოლქი და 3719საარჩევნო უბანი, გარდა ამისა, საზღვარგარეთ, 36 ქვეყნის 43 ქალაქში გაიხსნა 45 საარჩევნო უბანი.

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიის საერთო რაოდენობა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, განისაზღვრა 3613851 ამომრჩევლით, რომლებიც ხმას მისცემენ როგორც პროპორციულ არჩევნებში ასევე მაჟორიტარულში და ცსკო-ს გადაწყვეტილებით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულებიც.საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 42613 ამომრჩეველი კი ხმას მისცემს, მხოლოდ, პროპორციულ არჩევნებში.

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრა, სიტუაციის თავისებურებიდან გამომდინარე, 24 სექტემბერს უკვე ჩატარდა ავღანეთში, ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე საქართველოს მოქალაქე ჯარისკაცებისთვის. არჩევნების შედეგები კი დაილუქა, იგი გაიხსნება არჩევნების დღეს 20:00 საათის შემდეგ და დაემატება საერთო შედეგებს ქვეყნის მასშტაბით.

თვეების განმავლობაში, ქვეყანაში, მიმდინარეობდა საკმაოდ დინამიური, კომპრომატებით სავსე და, მე ვიტყოდი, უპრეცედენტოდ უკომპრომისო საარჩევნო კამპანია. დღეს, ემოციური ფონი, უკვე, პიკშია და ამ დროს აბსოლიტურად ყველა პარტიას თანაბრად ეკისრება პასუხისმგებლობა სიმშვიდეზე, კანონიერებაზე, სამართლიანობაზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს არჩევნების ნორმალურად, გაყალბებების გარეშე ჩასატარებლად!

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

მედია: მეოთხე ხელისუფლება თუ პირველი იდეოლოგი?


დღეს, ასეთ პოლიტიზირებულ გარემოში, საქართველოში, ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც ტელევიზორს არ უყურებს, პრესას არ კითხულობს და, საერთოდ, მოწყვეტილია რეალობას. დღევანდელ ეპოქაში, ასევე, ძნელად მოიძებნება ისეთი, ვისთვისაც უცნობია ინტერნეტის თავისუფალი გარემო, თუმცაღა, ყველაზე მნიშვნელოვანი საინფორმაციო გარემო, მაინც, ხალხის საუბრებია ერთმანეთთან. საერთოდ კი, ყველა ჩვენთაგანისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალტერნატიული ინფორმაციის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება სწორი პოზიციის ჩამოყალიბება, რამეთუ, ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, ხალხი ჰგავს ქვევრში გამოკეტილ აბესალომს და მანამ ვერ გათავისუფლდება, სანამ ქვევრი არ გატყდება.

ამ ბოლო ხანებში ლამის ყოველდღე და ყველას ”Must Carry” აკერია პირზე, მე კიდევ არ ვიცი რამდენადაა აუცილებელი კონკრეტული კანონის არსებობა იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, რამე თუ, მათ, პოლიტიკურ პარტიებზე მეტად თუ არა, ნაკლებად მაინც არ აინტერესებთ მედია. დიახ, მართლაც რომ, უდიდესი როლი გააჩნია მედიას,  უდავოდ, მეოთხე ხელისუფლებაა იგი და რაოდენ აუცილებელია, რომ  არ გახდეს პირველი იდეოლოგი…  საერთოდ კი, ინფორმაციის თავისუფლება ვინმეს გემოვნების საკითხი კი არა დემოკრატიული ღირებულებების აღიარების შედეგი უნდა იყოს.  ხოლო, თუკი, რომელიმე ტელეარხი არღვევს რაიმე სახის ნორმებს, ამისათვის არსებობს კანონები, სასამართლო და შესაბამისი მარეგულირებელი სამსახურები.

ისე კი, თვალნათლივაა უკვე შესამჩნევი, რომ, ბოლო ხანებში, საქართველო ნამდვილად აღარ უჩივის ჟურნალისტების ნაკლებობას. მახსოვს, კომუნისტების დროს, საქართველოზე ამბობდნენ, რომ, იგი, ლამის პირველ ადგილზეა უმაღლესდამთავრებულების (და არა უმაღლესგანათლებულების) მხრივ, ახლა, ალბათ, პირველ ადგილზე ვიქნებით ჟურნალისტების რაოდენობით. თუმცაღა, კაცი რომ დააკვირდეს, ყველას, ვისაც ინტერნეტში გააჩნია თავისი საიტი, ბლოგი ან კიდევ გაწევრიანებულია სოციალურ ქსელებში, რაღაც დოზით მაინც არის ჟურნალისტი და ინტერნეტმა მართლაც მისცა საშუალება, ყველას, თავისუფლად დააფიქსიროს თავიანთი პოზიცია და მოსაზრება. მეც, არაერთხელ, წამიკითხავს ბლოგერების მიერ გამოქვეყნებული საინტერესო პუბლიკაციები, რომელთან ახლოსაც, ნამდვილად, ვერ მივა ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტის ნააზრევი თუ ნაბოდვარი, პრესაში იქნება ეს თუ ტელევიზიაში, შესაბამისად არც თუ იშვიათად გამოხატულა ნეგატიური პოზიცია მედიის მისამართით…

ამ დღეებში ფეისბუკის ერთ-ერთ გვერდზე, კომენტარებში, მედიასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებთან მიმართებაში, მეც  დავაფიქსირე ჩემი პოზიცია:

ვკითხულობ ასეთ აღშფოთებებს მედიასთან მიმართებაში და ჩემთვის ვფიქრობ – რამდენად სწორადაა შერჩეული უკმაყოფილების ადრესატი? ბევრ ჩვენთაგანს ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი, თუმცაღა, ამ დისკუსიაში არიან ახალგაზრდებიც, რომლებმაც, შესაძლოა, არ იცოდნენ ან არ ახსოვდეთ პროგრამა ”ვრემია” და საბჭოური ტოტალიტარული წყობა, მაგრამ გაგონილი მაინც ექნებათ, თუ რას წარმოადგენდა საბჭოთა მედია (თუ კი შეიძლება მას მედია ვუწოდოთ) და ვინ რას იჯერებდა იმდროინდელ საინფორმაციო ველში. დღეს კი, ქვეყნის პრაქტიკულად ყოველ მოქალაქეს, წვდომა აქვს საკმაოდ მრავალფეროვან და ალტერნატიულ საინფორმაციო საშუალებებზე, მედიაზე, 40-50 წლიანი ასაკობრივი დიაპაზონია ინტერნეტის მომხმარებლებშიც, ინტერნეტში, სადაც რაიმეზე თუ არის შეზღუდვა ნამდვილად ვერ დავიჯერებ, გარდა ამისა, ყველა ყველაფერზე ლაპარაკობს ერთმანეთთან (უნდა ილაპარაკოს, კიდეც, შეუზღუდავად!) და, რაც მთავარია, ყველას აქვს უამრავი ცხოვრებისეული მაგალითი და გამოცდილება, ხომ მეთანხმებით? ახლა, ყველა ჩვენთაგანს, უნდა ჰქონდეს, თუნდაც მცირედი, ლოგიკური ანალიზის უნარი და ადამიანური ღირსება…

რაც შეეხება ქართულ მედია სივრცეს. ვფიქრობ, ეს ყოველივე, სარკეა ჩვენი ქვეყნისათვის და მასში ჩახედვისას ყველა იმას ხედავს რაც უნდა რომ დაინახოს ან, კიდევ, ვერ შეამჩნევს იმას, რაც არ მოსწონს. ასე, რომ პრობლემა სარკეში კი არაა, არამედ იმაში ვინც სარკის არსი ვერ გაიგო და იმას არ ხედავს რისი დანახვაცაა აუცილებელი. ისე კი, ერთხელ მაინც, ვყოფილვართ, ალბათ, მრუდე სარკეებიან სიცილის ოთახში და, ამ დროს მთავარია, რამდენად ადეკვატურად შეგვიფასებია იქ დანახული გამოსახულებები. ერთი ზღაპარიც გამახსენდა, სადაც სპეციალურ სარკეში ახედებდნენ გამხდარ, მშიერ და მისავათებულ ხალხს, რომლებიც გაოგნებულები უყურებდნენ თავიანთვე გამოსახულებას, სადაც საოცრად და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ…

რა შეიძლება ამას დავამატო? ალბათ ის, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა სახის ინფორმაციები მიეწოდება მასებს, ამ დროს მთავარია, თუ რა დონეზე შეუძლია ხალხს აზროვნება, რამდენად შესწევს უნარი სწორად შეაფასოს მოვლენები თუ კონკრეტული სიტუაცია, როგორი პასუხისმგებლობის გრძნობა და ღირსება გააჩნია. საერთოდ კი, ღირსება, ვისაც ასეთი გააჩნია  (მედია იქნება ეს თუ კონკრეტული პიროვნება), თავის თავს არ მისცემს უფლებას უცერემონიოდ ჩაერიოს ადამიანთა პირად ცხოვრებაში, უფრო მეტიც, ღირსება არავის გააყალბებინებს ფაქტებს და ღირსეულები არ ისვრიან ტალახს, რამეთუ, ნასროლი ტალახი შესაძლოა ასცდეს ადრესატს, მსროლელს კი ხელები წაებილწება საშვილიშვილოდ…

რამოდენიმე თვის განმავლობაში ყველა საარჩევნო სუბიექტმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, ყველამ, რა თქმა უნდა, ნათელ ფერებში, დაუხატა მომავალი ხალხს და სანუკვარ ცხოვრებაც დაპირდა, თუკი აირჩევენ და ყველაფერ ამას ერთობლიობაში უსმენდა ხალხი, რომელიც, მართლაც რომ, ამ მოზღვავებული ინფორმაციის პრესის ქვეშ მოექცა და, ნეტავი, თუ ესმით მავანთ, რა ძნელია ყოველივე ამის ერთობლიობაში გაანალიზება? რა კარგია, რომ ხვალ პოლიტიკური დუმილის დღეა… ზეგ კი ყველა თავის არჩევანს გააკეთებს და მთავარია იგი გულით იყოს ნაკარნახევი, ღირსებისა და პასუხისმგებლობის გრძნობით გაკეთებული!

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

არჩევანი არჩევნებამდე: არჩეულია ტალახი…


დილიდანვე მშვენიერი ამინდი იდგა დედაქალაქში და ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულიც უფრო მეტად ალამაზებდა დღევანდელ დღეს. თუმცაღა, გული მაინც ტკივილით შეტოკდებოდა, ხოლმე, როცა მახსენდებოდა, თუ რა ტრაგიკული დღეა, აგრეთვე, 27 სექტემბერი, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანისათვის – 19 წლის წინ დაეცა სოხუმი და საქართველოს ძირძველი კუთხე მოექცა ფაქტიური ოკუპაციის ქვეშ… და, იმედიანად ჩავრთე ტელევიზორი იმის მოლოდინით, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულისადმი იქნებოდა მიძღვნილი საინფორმაციო ბადის ძირითადი ნაწილი, იქნებოდა მიმართვები ქვეყნის სულიერი მამისა და საეკლესიო პირებისაგან, იქნებოდა დოკუმენტური ფილმები ჩვენს ტკივილიან წარსულზე და მსჯელობები ოპტიმისტურ მომავალზე, მაგრამ… დილიდანვე, პრაქტიკულად მთელი საინფორმაციო სივრცე პირდაპირ წალეკა სერიალმა ”Dirty 007”… გადავრთე ერთ არხზე, მეორეზე, ერთი საათის შემდეგ, ორი, სამი, ხუთი, ვუყურებ, ერთგვარი უაზრო აზარტით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს სატელევიზიო მარაზმი, მაგრამ არა და არ დაადგა საშველი, ამას კიდევ ერთვოდა ჟურნალისტების ”ანალიტიკური” დასკვნები და ნადირობა კომენტარებისათვის. მოკლედ,  არა და არ დამთავრდა ეს ტალახი და, ალბათ, ცოტა ხანში, ლამის, ყველას ექნება მასთან შეხება – ზოგს ესვრიან, რათა გასვარონ, თუმც უშედეგოდ, ზოგიც ტალახის სროლისას გაისვრება საშვილიშვილოდ… საზოგადოების ცნობიერების გაუპატიურება მიმდინარეობს მიზანმიმართულად. ერთი სიტყვით – გათენდა, ”კომპრომატის” მზე აენთო, მოცურდა პატივისცემა, სინდისი ჩქარა!

ღმერთო, როდის დამთავრდება ეს  მარაზმი?

P.S.

”ის ვინც დღეს და ამ დღეებში ქვეყანას კვებავს კომპრომატებით, მას თავისი ხალხი ეზიზღება”

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

ქუთაისი, 27.09.2012

როგორც იტყვიან – NO COMMENTS…

თუმცაღა, წინ საკმაოდ ორიგინალური შეჯიბრი გველოდება თითის გაშვერაში, თუ, კონკრეტულად, ვის ეხება პრეზიდენტის ზემოაღნიშნული გამონათქვამი… და თავის თავზე არ მიიღებს ამ ციტირებულ გამონათქვამს ის, ვინც უკანონო აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერების გაკეთებით იყო დაკავებული, ვინც უსინდისოდ უკეთებდა მონტაჟს კონკრეტულ პირთა ცალკეულ გამონათქვამებს რათა იგი ე.წ. ”კომპრომატად” ექცია და ამით გადაეფარა ის საშინელებები რაც ქვეყანაში ტრიალებს…

და, ბოლოს, კიდევ ერთი შეკითხვა: რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან ფაქტი და კომპრომატი?

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

როცა ადამიანი, მხოლოდ, თავისი თავის იმედად რჩება…


რეკლამა, მართლაც რომ, კაცობრიობის ერთერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს და მასზე, უფრო სიღრმისეულად ვისაუბრებ მომავალში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში. ახლა კი მინდა ყურადღება გავამახვილო მშრომელი, მონდომებული და საზრიანი ადამიანების მცდელობაზე თვითონვე შეიქმნან, თავიანთთვის, სამუშაო ადგილები, გაიუმჯობესონ არსებული სიტუაცია, ყურადღება მინდა გავამახვილო მათზე, ვინც ყველანაირად ცდილობს თავი გაიტანოს მანამ, მაინც, სანამ მათამდეც მიაღწევს ზოგზოგების მხრიდან მრავლად დარიგებული ”ფოჩიანი” საარჩევნო დაპირებები თუ ზღაპრები უზრუნველ ცხოვრებაზე, ოქროს კოშკებზე, სანამ სხვებთან ერთად ისიც მიიღებს ასერიგად ნანატრ მეტ სარგებელს, სანამ, მათ ცხოვრებაშიც, დადგება უკეთესი დღეები, რაშიც უფრო ღვთის იმედი აქვთ, ამიტომაც ცდილობენ ”ხელი გაანძრიონ” და ცხოვრება გაიუმჯობესონ.

ვფიქრობ, ბევრს შეუნიშნავს სხვადასხვა სახისა და ხასიათის სარეკლამო განცხადებები ელექტროგანათების ბოძებზე, სამშენებლო სამუშაოების შემომსაზღვრელ ღობეებზე, ჯიხურებზე, საინფორმაციო სტენდებზე და, ალბათ, ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე თუ რაოდენ რუდუნებითა და მონდომებით ამზადებს ხალხი ამ ე.წ. ”სარეკლამო ბანერებს”, რათა თავიანთი პატიოსანი შრომით თავის გატანა თუ ოჯახის შენახვა შეძლონ და როგორი იმედებით აკრავენ ამ ერთფეროვან,  თაბახის ფურცლებზე დაწერილ თუ დაბეჭდილ ინფორმაციებს, რომლებიც, დღეს, თითქოსდა, მოქცეულან ფერადფერადი წინასაარჩევნო რეკლამების ჩრდილქვეშ. წავიკითხავთ, ხოლმე, ამ მოკრძალებულ რეკლამებს ”Windows”-ის დაყენებაზე, კომპიუტერის დიაგნოსტიკაზე, აბიტურიენტებისა და მოსწავლეების სხვადასხვა საგნებში მომზადებაზე, დამლაგებლისა ან ბავშვის მომვლელად საკუთარი შრომის შეთავაზებაზე თუ სხვა, მსგავსი სახის, ინფორმაციებს და, ძალაუნებურად, ჩავფიქრდებით – ნეტავ, როდის დადგება ის დღე, როცა, მავანნი თუ ძლიერნი ამა ქვეყნისა, ამ სახის რეკლამებში, მართლაც რომ, მეტს დაინახვენ? დღეს კი… დღეს კი ისინი, ჯერ კიდევ, ვერ ამჩნევნ ამას, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათი ჩამუქებულმინებიანი ჯიპებიდან, სხვა ძვირადღირებული ავტომობილებიდან თუ შავი სათვალეებიდან არ სჩანს ყოველივე ეს…

დიახ, ვისაც ხელი არ მიუწვდება ძვირადღირებულ რეკლამებზე ტელე-რადიო სივრცეში, ვინც ვერ ახერხებს ინტერნეტ სივრცის გამოყენებას თავიანთი შრომის პოპულარიზებისათვის და მოსახლეობისადმი შეთავაზებას, ისინი ასე მოკრძალებულად და მოკრძალებულ ადგილებში გააკრავენ, ხოლმე, ინფორმაციებს რიგ შეთავაზებებთან დაკავშირებით და იმედიანად ელოდებიან გამოხმაურებებს…

დღეს, ქუჩაში სეირნობისას, შევჩერდი რამოდენიმე ელექტროგანათების ბოძთან. ვხედავ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის საინფორმაციო-სარეკლამო ფურცელებს, რომლებიც სათუთად იყო გაკრული ამ ბოძებზე. წავიკითხე ეს, საკმაოდ ემოციურობით გადმოცემული, ინფორმაცია, თუმცაღა, მათ უკან, უკვე, ვეღარ იკითხებოდა და არ სჩანდა ის ინფორმაციები, რომლებიც, მანამდე, მთელი იმედებით გააკრეს სხვადასხვა თვითდასაქმებულებმა. დიახ, ამ ადრინდელ, ზოგისათვის უმნიშვნელოდ ქცეულ განცხადებებს, ისე გადააფარეს პოლიტიკური მოწოდება თუ მიმართვა, არც კი დაფიქრებულან, რაოდენ შეიძლება უჭირდეს მას, ვის რეკლამებსა და იმედებს ასე უცერემონიოდ მიაფურთხეს…

საინტერესოა, ვის, როდის და რატომ ახსენდება, ხოლმე, ხალხი, მათი გაჭირვება თუ მათზე ზრუნვა?

P.S. (UPD 24.09.2012): და, ამასობაში, გამოჩნდა მმართველი პარტიის მაჟორიტარების წინასაარჩევნო პლაკატები. ისევ მივედი ელექტროგანათების ერთ-ერთ ბოძთან, სადაც შევნიშნე ნაციონალების დეპუტატობის კანდიდატის პლაკატი. ეჰ, ისევ იგივე სურათი და, ამ შემთხვევაშიც, თვითდასაქმებულებს ასევე კარგა გვარიანად მიაფურთხა პლაკატების გამკვრელმა… და სლოგანმა, ”მეტი სარგებელი ხალხს”, დაივიწყა ხალხი…

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

თავისუფალი ადამიანის ღირსეული გადაწყვეტილება


რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხალხის წახალისება?

რა ადვილი მომეჩვენა, თავიდან, ამ შეკითხვაზე გააზრებული პოზიციის ჩამოყალიბება, სანამ პოსტის წერას შევუდგებოდი, მაგრამ ახლა… ნუთუ, ადამიანს, ვინმეს წახალისება უნდა სჭირდებოდეს, რათა მან, თვითონვე, მიიღოს მონაწილეობა თავისივე ღირსეული მომავლის შენებისათვის?! მოკლედ, ათასი აზრი, ათასი შეკითხვა დამიტრიალდა უცებ თავში. რატომღაც მელ გიბსონის ”მამაცი გული” გამახსენდა, კერძოდ ფილმის ის ფრაგმენტი, როცა ამ გენიალური მსახიობისა და რეჟისორის მიერ განსახიერებული გმირი, უილიამ უოლოსი, მიმართავს შოტლანდიელ თანამემამულეებს, რომლებიც ბრძოლის ველის მიტოვებას აპირებდნენ და უხსნის, თუ რითი იყო განსაკუთრებული ეს დღე მათთვის, თუ რაოდენ ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ამ ბრძოლას თითოეული მათგანისათვის, მათი მომავლისთვის. მართლაც და რა უმნიშვნელოვანესი რამაა, ადამიანისთვის, როცა მას აქვს არჩევანის უფლება, როცა მას აქვს შესაძლებლობა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გააკეთოს ღირსეული არჩევანი –  საკუთარი თავი, თავისი ერთი სიცოცხლე, მტერთან გადამწყვეტ ბრძოლაში დასათმობად გაიმეტოს და არ მიატოვოს ბრძოლის ველი, რათა, შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, სირცხვილის მძიმე ტვირთის ტარება არ მოუწიოს…

2012 წლის 1 ოქტომბერიც უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოსათვის, ჩემი სამშობლოს მომავალისათვის, უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ყოველი მოქალაქისათვის. უკვე 2 ოქტომბერს, ყველა ჩვენთაგანი ჩავიხედავთ ჩვენსავე გულებში და რას ვუპასუხებთ, პირველ რიგში, საკუთარ თავს, შეკითხვაზე: სად ვიყავით მაშინ, როცა საქართველოს ბედი წყდებოდა? რას ვუპასუხებთ ჩვენს ხვალინდელ დღეს, ჩვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვან  ისტორიას? შეგვეძლება ვუთხრათ საკუთარ თავს, რომ, არჩევნებზე მისვლით, ჩვენს თითოეულ საარჩევნო ხმას განსაკუთრებული ღირსება შევმატეთ? პასუხი კი, არჩევნების დღეს, ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში იქნება. ისე კი, ჩვენი ერთი ხმა, მხოლოდ, არითმეტიკული თვალსაზრისითაა ერთი, სინამდვილეში კი რამოდენიმე მილიონის ტოლფასია იგი, მით უფრო, გადამწყვეტ მომენტში!

და, მაინც, – რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხალხის წახალისება?

– უპირველეს ყოვლისა იმით, რომ  თითოეულ მოქალაქეს დავანახოთ, თუ რაოდენ განსაკუთრებულია ჩვენი ერთი ხმა და რომ ზუსტადაც არჩევნებზე მისვლის მოქალაქეობრივი ვალის მოხდით, ჩვენ, იმავდროულად, ქვეყნის, ერისა და შთამომავლობის წინაშეც ვიხდით ამ, მეტად საპატიო, ვალს.

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

P.S. ეს გახლავთ საკონკურსო თემა ბლოგერებისათვის კითხვაზე ”რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხალხის წახალისება?

აშშ–ის საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსი ბლოგერებისათვის

წინასაარჩევნო ლაბირინთები: არითმეტიკული და ლოგიკური პარადოქსები


პოლიტიკური შემოდგომა თანდათანობით შედის თავის აქტიურ ფაზაში და სრულიად საქართველო თანდათან იმკის დათესილს.  ზოგმა, უკვე, დაიწყო წიწილების დათვლა, ზოგიც მოსავლის დასაბინავებლად ემზადება, ყველა ერთად კი გამალებით ინაწილებს იმ ტყავს დათვისას, რომელიც მოკლული კი არა, მიზანშიც კი არაა ამოღებული…  გაგანია რთველია საქართველოში, საარჩევნო რთველი…

16 საარჩევვნო სუბიექტი (14 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი) მონაწილეობს ამ არჩევნებში და, საერთო ჯამში, რამდენიმე ასეული კანდიდატი იყრის კენჭს მაჟორიტარად, რამდენიმე ასეულიც პარტიებისა და ბლოკების პროპორციულ სიაშია ჩაწერილი და პრაქტიკულად ყველა, ლამის, აბსოლიტურადაა დარწმუნებული, რომ ზუსტადაც რომ იგი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. ვფიქრობ, ვფიქრობ და, მიუხედავავ იმისა, რომ ვარ მათემატიკოსი, მაქვს ინფორმაციის დამუშავების სერიოზული გამოცდილება, პროგრამისტისა და ანალიტიკოსის მრავალწლიანი სტაჟი, ვერანაირად ჩავსვი, ბევრი რამ, ლოგიკაში და ვერანაირად გამოვითვალე ის, თუ, ამ აღზევებული იმედიანობის ფონზე, რამდენი დეპუტატობის კანდიდატის ამბიციას უნდა ”გაუმზადდეს” ადგილი მე-8 მოწვევის პარლამენტში? და, საერთოდ, რამდენი დეპუტატობის კანდიდატის ამბიციას დაიტევს ახალი პარლამენტის კედლები, რამდენს ესიზმრება პარლამენტარის რბილი თუ თბილი ადგილი – 300-ს, 500-ს, თუ, სულაც, 2012-ს?

სხვადასხვა ტელეარხზე, ინტერნეტში თუ პრესაში ვუსმენ, ვუყურებ და ვკითხულობ ძალზედ მრავალფეროვან, მადისაღმძვრელ გამოსვლებს და ჩემთვის ვფიქრობ: თურმე რა უზომოდ უყვართ პოლიტიკოსებს ხალხი და რაოდენ დაუოკებელი სურვილი აქვთ უანგაროდ ემსახურონ მათ, რომ უარს ამბობენ საკუთარ კეთილდღეობაზე, ასევე, უპირობოდ ამბობენ უარს ყოველგვარ შეღავათებსა თუ  დეპუტატის პრივილეგიებზე… და უცებ გამოვფხიზლდი ამ უტოპიური ფიქრებისგან…

მოკლედ, უხვად და უშურველად არიგებენ ყველგან და ყველასთვის ამ სანუკვარ… დაპირებებს. დიახ, ყველა, იდეალურ და ზღაპრულ ქვეყანაში ცხოვრებას პირდება საქართველოს მოსახლეობას, გვპირდებიან ოქროს კოშკების აშენებასაც (ალბათ, თავისას როცა აიშენებენ, ზოგიერთები, მას შემდეგ, მხოლოდ) და ამ დროს მთავარია უკეთ დავინახოთ და შევაფასოთ – ვინ ზღაპრებს გვპირდება, ვინ ღრუბლებში მონავარდე იდეებს და ვინ, მართლაც რომ, დაუღალავ და თავდაუზოგავ შრომას…

ერთი სიტყვით, ქართული პოლიტიკური სივრცე მაქსიმალურადაა გაჯერებული წინასაარჩევნო ”ფოჩიანი” დაპირებებით და მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს, თუ სინამდვილეში ვის რა უდევს გულში. დღეს კი სახეზე გვაქვს ძალზე დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია ქვებისა თუ ტალახის სროლის ფონზე; დღეს მხოლოდ სხვისკენ გაშვერილ თითს ვხედავთ, როცა მავანთ არ სურთ დაინახონ საკუთარი შეცდომები თუ მინუსები; დღეს ერთნი ცარიელ ჭიქას სავსედ აღიქვამენ, სხვებს კი სავსე ჭიქა, სულაც, ცარიელად ეჩვენებათ; დღეს ყველა გვიმტკიცებს ”მხოლოდ ჩემს ხელთაო ბედნიერების ფორმულა”, ვნახოთ რა იქნება ხვალ…

დღეს, მეც, ამის თქმა მსურდა თქვენთვის, ხვალინდელ სათქმელს ხვალ ვიტყვი, მით უფრო, რომ ბევრი რამაა, კიდევ, სათქმელი: არჩევნებში მონაწილე სუბიექტებსა და საარჩევნო სიებზე, პარტიების წინასაარჩევნო სლოგანებზე, კონტრასტულ მედია-გარემოზე, პოლარიზებულ საზოგადოებასა თუ ამომრჩევლების განწყობაზე და ა.შ., ასე რომ, დრო და დრო, ბლოგერის ჟურნალისტური ხედვით, კიდევ არაერთ პუბლიკაციას მოგაწვდით შემდგომშიც

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან…


დღეს შემოდგომის პირველი დღეა, ამინდიც შემოდგომისაა, გარემოც, ფიქრებიც და აზრებიც…

არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა.

… დაიწყო ”წიწილების დათვლის” ერთთვიური…

18:00. ამოიწურა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სიების წარდგენის ვადა. სიები წარადგინა უკლებლივ ყველა საარჩევნო სუბიექტმა და რამოდენიმე დღეში ცნობილი გახდება ყველა იმ პირის ვინაობაც, ვისაც მიაჩნია, რომ სწორედ იგი უნდა იყოს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, სწორედ იგი უნდა იყოს ხელისუფლებაში და წინ გაუძღვეს ქვეყანას შემდგომი 4 წლის განმავლობაში. ნეტავ რამდენი გვყავს ასეთი? ნეტავ რამდენია მზად მძიმე, მაგრამ საამაყო ტვირთის ღირსეულად საზიდად? ნეტავ ვინ როგორაა მზად დაუღალავად იშრომოს, თავდაუზოგავად იღვაწოს სამშობლოსთვის და გასცეს ბევრი რამ, რათა ერის სიყვარული მიიღოს სანაცვლოდ? მათზე, უკვე, შემდგომში ვისაუბრებ…

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

არჩევნებამდე 40 დღეა


დღითი დღე ახლოვდება არჩევნები, წინ კიდევ 40, საკმაოდ ცხელი, დინამიური და უკომპრომისო დღეა, 1 ოქტომბერს კი საქართველოში შედგება არჩევნები, რომლის შედეგებიც განსაზღვრავს ქვეყნის კონკრეტულ გეზს და პრიორიტეტებს მომავალი 4 წლის განმავლობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და განვსაზღვრო კონკრეტული ღირებულებები, რომელთაც პირადად ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ და ვფიქრობ, რომ ეს ღირებულებები, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩემი სამშობლოსათვის. კერძოდ:

დემოკრატიული ღირებულებები, სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი მედია, პიროვნების თავისუფლება და თანასწორობა, თავისუფალი და ხელშეწყობილი ბიზნესი, სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, ევრო-ატლანტიკური კურსი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ღირსეული დამოკიდებულება და განსაკუთრებული პრიორიტეტის მინიჭება, თავიანთ მშობლიურ ადგილებში, მათი ღირსეული დაბრუნებისათვის, ეთნოწმენდისა და ოკუპაციის დაგმობა, ქვეყნის ტრადიციული და ისტორიული ღირებულებების პატივისცემა და დაცვა, პროგრესი, განვითარება, სტაბილურობა და ა.შ.

აი, ყოველივე ზემოაღნიშნული და კიდევ სხვა არაერთი საკითხი ითვლება ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად და ჩემს მიერ ამ პრიზმაში იქნება შეფასებული არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიაც.

40 დღის შემდეგ მეც გავაკეთებ ჩემს არჩევანს და ეს იქნება მხოლოდ ერთი ხმა რამოდენიმე მილიონს შორის, მაგრამ ამ ხმით მე დავტოვებ კვალს ცხოვრებაში რის გამოც, შემდგომში, არ უნდა შემრცხვეს, შესაბამისად, ჩემს მიერ გაკეთებული არჩევანი აუცილებლად იქნება ისეთი არჩევანი როგორსაც უნდა აკეთებდეს თავისუფალი ადამიანი უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით!

და, რა თქმა უნდა, მეც მექნება ჩემი შეფასებები როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ასევე, მთლიანობაში, მთელი პროცესისა, ასე რომ ელოდეთ შესაბამის ინფორმაციებს, ასევე, ჩემს ბლოგშიც, რომლებსაც რეგულარულად გამოვაქვეყნებ მეც

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

საქართველოში ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია


მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ, გააჟღერა სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შედგება 2012 წლის 1 ოქტომბერს. ამ დღესვე გაიმართება არჩევნები აჭარის უმაღლეს საბჭოში და საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ამომრჩევლები აირჩევენ, აგრეთვე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსაც. კალენდრის შესაბამისად 1 ოქტომბერი ორშაბათი დღეა, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს დღე, ერთჯერადად, დასვენების დღედ გამოცხადდება საქართველოში.

წინა საპარლამენტო არჩევნები, საქართველოში, გაიმართა 2008 წლის მაისში. მაშინ, ამ არჩევნებში, გამარჯვება მოიპოვა ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და მათ ხელთ აღმოჩნდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მანდატები. მეშვიდე მოწვევის პარლამენტის სპიკერი გახდა დავით ბაქრაძე, რომელიც სათავეში ედგა პარტიის მაშინდელ პროპორციულ სიას, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი. უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის ნაწილმა, მაშინ, უარი განაცხადა საპარლამენტო მანდატებზე, არჩეულმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე. დეპუტატის მანდატებზე უარი არ უთქვამს ”საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას” (ლიდერი შალვა ნათელაშვილი), მაგრამ პარტია, მთელი ოთხი წლის განმავლობაში, იმყოფებოდა ბოიკოტის რეჟიმში. პარლამენტში შევიდა ”საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, რომელმაც, ”ევროპელ დემოკრატებთან” (ადრე პარტიის სახელწოდება იყო ”ჩვენ თვითონ”. პარტიის ლიდერი პაატა დავითაია) და ”დემოკრატიულ პარტიასთან” (ლიდერი გია თორთლაძე) ერთად შექმნა საპარლამენტო უმრავლესობა, რომლის თავმჯდომარეც გახდა ”საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი თარგამაძე. პარლამენტში, რამოდენიმე თვის წინ, შეიქმნა ახალი, რადიკალური ოპოზიციური, ფრაქცია – ”ერთობა სამართლიანობისათვის”, რომელშიც გაერთიანდა 6 დეპუტატი და რომელთა  შორისაც 3 დეპუტატი წარმოადგენს კონკრეტულ პარტიას^ გია ცაგარეიშვილი,  პარტია “თავისუფალი დემოკრატები“, ჯონდი ბაღათურია – ”ქართული დასის” ლიდერი, ხოლო სულ ახლახანს, თავის ძველ პარტიას – ”საქართველოს მწვანეთა პარტია”, დაუბრუნდა დეპუტატი პეტრე მამრაძე. პარლამეტში, ასევე, ერთი დეპუტატითა (გურამ ჩახვაძე) არის წარმოდგენილი ”ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” (ლიდერი ბაჩუკი ქარდავა).

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ მერვე მოწვევის პარლამენტი, თავის სხდომებს, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან გაიმართება ქუთაისში და ქუთაისი ღებულობს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს.

როგორც ცხადი ხდება არჩევნებში მრავალი (30-ზე მეტი) პარტია აპირებს მონაწილეობის მიღებას, თუმცაღა ექსპერტებისა და ამომრჩევლების უმრავლესობის წინასწარი შეხედულებების შესაბამისად ფავორიტებად მიიჩნევა მმართველი პარტია – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური პარტია (კოალიცია) – ”ქართული ოცნება”. როგორც ცნობილია, საქართველოში ერთპალატიანი პარლამენტია, ხოლო დეპუტატების რაოდენობა – 150. პარლამენტის დეპუტატები აირჩევიან როგორც პროპორციული (პარტიული) სიით, ასევე მაჟორიტარულით (ერთმანდატიან ოლქებში), 77 და 73 დეპუტატი შესაბამისად.

ცალკეული პარტიები, ამომრჩევლებს თანდათანობით წარუდგენენ პარლამენტების წევრობის კანდიდატების სიებს, კანდიდატები კი, თავის ნხრივ, ყველანაირად შეეცდებიან მოიპოვონ საქართველოს მოქალაქეების ნდობა, ხოლო თავისუფალი და ღირსეული ამომრჩეველი ნდობას მხოლოდ მას გამოუცხადებს ვისიც სწამს და სჯერა.

ჩემი მხრიდან, შევეცდები, დროდადრო მოგაწოდოთ არჩევნებთან დაკავშირებული საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები.

მთელი გულით მინდა, რომ წინასაარჩევნო კამპანია და, მით უფრო არჩევნები, ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში და არ იყოს დარღვეული კანონები. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიები და დეპუტატობის კანდიდატები გულწრფელად სცემდნენ პატივს ამომრჩევლების აზრსა და ნდობას, ჩვენ ხომ ერთი ქვეყნის შვილები ვართ, საქართველო, ხომ, ჩვენი საერთო სახლია, – ჩვენი ფასდაუდებელი სამშობლო!

ასე თუ ისე, თითოეული ჩვენთაგანი უკვე თვალნათლივ ხედავს, რომ წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში იქნება  ძალზე დინამიური, მრავალფეროვანი და, სავარაუდოდ, – მოულოდნელობებით აღსავსეც…

ასე რომ, ცხელი წინასაარჩევნო კამპანიის მოლოდინშია სრულიად საქართველო და მეც

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

© წყარო: ჩემი რუსულენოვანი ბლოგის რუბრიკა –ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა

%d bloggers like this: