Category Archives: თავისუფლება

საქართველოს დამოუკიდებლობა: საამაყო წარსულიდან ღირსეულ მომავლამდე


მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ერი რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავს, ეს სიამაყესთან ერთად, ბევრ სხვა ტკივილსაც გვახსენებს, რამეთუ საუკუნეების განმავლობაში, ბედის უკუღმართობის გამო, ჩვენს სამშობლოს არაერთხელ დაუკარგავს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, შემდეგ კი ბევრი სისხლიც დაღვრილა ქვეყნის ღირსება რომ აღდგენილიყო. დღეს, კიდევ ერთხელ გვეძლევა შანსი გავიხსენოთ და შევაფასოთ ჩვენი წარსული – ტკივილსა და ტრაგედიებთან ერთად წარმატებებითა და სიხარულით აღსავსეც, როცა მარცხს ბევრად უფრო მეტი გამარჯვება მოჰყოლია, როცა დაქუცმაცებული საქართველო მძლავრ სახელმწიფოდ გაერთიანებულა, როცა ერს ურიცხვი დამპყრობლისთვის უჩვენებია თავისი თავგანწირვა, შემდეგ კი უფრო და უფრო დავაფასოთ თაობების შეუპოვარი ბრძოლით ჩამოყალიბებული, დაბრუნებული თუ შენარჩუნებული სახელმწიფოებრიობა. თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმთან ერთად ღირსეული და წარმატებული სახელმწიფოს აშენებაზე ფიქრით უნდა იყოს ერი გაერთიანებული, რომ ქვეყანა ნამდვილად იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი…
ამასწინათ აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ: “ნამდვილ დამოუკიდებლობას ერთიანი ერი და საღად მოაზროვნე საზოგადოება მოიპოვებს მხოლოდ, ჩვენ კი ბედად გვერგო აურაცხელი ცხოვრებისეული გაკვეთილის მიღება.
ღირსეულ დამოუკიდებლობას ვუსურვებ/ვულოცავ სრულიად საქართველოს!”
დიახ, საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობა გადის ხიდზე – საამაყო წარსულიდან ღირსეულ მომავლამდე!
დიდება საქართველოს!!!
P.S. ისე, ცალკე მინდა გავამახვილო ყურადღება შემდეგ ფაქტზე, რომ 26 მაისი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა (1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული აქტის საფუძველზე) და ზუსტად ეს აღინიშნება დღეს!

ოკუპაციის ექო: ფარისევლობა, ცინიზმი, ბოროტება…


ამ დღეებში, მოსკოვში მცხოვრები ერთი ქართველი დამიკავშირდა და როგორც ბლოგერს (ქართულ და რუსულენოვან ინტერნეტ სივრცეში), რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული, მთხოვა დახმარება საქართველოს საინფორმაციო სტენდის მომზადებაში მართლმადიდებელი ერების მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის, რის ორგანიზებასაც მასთან ერთად მისი დაც ახდენდა, ხოლო ღონისძიება დაგეგმილი იყო მოსკოვის გარეუბანში. მე, ყოველთვის უდიდესი ენთუზიაზმითა და მონდომებით ვცდილობდი ჩემი სამშობლოს პოპულარიზებას ინტერნეტ სივრცეში და ახლაც მოხარული ვიქნებოდი საქართველოს პოპულარიზებაში ჩემი წვლილიც შემეტანა, თუმცა… ამჟამად არ მიცდია საქართველოს ბედკრული წარსულის შესახებ მეთქვა რაიმე თხოვნის ავტორისთვის, არც ეკლესია-მონასტრებისა თუ სასულიერო პირების განადგურების გამო გამომიხატავს აღშფოთება, ამ გულისტკივილს უბრალო მიმოწერაში სრულად ვერც გადმოვცემდი, ზემოხსენებული ღონისძიების ქართველ ორგანიზატორებს მე მხოლოდ ერთი, სრულიად ბუნებრივი კითხვა დავუსვი: “ჩვენი სამშობლოს სტენდის შექმნისას, საქართველო რომელ საზღვრებშია წარმოდგენილი, ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი თუ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე?” საოცარია, მაგრამ ორი დღე გავიდა უკვე და შეკითხვის დასმამდე ის მოსკოველი ქართველი თუ დაჟინებული თხოვნით გამოირჩეოდა და სულმოუთქმელად ელოდა ჩემს მხარდაჭერას, შეკითხვის შემდეგ ჩამიჩუმიც აღარ ისმის…
თუმცაღა, ახლა როცა ასეთი ტრაგიკული ფაქტი მოხდა ხურჩაში, როცა მთელი სისასტიკითა და დაუნდობლობით, დაუსჯელობის სინდრომით წახალისებულმა ნაძირალამ “ისარგებლა” ოკუპაციის ბოროტებით და სასიკვდილო ტყვია ესროლა საქართველოს მოქალაქეს, უიარაღო, მშვიდობიან მცხოვრებს, რა პირით უნდა მთხოვოს დახმარება ფარისევლობაში?!
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ერთიც უნდა ვთქვა: როცა ოკუპაციის საზღვარს გადმოლახავს არაკაცი ბოროტმოქმედი, ოკუპაციის მსახური, ჩაცხრილავს ადამიანს, შემდეგ კი მშვიდად დაბრუნდება უკან, შედეგად ეს ტყვია, ისევე როგორც საქართველოს, ცივილიზებულ სამყაროსაც მოხვდა გულში…
21 მაისი, 2016 წ.

 

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

არჩევნები საზოგადოების პასუხისმგებლობის გრძნობის საზომია…


წინასაარჩევნო ციებცხელების ბოლო კვირა დაიწყო საქართველოში, კულმინაციას აღწევს პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი საარჩევნო შტაბების აქტივობა, ბევრი რამის სიღრმისეულად გაანალიზება, ბევრ რამეზე საფუძვლიანად დაფიქრება მოუწევთ ამომრჩევლებაც და, ამ დროს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, რამეთუ, საერთო ჯამში, ზუსტადაც რომ, ამომრჩევლის პასუხისმგებლობა განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს და ქვეყანაც მისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმკის შედეგებს. მეც, ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვიღებ სამშობლოს წინაშე და საარჩევნო კაბინაში შესვლისას, სხვებთან ერთად, მეც მომიწევს ყოველივეს საფუძვლიანი გაანალიზება, რომ მომავალში არ შემრცხვეს მიღებული გადაწყვეტილების, თუნდაც ცალკეულ პოლიტიკოსებს სირცხვილზე უფრო მეტად საკუთარი ამბიციები აღელვებდეთ…
ასეთი პოზიციით მივდიოდი არჩევნებზე წლების განმავლობაში, ასე იყო გასულ წელსაც და, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოლოდინი ყოველთვის უფრო მაღალი იყო, ვიდრე რეალური შედეგი, მაინც ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება მომავალშიც ასევე შინაგანი რწმენით უნდა მივიღო, რადგანაც ჩემი ერთი ხმა ჩემივე ღირსების საზომია და არა რომელიმე პოლიტიკოსის ამბიციის…

© ფეისბუკის ჩემი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

პრესის თავისუფლება განსაზღვრავს საზოგადოების თავისუფლებას


პრესისა და სიტყვის თავისუფლება – ეს არის ცივილიზებული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ფასეული მონაპოვარი, ხოლო პრესისა და სიტყვის თავისუფლების ხარისხი  პიროვნების თავისუფლების ხარისხის პირდაპირპროპორციულია.

Файл:1301 Connecticut Avenue.JPG

სიტყვის თავისუფლება ყოფილ სსრკ-ს რესპუბლიკებში

საბჭოთა კავშირში სიტყვის თავისუფლებაზე საუბარს და მის შეფასებას, ვფიქრობ, ნამდვილად არა აქვს ახლა აზრი, რადგანაც ვთვლი, რომ სსრკ-ში, პრაქტიკულად არ იყო არანაირი პრესა, იყო მხოლოდ ერთი მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა. ამ უზარმაზარი ქვეყნის მოსახლეობისათვის, ალბათ ბევრად უფრო სანდო და დამაჯერებელი იყო კერძო, პირადი საუბრების დროს მიღებული ინფორმაცია, როცა ოფიციოზისგან ფარულად იგებდენენ იმ ჭეშმარიტებას, იგებდნენ იმას, თუ როგორ ცდილობდა საბჭოთა პრესა და ტელევიზია ხალხის გაბითურებას, როგორ ცდილობდა ინფორმაციულ ვაკუუმში ყოლოდა მოსახლეობა, ხოლო ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, როგორც ადრე აღვნიშნე, “ხალხი ჰგავს ქვევრში გამოკეტილ აბესალომს და მანამ ვერ გათავისუფლდება, სანამ ქვევრი არ გატყდება”… ჰოდა, ბოლოს და ბოლოს, გატყდა ის “ტოტალიტარული ქვევრიც” და ხალხმა იგემა ინფორმაციის თავისუფლების გემოც…

და მაინც, როგორ შეიცვალა სიტუაცია სსრკ-ს დაშლის შემდეგ?

ძნელია ზუსტად და სრულად განისაზღვროს მიღებული შედეგები. შესაძლოა, ყოფილი საბჭოთა რეპუბლიკებში, ამ ტოტალიტარული იმპერიის დაშლის შემდეგ, სიტუაცია არც თუ ისე მძიმეა, როგორც ეს იყო ათეული წლების წინ, თუმცაღა ცალკეული ხელისუფალი, რიგ შემთხვევებში, მაინც იადვილებს ცხოვრებას, როცა პრესას პრესის ქვეშ მოაქცევს ხოლმე… ხოლო, როცა არ არის პრესისა და სიტყვის თავისუფლება, მაშინ პიროვნების თავისუფლებაც, სადღაც შორს, “ჰორიზონტს მიღმაა”…

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, დღეისათვის არსებული, პრესის თავისუფლების ხარისხის შეფასებისას თვალშისაცემია ძალზე სერიოზული განსხვავება ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და სხვა დანარჩენებს შორის. აი რას ნიშნავს ცივილიზებულ ევროპულ თანამეგობრობაში ყოფნა…

ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს ყოფილ სსრკ-ში შემავალ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა სიტყვის თავისუფლების მხრივ 2003-2013 წლებში*:

ქვეყანა**/
წელი, ადგილი***
2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011-12 2013
აზერბაიჯანი 113 136 141 135 139 150 146 152 162 156
ბელარუსი 151 144 152 151 151 154 151 154 168 157
ესტონეთი 12 11 11 6 3 4 6 9 3 11
თურქმენეთი 158 164 165 167 167 171 173 176 177 177
ლატვია 11 10 16 10 12 7 13 30 50 39
ლიტვა 17 16 21 27 23 16 10 11 30 33
მოლდოვა 94 78 74 85 81 98 114 75 53 55
რუსეთი 148 140 138 147 144 141 153 140 142 148
საქართველო 73 94 99 89 66 120 81 99 104 100
სომხეთი 90 83 102 101 77 102 111 101 77 74
ტაჯიკეთი 113 95 113 117 115 106 113 115 122 123
უზბეკეთი 154 142 155 158 160 162 160 163 157 164
უკრაინა 132 138 112 105 92 87 89 131 116 126
ყაზახეთი 138 131 119 128 125 125 142 162 154 160
ყირგიზეთი 104 107 111 123 110 111 125 159 108

106

* – ცხრილის შედგენისას გამოვიყენე რესურსი “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (Reporters Without Borders);
** – ცხრილში ქვეყნები ალფავიტის მიხედვითაა დალაგებული;
*** – იმ შემთხვევისას, როცა რამოდენიმე ქვეყანას ერთი და იგივე სარეიტინგო ქულა აქვს დაკავებული ადგილის ნომრად აღებულია პირველი ანუ უკეთესი მაჩვენებელი.

ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ცხრილი გამოვიდა და შედეგების ანალიზიც საინტერესო დასკვნების საშუალებას იძლევა. მართლაც, ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იყოს მრავალფეროვანი და ალტერნატიული ინფორმაციები, ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის პრიორიტეტული იყოს პრესისა და სიტყვის თავისუფლება, შედეგად კი პიროვნების თავისუფლება. ძალიან მინდა, მედია უფრო და უფრო თავისუფალი იყოს ჩემს სამშობლოში და მთელს მსოფლიოშიც, ასევე, უფრო და უფრო მაღალი იყოს ჟურნალისტებისა და რეპორტიორების პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობაც!

აი ასე გამოიყურება სიტყვის თავისუფლების შესაბამისი მსოფლიო რუკა 2013 წლისათვის

 2013 World Press Freedom
გაგრძელება: ნახეთ ინდექსები და შესაბამისი რეიტინგი ცხრილის სახით (2013 World Press Freedom Index)

არჩევნები შედგა: სამართალისა და სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო!


2012 წლის 1 ოქტომბერი, მართლაც, ისტორიული დღე აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში. ის, რაც ამ დღეს მოხდა, დაუჯერებელი იყო არა თუ ერთი წლის წინ, 2-3 თვის წინაც კი ბევრს ეეჭვებოდა, მაგრამ ის რაც, ერთი მხრივ, მოულოდნელი იყო, მეორეს მხრივ ხალხის მოთხოვნა აღმოჩნდა და ყოვლისშემძლე ნაციონალური მოძრაობა, უცებ, ოპოზიციაში გადაბარგდა და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ, ხელისუფლების ცვლილება მოხდა მშვიდობიანი გზით. ახლა, ძალიან მაინტერესებს, რა შეიცვლება, ქვეყანაში, მომდევნო დღეებში, თვეებში, წლებში? მერე და რამდენი რამაა შესაცვლელი, გამოსასწორებელი, გასაუმჯობესებელი და ა.შ., რაც, ფაქტიურად, უკვე დაიწყო დეკლარაციებისა და პოზიციების დაფიქსირების დონეზე და ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს უკვე, თანაც, ბევრი რამ, საკმაოდ სწრაფადაც. აი ამას ითხოვდა ხალხი არჩევნებზე, აი ამის მოლოდინი აქვს საქართველოს მოსახლეობას!

არჩევნების საბოლოო მონაცემები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ალბათ, უახლოეს ხანებში გამოქვეყნდება, შემდეგ მისი დამტკიცება მოხდება კომისიაში რისი, საბოლოოდ გააფორმება, უკვე, პარლამენტში მოხდება და შედეგად ახალი პარლამენტი გახდება ლეგიტიმური. რა იქნება შემდგომში ამას უკვე დრო გვიჩვენებს და, დრო და დრო, მეც მოვამზადებ შესაბამის პუბლიკაციებს, აჟამად კი ძალიან მაინტერესებს, თუ რა შეიცვლება ტელევიზიებში ე.წ. ნაციონალურ თუ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილში? უბრალოდ ღირსების საკითხია, რომ მედია ყოველთვის პრინციპულ პოზიციაზე დარჩეს და კრიტიკულად იყოს განწყობილი ნებისმიერი ხელისუფლებისადმი. აქვე, სამართლიანობა მოითხოვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოსწორდეს ის მარაზმატიკული დამოკიდებულება რეკლამების განთავსებასთან დაკავშირებით, როცა ხელისუფლებისადმი არასასურველ ტელევიზიებში ყველანაირად იზღუდებოდა რეკლამების განთავსება, ეს კი გამოწვეული იყო ბიზნესში არსებული არათავისუფალი გარემოს გამო. აგრეთვე მაინტერესებს: არჩევნების საბოლოო შედეგების დამტკიცების შემდეგ, პრაქტიკულად მთავრდება საარჩევნო პერიოდი და, გამომდენარე აქედან, რა კანონიერი საფუძველი ექნება, უკვე, სატელიტური ანტენების დაყადაღების პროცესის გაგრძელებას?

ასევე უპირველესი ზრუნვის საგანია, რაც შეიძლება მალე მოხდეს თავისუფალი მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება, ამას თუ დავუმატებთ თავისუფალ მედიას თავისი ჟურნალისტური გამოძიებებით, ყოველივე ეს ბევრი რამით უნდა დაეხმაროს უკვე ხელისუფლებას, სურს მას ეს თუ არა. კანონიერება, სამართალი და სამართლიანობა ხალხს სურს და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!

P.S. წინა პუბლიკაციაში, მე გავიმეორე ჩემი, თვეების წინ, დაფიქსირებული პოზიცია, რომ ”არჩევნებზე ადამიანმა შეიძლება გამოხატოს თავისი ნება, მაგრამ ამით ის ვერ მოიპოვებს თავისუფლებას, იგი არჩევანის გაკეთებამდე უნდა იყოს თავისუფალი!”. დღეს კი, ხალხის სახეებს რომ ვუყურებდი, მართლაც თვალნათლივ ვხედავდი თავისუფლების მოგიზგიზე ცეცხლს, მათ გულებში. დიახ, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ბევრად უფრო უკეთეს, ბევრად უფრო ღირსეულ მომავალს და ჩვენ ყველა ერთად დავადექით ამ გზას!

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

ამომრჩევლის პასუხისმგებლობა განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს


2012 წლის 1 ოქტომბერს, მართლაც რომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. ამ დღეს, საქართველოს თითოეული მოქალაქე, არა მარტო ნდობის მანდატს აძლევს კონკრეტულ პარტიებსა, თუ დეპუტატებს, არამედ ის, მიღებული გადაწყვეტილებისა და გაკეთებული არჩევანის შესაბამისად, ასევე იღებს თავის წილ პასუხისმგებლობას წარსულსა და მომავალზე. არჩევნების ერთი დღე, ნებისმიერი ქვეყნისათვის, შეიძლება, გახდეს ეპოქალური მნიშვნელობის, ერთმა დღემ, შესაძლოა, გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი, მისი მომავალი და ყველა ჩვენთაგანის ვალია გამოვიჩინოთ უდიდესი პასუხისმგებლობა, ეს ჩვენი ღირსების საკითხია.

ამ ბოლო ხანებში არაერთი პუბლიკაცია მივუძღვენი საპარლამენტო არჩევნებს, არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია ამომრჩეველთან მიმართებაში, რამეთუ მისი პასუხისმგებლობის გრძნობის ადეკვატურია ქვეყნის მომავალიც! დიახ, ამომრჩევლის ბრძნული გადაწყვეტილება განსაზღვრავს ქვეყნის ღირსეულ მომავალს!

ჩემი პოზიცია ფეისბუკის პირადი გვერდიდან:

დღეს, ჩვენს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ და ადამიანურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, თუ რა იქნება ხვალ!
დღეს, ჩვენი პოზიცია აღარაა მხოლოდ ერთი ადამიანის პოზიცია, მას, უკვე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ჩვენი მომავლისათვის!
დღეს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენთაგანმა, სწორად შეაფასოს მოვლენები და სწორი გზა აირჩიოს, რამეთუ ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ჩვენს ნაბიჯებზეა, უკვე, დამოკიდებული, თუ ვის დავინახავთ სარკეში ჩახედვისას!

ფრაგმენტი ჩემი საკონკურსო პუბლიკაციიდან, აშშ–ს საელჩოს მიერ, ბლოგერებისათვის გამოცხადებული კონკურსისათვის:

2012 წლის 1 ოქტომბერიც უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოსათვის, ჩემი სამშობლოს მომავალისათვის, უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ყოველი მოქალაქისათვის. უკვე 2 ოქტომბერს, ყველა ჩვენთაგანი ჩავიხედავთ ჩვენსავე გულებში და რას ვუპასუხებთ, პირველ რიგში, საკუთარ თავს, შეკითხვაზე: სად ვიყავით მაშინ, როცა საქართველოს ბედი წყდებოდა? რას ვუპასუხებთ ჩვენს ხვალინდელ დღეს, ჩვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვან  ისტორიას? შეგვეძლება ვუთხრათ საკუთარ თავს, რომ, არჩევნებზე მისვლით, ჩვენს თითოეულ საარჩევნო ხმას განსაკუთრებული ღირსება შევმატეთ? პასუხი კი, არჩევნების დღეს, ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში იქნება. ისე კი, ჩვენი ერთი ხმა, მხოლოდ, არითმეტიკული თვალსაზრისითაა ერთი, სინამდვილეში კი რამოდენიმე მილიონის ტოლფასია იგი, მით უფრო, გადამწყვეტ მომენტში!

და, კიდევ ერთხელ, მინდა გავიმეორო, ჩემს მიერ, თვეების წინ, დაფიქსირებული პოზიცია არჩევნებთან და ადამიანის თავისუფლებასთან დაკავშირებით:

არჩევნებზე ადამიანმა შეიძლება გამოხატოს თავისი ნება, მაგრამ ამით ის ვერ მოიპოვებს თავისუფლებას, იგი არჩევანის გაკეთებამდე უნდა იყოს თავისუფალი!

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

მედიის თავისუფლება და პასუხისმგებლობა


ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაფიქსირებულიპოზიციიდან*:

”ვინც სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს და პრობლემებს შეუქმნის მედიას, ის, ფაქტიურად, საზოგადოების თავისუფლებას ზღუდავს, ხოლო რას ნიშნავს ეს, ან რა შეიძლება, ყოველივე ამან, გამოიწვიოს XXI საუკუნეში, ძნელი მისახვედრი არაა, უკვე!

დიახ, მედია ნამდვილად უნდა იყოს თავისუფალი და, ეს, დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროს ღირსების საკითხია, თუმცაღა აქვე შემომაქვს წინადადება: საქართველოში დაარსდეს ”პროგრამა ”Время”-ს ორდენი” და იგი ყოველწლიურად, ყოველთვიურად, თუნდაც, ყოველდღიურად მიენიჭოს იმ ტელეკომპანიას თუ საინფორმაციო გამოშვებას, ვინც მას ”ღირსეულად” დაიმსახურებს.
ახლა ნუ მკითხავთ, ეგ პროგრამა ”Время” რაღააო, რადგანაც ამ უსაძაგლესი ტერორისტული საინფორმაციო საშუალების ამოშანთვა მინდა მეხსიერებიდან, თუმცაღა, ყოველივე ამის დავიწყება და, მით უფრო, იგნორირება იმ უსაშინლეს საბჭოურ ტოტალიტარულ წყობასთან, იმ დანაშაულებთან ერთად, რასაც სჩადიოდა ”ბოროტების იმპერია” ათწლეულების განმავლობაში, უბრალოდ, შეუძლებელია…”

*- ტექსტი გადმოტანილია მცირეოდენი შესწორებით.

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

ადამიანური ღირებულებები და ცივილიზებული სამყაროს პრიორიტეტები


მართლაც, ბევრი რამ საინტერესო მახსენდება, 3 წლის გასვლის შემდეგაც, როცა ვიმყოფებოდი მივლინებით ფინეთში. პირველი, რაც თვალშისაცემია, ეს უაღრესად კეთილგანყობილი ხალხი და მშვიდი გარემო, იქ საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს პრაქტიკულად ყველა, როგორც ადგილობრივები, ასევე ქვეყანაში დროებით ჩასულები. ერთი კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდი ჰელსინკსა და ფინეთის სხვა ადგილებში და, ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ დავინახე, იქ, პოლიციის მანქანა. არ ვამტკიცებ, რომ ფინეთში ყველაფერი იდეალურადაა და არ ხდება დანაშაულები, თუმცაღა ქვეყანაში საკმაოდ მაღალ დონეზეა დაყენებული დანაშაულის პრევენციის სისტემა და მაქსიმალურადაა შესწავლული კრიმინალური რისკის საკითხები. როგორც აგვიხსნეს სპეციალისტებმა, ერთ კონკრეტულ მაგალითზე, სამართალდამცავმა სამსახურებმა საკმაოდ კარგად იციან, რომ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, რადგანაც ფინელებს უყვართ ალკოჰოლიანი სასმელები და მოლხენა, რის შემდეგაც საკმაოდ მატულობს, მთვრალ მგდომარეობაში, დანაშაულის ჩადენის რისკი. აი ასეთ დღეებსა და სიტუაციებში განსაკუთრებით მატულობს სამართალდამცავების პრევენციული ღონისძიებებიც. ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა, ფინეთში, ოჯახში ძალადობისა და კონფლიქტების ფაქტებს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის პრევენციას. პირველადი პრობლემა, აქაც, ალკოჰოლის ზემოქმედების გამო გამოწვეული უკონტროლო მდგომარეობაა და იციან რა ყოველივე ეს, სამართალდამცავები სრულ მზადყოფნაში არიან, ხშირადაც პატრულირებენ ე.წ. რისკის ჯგუფის ოჯახების საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეული დროის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობა, მათ შორის ოჯახური, ერთ-ერთი უმთავრეს და უმტკივნეულეს პრობლემათაგანია არა მარტო ფინეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, ხშირია პრობლემისადმი მიძღვნილი კონფერენციებიც და 2007 წელს მეც ვიმყოფებოდი ერთ-ერთ კონფერენციაზე პორტუგალიაში, სადაც საკმაოდ მაღალ დონეზე იყო გაანალიზებული ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტები და ოჯახური ძალადობებები, განხილული იქნა, აღნიშნულ პრობლემასთან მიმართებაში, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიერ მომზადებული საინფორმაციო-ანალიტიკური თუ სტატისტიკური მასალები. ცალკე მინდა აღვნიშნო შემდეგი, რომ, საქართველოში, პირადად მე ვმუშაობდი აღნიშნულ საკითხებზე და, ასევე, ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით, ამ სფეროში, შექმნილი იქნა ეგრერიგად საჭირო და მნიშვნელოვანი საინფორმაციო-სტატისტიკური მიმართულება. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის აღნიშვნაც, რომ 2007-2011 წლებში საკმაოდ მაღალ სიმაღლეებზე იქნა აყვანილი საინფორმაციო-სააღრიცხვო და სტატისტიკური საქმიანობა საქართველოში, როგორც დაზარალებულ პირთა, ოჯახურ კონფლიქტებსა თუ ძალადობებთან დაკავშირებით, ასევე რიგ სხვა სფეროებში. მიხარია რომ, ამ შენებას მთელი ძალღონე მოვახმარე და პირადადაც ვკურირებდი სხვადასხვა მიმართულებას.  ისე კი, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში შექმნილი და განვითარებული ცალკეული სფერო და სააღრიცხვო საქმიანობა ერთი თავით მაღლა იდგა ბევრი სხვა ქვეყნის ანალოგიურ საქმიანობასთან.

საკმაოდ ბევრი სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულება მოვინახულეთ ფინეთში და, მთლიანობაში, როცა გვიწევდა კონკრეტული გადაწყვეტილებების შეფასება უფლებადამცველთა თუ სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებაში, პირადად მე მრჩებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში საკმაოდ ოპტიმალურად ხდებოდა ფინანსებისა და ადამიანური რესურსების გამოყენება სხვადასხვა საქმიანობასა თუ მიმართულებაში. როგორც უკვე აღვნიშნე ზემოთ, პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ფინეთში არ ელოდებიან, ერთგვარი მოლოდინითა და მოთმინებით, სანამ მოხდება დანაშაულებრივი ფაქტი, რომ შემდეგ იმუშაონ მის გახსნაზე და შედეგად დახარჯონ გადასახადების გადამხდელთა საკმაოდ დიდი თანხები, არამედ მთელი სისტემა გადართულია დანაშაულის პრევენციაზე და პრიორიტეტულადაა დასახული, ცალკეული დანაშაულებრივი ფაქტები აღკვეთილ იქნას საწყის ეტაპზევე, მის ჩადენამდე. სამშობლოში დაბრუნებისას ყველას ერთი აზრი გვქონდა, რომ ფინურ რეფორმებს ქართული ტემპერამენტი რომ დამატებოდა შედეგები უფრო მეტად იქნებოდა თვალშისაცემი, თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სკანდინავიური პრიორიტეტები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო, აგრეთვე, იმაზე, რომ ფინური მართლმსაჯულება გამოირჩევა მაღალი დონის ჰუმანიზმითა და ლიბერალობით, რაც მართლაც სამაგალითო უნდა იყოს ბევრი ქვეყნისათვის, მთელს მსოფლიოში. ძალზე შთამბეჭდავი შენობაა გამოყოფილი ჰელსინკის სასამართლო დაწესებულებისათვის, კომფორტული გარემო მთელ შენობაში, ავტომატიზებული სისტემებით მთლიანად უზრუნველყოფილი და სრულად იგრძნობოდა, იმ დროისათვის არსებული, მაღალი ტექნოლოგიების გავლენა. ძნელი იყო არ შეგვემჩნია, თუ რა განცდა დაეუფლებოდა შენობაში ყოფნისას ადამიანს, თუ როგორ იქნებოდა დარწმუნებული, რომ სამართალი აუცილებლად აღსრულდებოდა, იზეიმებდა სამართლიანობა. გუშინდელ პუბლიკაციაში მოგიყევით, თუ როგორი სიტუაციაა ფინეთის პენიტენციალურ სისტემაში, რასაც დავამატებ შემდეგს: ქვეყნის სასჯელ-აღსრულების სისტემაში ისეთი ჰუმანური გარემო და დამოკიდებულებაა, ისეთი მაღალი დონის ადამიანური ღირებულებებია აღებული საფუძვლად, რომ აღნიშნული დაწესებულებიდან გამოსულ სასჯელმოხდილი პირებს, პრაქტიკულად, არა აქვთ სულიერი ჭრილობები, რომ არაფერი ვთქვათ ფიზიკურზე და გათავისუფლებულ პირებს აღარ უჭირთ უმოკლეს ვადებში მოახდინონ სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში. საინტერესოა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, როგორი სიტუაციაა სხვა ქვეყნებში, მით უფრო პოსტსაბჭოურ სივრცეში?  ისე კი, სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქვეყანა იმ დონეზეა ცივილიზებული, რა დონეზეც იცავს იგი განურჩევლად ყველა ადამიანის უფლებებს!

აი ასე გამოიყურება მართლმსაჯულების (სასამართლოს) შენობა ჰელსინკში.

12062009085 (700x525, 317Kb)

გამჭვირვალე შენობა, გამჭვირვალე მართლმსაჯულება…

ყველაფერი ადამიანის უფლებების დასაცავად!

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

ფინეთის პენიტენციალური სისტემა: ბევრისთვის დაუჯერებელი რეალობა


ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი სასჯელ-აღსრულებითი სისტემა მიიღო, მემკვიდრეობით, ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებმა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით ისიც, თუ როგორი განუკითხაობა იყო საბჭოთა ციხეებში, თუნდაც მხედველობაში არ მივიღოთ, საბჭოური საკონცენტრაციო ბანაკები, გულაგები. თუმცაღა, დამეთანხმებით ალბათ, რომ, არანაკლებ საგანგაშო ფაქტებზე, არაერთხელ ყოფილა საუბარი ცივილიზებული ქვეყნების ციხეებთან მიმართებაშიც, მაგრამ, აქ, არის ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი – არცერთი ცივილიზებული ქვეყანა არ ტოვებს მყისიერი რეაგირების გარეში ფაქტებს, რომლებიც პირდაპირ ეხება ადამიანის უფლებებს.

2009 წელს, ევროკომისიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც შედიოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები, ვიმყოფებოდით ფინეთში, სადაც, რიგი სახელმწიფო დაწესებულებების გარდა, მოვინახულეთ, აგრეთვე, პენიტენციალური სისტემა და, დღეს, მინდა გამოვაქვეყნო, 3 წლის წინ, ქ. ჰამეენლინას გამოსასწორებელ დაწესებულებაში გადაღებული ფოტოები.

მე არასოდეს ვყოფილვარ საქართველოს საპატიმრო ადგილებში და არ შემიძლია კონკრეტულად შევადარო სიტუაცია ქვეყნებს შორის, თუმცაღა ყოველივეს, რასაც ნახავთ ქვემოთ გამოქვეყნებულ ფოტოებზე, მით უფრო, დაწესებულებაში არსებული ასეთი სისუფთავის, კომფორტული გარემოსა და სხვა კომპონენტების გათვალისწინებით, ალბათ, თავისუფლად შეადარებდით სიტუაციას პოლიკლინიკაში, საბავშვო ბაღებში, სასწავლო ცენტრებში, სამუშაო თუ დასასვენებელ ადგილებში…

აქვე ყურადღება მინდა გავამახვილი იმაზე, რომ აღნიშნული დაწესებულება ფინეთში ითვლება ძველ, ჯერ კიდევ მოუწესრიგებელ, საპატიმრო ადგილად და დაგეგმილია მისი მოდერნიზება. ახლა კი ვნახოთ როგორი სიტუაცია იყო იქ წლების წინ:
1. ასე გამოიყურება ფოტოზე (იგი დაწესებულებაში კედელზე ეკიდა) საპატიმრო ადგილის მთლიანი კომპლექსი. წინასწარ რომ არ იყოს ცნობილი, თუ რა ადგილია ეს, ბევრს, ალბათ, სანატორიუმი ეგონებოდა…
DSC05717 (700x525, 246Kb)

2. ერთ-ერთი კორპუსის ხედი
DSC05713 (700x525, 261Kb)

3-4. ეს შენობის დერეფნებია და ბევრისათვის დაუჯერებელი იქნება, ალბათ, რომ ფოტო გადაღებულია თავისუფლების აღკვეთის ადგილას
DSC05712 (700x525, 197Kb)

DSC05716 (700x525, 232Kb)
გაგრძელება: ნახეთ, კიდევ უფრო დაუჯერებელი სიტუაციები ფოტოებზე

არა ძალადობას, არა წამებას, არა სისასტიკეს!


გუშინ, დაპირებისამებრ, მინდოდა არჩევნებთან დაკავშირებული ახალი პუბლიკაციის გამოქვეყნება, თუმცაღა, იმ შემზარავი კადრების ნახვის შემდეგ, რაც გადაიცა სხვადასხვა ტელეარხით, თემის გამოქვეყნება კი არა მეტყველების უნარი დავკარგე…

ყველასთვის ცნობილია, რომ, გასული თვის ბოლოს, ნორვეგიაში, დამთავრდა ანდრეს ბრეივიკის სასამართლო პროცესი. იმავე პერიოდში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პირობებში იცხოვრებდა, ციხეში, ეს ნორვეგიელი ტერორისტი, ეს პირსისხლიანინ ჯალათი და ჩემი მხრიდანაც ერთგვარი გულისტკივილი გამოვხატე იმის გამო, რომ მსგავსი პირობები, შესაძლოა, ბევრს არ ჰქონოდა, მსოფლიოში, საპატიმრო ადგილებს გარეთ. ასევე გავრცელდა ფოტოები იმ საკნისა, რომლის მსგავსშიც იცხოვრებდა ბრეივიკი. აღინიშნა ისიც, თუ რაოდენ იქნებოდა დაცული მისი უფლებები და რა სახის პრივილეგიებიც ექნებოდა, მას, ციხის პირობებში.

ეს ნორვეგიაში, საქართველოში კი…

საქართველში კი, სასჯელ-აღსრულებით სისტემაში, საპატიმრო ადგილებში, გადაღებული შემზარავი კადრები ვიხილეთ, გუშინ და დღეს, ტელეეკრანიდან თუ სოციალურ ქსელებში, შემზარავი კადრები არაადამიანური მოპყრობის, ძალადობისა და წამების… ადამიანთა მიმართ ასეთი საშინელება, ასეთი ცინიკური დამოკიდებულება, მართლაც რომ, ერის სირცხვილია და ნამდვილად არა აქვს მნიშვნელობა, უმწეო ადამიანთა მიმართ მსგავსი სისასტიკე, თავისუფლებაში მყოფი ადამიანის მიმართ ხდება თუ პატიმრის. მართლაც და, რა ცივილიზებულად ჟღერს ”თავისუფლებაში მყოფი ადამიანი” და განა საკმარისია მხოლოდ ჟღერადობა სიტყვებისა? დიახ, მართლაც, შემზარავი კადრები იყო გადაღებული  პატიმრების მიმართ ძალადობისა, რომლებიც, თუმცაღა, პატიმრები არიან, მაგრამ მათთვის სახელმწიფოს, ნამდვილად, არ ჩამოურთმევია ღირსება და შინაგანი თავისუფლება, მას ციხეშიც უნდა იცავდეს საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო ნორმები!

ალბათ, კიდევ არაერთი ფარული ჩანაწერი გავრცელდება, კიდევ არაერთი განცხადება გაკეთდება, პროტესტის ტალღაც აგორდება და ხალხიც ადეკვატურად შეაფასებს ყოველივე მომხდარს, თუმცაღა მთავარი შეკითხვა, მაინც პასუხგაუცემელი რჩება, ჯერჯერობით: რატომ მომრავლდა ასეთი სისასტიკე ადამიანებში, რატომ ხდება დამცირების, ძალადობისა და წამების ასეთი შემზარავი ფაქტები, რატომ ხდება ყოველივე ეს? განა ესაა ჩვენი ღირსება? განა, სხვადასხვა სუფრაზე, სადღესასწაულო შეხვედრებზე თუ უბრალო, ჩვეულებრივ, საუბრებში, ჩვენ არ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, კულტურით, ტრადიციებით, ადამიანის სიყვარულითა და პატივისცემით, განა ჩვენ არ ვამაყობთ, რომ ერთმანეთის გატანა შეგვიძლია და მხარში ამოდგომაო?!

კიდევ ბევრი ითქმება მომხდარის თაობაზე და უნდა ითქვას კიდეც, კიდევ მრავალი შეფასება მოყვება ყოველივე მომხდარს და, მთავარია, მაქსიმალურად ზუსტი და ადეკვატური პოზიცია დაფიქსირდეს ყველას მხრიდან. ახლა კი ყველას ერთი პოზიცია უნდა გვაერთიანებდეს:

არა ძალადობას!

არა წამებას!

არა სისასტიკეს!

ჩადენილ დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს ყველამ!

დაცული იყოს ადამიანის უფლებები!

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

გიორგი სანაია – თავისუფალი ჟურნალისტიკისა და სიტყვის თავისუფლების სიმბოლო


გავიდა 11 წელი მას შემდეგ, რაც ქართულ ჟურნალისტიკას, თავისუფალ სიტყვას მიადგა კიდევ ერთი ღრმა ჭრილობა, 11 წლის წინ მოკლული იქნა შესანიშნავი ჟურნალისტი – გიორგი სანაია. დიახ, 11 წლის წინ, კიდევ ერთხელ, დაუნდობლად, ესროლეს ტყვია სიტყვის თავისუფლებას!

დღეს, საქართველო, მთელი გულით იხსენებს მოკლულ ჟურნალისტს, თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ მანამდეც არაერთხელ ყოფილა სიტყვის თავისუფლებისა თუ ჟურნალისტების სიცოცხლის ხელყოფა, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ასევე, მით უფრო, ბოროტების იმპერიაში – საბჭოთა კავშირში.

პირადად მე, დემოკრატიული თანამეგობრობის, ცივილიზებული სამყაროს, ერთერთ უმთავრეს ღირებულებად მიმაჩნია სიტყვისა და პრესის თავისუფლება, განსაკუთრებით კი – პიროვნების თავისუფლება!

მჯერა რომ, ნებისმიერი თავისუფალი ადამიანი, ნებისმიერ ქვეყანაში, ზუსტად ასევე  სცემს პატივს ზემოაღნიშნულ ღირებულებებს და ნებისმიერ ქვეყანაში ისევე აპროტესტებენ უსამართლობასა და უკანონობას, როგორც ეს მოხდა საქართველოში გიორგი სანაიას მკვლელობის შემთხვევაში, როცა ხელი იქნა აღმართული სიტყვის თავისუფლებაზე…

… და უბრალოდ, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, თუ როგორი შესაძლოა იყოს სამყარო ჟურნალისტიკისა და ჟურნალისტების გარეშე.

P.S. და გადავწყვიტე, ჩემს ბლოგში, ცალკეული ჩემი პუბლიკაციები გამეერთიანებინა კონკრეტულ რუბრიკებში “ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა” და “ჟურნალისტური ფოტო-ვიდეო რეპორტაჟები“. შესაძლოა ეს ხმამაღალი განაცხადია დღეს, მაგრამ მომავალში ყველანაირად გავამართლებ და გავამყარებ, როგორც რუბრიკების დასახელებებს, ასევე ჩემი პუბლიკაციების მკითხველების ნდობასა და იმედებს.

edi (163x156, 30Kb)

ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

2012 წლის 26 ივლისი

© წყარო: ჩემი ბლოგი

%d bloggers like this: