Blog Archives

დისკუსიებში ერის სახე ჩანს…


ისევ და ისევ ვუბრუნდები ჩემთვის (და ვფიქრობ ბევრი სხვა საღადმოაზროვნე ადამიანისთვის) განსაკუთრებით მტკივნეულ თემას – სიძულვილის ენას დისკუსიებში. ისეთი ზიზღი და გაუტანლობა, უხამსობა და ბილწსიტყვაობა, ისეთი მტრობა რასაც მე დისკუსიებში (თუ ვითომ დისკუსიებში) ვხედავ, სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას, ასეთი აგრესია ძალიან დააზარალებს ერს და ნურავინ იფიქრებს, რომ ეს მძაფრი ნეგატივი სოციალურ ქსელსა თუ რომელიმე ინკოგნიტო თანამოასუბრეში ჩაიკარგება. და თუ არგუმენტების ნაცვლად პიროვნულ შეურაცხყოფაზე იქნება გადასვლა, მაშინ ნურავის ექნება იმის იმედი, რომ შედეგად მოაზროვნე საზოგადოებას მიიღებს. ნურც ესა თუ ის დამკვეთი თუ წამქეზებელი გაიხარებს იმით, რომ მისმა მეხოტბემ ლანძღვა-გინებით ვიღაც “მიაჩმორა”, რამეთუ ასეთი უღირსის გვერდში დაყენება თვითონ მასაც უღირსს ხდის და ადრე თუ გვიან ამ უღირსების რომელიმე საკითხში შეუთანხმებლობის გამო უკვე მათ შორის ამოხეთქავს ყველა ზემოხსენებული ნეგატივი…
ღირსეულ ქვეყანას კი მხოლოდ ღირსეული საზოგადოება ააშენებს!
იდეალური არავინაა, მაგრამ გულბოროტი უღირსების აშენებული სახელმწიფო რომ ღირსეული იქნება, ამის არ მჯერა…
4 სექტემბერი 2016 წ.

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

კორცხელის ტესტი


როცა საქმე დაპირისპირებასა და ძალადობამდე მიდის (თუნდაც გამიზნულ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი), ასეთ დროს არაფრის მომცემია თვალის დახუჭვა პრობლემაზე, რამეთუ მსგავი ქმედება ხეირის მომტანი არ ყოფილა არცერთი ხელისუფლებისთვის. და, აქვე, მინდა გავიმეორო ჩემი მოსაზრება, რომელიც სამეგრელოში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ დისკუსიაში დავაფიქსირე:
“პირადად მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ანალოგიურ პროცესებში და, საერთოდაც, ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება უფრო მეტი პასუხისმგებლობა და სამართალდამცავი სამსახურების მეშვეობით უნდა გამოავლინოს დამნაშავე თუ პროვოკატორი, რამეთუ ვინმეს თუ ინტერესი აქვს “შეამოწმოს” სამართალდამცავების პროფესიონალიზმი და ამისათვის გამომწვევადაც მოიქცეს, ვიღაცამ, თავისი დაუფიქრებლობით, შეიძლება, დათვურ სამსახური გაუწიოს ხელისუფლებას, ზოგმაც – ბრიყვული…”. ასევე ყურადსაღებია ის გარემოებაც, რაც არაერთ დისკუსიასაში ცალკეული მოსაზრებებისა თუ პოზიციის დაფიქსირებისას გამოჩნდა, როცა მოქმედი ხელისუფლების მომხრეები აცხადებდნენ, “ყველამ იცის – ნაციონალებისგან მოსალოდნელია პროვოკაციული ქმედებებიო”, ჰოდა თუ ხელისუფლებაც ასე ფიქრობს, მაშინ უფრო მეტად არ უნდა იყოს მობილიზებული?! დროულად არ უნდა გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა არ დაუშვას მსგავსი ექსცესები?! ხელისუფლების მომხრეებიც არ უნდა იყვნენ ამით დაინტერესებულები?! განა ძნელი იმის დაჯერება, რომ ძალადობამ აზვირთება იცის, შემდეგ კი განუკითხავად ანგრევს ყველაფერს და პირველ რიგში მოქმედი ხელისუფლების იმიჯს? ისტორიამ ხომ არაერთხელ დაამტკიცა ეს! ასევე, ახლო წარსულიდან ნურც იმას დავივიწყებთ, რომ საკუთარი მომხრისა თუ თანამოაზრის უპასუხისმგებლო ქმედება ბევრად უფრო მეტი ზიანის მომტანია ხელისუფლებისთვის, ვიდრე ოპონენტის მკაცრი და, თუნდაც, შეურიგებელი პოზიცია…
23 მაისი, 2016 წ.

 

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები: პოლიტიკური ფონი


საპარლამენტო არჩევნების თარიღი უკვე გამოცხადდა და 8 ოქტომბერს საქართველო თავის არჩევანს გააკეთებს, მთავარია ეს არჩევანი ნამდვილად ღირსეული იყოს. რამდენიმე თვის წინ, ფეისბუკის გვერდზე დავაფიქსირე, ბევრად უფრო ადრე კი, პირად მიმოწერაში, მაღალი თანამდებობის პირებსაც გავაცანი ჩემი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ, ბევრი რამის გათვალისწინებით, სავარაუდო იყო საკმაოდ მწვავე დაპირისპირებები და ერთ დროს ჩამოყალიბებულ, თითქოსდა მტკიცე ერთობაში მოსალოდნელი იყო სერიოზული რღვევა, ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ თანაგუნდელები და დაიწყებოდა დიდი ბრძოლა საპარლამენტო ადგილების მოპოვებისათვის პოზიციების გასაძლიერებლად თუ პოლიტიკურ რუკაზე ადგილის დასამკვიდრებლად. აქვე, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პარლამენტში მოხვედრის სურვილი საკმაოდ ბევრ პარტიასა თუ პოლიტიკოსს, ქვეყნის ბედზე გულშემატკივარსა თუ პირად კეთილდღეობაზე მზრუნველს ექნება, წინასაარჩევნო დაპირისპირება ძალზე მძაფრი იქნება და დღევანდელი გადასახედიდან, მწარე გამოცდილებისა თუ მზარდი ურთიერთდაპირისპირებების გათვალისწინებით, იგი ზნეობის ფარგლებსაც გასცდება, სავარაუდოდ, ტალახსაც დაუნდობლად ესვრიან ერთმანეთს ოპონენტები, არც ჭორისა და ე.წ. კომპრომატების “იარაღზე” იტყვიან უარს, არც ზიზღისა თუ სიძულვილის ენაზე და “დაუკრეფავში” გადასვლასაც მისაღებს გახდიან… შემდეგ კი, ასეთი დაპირისპირების საკმაოდ დიდი ნაწილი პარლამენტის სკამებს შეავსებს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებზე პრაქტიკულად გამორიცხულია ცალკე აღებული რომელიმე პარტიის გამარჯვება (მთავრობისა და საპარლამენტო ხელისუფლების ფორმირების თვალსაზრისით. პუბლიკაციის ავტორის შენიშვნა), თანაც სავსებით სავარაუდოა 5-7 პოლიტიკური პარტიის (პოლიტიკური გაერთიანების) მიერ ბარიერის გადალახვა, საჭირო იქნება საერთო ენის გამონახვა მთავრობისა თუ ხელისუფლების ფორმირებისათვის, ჰოდა თუ ქვეყნის სასიკეთოდ გვინდა ეს არჩევნები, იმ სიბრძნეს ნუ დავივიწყებთ თავშეკავებულობას, რომ გვასწავლის “ენით დაკოდილს, ცულით დაკოდილი სჯობსო”, თორემ მერე ძნელი იქნება ვაიპოლიტიკოსებმა საზოგადოებას აუხსნან თავიანთი “პრაგმატული” გადაწყვეტილება – “ნაძირალაა, მაგრამ მასთან უნდა ვიმეგობროო”…
მართალია, ხალხი ხშირად ბევრ რამეს ითმენს, მაგრამ როცა მოთმინებას დააკარგვინებენ, მერე, არც თუ იშვიათად, თავის დროზე, საკადრისად და მეტადაც კი აზღვევინა იმდროინდელ “ძლიერთა ამა ქვეყნისათა”…

5 აპრილი, 2016 წ.

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

არჩევნები საზოგადოების პასუხისმგებლობის გრძნობის საზომია…


წინასაარჩევნო ციებცხელების ბოლო კვირა დაიწყო საქართველოში, კულმინაციას აღწევს პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი საარჩევნო შტაბების აქტივობა, ბევრი რამის სიღრმისეულად გაანალიზება, ბევრ რამეზე საფუძვლიანად დაფიქრება მოუწევთ ამომრჩევლებაც და, ამ დროს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, რამეთუ, საერთო ჯამში, ზუსტადაც რომ, ამომრჩევლის პასუხისმგებლობა განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს და ქვეყანაც მისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმკის შედეგებს. მეც, ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვიღებ სამშობლოს წინაშე და საარჩევნო კაბინაში შესვლისას, სხვებთან ერთად, მეც მომიწევს ყოველივეს საფუძვლიანი გაანალიზება, რომ მომავალში არ შემრცხვეს მიღებული გადაწყვეტილების, თუნდაც ცალკეულ პოლიტიკოსებს სირცხვილზე უფრო მეტად საკუთარი ამბიციები აღელვებდეთ…
ასეთი პოზიციით მივდიოდი არჩევნებზე წლების განმავლობაში, ასე იყო გასულ წელსაც და, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოლოდინი ყოველთვის უფრო მაღალი იყო, ვიდრე რეალური შედეგი, მაინც ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება მომავალშიც ასევე შინაგანი რწმენით უნდა მივიღო, რადგანაც ჩემი ერთი ხმა ჩემივე ღირსების საზომია და არა რომელიმე პოლიტიკოსის ამბიციის…

© ფეისბუკის ჩემი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

%d bloggers like this: