Blog Archives

ჟურნალისტიკის ჰარაკირი


ძალიან კარგად მახსოვს და სხვებსაც ემახსოვრებათ, ალბათ, თუ როგორი მედია-გარემო იყო ქვეყანაში 2012 წლის არჩევნებამდე, როცა, ხელისუფლებასთან შეხმატკბილებულად, სამი ნაციონალური არხი სამოთხეში ცხოვრებას აჯერებდა (ცდილობდა, ყოველ შემთხვევაში) მოსახლეობას, თითქოს ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყო სამართლიანობა, ყველგან უმაღლეს დონეზე იყო დაცული ადამიანის უფლებები, ბიზნესი კი – ხელშეუხებელი, ხოლო ხელისუფლების უკლებლივ ყველა ოპონენტს სრული თავისუფლება ჰქონდა საკუთარი აზრის თუ პოლიტიკური პოზიციის გამოხატვისას…
ბევრი რამე შეიცვალა 4 წლის წინ, საზოგადოებამ დაიწყო თავისუფალ მედიაზე მიჩვევა, სიმართლის გაჟღერებაც თამამად და შეუზღუდავად ხდებოდა, თუმცაღა, რატომღაც მეჩვენება, რომ, პოლიტიკური პროცესებისა და ვიღაც-ვიღაცეების გემოვნების გათვალისწინების გამო, დღეს ქართული ჟურნალისტიკა თვითონ იკეთებს უკვე ჰარაკირს და შესაძლოა ამაში, “უანგაროდ”ეხმარებიან კიდეც, ჰარაკირი რომ უფრო სრულყოფილი გამოვიდეს…
როგორც 4, 7, 9, 15, 25 წლის წინ თუ უფრო და უფრო ადრეც, ბევრი რამ არ მომწონდა, არც ვაიჟურნალისტებს ვუჯერებდი, არც ვაიპოლიტიკოსებს, არც ხელისუფლების ზღაპრებს ვიჯერებდი და ასევე არ ვიბრმავებ თვალს არც ახლა, ასე იქნება ყოველთვის, რაც არ მომწონს, ნუ გაირჯებით, რომ მომაწონოთ! ხოლო შეცდომების გამეორებას რაც მოყვება, კარგად უნდა იცოდეს ყველამ!
4 სექტემბერი 2016 წ.

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

 

Advertisements

საქართველოს დამოუკიდებლობა: საამაყო წარსულიდან ღირსეულ მომავლამდე


მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ერი რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავს, ეს სიამაყესთან ერთად, ბევრ სხვა ტკივილსაც გვახსენებს, რამეთუ საუკუნეების განმავლობაში, ბედის უკუღმართობის გამო, ჩვენს სამშობლოს არაერთხელ დაუკარგავს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, შემდეგ კი ბევრი სისხლიც დაღვრილა ქვეყნის ღირსება რომ აღდგენილიყო. დღეს, კიდევ ერთხელ გვეძლევა შანსი გავიხსენოთ და შევაფასოთ ჩვენი წარსული – ტკივილსა და ტრაგედიებთან ერთად წარმატებებითა და სიხარულით აღსავსეც, როცა მარცხს ბევრად უფრო მეტი გამარჯვება მოჰყოლია, როცა დაქუცმაცებული საქართველო მძლავრ სახელმწიფოდ გაერთიანებულა, როცა ერს ურიცხვი დამპყრობლისთვის უჩვენებია თავისი თავგანწირვა, შემდეგ კი უფრო და უფრო დავაფასოთ თაობების შეუპოვარი ბრძოლით ჩამოყალიბებული, დაბრუნებული თუ შენარჩუნებული სახელმწიფოებრიობა. თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმთან ერთად ღირსეული და წარმატებული სახელმწიფოს აშენებაზე ფიქრით უნდა იყოს ერი გაერთიანებული, რომ ქვეყანა ნამდვილად იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი…
ამასწინათ აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ: “ნამდვილ დამოუკიდებლობას ერთიანი ერი და საღად მოაზროვნე საზოგადოება მოიპოვებს მხოლოდ, ჩვენ კი ბედად გვერგო აურაცხელი ცხოვრებისეული გაკვეთილის მიღება.
ღირსეულ დამოუკიდებლობას ვუსურვებ/ვულოცავ სრულიად საქართველოს!”
დიახ, საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობა გადის ხიდზე – საამაყო წარსულიდან ღირსეულ მომავლამდე!
დიდება საქართველოს!!!
P.S. ისე, ცალკე მინდა გავამახვილო ყურადღება შემდეგ ფაქტზე, რომ 26 მაისი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა (1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული აქტის საფუძველზე) და ზუსტად ეს აღინიშნება დღეს!
%d bloggers like this: