Blog Archives

საზოგადოების მოთხოვნა: “წინაზე უკეთესობა კი არაა მთავარი, შენს დაპირებებს უნდა აჯობო”


სიმართლე გითხრათ უკვე ძალიან გამაღიზიანებელია თითის გაშვერის პოლიტიკა, მით უმეტეს ხელისუფლება როცა აკეთებს ამას. ძალიან კარგად მესმის, რომ ოპონეტს უნდა დაუპირისპირდე პოლიტიკურ ბრძოლაში, მაგრამ ისეთი არგუმენტებით უნდა მოხდეს ეს, რომ მსგავსი ფაქტი არ უნდა იყოს შენთანაც. ყველას აქვს დაშვებული შეცდომები და უამრავია ასეთები “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხოლო ვინმე თუ ამას დაივიწყებს, ღირსიც ყოფილა იმ უმსგავსობების, რომელიც პირადად მას თუ არ შეეხო, მის რომელიმე ნაცნობ-ახლობელს ხომ აუცილებლად შეეხებოდა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენს ერს და ქვეყანას შეეხო! მაგრამ ხელისუფლებაში მყოფი ძალა სხვისი ქილიქით, სულ წარსულის მძიმე ფაქტების გახსენებით და ოპოზიციის ლანძღვა-გინებით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ თავისი საქმიანობით ისე კარგად უნდა ააწყოს ქვეყანაში ცხოვრება, ისეთი მაღალი დონის პროფესიონალი და პასუხისმგებლობით აღსავსე ხელმძღვანელი პირები უნდა ჰყავდეს, თავის წინასაარჩევნო დაპირებებს ისეთი შემართებით უნდა ასრულებდეს, რომ მოსახლეობის გულწრფელი(!) პატივისცემისა და ნდობის ღირსი იყოს. ძალიან კარგად მახსოვს ე.წ. მხედრიონის ეპოქა და სრული განუკითხაობა საქართველოში, პურის რიგებიც მახსოვს და ცარიელი მაღაზიებიც, ზვიადის განდევნას რომ მოჰყვა საქართველოში. ეს ქაოსი ცოტათი მაინც მოაწესრიგა “საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა” და ხალხს იმედის ნაპერწკალიც გაუჩნდა, თუმცა გავიდა წლები და ქვეყანა ერთი უბედურებიდან მეორეში გადავიდა – კორუფციის არნახული მასშტაბები, უშუქობა, უკანონობა, გატაცებები, დაკვეთილი მკვლელობები და კიდევ ბევრი უბედურება, რისი შეცვლაც მოინდომა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და მართლაც, პირველ წლებში შუქიც გაჩნდა ჩვენს ფანჯრებში, გზებიც მოწესრიგდა, “ქუჩის ყაჩაღი” – ავტოინსპექტორებიც წარსულს ჩააბარა, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი ამოქმედდა, ხალხს ისევ გაუჩნდა იმედის ნაპერწკალი, თუმცა თანდათან აღმოაჩინა, რომ ციხეებში სასტიკად აწამებდნენ პატიმრებს, ასევე მთელი სისასტიკით უსწორდებოდნენ ოპონენტებს, უტიფრად უსმენდნენ და უღირსად იღებდნენ ფარულ ჩანაწერებს – გასართობად, კონკრეტული მიზნებისთვის თუ მემკვიდრეობით გადასაცემად… ამ და კიდევ სხვა სიბინძურეების გამო ნაციონალების ხელისუფლებაც გადაირჩია ხალხმა. ახლა კი ახალი ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა, თუ შესანიშნავად არაა, წინაზე უკეთესი ხომააო. ჰოდა, ამას ვამბობდი – წინაზე უკეთესობა კი არაა მთავარი, შენს დაპირებებს უნდა აჯობო, ესაა მთავარი! თანაც რაღაცას კარგს რომ გააკეთებ, წინასთან შედარებით, ეს კი არ უნდა იტრაბახო და სხვა ლანძღო, უბრალოდ უნდა გაიაზრო, რომ ხელისუფალი ხარ და გევალება თანამემამულეებისთვის ზრუნვა! ყოველივე ამასთან ისიც საწყენია, რომ ისტორია დღესაც მეორდება და დღევანდელი ხელისუფლებაც ისევ ნაცნობი მეთოდებით უპირისპირდება თავის ოპონენტებს, ათას ბრალდებასაც უყენებს, თავისი ცუდის დანახვა კი არ სურს, უკეთეს შემთხვევაში, ზოგადი ფრაზებით, გაურკვეველი აღიარებით შემოიფარგლება. ზუსტად ასეთი პოზიცია ამარცხებს ყველა ხელისუფლებას!
როცა ვინმეს ბრალად სდებ, რომ ნაციონალებთანაა შეკრულიო, შენ არცერთი (ვიმეორენ – არც-ერ-თი!!!) ფაქტი არ უნდა გქონდეს ნაციონალებთან თუ ყოფილ ნაციონალებთან რაიმენაირი ურთიერთობის თუ კავშირის!
როცა შენსგან წასულ თანამდებობის პირს დასცინი და აქილიკებ, ვინც დაიტოვე ისინი იდეალურები თუ არა ხალხის სალანძღავი მაინც არ უნდა იყვნენ! როცა ვიღაც შენთან ერთადაა, მისი რაღაც არ მოგწონს თუ თვალს ხუჭავს, მერე იმის ღირსება უნდა გქონდეს, რომ თუკი შენთან აღარ იქნება, მაშინ არ გაიხსენო ნეგატივი!
როცა წლების განმავლობაში ხან რას დაიქადნებ წინა ხელისუფლების დროინდელ დამნაშავეებთან მიმართებაში და ხან რას, თანაც მუქარებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ამძაფრებ, ეს არაა სწორი და საზოგადოება ამას სათანადო შეფასებას აძლევს! 4 წელი იყავით ხელისუფლებაში და ამ დროის განმავლობაში დასასჯელიც უნდა დაგესაჯა, საქმეც განსაკუთრებული წარმატებით უნდა გეკეთებინათ და რაიმე არასწორის თუ შეცდომის გამო თავის მართლებაც არაფერზე უნდა გჭირდებოდეთ! გაითავისეთ, რომ ხელისუფლებაში ხართ და უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრიათ ქვეყნისა და ერის წინაშე, ინტერესები და უფლებებიც მაქსიმალურად უნდა დაიცვათ ყველასი, თქვენი ოპონენტებისაც!
P.S. არცერთი ხელისუფლების დროს არ ვყოფილვარ რომელიმე მთავრობის მეხოტბე ან რატომ უნდა ვყოფილიყავი?! ესა თუ ის პოლიტიკური ორგანიზაცია, სანამ ხელისუფლებაში მოვა, ხალხს იმას არ პირდებოდა, რომ ყველაფერს კარგს გავაკეთებო?! ჰოდა, რისი კეთების მანდატიც მისცა ხალხმა და გააკეთა, ეს რატომ უნდა იყოს აღფრთოვანებული ყიჟინის ღირსი? ხოლო, ხალხს რაც არ სურდა და იმის ნიშნებს დაინახავს ხელისუფლების ქმედებაში, ხელისუფალმა უნდა გაიგოს და მიიღოს ხალხის უკმაყოფილება!
23 აგვისტო 2016 წ.

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

ჟურნალისტიკის ჰარაკირი


ძალიან კარგად მახსოვს და სხვებსაც ემახსოვრებათ, ალბათ, თუ როგორი მედია-გარემო იყო ქვეყანაში 2012 წლის არჩევნებამდე, როცა, ხელისუფლებასთან შეხმატკბილებულად, სამი ნაციონალური არხი სამოთხეში ცხოვრებას აჯერებდა (ცდილობდა, ყოველ შემთხვევაში) მოსახლეობას, თითქოს ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყო სამართლიანობა, ყველგან უმაღლეს დონეზე იყო დაცული ადამიანის უფლებები, ბიზნესი კი – ხელშეუხებელი, ხოლო ხელისუფლების უკლებლივ ყველა ოპონენტს სრული თავისუფლება ჰქონდა საკუთარი აზრის თუ პოლიტიკური პოზიციის გამოხატვისას…
ბევრი რამე შეიცვალა 4 წლის წინ, საზოგადოებამ დაიწყო თავისუფალ მედიაზე მიჩვევა, სიმართლის გაჟღერებაც თამამად და შეუზღუდავად ხდებოდა, თუმცაღა, რატომღაც მეჩვენება, რომ, პოლიტიკური პროცესებისა და ვიღაც-ვიღაცეების გემოვნების გათვალისწინების გამო, დღეს ქართული ჟურნალისტიკა თვითონ იკეთებს უკვე ჰარაკირს და შესაძლოა ამაში, “უანგაროდ”ეხმარებიან კიდეც, ჰარაკირი რომ უფრო სრულყოფილი გამოვიდეს…
როგორც 4, 7, 9, 15, 25 წლის წინ თუ უფრო და უფრო ადრეც, ბევრი რამ არ მომწონდა, არც ვაიჟურნალისტებს ვუჯერებდი, არც ვაიპოლიტიკოსებს, არც ხელისუფლების ზღაპრებს ვიჯერებდი და ასევე არ ვიბრმავებ თვალს არც ახლა, ასე იქნება ყოველთვის, რაც არ მომწონს, ნუ გაირჯებით, რომ მომაწონოთ! ხოლო შეცდომების გამეორებას რაც მოყვება, კარგად უნდა იცოდეს ყველამ!
4 სექტემბერი 2016 წ.

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

 

საზოგადოების პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დასაცავად


მოსმენები, დასმენები, “ჩაშვებები”, უღირსი ხერხებით ადამიანის გამოჭერა, დაშინება და დაშანტაჟება, ე.წ. კომპრომატებით “გაძლიერებულნი” გონიერებას დაუფიქრებლად რომ მოისვრიან სანაგვეზე, აი ასეთი ქვეყანა ააშენა ერმა დამოუკიდებლობის პერიოდში, “ბოროტების იმპერიის” დროინდელს რომ არ ჩამოუვარდება და უფრო მეტიც, ტექნოლოგიური მიღწევების “ოსტატურად” გამოყენებით, ლამის, ყველამ შეითავსა კგბშნიკური მეთოდები და ტალახის სროლაშიც საოცრად დახელოვნდა… ახლა კი, გულზე მჯიღის ცემით, გინდა ევროპული ოჯახისკენ წავიღოთ ეს სიბინძურე, გინდა ე.წ. ევრაზიულ კავშირში იტრაბახოს, ზოგიერთმა, ასეთი “სიმდიდრით”… ამდენი ორპირი, გულბოროტი თუ უგულო, ამდენი ცინიკოსი და სულმდაბალი ადამიანი როცაა ქვეყანაში, უკვე რაღა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ხელისუფლებაში? თუმცა, ზუსტადაც ამიტომ გვინდა ძლიერი, სამართლიანი და მაღალი პასუხისმგებლობის დონის მქონე ხელისუფლება, რომელიც ჭეშმარიტად ხალხისუფლება იქნება და ჩვენც თავს მაქსიმალურად დაცულად ვიგრძნობთ… ეჰ, განა სულ ამ სურვილით და მოლოდინით არ ვართ, წლების განმავლობაში? თანაც, ნებისმიერ ადამიანს, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ იყოს, რომ ჰკითხო, თუ როგორ ქვეყანად სურს იხილოს საქართველო, უახლოეს მომავალში, პრაქტიკულად ყველას ღირსეულ, ადამიანის უფლებების სრულიად დაცულ ქვეყანაში უნდა ცხოვრება, ასეთ საქართველოს ნატრულობს ყველა. ჰოდა, ძალიან მაინტერესებს ახლა – ვინ უნდა ააშენოს ასეთი ქვეყანა, ვის იმედად და ვისი დახმარებით?
პირადად მე ერთი რამ სრულად მაქვს გათავისებული, რომ საკუთარ უფლებებთან ერთად ვალდებულებებიც გამაჩნია ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე და მართალია არ ვარ უცოდველი და ცხოვრებაში შეცდომებიც დამიშვია, ხოლმე, სხვისი გაჭირვება არასოდეს გამხარებია, არც ტალახი მისვრია ვინმესთვის და ბევრის მსგავსად, მეც, გულით მდომებია გასაჭირში მყოფთათვის მხარში ამოდგომა… ჰოდა, მიუხედავად ყოველივე ზემოხსენებული გულსატკენი ფაქტებისა, მაინც, რატომღაც მჯერა, რომ საქართველოში მრავლადაა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანები, ჩემზე უფრო მეტადაც კი, ამას ნამდვილად იმსახურებს ჩვენი მრავალტანჯული ერი, ჩვენი სამშობლო, უკეთეს მომავალსაც ვიმსახურებთ ჩვენ და ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ეს!!!

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

 

P.S. ადამიანის უფლებების დაცვასთან თუ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით ბევრჯერ თქმულა და სხვადასხვა ხელისუფლებების პირობებში ბევრჯერ დადებულა პირობა, რომ ქვეყანაში დაცული იქნებოდა ცივილიზებული სამყაროს ეს ფუნდამენტური ღირებულებები, თუმცაღა ისევ და ისევ, დრო და დრო, თავს შეგვახსენებს, ხოლმე, უღირსობის მავნე სენი, როცა ვიღაც ნაძირალები ფეხქვეშაც კი თელავენ საკუთარ ადამიანობას, რომ როგორმე სხვას ავნონ…

გუშინ ტალახი ესროლეს არა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ სრულიად საქართველოს. დიახ, გუშინ კიდევ ერთხელ შეაფურთხეს ადამიანურობას და ერს ისევ მოუწია სარკეში ჩახედვა, საკუთარი სირცხვილი რომ დაენახა…

დღეს კი ყოველივე ამაზე პასუხი უნდა აგოს უკვე საზოგადოებამ, ხელისუფლებასთან ერთად, დღევანდელ და წინა ხელისუფლებებთან ერთად, რამეთუ, თითქოსდა, ერთი ადამიანისადმი ნასროლი ტალახი სრულიად საქართველოს მოხვდა!

და აქვე, ძალზედ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება:

“ორი თვის წინ პირობა მივეცი ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩემი ყველა ნაბიჯი, ყველა განცხადება, ყველა საქმე მოემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში, ადამიანს. თითოეული ადამიანის დაცვა სახელმწიფოს ღირსების საქმეა! ის, რაც დღეს მოხდა, არის არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების დაშანტაჟებისა და დათრგუნვის მცდელობა. ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, და ჩვენი პასუხი ამ დარტყმაზე იქნება უმკაცრესი! ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მსგავსი დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ აღარასოდეს მოხდეს!

ვისი გადაღებული და გავრცელებულიც არ უნდა იყოს ეს ჩანაწერი, გეუბნებით, პირობას გაძლევთ, უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ეს იქნება სამაგალითო პასუხი, რომ მსგავსი სიბინძურე თავში აღარავის მოუვიდეს. სამაგალითოდ დაისჯება ყველა, ვინც საკუთარი ამაზრზენი მოქმედებებით საზოგადოების განვითარებას აფერხებს…

მე დავალება მივეცი შესაბამის უწყებებს – პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსწრაფესად გამოიძიონ ეს საქმე. ეს არის საგამოძიებო უწყებების გამოცდა, რომელიც მათ უნდა ჩააბარონ. ჩვენ მზად ვართ, გამოძიების პროცესში ჩავრთოთ ნებისმიერი ორგანიზაცია, ჯგუფი, ვისაც ამ საქმეში დახმარების გაწევა შეუძლია. სიტყვას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ცხოვრებიდან ეს საშინელი ჩანაწერები ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს.”
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი
11.03.2016 წ.

 

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

ადამიანური ურთიერთობები გასაჭირში შეიცნობა


ახლახან რობერტ სტურუას მოსაზრებები წავიკითხე, სხვადასხვა თემასთან მიმართებაში და მართალია, რიგ საკითხებში (წლების განმავლობაში), მის პოზიცია-მოსაზრებებთან მიმართებაში კრიტიკული დამოკიდებულება მქონდა, მაინც მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეულ საკითხებში მასაც (როგორც ჩემს არაერთ ოპონენტს) აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი, ანგარიშგასაწევი და მისაღები მოსაზრება. მაგრამ, ამჯერად, ყურადღება მინდა გავამახვილო მის ერთ გულისტკივილიან ნათქვამზე – “გასაჭირში მყოფს, არც ერთმა კოლეგამ არ დამირეკა”-ო. მართლაც და რას დაამსგავსებს, ხოლმე, ხალხს “სეთურ-ხელისუფლებები”, რომელთაც თანამოძმის, ახლობლის ან, თუნდაც, მხოლოდ უბრალო ნაცნობის გასაჭირი ყოფნა “ღობის ჩხირის” ასოციაციას აღუძრავს?! თუმცა, საკითხავია, რამდენად სწორადაა შერჩეული, მსგავს შემთხვევებში, “განტევების ვაცი”? დათა თუთაშხიაც კი მიმართავს ხალხს “რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა”-ო, მაგრამ ადამიანური ღირსება თვით ამ ადამიანის კუთვნილება არაა? ის ან გააჩნია ან არა… მას, განა, რომელიმე ხელისუფალი (ხელმძღვანელი, მმართველი თუ ბატონი) იძლევა ან ართმევს?! სამწუხაროდ, ბევრის მსგავსად, მეც მახსენდება მავანთა გულბოროტობა, ორპირობა თუ უმადურობა, ზოგის ნასროლი ტალახი, ზოგისაც – “ამაყი” მდუმარება, მახსენდება ისიც, ვითომ ჩემი მეგობარი, ვითომ ახლობელი თუ “მადლიერი” ადამიანები როგორ დაუფიქრებლად გადაეშვნენ თვითგადარჩენის “ინსტიქტ-მორევსა” თუ პატრონთა მაამებლობის ჭაობში, სადაც დღემდე “ნებივრობს” ზოგი…
ეჰ, რას ვიზამთ, ესაა ჩვენი სინამდვილე – ადამიანურობისთვის ღმერთმა, ადამის მოდგმას, სახე უბოძა, მან კი ნიღაბი გამოიძერწა…
ცხოვრება კი გრძელდება – ცუდს კარგიც მოჰყვება, აუცილებლად. მე მადლიერი ვარ ცხოვრებისეული გამოცდილების, თუნდაც მწარე იყოს იგი, სხვა დაფიქრდეს, მაინც, რაღაც-რაღაცეებზე…

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

ხალხის უფლება


… ისევ გამახსენდა ბევრჯერ ნაფიქრი, რაც ადრეც არაერთხელ მითქვამს, კიდეც და დღესაც მინდა გავიმეორო, რომ რატომღაც მეუხამუშება სიტყვა “ხელისუფლება” და მის ნაცვლად ვფიქრობ ტერმინი “ხალხისუფლება” უნდა იქნას გამოყენებული, რამეთუ მმართველი ძალის კონკრეტული ქმედებები და გადაწყვეტილებები, ზუსტადაც რომ, ხალხის ინტერესების შესაბამისი უნდა იყოს და ცვლილებები, რეფორმები, პროგრესული გადაწყვეტილებები თუ ბევრი სხვა რამ, მოსახლეობას, ხალხის ინტერესებს უნდა ეთანადებოდეს. დიახ, ხალხის უფლებაა სურდეს და მოითხოვოს უკეთესი მომავალი, ჩვენ ყველამ კი თავი არ უნდა დავზოგოთ ამისთვის!
მე ყოველთვის მაღალი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო როცა ეს მოვალეობები ხალხთან არის დაკავშირებული და თანაც, ვარ იმ გუნდთან ერთად, ვისაც მოსახლეობის გაჭირვება გულთან ახლოს მიაქვს, შრომობს უდიდესი პასუხისმგებლობით, თავდაუზოგავად, პასუხისმგებლობა მეც მრავალჯერად მიძლიერდება!
და, ამ დროს, იმაზე ვფიქრობ და გულით მსურს, რომ ბევრი, ძალიან ბევრი იყოს ჩვენს ქვეყანაში ჩემზე მეტად პასუხისმგებლობით აღსავსე, რამეთუ ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მომცემს, უფრო მეტად გამაძლიერებს, ჩემთან ერთად გააძლიერებს ჩემს თანამემამულეებსაც და ჩვენს მრავალტანჯულ სამშობლოსაც!!!

2015 წლის 22 მარტი

 

საკმაოდ ხშირად გვაქვს შეხვედრები რეგიონის მცხოვრებლებთან და იცით რას მივაქციე ყურადღება? ხალხი დანატრებულია თბილ მოპყრობას და უკვირთ, ხოლმე, როცა ღიმილით და პატივისცემით ვეგებებით, როცა გულთან ახლოს მიგვაქვს მათი პრობლემები და მართალია ხანდახან ვერ ხერხდება პრობლემების უცებ გადაწყვეტა, მაგრამ როცა დამშვიდობებისას მათ იმედით აღსავსე სახეებს ვუყურებთ, როცა აშკარად ჩანს, რომ ჩვენი იმედი აქვს და გულდამშვიდებული ბრუნდებიან სახლში, პასუხისმგებლობა გვიასკეცდება, შემდეგ კი მთელი შემართებით ვცდილობთ პრობლემების მოწესრიგებას. ღამეებიც ხშირად გვითენებია და ძილიც არ გვეკარება, როცა ვხედავთ, თუ რამდენს სჭირდება ჩვენი დახმარება და მხარში ამოდგომა.
მსიამოვნებს ასეთი მაღალი პასუხისმგებლობით აღსავსე გუნდთან ერთად შრომა და თავს არ დავზოგავთ სხვების დასახმარებლად, იმიტომ, რომ ჩვენ ხალხისუფლება ვართ!
2015 წლის 5 მაისი

 

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსები

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

არჩევნები საზოგადოების პასუხისმგებლობის გრძნობის საზომია…


წინასაარჩევნო ციებცხელების ბოლო კვირა დაიწყო საქართველოში, კულმინაციას აღწევს პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი საარჩევნო შტაბების აქტივობა, ბევრი რამის სიღრმისეულად გაანალიზება, ბევრ რამეზე საფუძვლიანად დაფიქრება მოუწევთ ამომრჩევლებაც და, ამ დროს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, რამეთუ, საერთო ჯამში, ზუსტადაც რომ, ამომრჩევლის პასუხისმგებლობა განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს და ქვეყანაც მისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმკის შედეგებს. მეც, ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვიღებ სამშობლოს წინაშე და საარჩევნო კაბინაში შესვლისას, სხვებთან ერთად, მეც მომიწევს ყოველივეს საფუძვლიანი გაანალიზება, რომ მომავალში არ შემრცხვეს მიღებული გადაწყვეტილების, თუნდაც ცალკეულ პოლიტიკოსებს სირცხვილზე უფრო მეტად საკუთარი ამბიციები აღელვებდეთ…
ასეთი პოზიციით მივდიოდი არჩევნებზე წლების განმავლობაში, ასე იყო გასულ წელსაც და, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოლოდინი ყოველთვის უფრო მაღალი იყო, ვიდრე რეალური შედეგი, მაინც ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება მომავალშიც ასევე შინაგანი რწმენით უნდა მივიღო, რადგანაც ჩემი ერთი ხმა ჩემივე ღირსების საზომია და არა რომელიმე პოლიტიკოსის ამბიციის…

© ფეისბუკის ჩემი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

%d bloggers like this: