Blog Archives

მოსაზრებები ცვლილებებთან დაკავშირებით


ამ ქვეყნად ყველაფერი დროებითია, განსხვავება მხოლოდ დროის ხანგრძლივობაშია: დროებითია ნებისმიერი სახის ურთიეთობა, შესაძლო ხშირად ცვალებადი “პოლარობით”, დროებითია პოლიტიკური პროცესები, რამეთუ არაერთი აღზევებული იმპერია გამქრალა ისტორიის რუკიდან, ზოგიერთი დამარცხებული ქვეყანა კი, მომდევნო წლებში, გლობალური პოლიტიკის წარმართველადაც მოგვევლინა, აღარაფერს ვამბობ პოლიტიკური პარტია-მოძრაობების აღზევებასა თუ დაცემაზე და მით უფრო დროებითია ნებისმიერი კარიერული წარმატება, რის მაგალითად ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულის გამოცდილებაც გვეყოფა.
დიახ, ყველაფერი დროებითია, ამიტომ ადამიანი მიმდინარე პროცესებზე “მორგებაზე” უფრო მეტად უნდა ფიქრობდეს თავის როლსა და ადგილზე, ცვლილებების შემდეგ. აქვე ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ ორპირობა, მედროვეობა, ინტრიგნობა, მლიქვნელობა, უმადურობა და სხვა მსგავსი უღირსობები ცალსახად შეიძლება ჩაითვალოს მიმდინარე პროცესებზე ერთგვარ “პრაგმატულ მორგებად”, რის შედეგადაც ერთნი მოკლევადიან თვითგადარჩენის ინსტიქტს მოერგებიან, მეორენი – რაღაც გრძელვადიანს, რასაც
არ დავაკონკრეტებ, კორექტულობიდან გამომდინარე… მიხვედრა კი ბევრს არ უნდა გაუჭირდეს და თუნდაც კონკრეტულ ადრესატამდე ვერ მიაღწიოს ჩემმა ამ მოსაზრებამ, დრო მაინც თავის ადგილას მიიტანს მისატანს…
ეჰ, სულ “დეჟა ვიუ” შეგრძნება რატომ მაქვს წლების განმავლობაში?!

24 დეკემბერი, 2015 წ.
© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

 

საახალწლო-სადღესასწაულო სიტუაციამ უკვე დატოვა თავისი პიკი და ცხოვრება თანდათან უბრუნდება ბუნებრივ, ყოველდღიური რუტინით გაჯერებულ მდგომარეობას. ყველას თავისი საზრუნავი აქვს, უზრუნველი ცხოვრების ილუზიაში მყოფთაც კი… ყველას თავის სათქმელი დაუგროვდა, ზოგი იტყვის მას, ზოგიც გულში ჩაიკლავს, ერთნი მომავალზე იფიქრებენ, მეორენი წარსულზე ჩაფიქრდებიან, როგორც იტყვიან – ასეც იქნება და ისეცო… მეც ბევრი სათქმელი დამიგროვდა და ასე, თანდათან, შემოგაპარებთ ფეისბუკის გვერდებსა თუ Edi Line Blog-ში.
ისე კი, იმდენად დინამიურად იცვლება სიტუაცია (ცვლილებების ტემპი უფრო და უფრო მოიმატებს) საზოგადოებრივ ცხოვრებასა თუ პოლიტიკურ პროცესებში, რომ პროგნოზების გაკეთება საკმაოდ უმადური საქმე ხდება, თუმცა როცა გადავათვალიერე თვეების წინანდელი ჩემი ცალკეული მიმოწერები თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირებული მოსაზრებები, დავრწმუნდი რომ ბევრი რამის გამოცნობა არც თუ ისე ძნელია…
ჰოდა, როგორც აღვნიშნე, ბევრი რამ მაქვს სათქმელი, ბევრი რამ გასახსენებელი და გასაანალიზებელიც, მით უფრო, რომ სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი ქვეყანაში, შესაბამისად, როგორც ამასწინათ აღვნიშნე, “ყველაფერი დროებითია, ამიტომ ადამიანი მიმდინარე პროცესებზე “მორგებაზე” უფრო მეტად უნდა ფიქრობდეს თავის როლსა და ადგილზე, ცვლილებების შემდეგ”. ასე რომ, პირადად მე, დროდადრო, ღიად დავაფიქსირებ საკუთარ მოსაზრებებს პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაშიც და ნამდვილად არ ვაპირებ შეცდომა-პრობლემებზე თვალების დახუჭვითა თუ პირში წყლის ჩაგუბებით დათვური სამსახური გავუწიო ხელისუფლებას, არც ოპოზიციის შეცდომებზე წავუყრუებ და შიგა და შიგ “გულზე მჯიღის ცემით” მიღებულ სიამაყესაც გადავასხამ წყალს მწარე სიმართლის დარი ფაქტების თქვენთვის გაზიარებით…
დღეს კი ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა (საკმაო პერიოდის განმავლობაში ცალკეულ პროცესებზე დაკვირვებისა თუ ანალიზიდან გამომდინარე), რომ უახლოეს მომავალში დაიწყება დაუნდობელი ბრძოლა პოლიტიკურ ორბიტაზე გავლენის სფეროების მოსაპოვებლად, რა დროსაც პრაქტიკულად გარდაუვალია ის, რომ ერთმანეთს სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების დღევანდელი თანამოაზრე-თანაგუნდელებიც კი დაუპირისპირდნენ.
მჯერა, ბევრი თანამოაზრე მყავს იმ საკითხში, რომ გვინდა ერთიან, თავისუფალ, ძლიერ, გაბრწყინებულ საქართველოში ვიცხოვროთ, ამიტომ საზოგადოების თითოეული წევრის ვალია უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით გაიაზროს ის, რომ ჩვენი მომავალი ჩვენსავე ხელთაა!
8 იანვარი 2016 წ.
© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

 

როგორც ადრე აღვნიშნავდი, ბევრი რამ შეიცვლება საქართველოში, უახლოეს მომავალში, არადა, კონკრეტულ მიზეზთა გამო, ცვლილებები აქამდეც უნდა მომხდარიყო რიგ მიმართულებებსა თუ საკადრო სფეროში, თუმცა სჯობს გვიან, ოღონდ, სანამ ურემი გადატრიალ-გადმოტრიალებულა…
აქვე მინდა გულისტკივილით გავიხსენო და გაკვირვება გამოვხატო იმის გამო, რომ ამა თუ იმ უწყებისთვის ჩემი მხრიდან შეთავაზებული მხარდაჭერა, წინადადებები თუ კონკრეტული მოსაზრებები როგორ იყო ხან იგნორირებული, ხან ცინიკური პასუხით თავიდან მოცილებული, ხან კიდევ დილეტანტურად რეალიზებული. თუმცა, სადაც სრულფასოვნად იქნა გამოყენებული ჩემი ცოდნა-გამოცდილება, იქ შესაბამის წარმატებებზეც დეტალურადაა შესაძლებელი საუბარი.
ჰოდა, ამით იმის თქმა მინდა, რომ, წლების განმავლობაში, გაუგებარ მიზეზთა გამო, რიგი წინდაუხედავი თუ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების შედეგად, არაერთი პროფესიონალისა თუ გამოცდილი კადრის შესაძლებლობა არ იქნა სათანადოდ გამოყენებული, შესაბამისად დღის სინათლე ვერ იხილა ბევრმა ისეთმა მოსალოდნელმა წარმატებამ, რომელთაც უდაოდ პოზიტიური როლი შეეძლო შეესრულებინა ამა თუ იმ უწყებისა თუ, მთლიანად, ხელისუფლების ავტორიტეტის ამაღლებაში…
დიახ, ქვეყანაში ცვლილებების დროა…
12 იანვარი 2016 წ.
© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

 

რიგ უწყებებში, ქართულ პოლიტიკასა თუ, მთლიანად, საზოგადოებაში წლების განმავლებაში განხორციელებულმა არაერთმა გაუაზრებელმა ქმედებამ, ინტრიგებზე, ჭორებსა თუ პროვოკაციებზე დაფუძნებულმა ცალკეულმა “ბრძნულმა” გადაწყვეტილებებმა სერიოზული დაღი დაასვა როგორც პასუხისმგებლობის გრძნობას, ასევე ღირებულ ადამიანურ ურთიერთობებსაც, რაც უკვე უზარმაზარ ტვირთად აწევს ერისა და ქვეყნის ღირსებას…
ამასწინათ, ჩემი მოსაზრებები გამოვთქვი ჩვენს რეალობაში არსებულ მზარდ თუ მოსალოდნელ მძაფრ დაპირისპირებებთან დაკავშირებით და ასევე აღვნიშნე, რომ ქვეყანაში საჭირო ცვლილებების დროა, რასაც საგრძნობლად უნდა შეესუსტებინა დაძაბულობისა თუ დაპირისპირების მუხტი, თუმცა სასურველი ცვლილებები, მხოლოდ, რაღაცნაირი, “კოჭლი კუს” ეფექტით თუ ხდება, რაც მომავალში, ცაიტნოტურ სიტუაციაში ყოფნისას, ნამდვილად გამოიწვევს არასასურველი შეცდომების დაშვებას ზედა თუ ქვედა ეშელონებში, შემდეგ კი გვიანი იქნება თითზე კბენანი თუ გადაბრუნებული ურმის იქით ჰორიზონტის ცქერა…
ისე, შესაძლოა, ამჟამადაც ზედმეტად მაშფოთებს ბევრი რამ, თუმცა ვინც (განსაკუთრებით, წინა ხელისუფლებები) სათანადოდ და დროულად ვერ შეაფასა ესა თუ ის რისკები, შემდეგ რაც მოხდა, უკვე ნათლად დაანახა, რომ თვითდამშვიდების პოზის გამო მიღებულ შედეგს სირაქლემის პოზით ვეღარ უშველიდა…
ჰოდა, ბევრ რამეს გულწრფელად განვიცდი ახლა, ბევრი რამ მაწუხებს, თუმცა ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მჯერა უკეთესი მომავლის, იმედი მაქვს და მჯერა მრავალსაუკუნოვანი მდიდარი გამოცდილების მქონე ერის სიბრძნის!
22 თებერვალი, 2016 წ.
© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

 

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

Advertisements

“შავი სიების” ტყვეობაში


https://ediline.files.wordpress.com/2014/12/blacklist.jpg?w=604თვეების წინ, საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მთელი ძალისხმევა მქონდა მიმართული ერთი საიტის (რომლის ადმინისტრატორიც გახლავართ) ანტივირუსული სისტემა “AVAST!”-ის “შავი სიების” “კლანჭებიდან” გამოხსნაზე, რომელშიც სრულიად უსაფუძვლოდ იყო იგი ჩასმული. როცა დავიწყე სიტუაციის გარკვევა, აღმოჩნდა რომ, თურმე, რომელიღაც მეასეხარისხოვან და არაავტორიტეტულ ინტერნეტ-რესურს, ერთგვარი ეჭვი გაჩენოდა ამ საიტის მიმართ და ჩათვალა, რომ იგი შეიცავდა ზიანისმატარებელ პროგრამულ უზრუნველყოფას. ყოველივე ამაში უცნაური ისაა, რომ საიტი საკმაოდ მაღალ დონეზე იყო დაცული, თანაც, არ შეიცავდა არანაირი საეჭვო ფაილს, რაც დადგინდა საკმაოდ ავტორიტეტული რესურსების მეშვეობით შემოწმებისას, ხოლო გასაოცარი და აღმაშფოთებელიც კი იყო ის, რომ ზეაღნიშნული ანტივირუსული სისტემის ადმინისტრაციამ (თუ კონკრეტულმა სამსახურმა) საიტი “შავ სიაში” შეიყვანა არა საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებით ჩატარებული შემოწმების შემდეგ მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, არამედ, ასე ვთქვათ, საიდანღაც წამოსული ჭორ-ეჭვის დონის ინფორმაციის საფუძველზე, რითაც ძალაუნებურად დააკნინა საკუთარი ავტორიტეტულობაც.
დიახ, მსგავსი სიტუაციების შემთხვევაში, ერთნი თუ უსამართლოდ ზარალდებიან, მეორენი – ავტორიტეტის დაცემის რისკის ქვეშ დგებიან და ადრე თუ გვიან ნდობას დაკარგავენ, თუნდაც კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში…
რას მოვაყოლე ამხელა წინასიტყვაობა? იმას, რომ მსგავსი რამ ხდება, ხოლმე, ჩვენს ყოველდღიურობაში და საქართველოშიც, წლების განმავლობაში, როცა მცდარი და მე ვიტყოდი, საკმაოდ წინდაუხედავი გადაწყვეტილებები, არც თუ იშვიათ შემთხვევაში, ზუსტადაც რომ, არაზუსტი ინფორმირებულობის, ვიღაცის მიერ გაკეთებული სუბიექტური დასკვნების, ინფორმაციის არასწორი, არასრული და ტენდენციური გაანალიზებისა თუ ცალმხრივი შეფასების საფუძველზე მიიღებოდა. შესაბამისად, გონებაში იქნება ეს, ქაღალდზე თუ კომპიუტერულ ტექნიკაში, იქმნება, ხოლმე, ე.წ. “შავი სიები” (ან კიდევ ერთგვარი “თეთრი სიები”), რომლებიც შემდგომში გამოიყენება, ცალკეული პოზიციების დაფიქსირებისას, ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისთვის თუ საკუთარი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად… არადა, რამდენჯერ მომხდარა, როცა შევმცდარვართ, როცა მცდარი აღმოჩენილა ვინმეს თუ რამის შეფასება, ხოლო მოსმენების, დასმენების თუ “ჩაშვებების” შემდეგ, ლამის, გასული საუკუნის 30-იანი წლების უსასტიკესი რეპრესიების სულისკვეთებით მიღებულ გადაწყვეტილებებს რა აუნაზრაურებელი ზარალიც მოუტანია, არაერთხელ გამხდარა საზოგადოება ამის მოწმე… ასეთმა მწარე გაკვეთილებმა კი მავანნი, მართლაც, უნდა დააფიქროს იმაზე, რომ ესა თუ ის “სიები” არც ბრმად უნდა შედგეს, თუ კი მისი შედგენის საჭიროება მაინც დგება და დროდადრო, აუცილებლად უნდა გადაიხედოს, ხოლმე, ალტერნატიულ მოსაზრებებზე თუ არა, თუნდაც ცალკეული პროცესების კომპლექსურ ანალიზზე დაყრდნობით და შემდეგ, იქნებ, იმათი კონტურები და ზრახვებიც გამოიკვეთოს, ვის გამოც, შესაძლოა, შეცდომაშიც ყოფილიყვნენ შეყვანილნი…
ისე კი ე.წ. “სიები” (“შავი” იქნება თუ “თეთრი”), ამ პუბლიკაციაში, პირობითაა ნახსენები, რამეთუ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ მე, კონკრეტულ შეფასებასა თუ ჩამოყალიბებულ პოზიციაზე, რომელიც ვიღაცის მოსაზრების, “დღევანდელი კვერცხის” ეფექტის შესაბამისი ინტერესისა თუ მხოლოდ საკუთარი “პრაგმატული” გემოვნების მიხედვითაა განსაზღვრული. დროსა და სივრცეში კი, ყველაფერი ფარდობითია, უფრო მეტიც, ცვალებადია და არა მხოლოდ გემოვნების შესაბამისად, უფრო რეალური არსისა და შინაგანი მნიშვნელობის აღმოჩენის გამო… მერე კი ზოგი შეცდომებს ითვლის, ზოგიც ზარალს.
საერთოდ, ასეთი სიების ეფექტი ყოველთვის მოკლევადიანია და ხშირად საკმაოდ წამგებიანიც კი, მათი “მფლებელებისთვის”, რამეთუ, საერთო ანგარიშში, ზუსტადაც რომ ისინი აღმოჩნდებიან, ხოლმე, ამ სიების ტყვეობაში, მათთვისვე ნეგატიური შედეგით. არაერთხელ დაამტკიცა ეს ცხოვრებამ, ჩვენმა ყოველდღიურობამ…

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი
19 დეკემბერი, 2014 წ.

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

საკადრო დეფიციტი: პროფესიონალთა ნაკლებობა თუ შეუმჩნევლობა?


არ ვიცი სხვებს რა პოზიცია და მოსაზრებები აქვთ, მე კი აბსოლიტურად უნდა დავეთანხმო ბიძინა ივანიშვილს იმაში, რომ საქართველოში საკმაოდ საგრძნობი დეფიციტია მაღალკვალიფიციური, წლების განმავლობაში მიღებული სათანადო ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ანალიტიკოსების, ასევე მრჩევლების, ინფორმაციების დამმუშავებლებისა თუ პროგნოზისტებისა (ალბათ, კიდევ არაერთი სხვა სფეროს სპეციალისტების)… გარდა ამისა, ბევრ რამეზე დაკვირვებით, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არც განსაკუთრებით თავდადებული შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობა შეიმჩნევა ზოგიერთ უწყებაში და თუ შესაბამისი მოსაზრება-დასკვნები მაღალ ეშელონებამდე არ აღწევს ან შელამაზებულად და დამახინჯებულადაც კი მიდის, ეს კიდევ სხვა სახის მძიმე პრობლემაა, რაც წინა ხელისუფლებას (და ადრინდელებსაც) საკმაოდ ძვირად დაუჯდა და არც ამ ხელისუფლებას დაინდობს. შედეგად, ვიღაც ინანებს, ზოგიც ალბათ გაიხარებს, ხალხი და ქვეყანა კი ნამდვილად დაზარალდება… არ ვიცი, შეიძლება აქაც შემომედავოს ვინმე, მაგრამ ნამდვილად საფრთხილოდ მიმაჩნია რაიმეს გაიდეალურება, მით უმეტეს რომელიმე ხელისუფლებისა თუ კონკრეტული სამსახურების საქმიანობის შეუცდომლობაში და, მით უფრო, სრულყოფილებაში აბსოლიტურად დარწმუნებულობა, რამეთუ არაერთხელ გავმხდარვართ ერთგვარი “მოულოდნელობის” მოწმე და ზოგიერთი სიბრძნეც გვახსენდება, ამ დროს, თუ როგორ შეუძლია “ერთ წვეთ კუპრს მთელი კასრის წახდენა” და, ასევე ისიც, რომ “ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანდა”, შემდეგ კი – იმაზეც ღირს დაფიქრება, რომ “სიფრთხილეს თავი არ სტკივა”.
ამ ბოლო ხანებში საკმაოდ აქტიური მსჯელობის საგანი გახდა უკრაინაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს წინა ხელისუფლებაში ნამუშევარი კადრების დანიშვნის საკითხი. მე არ მსურს, ახლა, კონკრეტული პიროვნებების პროფესიონალიზმზე საუბარი და არც მათ შეფასებას ვაპირებ, თუმცაღა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ წინა ხელისუფლებამ იმდენი შეცდომა დაუშვა, იმდენი დაუფიქრებელი, წინდაუხედავი, არაგონივრული და ბრიყვული გადაწყვეტილებაც კი მიიღო, თავის დროზე, მათ შორის, საკადრო სფეროში (რასაც არც თვითონ უარყოფენ, ოღონდ, მას მერე, როცა “ურემი უკვე გადაუბრუნდათ”), რომ ნამდვილად დაიმსახურა ქვეყნის მმართველობიდან ჩამოშორება, რაც ჭკუისსასწავლებელი უნდა იყოს მათთვისაც და მით უფრო მათი შემცვლელებისთვის. დრო გვაჩვენებს, თუ ვინ რა ისწავლა…
აქვე, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ წლის განმავლობაში, ხელისუფლებებისა და მათი ოპონენტების ქმედებებსა თუ ცალკეულ პროცესებზე დაკვირვებამ, ერთი რამ ცხადად დამანახა (რასაც ბევრი სხვაც შეამჩნევდა, სავარაუდოდ), რომ სანამ ზოგზოგებს თავისი სიძლიერე ჭორების “დამუშავებაში”, სხვათა პირადი ცხოვრებისა თუ პოლიტიკური გემოვნების ქექვაში წარმოუდგენია და ამაზე აწყობენ თავიანთ ე.წ. საკადრო სტრატეგიას თუ სამოქმედო გეგმას, ამასობაში გონიერები და წინდახედულები თავის ირგვლივ ახდენენ საჭირო და ღირებული კადრების მობილიზებას, რათა ოპონენტებზე წინ და მაღლა აღმოჩნდნენ…
ასე რომ, საბოლოო ანგარიშში, სიძლიერე გამართლებით კი არა, გააზრებით მოიპოვება!
ჰოდა, ნამდვილად ღირს იმაზე დაფიქრებაც, რომ რაიმეს დეფიციტი, მხოლოდ, მის ნაკლებობას არ ნიშნავს, დეფიციტი საჭიროს თუ სასურველის შეუმჩნევლობამაც შეიძლება გამოიწვიოს…

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

%d bloggers like this: