Blog Archives

8 ოქტომბრის არჩევნების ფაქტობრივი შედეგი


8 ოქტომბრის დაძაბულობით, იმედებით და მოლოდინებით აღსავსე დღემაც ჩაიარა, ჩატარდა არჩევნები, შედეგებიც პრინციპში ცნობილია, მაგრამ სანამ არჩევნების შედეგებზე ვიტყოდი რამეს, მანამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ქართული მედიისა თუ ინტერნეტ სივრცის ობიექტურობის უპირობო მარცხი, 1-1,5 პროცენტიანი ცდომილებით მოტრაბახე ეგზითპოლების სამარცხვინო მარცხი, ქართული კაცთმოყვარეობის, ადამიანური ღირსებისა თუ სამართლიანობის გულსატკენი მარცხი… კიდევ არაერთი დიდი თუ პატარა მარცხის მომსწრენი გავხდით, ოღონდ მათი გახსენებით კიდევ უფრო არ დავამძიმებ ჩვენს გულებს…
ქაოტურად თუ მოწესრიგებულად გადანაწილდა პროცენტები, გამოიკვეთნენ ლიდერებიც და აუტსაიდერებიც, ზოგი წუხს, ზოგიც ხარობს… ნათქვამია გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, არადა, მე საქართველოს გამარჯვება მინდოდა, რეალურად კი მხოლოდ ერთი პარტიის მეორეზე გამარჯვება მივიღეთ.
აი ასეთი მოსაზრებები მაქვს მე და თუ ვინმეს ჩემსგან განსხვავებული მოსაზრებები გაქვთ, კიდევ ერთხელ გაიხსენეთ წინასაარჩევნო პერიოდი, რამდენიმე კვირაში კი პარლამენტის სხდომაზე მყოფი დეპუტატებიც კარგად შეათვალიერეთ…
P.S. და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, მჯერა, რომ ივერია გაბრწყინდება! როდის მოხდება ეს? მაშინ, როცა ჩემი თანამემამულეების გამოკვეთილი უმრავლესობა უშუალოდ თვითონ შეიტანს საკუთარ წვლილს ქვეყნის წინსვლასა და გაძლიერებაში, უპირველესად კი ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბებაში!
9 ოქტომბერი 2016 წ.

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

 

 

Advertisements

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები: პოლიტიკური ფონი


საპარლამენტო არჩევნების თარიღი უკვე გამოცხადდა და 8 ოქტომბერს საქართველო თავის არჩევანს გააკეთებს, მთავარია ეს არჩევანი ნამდვილად ღირსეული იყოს. რამდენიმე თვის წინ, ფეისბუკის გვერდზე დავაფიქსირე, ბევრად უფრო ადრე კი, პირად მიმოწერაში, მაღალი თანამდებობის პირებსაც გავაცანი ჩემი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ, ბევრი რამის გათვალისწინებით, სავარაუდო იყო საკმაოდ მწვავე დაპირისპირებები და ერთ დროს ჩამოყალიბებულ, თითქოსდა მტკიცე ერთობაში მოსალოდნელი იყო სერიოზული რღვევა, ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ თანაგუნდელები და დაიწყებოდა დიდი ბრძოლა საპარლამენტო ადგილების მოპოვებისათვის პოზიციების გასაძლიერებლად თუ პოლიტიკურ რუკაზე ადგილის დასამკვიდრებლად. აქვე, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პარლამენტში მოხვედრის სურვილი საკმაოდ ბევრ პარტიასა თუ პოლიტიკოსს, ქვეყნის ბედზე გულშემატკივარსა თუ პირად კეთილდღეობაზე მზრუნველს ექნება, წინასაარჩევნო დაპირისპირება ძალზე მძაფრი იქნება და დღევანდელი გადასახედიდან, მწარე გამოცდილებისა თუ მზარდი ურთიერთდაპირისპირებების გათვალისწინებით, იგი ზნეობის ფარგლებსაც გასცდება, სავარაუდოდ, ტალახსაც დაუნდობლად ესვრიან ერთმანეთს ოპონენტები, არც ჭორისა და ე.წ. კომპრომატების “იარაღზე” იტყვიან უარს, არც ზიზღისა თუ სიძულვილის ენაზე და “დაუკრეფავში” გადასვლასაც მისაღებს გახდიან… შემდეგ კი, ასეთი დაპირისპირების საკმაოდ დიდი ნაწილი პარლამენტის სკამებს შეავსებს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებზე პრაქტიკულად გამორიცხულია ცალკე აღებული რომელიმე პარტიის გამარჯვება (მთავრობისა და საპარლამენტო ხელისუფლების ფორმირების თვალსაზრისით. პუბლიკაციის ავტორის შენიშვნა), თანაც სავსებით სავარაუდოა 5-7 პოლიტიკური პარტიის (პოლიტიკური გაერთიანების) მიერ ბარიერის გადალახვა, საჭირო იქნება საერთო ენის გამონახვა მთავრობისა თუ ხელისუფლების ფორმირებისათვის, ჰოდა თუ ქვეყნის სასიკეთოდ გვინდა ეს არჩევნები, იმ სიბრძნეს ნუ დავივიწყებთ თავშეკავებულობას, რომ გვასწავლის “ენით დაკოდილს, ცულით დაკოდილი სჯობსო”, თორემ მერე ძნელი იქნება ვაიპოლიტიკოსებმა საზოგადოებას აუხსნან თავიანთი “პრაგმატული” გადაწყვეტილება – “ნაძირალაა, მაგრამ მასთან უნდა ვიმეგობროო”…
მართალია, ხალხი ხშირად ბევრ რამეს ითმენს, მაგრამ როცა მოთმინებას დააკარგვინებენ, მერე, არც თუ იშვიათად, თავის დროზე, საკადრისად და მეტადაც კი აზღვევინა იმდროინდელ “ძლიერთა ამა ქვეყნისათა”…

5 აპრილი, 2016 წ.

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

%d bloggers like this: