Blog Archives

საქართველოს დამოუკიდებლობა: საამაყო წარსულიდან ღირსეულ მომავლამდე


მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ერი რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავს, ეს სიამაყესთან ერთად, ბევრ სხვა ტკივილსაც გვახსენებს, რამეთუ საუკუნეების განმავლობაში, ბედის უკუღმართობის გამო, ჩვენს სამშობლოს არაერთხელ დაუკარგავს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, შემდეგ კი ბევრი სისხლიც დაღვრილა ქვეყნის ღირსება რომ აღდგენილიყო. დღეს, კიდევ ერთხელ გვეძლევა შანსი გავიხსენოთ და შევაფასოთ ჩვენი წარსული – ტკივილსა და ტრაგედიებთან ერთად წარმატებებითა და სიხარულით აღსავსეც, როცა მარცხს ბევრად უფრო მეტი გამარჯვება მოჰყოლია, როცა დაქუცმაცებული საქართველო მძლავრ სახელმწიფოდ გაერთიანებულა, როცა ერს ურიცხვი დამპყრობლისთვის უჩვენებია თავისი თავგანწირვა, შემდეგ კი უფრო და უფრო დავაფასოთ თაობების შეუპოვარი ბრძოლით ჩამოყალიბებული, დაბრუნებული თუ შენარჩუნებული სახელმწიფოებრიობა. თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმთან ერთად ღირსეული და წარმატებული სახელმწიფოს აშენებაზე ფიქრით უნდა იყოს ერი გაერთიანებული, რომ ქვეყანა ნამდვილად იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი…
ამასწინათ აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ: “ნამდვილ დამოუკიდებლობას ერთიანი ერი და საღად მოაზროვნე საზოგადოება მოიპოვებს მხოლოდ, ჩვენ კი ბედად გვერგო აურაცხელი ცხოვრებისეული გაკვეთილის მიღება.
ღირსეულ დამოუკიდებლობას ვუსურვებ/ვულოცავ სრულიად საქართველოს!”
დიახ, საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობა გადის ხიდზე – საამაყო წარსულიდან ღირსეულ მომავლამდე!
დიდება საქართველოს!!!
P.S. ისე, ცალკე მინდა გავამახვილო ყურადღება შემდეგ ფაქტზე, რომ 26 მაისი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა (1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული აქტის საფუძველზე) და ზუსტად ეს აღინიშნება დღეს!
Advertisements

მდიდარი, საოცარი, ზღაპრული ბუნება ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის


დღეს პლანეტის მოსახლეობა აღნიშნავს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს (World Environment Day), რომელიც 1972 წლიდან 5 ივნისს აღინიშნება ყოველწლიურად (თარიღი, 1972 წლის 5 ივნისს სტოკჰოლმში გამართული გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი კონფერენციის საპატივცემულოდ იქნა შერჩეული) და ამ დღეს სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ცალკეული აქციებით კიდევ ერთხელ მიაპყრობენ მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მიმართ.

სადაც კი ვყოფილვარ, ყველგან მრავლად შემიმჩნევია ისეთი რამ, რაც გულს მიხარებდა და ასეთი განწყობა აქვთ მათაც, ვინც აღფრთოვანებულა ულამაზესი მცენარეებისა და ყვავილების ნახვით, ვისაც თვალი ვერ მოუწყვეტია სუფთა პლაჟების, წყალსაცავების, ტბებისა და ზღვებისათვის, როცა ემოციებს ვერ იკავებენ ჩვენი პლანეტის საოცარი ფლორისა და ფაუნის ხილვის შემდეგ… დიახ, თვალი და გული ხარობს, როცა ვუყურებთ საოცარი ბუნების ზღაპრულ სილამაზეს, მაგრამ ასევე გული გვიკვდება, როცა ვხედათ და ვიგებთ ბრაკონიერობის ფაქტებს, როცა ასე უკონტროლოდ და უმოწყალოდ იჩეხება ხე-ტყე, როცა ბინძურდება წყლის რესურსები, როცა დღევანდელი დღის სიამოვნებისთვის, დაუფიქრებლად გაიწირება მომავალი…

ახლა მინდა შემოგთავაზოთ ფოტო-რეპორტაჟი იმ საოცარი ადგილებიდან, სადაც პირადად ვყოფილვარ, რომლის სილამაზე ისევ თვალწინ მიდგას და არც გულიდან ამოდის იქ მიღებული აღფრთოვანება. აქვე მინდა გითხრათ, რომ ყოველი ფოტო კონკრეტული ბმულის მეშვეობით გადაგიყვანთ შესაბამის პუბლიკაციაზე, სადაც ინფორმაცია, სხვა ფოტოებთან ერთად, უფრო ვრცლადაა გადმოცემული და ეს რეპორტაჟები, წლების განმავლობაში, გამოქვეყნებული მაქვს ჩემს ბლოგებში.

ენით აღუწერელი ზღაპრული სილამაზის ბუნება საქართველოში
 (700x525, 99Kb)

მჟავე წყლები
 (700x525, 139Kb)
გაგრძელება: ნახეთ საოცარი ადგილების კიდევ არაერთი ფოტოსურათი

“უკრაინული გაკვეთილი” ევროკავშირისთვის


europeეს ბოლო დღეები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მწარე “უკრაინული გაკვეთილი” მიიღო ევროკავშირმა, სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ აქტიური და ემოციურია დისკუსიები ამასთან დაკავშირებით და საქართველოშიც ყველანი ძალზე მტკივნეულად განვიცდით ევროპული პოლიტიკის ერთგვარ მარცხს პოსტსაბჭოურ სივრცეში. პირადად მე, ძირითადად, ინფორმაციის დამუშავების, ანალიზისა და სტატისტიკის სფეროში მაქვს დაგროვილი ცოდნა-გამოცდილება, თუმცაღა ამ ბოლო წლებში მოხდარმა ცალკეულმა მოვლენებმა იმდენი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ძალაუნებურად, ლამის მთელი მოსახლეობა და მათ შორის მეც, აქტიურად ვართ ჩართულები პოლიტიკურ დისკუსიებში.
წლების განმავლობაში, სხვადასხვა დისკუსიაში (ძირითადად ჩემ რუსულენოვან ბლოგში), საკმაო სიმწვავით გამიკრიტიკებია, ხოლმე, კრემლის პოლიტიკა საქართველოსთან და რუსეთის სხვა მეზობლებთან მიმართებაში, თუმცაღა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისაგან თავის შეკავებაზე, თუ ვინმეს მიმართ უნდა გაისმას კრიტიკა, საყვედური ან პრეტენზია, ჩემი აზრით, ყველაზე ნაკლებად ეს რუსეთს უნდა ეხებოდეს და, შესაბამისად, ყველა უნდა გამოვიდეს ერთგვარი “თვითდამშვიდების ბურუსიდან”. კიდევ რამდენი პრაქტიკული მაგალითისა თუ ისტორიული ფაქტის მომსწრე უნდა გახდეს ევროპული გაერთიანება, რომ ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას მის მიერვე დეკლარირებული ღირებულებების, მისწრაფებებისა და პოლიტიკის დასაცავად?! მართლაც, ყოველთვის ადვილი იყო დამნაშავისა თუ “განტევების ვაცის” ძებნა სადღაც ჰორიზონტს მიღმა, მით უფრო, რომ ამ დროს ურემი უკვე გადაბრუნებულია… უკრაინის მაგალითზე და მხოლოდ ამ ქვეყანაზე “ხელის შეწმენდის” მცდელობის ნაცვლად, ნამდვილად, აუცილებელია სერიოზული დასკვნების გაკეთება და პირველ რიგში ეს ევროკავშირს ეხება. მახსენდება ერთ დროს პოპულარული იუმორისტული (თუ ანეგდოტური) გამონათქვამი, მეკარე რომ ეუბნება დაცვაში მდგომ ფეხბურთელებს – “თქვენ კარში არ დაარტყმევინოთ და დანარჩენი ჩემზე იყოს”-ო. ყველამ ძალიანაც კარგად იცოდა, თუ რა ზეწოლის ქვეშ მოექცეოდა უკრაინა, თუმცაღა (და, ეს ჩემი სუბიექტური აზრია) ევროკავშირმა იმის მეასედიც კი ვერ გააკეთა უკრაინის შესაყვანად თავის ოჯახში, ვიდრე ამას აკეთებს თავისივე წევრებისათვის უსერიოზულესი პრობლემების მოსაწესრიგებლად. განა საკმარისი იყო მარტო კარების გაღება და, თუნდაც, გულითადი მიპატიჟება? საერთოდ კი ყველამ უნდა აღიაროს, რომ როგორსაც იმსახურებდა “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროექტი, ისეთი ყურადღება ნამდვილად არ დაეთმო მას და რიგ შემთხვევებში უფრო დეკლარირებული სახიათის პოლიტიკასთან გვქონდა საქმე, ვიდრე ქმედითი ნაბიჯებით ხდებოდა იდეის რეალიზება. არადა, რამდენი საინტერესო ერთობლივი პროექტების ამოქმედება იქნებოდა მნიშვნელოვანი (მეც კი მქონდა ცალკეული იდეები “ანალიტიკური კვლევის ცენტრის” შექმნის, სამართალდამცავი, გარემოს დაცვის, სტატისტიკის, მედიის თუ სხვა მიმართულების, სხვადასხვა ბიზნეს თუ ეკონომიური პროექტების რეალიზების კუთხით და კიდევ სხვა მრავალი…) პოსტსაბჭოურ სივრცეში ევროპული ღირებულებების უფრო მეტად პოპულარიზება-რეალიზებისათვის და ევროპულ ოჯახში ერთგვარი “ჩრდილოვანი” ინტეგრირებისათვის. არა მგონია ვცდებოდე, რომ ევროკავშირში ინტეგრირება მხოლოდ ე.წ. “საშინაო დავალებებით” ან ხელმოწერებით არ ხდება…

კიდევ ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ დანაჩენი სხვა დროს იყოს…

ისე კი, ძალზე მნიშვნელოვანად და მიზანშეწონილად მიმაჩნია, უკრაინის პოზიციასთან, საქართველოს გეგმებთან და ევროკავშირის ინტერესებთან მიმართებაში დაგროვილ საკითხებსა თუ პრობლემებთან დაკავშირებით, ცალკეული სამთავრობო, და არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ექსპერტთა ჯგუფების ინიციატივით დაიგეგმოს დისკუსიების ციკლი თუ, ერთგვარი, “მრგვალი მაგიდის” შექმნა აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისათვის. ვფიქრობ, იმდენად მძიმე ერთწლიანი პერიოდი გველოდება წინ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია უკვე ახლა დაიწყოს სერიოზული გააქტიურება და ყველა შესაძლო თუ მოსალოდნელი სცენარების წინასწარ გაანალიზება, რათა საჭიროების შემთხვევაში “მზა რეცეპტები” თუ არა სერიოზულად ნაფიქრი და ნამსჯელი მაინც იყოს რიგ პრობლემებთან მიმართებაში, თორემ ფაქტის წინაშე დადგომისას, მით უფრო, ცაიტნოტურ მდგომარეობაში ყოფნისას, რამდენი შეცდომის დაშვებაა მოსალოდნელი, ისტორიამ არაერთხელ დაგვანახა…

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

%d bloggers like this: