Blog Archives

ადამიანური ურთიერთობების ანატომია


შესაძლოა, ეს ჩემი პირადი აზრი იყოს, მხოლოდ ან კიდევ ბევრის მოსაზრების გახმოვანება გამომივიდეს ადამიანურ ურთიერთობებთან მიმართებაში და ალბათ რაღაც-რაღაცეების გამეორებაც მომიხდეს, თუმცა ფაქტია, რომ საკმოდ ხშირად ხდება (რაოდენ სამწუხაროც არ იყოს ეს და რაც ძალზედ საგრძნობია ბოლო 5-10 წელია), როცა პიროვნული ურთიერთობები ერთგვარ ჩარჩოებში ექცევა რიგი პოლიტიკური პროცესების, მედროვეობის ელფერგადაკრული უცნაური “პრაგმატული” ინტერესისა თუ “ახლა ჩვენი დროა”-ს ტალღაზე მომართული ქედმაღლობის გამო. ყოველივე ამას ემატება, საზოგადოებაში, ჩვენს რეალობაში, იდეალურად ადაპტირებული მავანთა ყოფა: ერთის მხრივ ესენი არიან ზოგიერთი “თბილ” სავარძელში მოკალათებულნი, საკუთარი თავი “სხვებზე მაღლა მდგომად”, რომ მიაჩნიათ და ცხვირიც შესაბამისად აქვთ აწეული, მეორეს მხრივ კი ისინი, ვინც “თავის გადასარჩენად”, იმ “ცხვირაწეულთა” მაამებლად თუ სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენების მიზნით წაბორძიკებულს წიხლს დაუფიქრებლად რომ მიაყოლებენ, ისინი, ვისაც მედროვე-ორპირობა ისე აქვთ სისხლში გამჯდარი, რომ ხელები მუდამ ტალახისკენ, თვალები კი მსხვერპლისკენ გაურბით, ისინი ვისაც სხვის მიმართ შურმა თვლები დაუბრმავა, სხვისმა შეცდომებმა კი საკუთარი ცოდვა-დანაშაულები გადაავიწყა…
არადა, ცხოვრებაში ბევრი რამ, თანაც საკმაოდ ხშირად და მოულოდნელადაც კი იცვლება, ამასთან, არც თუ იშვიათად – საპირისპიროდ, ჰოდა ყოველივე ზემოაღნიშნულის, ცხოვრებისეულ გაკვეთილად და ჭკუისსასწავლებლად გამოყენება, ადრე თუ გვიან, ყველას მოუწევს, მანამდე კი კიდევ და კიდევ გავიაზროთ ის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ღირებულ, სანდო და საიმედო ურთიერთობებებს, ნამდვილ გულწრფელ ურთიერთობებს და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ განძს!
26 თებერვალი, 2016 წ.
© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

ადამიანური ურთიერთობები გასაჭირში შეიცნობა


ახლახან რობერტ სტურუას მოსაზრებები წავიკითხე, სხვადასხვა თემასთან მიმართებაში და მართალია, რიგ საკითხებში (წლების განმავლობაში), მის პოზიცია-მოსაზრებებთან მიმართებაში კრიტიკული დამოკიდებულება მქონდა, მაინც მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეულ საკითხებში მასაც (როგორც ჩემს არაერთ ოპონენტს) აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი, ანგარიშგასაწევი და მისაღები მოსაზრება. მაგრამ, ამჯერად, ყურადღება მინდა გავამახვილო მის ერთ გულისტკივილიან ნათქვამზე – “გასაჭირში მყოფს, არც ერთმა კოლეგამ არ დამირეკა”-ო. მართლაც და რას დაამსგავსებს, ხოლმე, ხალხს “სეთურ-ხელისუფლებები”, რომელთაც თანამოძმის, ახლობლის ან, თუნდაც, მხოლოდ უბრალო ნაცნობის გასაჭირი ყოფნა “ღობის ჩხირის” ასოციაციას აღუძრავს?! თუმცა, საკითხავია, რამდენად სწორადაა შერჩეული, მსგავს შემთხვევებში, “განტევების ვაცი”? დათა თუთაშხიაც კი მიმართავს ხალხს “რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა”-ო, მაგრამ ადამიანური ღირსება თვით ამ ადამიანის კუთვნილება არაა? ის ან გააჩნია ან არა… მას, განა, რომელიმე ხელისუფალი (ხელმძღვანელი, მმართველი თუ ბატონი) იძლევა ან ართმევს?! სამწუხაროდ, ბევრის მსგავსად, მეც მახსენდება მავანთა გულბოროტობა, ორპირობა თუ უმადურობა, ზოგის ნასროლი ტალახი, ზოგისაც – “ამაყი” მდუმარება, მახსენდება ისიც, ვითომ ჩემი მეგობარი, ვითომ ახლობელი თუ “მადლიერი” ადამიანები როგორ დაუფიქრებლად გადაეშვნენ თვითგადარჩენის “ინსტიქტ-მორევსა” თუ პატრონთა მაამებლობის ჭაობში, სადაც დღემდე “ნებივრობს” ზოგი…
ეჰ, რას ვიზამთ, ესაა ჩვენი სინამდვილე – ადამიანურობისთვის ღმერთმა, ადამის მოდგმას, სახე უბოძა, მან კი ნიღაბი გამოიძერწა…
ცხოვრება კი გრძელდება – ცუდს კარგიც მოჰყვება, აუცილებლად. მე მადლიერი ვარ ცხოვრებისეული გამოცდილების, თუნდაც მწარე იყოს იგი, სხვა დაფიქრდეს, მაინც, რაღაც-რაღაცეებზე…

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

%d bloggers like this: