Tag Archives: რწმენა

ერთ დღეში ჩატეული მთელი ცხოვრება


მიტევების დღე…

მართლაც, ცოტათი გაუგებარი და უცნაურიც კია, ერთი დღით შემოიფარგლოს ადამიანის სინანული და გულისტკივილი დაშვებული შეცდომების გამო. თითქოს მოუთმენლად თუ, პირიქით, უდიდესი მოთმინებით ხდება დალოდება იმ დღისადმი, როცა კალენდარი შეახსენებს ადამიანს, რომ მიტევება, პატიება და შენდობა უნდა ითხოვოს. თითქოს, მხოლოდ ამ დღეს (თუ ამ კვირაში) ხდება განსაკუთრებული რამ და თურმე, ზუსტადაც რომ, ახლა დგება ის დღე, როცა ადამიანი გულწრფელი უნდა იყოს… არადა, კარგად რომ დავფიქრდეთ, მთელი ჩვენი ცხოვრება ზუსტადაც რომ ამ დღის არსით უნდა ვიცხოვროთ, რადგანაც, რაც არ უნდა შეუმჩნეველი იყოს, ჩვენი ყოველი შეცდომა, რითაც ტკივილი მიგვიყენებია სხვისთვის, ყოველთვის თან დაგვყვება და ხშირად გაგვისწრებს კიდეც, წინ რომ დაგვხვდეს. ასე რომ, სხვა ნებისმიერი დღე, მიტევების დღეზე მეტად თუ არა ნაკლებად ნამდვილად არ უნდა აღვიძებდეს ადამიანში სინანულის გრძნობას, მით უფრო, რომ ზუსტადაც რომ დაშვებული შეცდომის აღიარება და სინანულია ის მალამო, რაც ტკივილს დაუამებს ადამიანს, ხოლო მიტევება და შენდობა – ის ამაღლებული გრძნობა, რომელიც ადამიანს ღირსებას მატებს!

ნამდვილად არა ვარ იდეალური და შეცდომებიც არაერთხელ დამიშვია. არც სინანული და პატიების თხოვნაა ჩემთვის უცხო, მით უფრო, რომ, თუ ვინმესთვის გული მიტკენია, ეს მეც მიკლავდა გულს, ასე რომ დღესაც თავდახრილი შემიძლია ვთხოვო პატიება მათ, ვისთვისაც გული მიტკენია, თუნდაც ამასთან ერთად უამრავი სიკეთე მეკეთებინოს!

ისე, ჩემთვისაც არაერთხელ მოუყენებიათ ტკივილი… მართლაც არაა იშვიათი, როცა ადამიანები გულს ტკენენ ერთმანეთს და მეც არაერთხელ გავხდი მოწმე უმადურობის, უგულობისა თუ ფარისევლობისა, როცა ადამიანი ბევრ რამეს ივიწყებდა, როცა ერთ ხელში სანთელი ეჭირა, მეორეთი კი პირჯვარის გადაწერის ნაცვლად ტალახს ეძებდა, რათა ვინმესთვის ესროლა… იშვიათი არც დაღალატება ყოფილა და ძნელია ყოველივე ამას შეცდომა დაერქვას, თუმცაღა, მაინც, ყოველივე ეს გაუგებრობას მინდა მივაწერო და  წინდაუხედავობას თუ დაუფიქრებლობას, რაშიც ამ აწეწილ-დაწეწილ ცხოვრებასაც მიუძღვის უდიდესი წვლილი, ამიტომაც მინდა გავუგო მათ, ვაპატიო და მთელი გულით ვთხოვო ღმერთსაც, რომ შეუნდოს შეცდომები!

არავინ იცის რას გვიმზადებს ბედი ხვალ, მაგრამ დღეს იგი შანსს გვაძლევს…

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)