“უკრაინული გაკვეთილი” ევროკავშირისთვის


europeეს ბოლო დღეები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მწარე “უკრაინული გაკვეთილი” მიიღო ევროკავშირმა, სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ აქტიური და ემოციურია დისკუსიები ამასთან დაკავშირებით და საქართველოშიც ყველანი ძალზე მტკივნეულად განვიცდით ევროპული პოლიტიკის ერთგვარ მარცხს პოსტსაბჭოურ სივრცეში. პირადად მე, ძირითადად, ინფორმაციის დამუშავების, ანალიზისა და სტატისტიკის სფეროში მაქვს დაგროვილი ცოდნა-გამოცდილება, თუმცაღა ამ ბოლო წლებში მოხდარმა ცალკეულმა მოვლენებმა იმდენი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ძალაუნებურად, ლამის მთელი მოსახლეობა და მათ შორის მეც, აქტიურად ვართ ჩართულები პოლიტიკურ დისკუსიებში.
წლების განმავლობაში, სხვადასხვა დისკუსიაში (ძირითადად ჩემ რუსულენოვან ბლოგში), საკმაო სიმწვავით გამიკრიტიკებია, ხოლმე, კრემლის პოლიტიკა საქართველოსთან და რუსეთის სხვა მეზობლებთან მიმართებაში, თუმცაღა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისაგან თავის შეკავებაზე, თუ ვინმეს მიმართ უნდა გაისმას კრიტიკა, საყვედური ან პრეტენზია, ჩემი აზრით, ყველაზე ნაკლებად ეს რუსეთს უნდა ეხებოდეს და, შესაბამისად, ყველა უნდა გამოვიდეს ერთგვარი “თვითდამშვიდების ბურუსიდან”. კიდევ რამდენი პრაქტიკული მაგალითისა თუ ისტორიული ფაქტის მომსწრე უნდა გახდეს ევროპული გაერთიანება, რომ ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას მის მიერვე დეკლარირებული ღირებულებების, მისწრაფებებისა და პოლიტიკის დასაცავად?! მართლაც, ყოველთვის ადვილი იყო დამნაშავისა თუ “განტევების ვაცის” ძებნა სადღაც ჰორიზონტს მიღმა, მით უფრო, რომ ამ დროს ურემი უკვე გადაბრუნებულია… უკრაინის მაგალითზე და მხოლოდ ამ ქვეყანაზე “ხელის შეწმენდის” მცდელობის ნაცვლად, ნამდვილად, აუცილებელია სერიოზული დასკვნების გაკეთება და პირველ რიგში ეს ევროკავშირს ეხება. მახსენდება ერთ დროს პოპულარული იუმორისტული (თუ ანეგდოტური) გამონათქვამი, მეკარე რომ ეუბნება დაცვაში მდგომ ფეხბურთელებს – “თქვენ კარში არ დაარტყმევინოთ და დანარჩენი ჩემზე იყოს”-ო. ყველამ ძალიანაც კარგად იცოდა, თუ რა ზეწოლის ქვეშ მოექცეოდა უკრაინა, თუმცაღა (და, ეს ჩემი სუბიექტური აზრია) ევროკავშირმა იმის მეასედიც კი ვერ გააკეთა უკრაინის შესაყვანად თავის ოჯახში, ვიდრე ამას აკეთებს თავისივე წევრებისათვის უსერიოზულესი პრობლემების მოსაწესრიგებლად. განა საკმარისი იყო მარტო კარების გაღება და, თუნდაც, გულითადი მიპატიჟება? საერთოდ კი ყველამ უნდა აღიაროს, რომ როგორსაც იმსახურებდა “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროექტი, ისეთი ყურადღება ნამდვილად არ დაეთმო მას და რიგ შემთხვევებში უფრო დეკლარირებული სახიათის პოლიტიკასთან გვქონდა საქმე, ვიდრე ქმედითი ნაბიჯებით ხდებოდა იდეის რეალიზება. არადა, რამდენი საინტერესო ერთობლივი პროექტების ამოქმედება იქნებოდა მნიშვნელოვანი (მეც კი მქონდა ცალკეული იდეები “ანალიტიკური კვლევის ცენტრის” შექმნის, სამართალდამცავი, გარემოს დაცვის, სტატისტიკის, მედიის თუ სხვა მიმართულების, სხვადასხვა ბიზნეს თუ ეკონომიური პროექტების რეალიზების კუთხით და კიდევ სხვა მრავალი…) პოსტსაბჭოურ სივრცეში ევროპული ღირებულებების უფრო მეტად პოპულარიზება-რეალიზებისათვის და ევროპულ ოჯახში ერთგვარი “ჩრდილოვანი” ინტეგრირებისათვის. არა მგონია ვცდებოდე, რომ ევროკავშირში ინტეგრირება მხოლოდ ე.წ. “საშინაო დავალებებით” ან ხელმოწერებით არ ხდება…

კიდევ ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ დანაჩენი სხვა დროს იყოს…

ისე კი, ძალზე მნიშვნელოვანად და მიზანშეწონილად მიმაჩნია, უკრაინის პოზიციასთან, საქართველოს გეგმებთან და ევროკავშირის ინტერესებთან მიმართებაში დაგროვილ საკითხებსა თუ პრობლემებთან დაკავშირებით, ცალკეული სამთავრობო, და არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ექსპერტთა ჯგუფების ინიციატივით დაიგეგმოს დისკუსიების ციკლი თუ, ერთგვარი, “მრგვალი მაგიდის” შექმნა აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისათვის. ვფიქრობ, იმდენად მძიმე ერთწლიანი პერიოდი გველოდება წინ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია უკვე ახლა დაიწყოს სერიოზული გააქტიურება და ყველა შესაძლო თუ მოსალოდნელი სცენარების წინასწარ გაანალიზება, რათა საჭიროების შემთხვევაში “მზა რეცეპტები” თუ არა სერიოზულად ნაფიქრი და ნამსჯელი მაინც იყოს რიგ პრობლემებთან მიმართებაში, თორემ ფაქტის წინაშე დადგომისას, მით უფრო, ცაიტნოტურ მდგომარეობაში ყოფნისას, რამდენი შეცდომის დაშვებაა მოსალოდნელი, ისტორიამ არაერთხელ დაგვანახა…

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)