საზოგადოების პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დასაცავად


მოსმენები, დასმენები, “ჩაშვებები”, უღირსი ხერხებით ადამიანის გამოჭერა, დაშინება და დაშანტაჟება, ე.წ. კომპრომატებით “გაძლიერებულნი” გონიერებას დაუფიქრებლად რომ მოისვრიან სანაგვეზე, აი ასეთი ქვეყანა ააშენა ერმა დამოუკიდებლობის პერიოდში, “ბოროტების იმპერიის” დროინდელს რომ არ ჩამოუვარდება და უფრო მეტიც, ტექნოლოგიური მიღწევების “ოსტატურად” გამოყენებით, ლამის, ყველამ შეითავსა კგბშნიკური მეთოდები და ტალახის სროლაშიც საოცრად დახელოვნდა… ახლა კი, გულზე მჯიღის ცემით, გინდა ევროპული ოჯახისკენ წავიღოთ ეს სიბინძურე, გინდა ე.წ. ევრაზიულ კავშირში იტრაბახოს, ზოგიერთმა, ასეთი “სიმდიდრით”… ამდენი ორპირი, გულბოროტი თუ უგულო, ამდენი ცინიკოსი და სულმდაბალი ადამიანი როცაა ქვეყანაში, უკვე რაღა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ხელისუფლებაში? თუმცა, ზუსტადაც ამიტომ გვინდა ძლიერი, სამართლიანი და მაღალი პასუხისმგებლობის დონის მქონე ხელისუფლება, რომელიც ჭეშმარიტად ხალხისუფლება იქნება და ჩვენც თავს მაქსიმალურად დაცულად ვიგრძნობთ… ეჰ, განა სულ ამ სურვილით და მოლოდინით არ ვართ, წლების განმავლობაში? თანაც, ნებისმიერ ადამიანს, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ იყოს, რომ ჰკითხო, თუ როგორ ქვეყანად სურს იხილოს საქართველო, უახლოეს მომავალში, პრაქტიკულად ყველას ღირსეულ, ადამიანის უფლებების სრულიად დაცულ ქვეყანაში უნდა ცხოვრება, ასეთ საქართველოს ნატრულობს ყველა. ჰოდა, ძალიან მაინტერესებს ახლა – ვინ უნდა ააშენოს ასეთი ქვეყანა, ვის იმედად და ვისი დახმარებით?
პირადად მე ერთი რამ სრულად მაქვს გათავისებული, რომ საკუთარ უფლებებთან ერთად ვალდებულებებიც გამაჩნია ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე და მართალია არ ვარ უცოდველი და ცხოვრებაში შეცდომებიც დამიშვია, ხოლმე, სხვისი გაჭირვება არასოდეს გამხარებია, არც ტალახი მისვრია ვინმესთვის და ბევრის მსგავსად, მეც, გულით მდომებია გასაჭირში მყოფთათვის მხარში ამოდგომა… ჰოდა, მიუხედავად ყოველივე ზემოხსენებული გულსატკენი ფაქტებისა, მაინც, რატომღაც მჯერა, რომ საქართველოში მრავლადაა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანები, ჩემზე უფრო მეტადაც კი, ამას ნამდვილად იმსახურებს ჩვენი მრავალტანჯული ერი, ჩვენი სამშობლო, უკეთეს მომავალსაც ვიმსახურებთ ჩვენ და ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ეს!!!

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

 

P.S. ადამიანის უფლებების დაცვასთან თუ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით ბევრჯერ თქმულა და სხვადასხვა ხელისუფლებების პირობებში ბევრჯერ დადებულა პირობა, რომ ქვეყანაში დაცული იქნებოდა ცივილიზებული სამყაროს ეს ფუნდამენტური ღირებულებები, თუმცაღა ისევ და ისევ, დრო და დრო, თავს შეგვახსენებს, ხოლმე, უღირსობის მავნე სენი, როცა ვიღაც ნაძირალები ფეხქვეშაც კი თელავენ საკუთარ ადამიანობას, რომ როგორმე სხვას ავნონ…

გუშინ ტალახი ესროლეს არა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ სრულიად საქართველოს. დიახ, გუშინ კიდევ ერთხელ შეაფურთხეს ადამიანურობას და ერს ისევ მოუწია სარკეში ჩახედვა, საკუთარი სირცხვილი რომ დაენახა…

დღეს კი ყოველივე ამაზე პასუხი უნდა აგოს უკვე საზოგადოებამ, ხელისუფლებასთან ერთად, დღევანდელ და წინა ხელისუფლებებთან ერთად, რამეთუ, თითქოსდა, ერთი ადამიანისადმი ნასროლი ტალახი სრულიად საქართველოს მოხვდა!

და აქვე, ძალზედ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება:

“ორი თვის წინ პირობა მივეცი ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩემი ყველა ნაბიჯი, ყველა განცხადება, ყველა საქმე მოემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში, ადამიანს. თითოეული ადამიანის დაცვა სახელმწიფოს ღირსების საქმეა! ის, რაც დღეს მოხდა, არის არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების დაშანტაჟებისა და დათრგუნვის მცდელობა. ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, და ჩვენი პასუხი ამ დარტყმაზე იქნება უმკაცრესი! ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მსგავსი დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ აღარასოდეს მოხდეს!

ვისი გადაღებული და გავრცელებულიც არ უნდა იყოს ეს ჩანაწერი, გეუბნებით, პირობას გაძლევთ, უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ეს იქნება სამაგალითო პასუხი, რომ მსგავსი სიბინძურე თავში აღარავის მოუვიდეს. სამაგალითოდ დაისჯება ყველა, ვინც საკუთარი ამაზრზენი მოქმედებებით საზოგადოების განვითარებას აფერხებს…

მე დავალება მივეცი შესაბამის უწყებებს – პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსწრაფესად გამოიძიონ ეს საქმე. ეს არის საგამოძიებო უწყებების გამოცდა, რომელიც მათ უნდა ჩააბარონ. ჩვენ მზად ვართ, გამოძიების პროცესში ჩავრთოთ ნებისმიერი ორგანიზაცია, ჯგუფი, ვისაც ამ საქმეში დახმარების გაწევა შეუძლია. სიტყვას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ცხოვრებიდან ეს საშინელი ჩანაწერები ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს.”
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი
11.03.2016 წ.

 

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)