საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2012: მოკლე საინფორმაციო მიმოხილვა


უკვე დამთავრდა წინასაარჩევნო კამპანია და ქვეყანა არჩევნების მოლოდინშია. ნამდვილად არაა გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ეს არჩევნები უმნიშვნელოვანესია საქართველოს ისტორიაში.

გთავაზობთ მოკლე საინფორმაციო მიმოხილვას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, დღეისათვის უკვე განისაზღვრა არჩევნებში მონაწილე 14 პარტია, 2 საარჩევნო ბლოკი.

2012 წლის პარლამენტის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიები

(პარტიები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში და შეტანილნი იქნებიან საარჩევნო ბიულეტენში)

1. პ/გ „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო”, საარჩევნო ნომერი – 1
2. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, საარჩევნო ნომერი – 4
3. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს”, საარჩევნო ნომერი – 5
4. „სამართლიანი საქართველოსთვის”, საარჩევნო ნომერი – 9
5. „სახალხო მოძრაობა”, საარჩევნო ნომერი – 17
6. „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა”, საარჩევნო ნომერი – 19
7. პ/გ „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი’’, საარჩევნო ნომერი – 23
8. პ/გ „ახალი მემარჯვენეები”, საარჩევნო ნომერი – 24
9. „სახალხო პარტია”, საარჩევნო ნომერი – 26
10. „მერაბ კოსტავას საზოგადოება”, საარჩევნო ნომერი – 30
11. „მომავალი საქართველო”, საარჩევნო ნომერი – 35
12. „საქართველოს მშრომელთა საბჭო”, საარჩევნო ნომერი – 36
13. „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია”, საარჩევნო ნომერი – 38
14. „საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”, საარჩევნო ნომერი – 40
2012 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისათვის რეგისტრირებული ბლოკები

(ეს ბლოკები იქნებიან შეტანილნი საარჩევნო ბიულეტენში)

ბლოკი „გიორგი თარგამაძე-ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება”, საარჩევნო ნომერი 10

ბლოკში შემავალი პარტიები:

1. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”
2. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები”

ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება”, საარჩევნო ნომერი 41

ბლოკში შემავალი პარტიები:

1. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”
2. საქართველოს კონსერვატიული პარტია
3. პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”
4. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”
5. პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”
6. პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმი”
საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი რეგისტრირებული კანდიდატები:

თელავის საოლქო საარჩევნო კომისია – ალექსი შოშიკელაშვილი
ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია – გიორგი გლუნჩაძე
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია – ვლადიმერ ვახანია (მოხსნა კანდიდატურა)
ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია – გურამ ხოზრევანიძე

თითოეულ მათგანს საარჩევნო ნომრად მიენიჭა – 42

ამ არჩევნებისათვის საქართველოში სულ გაიხსნა 73 ოლქი და 3719საარჩევნო უბანი, გარდა ამისა, საზღვარგარეთ, 36 ქვეყნის 43 ქალაქში გაიხსნა 45 საარჩევნო უბანი.

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიის საერთო რაოდენობა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, განისაზღვრა 3613851 ამომრჩევლით, რომლებიც ხმას მისცემენ როგორც პროპორციულ არჩევნებში ასევე მაჟორიტარულში და ცსკო-ს გადაწყვეტილებით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულებიც.საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 42613 ამომრჩეველი კი ხმას მისცემს, მხოლოდ, პროპორციულ არჩევნებში.

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრა, სიტუაციის თავისებურებიდან გამომდინარე, 24 სექტემბერს უკვე ჩატარდა ავღანეთში, ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე საქართველოს მოქალაქე ჯარისკაცებისთვის. არჩევნების შედეგები კი დაილუქა, იგი გაიხსნება არჩევნების დღეს 20:00 საათის შემდეგ და დაემატება საერთო შედეგებს ქვეყნის მასშტაბით.

თვეების განმავლობაში, ქვეყანაში, მიმდინარეობდა საკმაოდ დინამიური, კომპრომატებით სავსე და, მე ვიტყოდი, უპრეცედენტოდ უკომპრომისო საარჩევნო კამპანია. დღეს, ემოციური ფონი, უკვე, პიკშია და ამ დროს აბსოლიტურად ყველა პარტიას თანაბრად ეკისრება პასუხისმგებლობა სიმშვიდეზე, კანონიერებაზე, სამართლიანობაზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს არჩევნების ნორმალურად, გაყალბებების გარეშე ჩასატარებლად!

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

მედიის თავისუფლება და პასუხისმგებლობა


ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაფიქსირებულიპოზიციიდან*:

”ვინც სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს და პრობლემებს შეუქმნის მედიას, ის, ფაქტიურად, საზოგადოების თავისუფლებას ზღუდავს, ხოლო რას ნიშნავს ეს, ან რა შეიძლება, ყოველივე ამან, გამოიწვიოს XXI საუკუნეში, ძნელი მისახვედრი არაა, უკვე!

დიახ, მედია ნამდვილად უნდა იყოს თავისუფალი და, ეს, დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროს ღირსების საკითხია, თუმცაღა აქვე შემომაქვს წინადადება: საქართველოში დაარსდეს ”პროგრამა ”Время”-ს ორდენი” და იგი ყოველწლიურად, ყოველთვიურად, თუნდაც, ყოველდღიურად მიენიჭოს იმ ტელეკომპანიას თუ საინფორმაციო გამოშვებას, ვინც მას ”ღირსეულად” დაიმსახურებს.
ახლა ნუ მკითხავთ, ეგ პროგრამა ”Время” რაღააო, რადგანაც ამ უსაძაგლესი ტერორისტული საინფორმაციო საშუალების ამოშანთვა მინდა მეხსიერებიდან, თუმცაღა, ყოველივე ამის დავიწყება და, მით უფრო, იგნორირება იმ უსაშინლეს საბჭოურ ტოტალიტარულ წყობასთან, იმ დანაშაულებთან ერთად, რასაც სჩადიოდა ”ბოროტების იმპერია” ათწლეულების განმავლობაში, უბრალოდ, შეუძლებელია…”

*- ტექსტი გადმოტანილია მცირეოდენი შესწორებით.

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

მედია: მეოთხე ხელისუფლება თუ პირველი იდეოლოგი?


დღეს, ასეთ პოლიტიზირებულ გარემოში, საქართველოში, ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც ტელევიზორს არ უყურებს, პრესას არ კითხულობს და, საერთოდ, მოწყვეტილია რეალობას. დღევანდელ ეპოქაში, ასევე, ძნელად მოიძებნება ისეთი, ვისთვისაც უცნობია ინტერნეტის თავისუფალი გარემო, თუმცაღა, ყველაზე მნიშვნელოვანი საინფორმაციო გარემო, მაინც, ხალხის საუბრებია ერთმანეთთან. საერთოდ კი, ყველა ჩვენთაგანისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალტერნატიული ინფორმაციის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება სწორი პოზიციის ჩამოყალიბება, რამეთუ, ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, ხალხი ჰგავს ქვევრში გამოკეტილ აბესალომს და მანამ ვერ გათავისუფლდება, სანამ ქვევრი არ გატყდება.

ამ ბოლო ხანებში ლამის ყოველდღე და ყველას ”Must Carry” აკერია პირზე, მე კიდევ არ ვიცი რამდენადაა აუცილებელი კონკრეტული კანონის არსებობა იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, რამე თუ, მათ, პოლიტიკურ პარტიებზე მეტად თუ არა, ნაკლებად მაინც არ აინტერესებთ მედია. დიახ, მართლაც რომ, უდიდესი როლი გააჩნია მედიას,  უდავოდ, მეოთხე ხელისუფლებაა იგი და რაოდენ აუცილებელია, რომ  არ გახდეს პირველი იდეოლოგი…  საერთოდ კი, ინფორმაციის თავისუფლება ვინმეს გემოვნების საკითხი კი არა დემოკრატიული ღირებულებების აღიარების შედეგი უნდა იყოს.  ხოლო, თუკი, რომელიმე ტელეარხი არღვევს რაიმე სახის ნორმებს, ამისათვის არსებობს კანონები, სასამართლო და შესაბამისი მარეგულირებელი სამსახურები.

ისე კი, თვალნათლივაა უკვე შესამჩნევი, რომ, ბოლო ხანებში, საქართველო ნამდვილად აღარ უჩივის ჟურნალისტების ნაკლებობას. მახსოვს, კომუნისტების დროს, საქართველოზე ამბობდნენ, რომ, იგი, ლამის პირველ ადგილზეა უმაღლესდამთავრებულების (და არა უმაღლესგანათლებულების) მხრივ, ახლა, ალბათ, პირველ ადგილზე ვიქნებით ჟურნალისტების რაოდენობით. თუმცაღა, კაცი რომ დააკვირდეს, ყველას, ვისაც ინტერნეტში გააჩნია თავისი საიტი, ბლოგი ან კიდევ გაწევრიანებულია სოციალურ ქსელებში, რაღაც დოზით მაინც არის ჟურნალისტი და ინტერნეტმა მართლაც მისცა საშუალება, ყველას, თავისუფლად დააფიქსიროს თავიანთი პოზიცია და მოსაზრება. მეც, არაერთხელ, წამიკითხავს ბლოგერების მიერ გამოქვეყნებული საინტერესო პუბლიკაციები, რომელთან ახლოსაც, ნამდვილად, ვერ მივა ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტის ნააზრევი თუ ნაბოდვარი, პრესაში იქნება ეს თუ ტელევიზიაში, შესაბამისად არც თუ იშვიათად გამოხატულა ნეგატიური პოზიცია მედიის მისამართით…

ამ დღეებში ფეისბუკის ერთ-ერთ გვერდზე, კომენტარებში, მედიასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებთან მიმართებაში, მეც  დავაფიქსირე ჩემი პოზიცია:

ვკითხულობ ასეთ აღშფოთებებს მედიასთან მიმართებაში და ჩემთვის ვფიქრობ – რამდენად სწორადაა შერჩეული უკმაყოფილების ადრესატი? ბევრ ჩვენთაგანს ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი, თუმცაღა, ამ დისკუსიაში არიან ახალგაზრდებიც, რომლებმაც, შესაძლოა, არ იცოდნენ ან არ ახსოვდეთ პროგრამა ”ვრემია” და საბჭოური ტოტალიტარული წყობა, მაგრამ გაგონილი მაინც ექნებათ, თუ რას წარმოადგენდა საბჭოთა მედია (თუ კი შეიძლება მას მედია ვუწოდოთ) და ვინ რას იჯერებდა იმდროინდელ საინფორმაციო ველში. დღეს კი, ქვეყნის პრაქტიკულად ყოველ მოქალაქეს, წვდომა აქვს საკმაოდ მრავალფეროვან და ალტერნატიულ საინფორმაციო საშუალებებზე, მედიაზე, 40-50 წლიანი ასაკობრივი დიაპაზონია ინტერნეტის მომხმარებლებშიც, ინტერნეტში, სადაც რაიმეზე თუ არის შეზღუდვა ნამდვილად ვერ დავიჯერებ, გარდა ამისა, ყველა ყველაფერზე ლაპარაკობს ერთმანეთთან (უნდა ილაპარაკოს, კიდეც, შეუზღუდავად!) და, რაც მთავარია, ყველას აქვს უამრავი ცხოვრებისეული მაგალითი და გამოცდილება, ხომ მეთანხმებით? ახლა, ყველა ჩვენთაგანს, უნდა ჰქონდეს, თუნდაც მცირედი, ლოგიკური ანალიზის უნარი და ადამიანური ღირსება…

რაც შეეხება ქართულ მედია სივრცეს. ვფიქრობ, ეს ყოველივე, სარკეა ჩვენი ქვეყნისათვის და მასში ჩახედვისას ყველა იმას ხედავს რაც უნდა რომ დაინახოს ან, კიდევ, ვერ შეამჩნევს იმას, რაც არ მოსწონს. ასე, რომ პრობლემა სარკეში კი არაა, არამედ იმაში ვინც სარკის არსი ვერ გაიგო და იმას არ ხედავს რისი დანახვაცაა აუცილებელი. ისე კი, ერთხელ მაინც, ვყოფილვართ, ალბათ, მრუდე სარკეებიან სიცილის ოთახში და, ამ დროს მთავარია, რამდენად ადეკვატურად შეგვიფასებია იქ დანახული გამოსახულებები. ერთი ზღაპარიც გამახსენდა, სადაც სპეციალურ სარკეში ახედებდნენ გამხდარ, მშიერ და მისავათებულ ხალხს, რომლებიც გაოგნებულები უყურებდნენ თავიანთვე გამოსახულებას, სადაც საოცრად და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ…

რა შეიძლება ამას დავამატო? ალბათ ის, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა სახის ინფორმაციები მიეწოდება მასებს, ამ დროს მთავარია, თუ რა დონეზე შეუძლია ხალხს აზროვნება, რამდენად შესწევს უნარი სწორად შეაფასოს მოვლენები თუ კონკრეტული სიტუაცია, როგორი პასუხისმგებლობის გრძნობა და ღირსება გააჩნია. საერთოდ კი, ღირსება, ვისაც ასეთი გააჩნია  (მედია იქნება ეს თუ კონკრეტული პიროვნება), თავის თავს არ მისცემს უფლებას უცერემონიოდ ჩაერიოს ადამიანთა პირად ცხოვრებაში, უფრო მეტიც, ღირსება არავის გააყალბებინებს ფაქტებს და ღირსეულები არ ისვრიან ტალახს, რამეთუ, ნასროლი ტალახი შესაძლოა ასცდეს ადრესატს, მსროლელს კი ხელები წაებილწება საშვილიშვილოდ…

რამოდენიმე თვის განმავლობაში ყველა საარჩევნო სუბიექტმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, ყველამ, რა თქმა უნდა, ნათელ ფერებში, დაუხატა მომავალი ხალხს და სანუკვარ ცხოვრებაც დაპირდა, თუკი აირჩევენ და ყველაფერ ამას ერთობლიობაში უსმენდა ხალხი, რომელიც, მართლაც რომ, ამ მოზღვავებული ინფორმაციის პრესის ქვეშ მოექცა და, ნეტავი, თუ ესმით მავანთ, რა ძნელია ყოველივე ამის ერთობლიობაში გაანალიზება? რა კარგია, რომ ხვალ პოლიტიკური დუმილის დღეა… ზეგ კი ყველა თავის არჩევანს გააკეთებს და მთავარია იგი გულით იყოს ნაკარნახევი, ღირსებისა და პასუხისმგებლობის გრძნობით გაკეთებული!

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

არჩევანი არჩევნებამდე: არჩეულია ტალახი…


დილიდანვე მშვენიერი ამინდი იდგა დედაქალაქში და ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულიც უფრო მეტად ალამაზებდა დღევანდელ დღეს. თუმცაღა, გული მაინც ტკივილით შეტოკდებოდა, ხოლმე, როცა მახსენდებოდა, თუ რა ტრაგიკული დღეა, აგრეთვე, 27 სექტემბერი, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანისათვის – 19 წლის წინ დაეცა სოხუმი და საქართველოს ძირძველი კუთხე მოექცა ფაქტიური ოკუპაციის ქვეშ… და, იმედიანად ჩავრთე ტელევიზორი იმის მოლოდინით, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულისადმი იქნებოდა მიძღვნილი საინფორმაციო ბადის ძირითადი ნაწილი, იქნებოდა მიმართვები ქვეყნის სულიერი მამისა და საეკლესიო პირებისაგან, იქნებოდა დოკუმენტური ფილმები ჩვენს ტკივილიან წარსულზე და მსჯელობები ოპტიმისტურ მომავალზე, მაგრამ… დილიდანვე, პრაქტიკულად მთელი საინფორმაციო სივრცე პირდაპირ წალეკა სერიალმა ”Dirty 007”… გადავრთე ერთ არხზე, მეორეზე, ერთი საათის შემდეგ, ორი, სამი, ხუთი, ვუყურებ, ერთგვარი უაზრო აზარტით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს სატელევიზიო მარაზმი, მაგრამ არა და არ დაადგა საშველი, ამას კიდევ ერთვოდა ჟურნალისტების ”ანალიტიკური” დასკვნები და ნადირობა კომენტარებისათვის. მოკლედ,  არა და არ დამთავრდა ეს ტალახი და, ალბათ, ცოტა ხანში, ლამის, ყველას ექნება მასთან შეხება – ზოგს ესვრიან, რათა გასვარონ, თუმც უშედეგოდ, ზოგიც ტალახის სროლისას გაისვრება საშვილიშვილოდ… საზოგადოების ცნობიერების გაუპატიურება მიმდინარეობს მიზანმიმართულად. ერთი სიტყვით – გათენდა, ”კომპრომატის” მზე აენთო, მოცურდა პატივისცემა, სინდისი ჩქარა!

ღმერთო, როდის დამთავრდება ეს  მარაზმი?

P.S.

”ის ვინც დღეს და ამ დღეებში ქვეყანას კვებავს კომპრომატებით, მას თავისი ხალხი ეზიზღება”

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

ქუთაისი, 27.09.2012

როგორც იტყვიან – NO COMMENTS…

თუმცაღა, წინ საკმაოდ ორიგინალური შეჯიბრი გველოდება თითის გაშვერაში, თუ, კონკრეტულად, ვის ეხება პრეზიდენტის ზემოაღნიშნული გამონათქვამი… და თავის თავზე არ მიიღებს ამ ციტირებულ გამონათქვამს ის, ვინც უკანონო აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერების გაკეთებით იყო დაკავებული, ვინც უსინდისოდ უკეთებდა მონტაჟს კონკრეტულ პირთა ცალკეულ გამონათქვამებს რათა იგი ე.წ. ”კომპრომატად” ექცია და ამით გადაეფარა ის საშინელებები რაც ქვეყანაში ტრიალებს…

და, ბოლოს, კიდევ ერთი შეკითხვა: რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან ფაქტი და კომპრომატი?

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

ადამიანური ღირებულებები და ცივილიზებული სამყაროს პრიორიტეტები


მართლაც, ბევრი რამ საინტერესო მახსენდება, 3 წლის გასვლის შემდეგაც, როცა ვიმყოფებოდი მივლინებით ფინეთში. პირველი, რაც თვალშისაცემია, ეს უაღრესად კეთილგანყობილი ხალხი და მშვიდი გარემო, იქ საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს პრაქტიკულად ყველა, როგორც ადგილობრივები, ასევე ქვეყანაში დროებით ჩასულები. ერთი კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდი ჰელსინკსა და ფინეთის სხვა ადგილებში და, ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ დავინახე, იქ, პოლიციის მანქანა. არ ვამტკიცებ, რომ ფინეთში ყველაფერი იდეალურადაა და არ ხდება დანაშაულები, თუმცაღა ქვეყანაში საკმაოდ მაღალ დონეზეა დაყენებული დანაშაულის პრევენციის სისტემა და მაქსიმალურადაა შესწავლული კრიმინალური რისკის საკითხები. როგორც აგვიხსნეს სპეციალისტებმა, ერთ კონკრეტულ მაგალითზე, სამართალდამცავმა სამსახურებმა საკმაოდ კარგად იციან, რომ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, რადგანაც ფინელებს უყვართ ალკოჰოლიანი სასმელები და მოლხენა, რის შემდეგაც საკმაოდ მატულობს, მთვრალ მგდომარეობაში, დანაშაულის ჩადენის რისკი. აი ასეთ დღეებსა და სიტუაციებში განსაკუთრებით მატულობს სამართალდამცავების პრევენციული ღონისძიებებიც. ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა, ფინეთში, ოჯახში ძალადობისა და კონფლიქტების ფაქტებს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის პრევენციას. პირველადი პრობლემა, აქაც, ალკოჰოლის ზემოქმედების გამო გამოწვეული უკონტროლო მდგომარეობაა და იციან რა ყოველივე ეს, სამართალდამცავები სრულ მზადყოფნაში არიან, ხშირადაც პატრულირებენ ე.წ. რისკის ჯგუფის ოჯახების საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეული დროის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობა, მათ შორის ოჯახური, ერთ-ერთი უმთავრეს და უმტკივნეულეს პრობლემათაგანია არა მარტო ფინეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, ხშირია პრობლემისადმი მიძღვნილი კონფერენციებიც და 2007 წელს მეც ვიმყოფებოდი ერთ-ერთ კონფერენციაზე პორტუგალიაში, სადაც საკმაოდ მაღალ დონეზე იყო გაანალიზებული ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტები და ოჯახური ძალადობებები, განხილული იქნა, აღნიშნულ პრობლემასთან მიმართებაში, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიერ მომზადებული საინფორმაციო-ანალიტიკური თუ სტატისტიკური მასალები. ცალკე მინდა აღვნიშნო შემდეგი, რომ, საქართველოში, პირადად მე ვმუშაობდი აღნიშნულ საკითხებზე და, ასევე, ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით, ამ სფეროში, შექმნილი იქნა ეგრერიგად საჭირო და მნიშვნელოვანი საინფორმაციო-სტატისტიკური მიმართულება. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის აღნიშვნაც, რომ 2007-2011 წლებში საკმაოდ მაღალ სიმაღლეებზე იქნა აყვანილი საინფორმაციო-სააღრიცხვო და სტატისტიკური საქმიანობა საქართველოში, როგორც დაზარალებულ პირთა, ოჯახურ კონფლიქტებსა თუ ძალადობებთან დაკავშირებით, ასევე რიგ სხვა სფეროებში. მიხარია რომ, ამ შენებას მთელი ძალღონე მოვახმარე და პირადადაც ვკურირებდი სხვადასხვა მიმართულებას.  ისე კი, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში შექმნილი და განვითარებული ცალკეული სფერო და სააღრიცხვო საქმიანობა ერთი თავით მაღლა იდგა ბევრი სხვა ქვეყნის ანალოგიურ საქმიანობასთან.

საკმაოდ ბევრი სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულება მოვინახულეთ ფინეთში და, მთლიანობაში, როცა გვიწევდა კონკრეტული გადაწყვეტილებების შეფასება უფლებადამცველთა თუ სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებაში, პირადად მე მრჩებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში საკმაოდ ოპტიმალურად ხდებოდა ფინანსებისა და ადამიანური რესურსების გამოყენება სხვადასხვა საქმიანობასა თუ მიმართულებაში. როგორც უკვე აღვნიშნე ზემოთ, პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ფინეთში არ ელოდებიან, ერთგვარი მოლოდინითა და მოთმინებით, სანამ მოხდება დანაშაულებრივი ფაქტი, რომ შემდეგ იმუშაონ მის გახსნაზე და შედეგად დახარჯონ გადასახადების გადამხდელთა საკმაოდ დიდი თანხები, არამედ მთელი სისტემა გადართულია დანაშაულის პრევენციაზე და პრიორიტეტულადაა დასახული, ცალკეული დანაშაულებრივი ფაქტები აღკვეთილ იქნას საწყის ეტაპზევე, მის ჩადენამდე. სამშობლოში დაბრუნებისას ყველას ერთი აზრი გვქონდა, რომ ფინურ რეფორმებს ქართული ტემპერამენტი რომ დამატებოდა შედეგები უფრო მეტად იქნებოდა თვალშისაცემი, თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სკანდინავიური პრიორიტეტები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო, აგრეთვე, იმაზე, რომ ფინური მართლმსაჯულება გამოირჩევა მაღალი დონის ჰუმანიზმითა და ლიბერალობით, რაც მართლაც სამაგალითო უნდა იყოს ბევრი ქვეყნისათვის, მთელს მსოფლიოში. ძალზე შთამბეჭდავი შენობაა გამოყოფილი ჰელსინკის სასამართლო დაწესებულებისათვის, კომფორტული გარემო მთელ შენობაში, ავტომატიზებული სისტემებით მთლიანად უზრუნველყოფილი და სრულად იგრძნობოდა, იმ დროისათვის არსებული, მაღალი ტექნოლოგიების გავლენა. ძნელი იყო არ შეგვემჩნია, თუ რა განცდა დაეუფლებოდა შენობაში ყოფნისას ადამიანს, თუ როგორ იქნებოდა დარწმუნებული, რომ სამართალი აუცილებლად აღსრულდებოდა, იზეიმებდა სამართლიანობა. გუშინდელ პუბლიკაციაში მოგიყევით, თუ როგორი სიტუაციაა ფინეთის პენიტენციალურ სისტემაში, რასაც დავამატებ შემდეგს: ქვეყნის სასჯელ-აღსრულების სისტემაში ისეთი ჰუმანური გარემო და დამოკიდებულებაა, ისეთი მაღალი დონის ადამიანური ღირებულებებია აღებული საფუძვლად, რომ აღნიშნული დაწესებულებიდან გამოსულ სასჯელმოხდილი პირებს, პრაქტიკულად, არა აქვთ სულიერი ჭრილობები, რომ არაფერი ვთქვათ ფიზიკურზე და გათავისუფლებულ პირებს აღარ უჭირთ უმოკლეს ვადებში მოახდინონ სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში. საინტერესოა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, როგორი სიტუაციაა სხვა ქვეყნებში, მით უფრო პოსტსაბჭოურ სივრცეში?  ისე კი, სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქვეყანა იმ დონეზეა ცივილიზებული, რა დონეზეც იცავს იგი განურჩევლად ყველა ადამიანის უფლებებს!

აი ასე გამოიყურება მართლმსაჯულების (სასამართლოს) შენობა ჰელსინკში.

12062009085 (700x525, 317Kb)

გამჭვირვალე შენობა, გამჭვირვალე მართლმსაჯულება…

ყველაფერი ადამიანის უფლებების დასაცავად!

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)