Category Archives: თავისუფლება

საქართველოს დამოუკიდებლობა: საამაყო წარსულიდან ღირსეულ მომავლამდე


მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ერი რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავს, ეს სიამაყესთან ერთად, ბევრ სხვა ტკივილსაც გვახსენებს, რამეთუ საუკუნეების განმავლობაში, ბედის უკუღმართობის გამო, ჩვენს სამშობლოს არაერთხელ დაუკარგავს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, შემდეგ კი ბევრი სისხლიც დაღვრილა ქვეყნის ღირსება რომ აღდგენილიყო. დღეს, კიდევ ერთხელ გვეძლევა შანსი გავიხსენოთ და შევაფასოთ ჩვენი წარსული – ტკივილსა და ტრაგედიებთან ერთად წარმატებებითა და სიხარულით აღსავსეც, როცა მარცხს ბევრად უფრო მეტი გამარჯვება მოჰყოლია, როცა დაქუცმაცებული საქართველო მძლავრ სახელმწიფოდ გაერთიანებულა, როცა ერს ურიცხვი დამპყრობლისთვის უჩვენებია თავისი თავგანწირვა, შემდეგ კი უფრო და უფრო დავაფასოთ თაობების შეუპოვარი ბრძოლით ჩამოყალიბებული, დაბრუნებული თუ შენარჩუნებული სახელმწიფოებრიობა. თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმთან ერთად ღირსეული და წარმატებული სახელმწიფოს აშენებაზე ფიქრით უნდა იყოს ერი გაერთიანებული, რომ ქვეყანა ნამდვილად იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი…
ამასწინათ აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ: “ნამდვილ დამოუკიდებლობას ერთიანი ერი და საღად მოაზროვნე საზოგადოება მოიპოვებს მხოლოდ, ჩვენ კი ბედად გვერგო აურაცხელი ცხოვრებისეული გაკვეთილის მიღება.
ღირსეულ დამოუკიდებლობას ვუსურვებ/ვულოცავ სრულიად საქართველოს!”
დიახ, საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობა გადის ხიდზე – საამაყო წარსულიდან ღირსეულ მომავლამდე!
დიდება საქართველოს!!!
P.S. ისე, ცალკე მინდა გავამახვილო ყურადღება შემდეგ ფაქტზე, რომ 26 მაისი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა (1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული აქტის საფუძველზე) და ზუსტად ეს აღინიშნება დღეს!

ოკუპაციის ექო: ფარისევლობა, ცინიზმი, ბოროტება…


ამ დღეებში, მოსკოვში მცხოვრები ერთი ქართველი დამიკავშირდა და როგორც ბლოგერს (ქართულ და რუსულენოვან ინტერნეტ სივრცეში), რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული, მთხოვა დახმარება საქართველოს საინფორმაციო სტენდის მომზადებაში მართლმადიდებელი ერების მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის, რის ორგანიზებასაც მასთან ერთად მისი დაც ახდენდა, ხოლო ღონისძიება დაგეგმილი იყო მოსკოვის გარეუბანში. მე, ყოველთვის უდიდესი ენთუზიაზმითა და მონდომებით ვცდილობდი ჩემი სამშობლოს პოპულარიზებას ინტერნეტ სივრცეში და ახლაც მოხარული ვიქნებოდი საქართველოს პოპულარიზებაში ჩემი წვლილიც შემეტანა, თუმცა… ამჟამად არ მიცდია საქართველოს ბედკრული წარსულის შესახებ მეთქვა რაიმე თხოვნის ავტორისთვის, არც ეკლესია-მონასტრებისა თუ სასულიერო პირების განადგურების გამო გამომიხატავს აღშფოთება, ამ გულისტკივილს უბრალო მიმოწერაში სრულად ვერც გადმოვცემდი, ზემოხსენებული ღონისძიების ქართველ ორგანიზატორებს მე მხოლოდ ერთი, სრულიად ბუნებრივი კითხვა დავუსვი: “ჩვენი სამშობლოს სტენდის შექმნისას, საქართველო რომელ საზღვრებშია წარმოდგენილი, ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი თუ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე?” საოცარია, მაგრამ ორი დღე გავიდა უკვე და შეკითხვის დასმამდე ის მოსკოველი ქართველი თუ დაჟინებული თხოვნით გამოირჩეოდა და სულმოუთქმელად ელოდა ჩემს მხარდაჭერას, შეკითხვის შემდეგ ჩამიჩუმიც აღარ ისმის…
თუმცაღა, ახლა როცა ასეთი ტრაგიკული ფაქტი მოხდა ხურჩაში, როცა მთელი სისასტიკითა და დაუნდობლობით, დაუსჯელობის სინდრომით წახალისებულმა ნაძირალამ “ისარგებლა” ოკუპაციის ბოროტებით და სასიკვდილო ტყვია ესროლა საქართველოს მოქალაქეს, უიარაღო, მშვიდობიან მცხოვრებს, რა პირით უნდა მთხოვოს დახმარება ფარისევლობაში?!
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ერთიც უნდა ვთქვა: როცა ოკუპაციის საზღვარს გადმოლახავს არაკაცი ბოროტმოქმედი, ოკუპაციის მსახური, ჩაცხრილავს ადამიანს, შემდეგ კი მშვიდად დაბრუნდება უკან, შედეგად ეს ტყვია, ისევე როგორც საქართველოს, ცივილიზებულ სამყაროსაც მოხვდა გულში…
21 მაისი, 2016 წ.

 

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

არჩევნები საზოგადოების პასუხისმგებლობის გრძნობის საზომია…


წინასაარჩევნო ციებცხელების ბოლო კვირა დაიწყო საქართველოში, კულმინაციას აღწევს პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი საარჩევნო შტაბების აქტივობა, ბევრი რამის სიღრმისეულად გაანალიზება, ბევრ რამეზე საფუძვლიანად დაფიქრება მოუწევთ ამომრჩევლებაც და, ამ დროს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, რამეთუ, საერთო ჯამში, ზუსტადაც რომ, ამომრჩევლის პასუხისმგებლობა განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს და ქვეყანაც მისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმკის შედეგებს. მეც, ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვიღებ სამშობლოს წინაშე და საარჩევნო კაბინაში შესვლისას, სხვებთან ერთად, მეც მომიწევს ყოველივეს საფუძვლიანი გაანალიზება, რომ მომავალში არ შემრცხვეს მიღებული გადაწყვეტილების, თუნდაც ცალკეულ პოლიტიკოსებს სირცხვილზე უფრო მეტად საკუთარი ამბიციები აღელვებდეთ…
ასეთი პოზიციით მივდიოდი არჩევნებზე წლების განმავლობაში, ასე იყო გასულ წელსაც და, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოლოდინი ყოველთვის უფრო მაღალი იყო, ვიდრე რეალური შედეგი, მაინც ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება მომავალშიც ასევე შინაგანი რწმენით უნდა მივიღო, რადგანაც ჩემი ერთი ხმა ჩემივე ღირსების საზომია და არა რომელიმე პოლიტიკოსის ამბიციის…

© ფეისბუკის ჩემი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

პრესის თავისუფლება განსაზღვრავს საზოგადოების თავისუფლებას


პრესისა და სიტყვის თავისუფლება – ეს არის ცივილიზებული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ფასეული მონაპოვარი, ხოლო პრესისა და სიტყვის თავისუფლების ხარისხი  პიროვნების თავისუფლების ხარისხის პირდაპირპროპორციულია.

Файл:1301 Connecticut Avenue.JPG

სიტყვის თავისუფლება ყოფილ სსრკ-ს რესპუბლიკებში

საბჭოთა კავშირში სიტყვის თავისუფლებაზე საუბარს და მის შეფასებას, ვფიქრობ, ნამდვილად არა აქვს ახლა აზრი, რადგანაც ვთვლი, რომ სსრკ-ში, პრაქტიკულად არ იყო არანაირი პრესა, იყო მხოლოდ ერთი მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა. ამ უზარმაზარი ქვეყნის მოსახლეობისათვის, ალბათ ბევრად უფრო სანდო და დამაჯერებელი იყო კერძო, პირადი საუბრების დროს მიღებული ინფორმაცია, როცა ოფიციოზისგან ფარულად იგებდენენ იმ ჭეშმარიტებას, იგებდნენ იმას, თუ როგორ ცდილობდა საბჭოთა პრესა და ტელევიზია ხალხის გაბითურებას, როგორ ცდილობდა ინფორმაციულ ვაკუუმში ყოლოდა მოსახლეობა, ხოლო ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, როგორც ადრე აღვნიშნე, “ხალხი ჰგავს ქვევრში გამოკეტილ აბესალომს და მანამ ვერ გათავისუფლდება, სანამ ქვევრი არ გატყდება”… ჰოდა, ბოლოს და ბოლოს, გატყდა ის “ტოტალიტარული ქვევრიც” და ხალხმა იგემა ინფორმაციის თავისუფლების გემოც…

და მაინც, როგორ შეიცვალა სიტუაცია სსრკ-ს დაშლის შემდეგ?

ძნელია ზუსტად და სრულად განისაზღვროს მიღებული შედეგები. შესაძლოა, ყოფილი საბჭოთა რეპუბლიკებში, ამ ტოტალიტარული იმპერიის დაშლის შემდეგ, სიტუაცია არც თუ ისე მძიმეა, როგორც ეს იყო ათეული წლების წინ, თუმცაღა ცალკეული ხელისუფალი, რიგ შემთხვევებში, მაინც იადვილებს ცხოვრებას, როცა პრესას პრესის ქვეშ მოაქცევს ხოლმე… ხოლო, როცა არ არის პრესისა და სიტყვის თავისუფლება, მაშინ პიროვნების თავისუფლებაც, სადღაც შორს, “ჰორიზონტს მიღმაა”…

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, დღეისათვის არსებული, პრესის თავისუფლების ხარისხის შეფასებისას თვალშისაცემია ძალზე სერიოზული განსხვავება ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და სხვა დანარჩენებს შორის. აი რას ნიშნავს ცივილიზებულ ევროპულ თანამეგობრობაში ყოფნა…

ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს ყოფილ სსრკ-ში შემავალ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა სიტყვის თავისუფლების მხრივ 2003-2013 წლებში*:

ქვეყანა**/
წელი, ადგილი***
2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011-12 2013
აზერბაიჯანი 113 136 141 135 139 150 146 152 162 156
ბელარუსი 151 144 152 151 151 154 151 154 168 157
ესტონეთი 12 11 11 6 3 4 6 9 3 11
თურქმენეთი 158 164 165 167 167 171 173 176 177 177
ლატვია 11 10 16 10 12 7 13 30 50 39
ლიტვა 17 16 21 27 23 16 10 11 30 33
მოლდოვა 94 78 74 85 81 98 114 75 53 55
რუსეთი 148 140 138 147 144 141 153 140 142 148
საქართველო 73 94 99 89 66 120 81 99 104 100
სომხეთი 90 83 102 101 77 102 111 101 77 74
ტაჯიკეთი 113 95 113 117 115 106 113 115 122 123
უზბეკეთი 154 142 155 158 160 162 160 163 157 164
უკრაინა 132 138 112 105 92 87 89 131 116 126
ყაზახეთი 138 131 119 128 125 125 142 162 154 160
ყირგიზეთი 104 107 111 123 110 111 125 159 108

106

* – ცხრილის შედგენისას გამოვიყენე რესურსი “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (Reporters Without Borders);
** – ცხრილში ქვეყნები ალფავიტის მიხედვითაა დალაგებული;
*** – იმ შემთხვევისას, როცა რამოდენიმე ქვეყანას ერთი და იგივე სარეიტინგო ქულა აქვს დაკავებული ადგილის ნომრად აღებულია პირველი ანუ უკეთესი მაჩვენებელი.

ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ცხრილი გამოვიდა და შედეგების ანალიზიც საინტერესო დასკვნების საშუალებას იძლევა. მართლაც, ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იყოს მრავალფეროვანი და ალტერნატიული ინფორმაციები, ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის პრიორიტეტული იყოს პრესისა და სიტყვის თავისუფლება, შედეგად კი პიროვნების თავისუფლება. ძალიან მინდა, მედია უფრო და უფრო თავისუფალი იყოს ჩემს სამშობლოში და მთელს მსოფლიოშიც, ასევე, უფრო და უფრო მაღალი იყოს ჟურნალისტებისა და რეპორტიორების პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობაც!

აი ასე გამოიყურება სიტყვის თავისუფლების შესაბამისი მსოფლიო რუკა 2013 წლისათვის

 2013 World Press Freedom
გაგრძელება: ნახეთ ინდექსები და შესაბამისი რეიტინგი ცხრილის სახით (2013 World Press Freedom Index)

არჩევნები შედგა: სამართალისა და სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო!


2012 წლის 1 ოქტომბერი, მართლაც, ისტორიული დღე აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში. ის, რაც ამ დღეს მოხდა, დაუჯერებელი იყო არა თუ ერთი წლის წინ, 2-3 თვის წინაც კი ბევრს ეეჭვებოდა, მაგრამ ის რაც, ერთი მხრივ, მოულოდნელი იყო, მეორეს მხრივ ხალხის მოთხოვნა აღმოჩნდა და ყოვლისშემძლე ნაციონალური მოძრაობა, უცებ, ოპოზიციაში გადაბარგდა და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ, ხელისუფლების ცვლილება მოხდა მშვიდობიანი გზით. ახლა, ძალიან მაინტერესებს, რა შეიცვლება, ქვეყანაში, მომდევნო დღეებში, თვეებში, წლებში? მერე და რამდენი რამაა შესაცვლელი, გამოსასწორებელი, გასაუმჯობესებელი და ა.შ., რაც, ფაქტიურად, უკვე დაიწყო დეკლარაციებისა და პოზიციების დაფიქსირების დონეზე და ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს უკვე, თანაც, ბევრი რამ, საკმაოდ სწრაფადაც. აი ამას ითხოვდა ხალხი არჩევნებზე, აი ამის მოლოდინი აქვს საქართველოს მოსახლეობას!

არჩევნების საბოლოო მონაცემები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ალბათ, უახლოეს ხანებში გამოქვეყნდება, შემდეგ მისი დამტკიცება მოხდება კომისიაში რისი, საბოლოოდ გააფორმება, უკვე, პარლამენტში მოხდება და შედეგად ახალი პარლამენტი გახდება ლეგიტიმური. რა იქნება შემდგომში ამას უკვე დრო გვიჩვენებს და, დრო და დრო, მეც მოვამზადებ შესაბამის პუბლიკაციებს, აჟამად კი ძალიან მაინტერესებს, თუ რა შეიცვლება ტელევიზიებში ე.წ. ნაციონალურ თუ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილში? უბრალოდ ღირსების საკითხია, რომ მედია ყოველთვის პრინციპულ პოზიციაზე დარჩეს და კრიტიკულად იყოს განწყობილი ნებისმიერი ხელისუფლებისადმი. აქვე, სამართლიანობა მოითხოვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოსწორდეს ის მარაზმატიკული დამოკიდებულება რეკლამების განთავსებასთან დაკავშირებით, როცა ხელისუფლებისადმი არასასურველ ტელევიზიებში ყველანაირად იზღუდებოდა რეკლამების განთავსება, ეს კი გამოწვეული იყო ბიზნესში არსებული არათავისუფალი გარემოს გამო. აგრეთვე მაინტერესებს: არჩევნების საბოლოო შედეგების დამტკიცების შემდეგ, პრაქტიკულად მთავრდება საარჩევნო პერიოდი და, გამომდენარე აქედან, რა კანონიერი საფუძველი ექნება, უკვე, სატელიტური ანტენების დაყადაღების პროცესის გაგრძელებას?

ასევე უპირველესი ზრუნვის საგანია, რაც შეიძლება მალე მოხდეს თავისუფალი მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება, ამას თუ დავუმატებთ თავისუფალ მედიას თავისი ჟურნალისტური გამოძიებებით, ყოველივე ეს ბევრი რამით უნდა დაეხმაროს უკვე ხელისუფლებას, სურს მას ეს თუ არა. კანონიერება, სამართალი და სამართლიანობა ხალხს სურს და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!

P.S. წინა პუბლიკაციაში, მე გავიმეორე ჩემი, თვეების წინ, დაფიქსირებული პოზიცია, რომ ”არჩევნებზე ადამიანმა შეიძლება გამოხატოს თავისი ნება, მაგრამ ამით ის ვერ მოიპოვებს თავისუფლებას, იგი არჩევანის გაკეთებამდე უნდა იყოს თავისუფალი!”. დღეს კი, ხალხის სახეებს რომ ვუყურებდი, მართლაც თვალნათლივ ვხედავდი თავისუფლების მოგიზგიზე ცეცხლს, მათ გულებში. დიახ, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ბევრად უფრო უკეთეს, ბევრად უფრო ღირსეულ მომავალს და ჩვენ ყველა ერთად დავადექით ამ გზას!

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)