საინფორმაციო სივრცე და საზოგადოების არჩევანი


დღეს, მსოფლიო, ნამდვილად არ განიცდის ინფორმაციის ნალკებობას, მით უფრო ნაკლებობას მრავალფეროვნებისა, თუმცაღა ამ მოზღვავებულ ინფორმაციულ ნაკადს, ინტერესისა თუ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების გარდა საკმაოდ ნეგატიური გავლენის მოხდენაც შეუძლია ადამიანზე და არც თუ უმნიშვნელოსი.

დილიდან დამთრგუნა რამდენიმე პუბლიკაციამ, უფრო ზუსტად კომენტარებმა ამ პუბლიკაციებზე. ვფიქრობ და შიშით ვუყურებ მომავალს – ნეტავი, როგორ და როდის მოხერხდება, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს საზოგადოებაში დაგროვილი ამდენი ზიზღის, სიძულვილისა და გაუტანლობისაგან?

კოაბიტაცია, კოაბიტაცია, კოაბიტაცია…

ამ ბოლო დროს, ყველას, ლამის, ეს “მშობლიური” სიტყვა აკერია პირზე, თანაც ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ კოაბიტაცია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსების “საჯილდაო ქვაა” და არც არავინ ფიქრობს იმაზე, რომ კოაბიტაცია,  ზუსტადაც რომ, მთლიანად საზოგადოებას სჭირდება, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ დღეს, ზუსტადაც რომ, სიკეთემ უნდა სძლიოს ბოროტებას, ქვეყანა რომ განვითარდეს და გაძლიერდეს. განა, ცოტაა პრობლემა ქვეყანაში, რომელსაც ყველა ერთად უნდა შევეჭიდოთ?!

არადა, სულ რაღაც ერთი კვირის წინ, საზოგადოება, სრულიად საქართველო, შეცდომებისა და მიყენებული ტკივილისათვის პატიებას ითხოვდა, მიტევებასა და შენდობას.

მძიმე მარხვაც დაავიწყდა, თითქოს, ხალხს და მხოლოდ სააღდგომო დღეებში მოახდენენ, ალბათ, „სავალდებულო“ თბილი ურთიერთობების დაფიქსირებას, მერე კი…

მერე კი ყველაფერი ისევ ცხოვრების “ჩვეულებრივ” რიტმში ჩადგება და იქნებ დღესვე დაგვეწყო ფიქრი იმაზე, რომ ეს რიტმი ადამიანებს კი არ უნდა აშორებდეს ერთმანეთისგან, არამედ უნდა აახლოებდეს…

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

ერთ დღეში ჩატეული მთელი ცხოვრება


მიტევების დღე…

მართლაც, ცოტათი გაუგებარი და უცნაურიც კია, ერთი დღით შემოიფარგლოს ადამიანის სინანული და გულისტკივილი დაშვებული შეცდომების გამო. თითქოს მოუთმენლად თუ, პირიქით, უდიდესი მოთმინებით ხდება დალოდება იმ დღისადმი, როცა კალენდარი შეახსენებს ადამიანს, რომ მიტევება, პატიება და შენდობა უნდა ითხოვოს. თითქოს, მხოლოდ ამ დღეს (თუ ამ კვირაში) ხდება განსაკუთრებული რამ და თურმე, ზუსტადაც რომ, ახლა დგება ის დღე, როცა ადამიანი გულწრფელი უნდა იყოს… არადა, კარგად რომ დავფიქრდეთ, მთელი ჩვენი ცხოვრება ზუსტადაც რომ ამ დღის არსით უნდა ვიცხოვროთ, რადგანაც, რაც არ უნდა შეუმჩნეველი იყოს, ჩვენი ყოველი შეცდომა, რითაც ტკივილი მიგვიყენებია სხვისთვის, ყოველთვის თან დაგვყვება და ხშირად გაგვისწრებს კიდეც, წინ რომ დაგვხვდეს. ასე რომ, სხვა ნებისმიერი დღე, მიტევების დღეზე მეტად თუ არა ნაკლებად ნამდვილად არ უნდა აღვიძებდეს ადამიანში სინანულის გრძნობას, მით უფრო, რომ ზუსტადაც რომ დაშვებული შეცდომის აღიარება და სინანულია ის მალამო, რაც ტკივილს დაუამებს ადამიანს, ხოლო მიტევება და შენდობა – ის ამაღლებული გრძნობა, რომელიც ადამიანს ღირსებას მატებს!

ნამდვილად არა ვარ იდეალური და შეცდომებიც არაერთხელ დამიშვია. არც სინანული და პატიების თხოვნაა ჩემთვის უცხო, მით უფრო, რომ, თუ ვინმესთვის გული მიტკენია, ეს მეც მიკლავდა გულს, ასე რომ დღესაც თავდახრილი შემიძლია ვთხოვო პატიება მათ, ვისთვისაც გული მიტკენია, თუნდაც ამასთან ერთად უამრავი სიკეთე მეკეთებინოს!

ისე, ჩემთვისაც არაერთხელ მოუყენებიათ ტკივილი… მართლაც არაა იშვიათი, როცა ადამიანები გულს ტკენენ ერთმანეთს და მეც არაერთხელ გავხდი მოწმე უმადურობის, უგულობისა თუ ფარისევლობისა, როცა ადამიანი ბევრ რამეს ივიწყებდა, როცა ერთ ხელში სანთელი ეჭირა, მეორეთი კი პირჯვარის გადაწერის ნაცვლად ტალახს ეძებდა, რათა ვინმესთვის ესროლა… იშვიათი არც დაღალატება ყოფილა და ძნელია ყოველივე ამას შეცდომა დაერქვას, თუმცაღა, მაინც, ყოველივე ეს გაუგებრობას მინდა მივაწერო და  წინდაუხედავობას თუ დაუფიქრებლობას, რაშიც ამ აწეწილ-დაწეწილ ცხოვრებასაც მიუძღვის უდიდესი წვლილი, ამიტომაც მინდა გავუგო მათ, ვაპატიო და მთელი გულით ვთხოვო ღმერთსაც, რომ შეუნდოს შეცდომები!

არავინ იცის რას გვიმზადებს ბედი ხვალ, მაგრამ დღეს იგი შანსს გვაძლევს…

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

გაზაფხული, მშვენიერება, ფერიები და ბედნიერი საქართველო


მშვენიერი, თბილი, მართლაც რომ არაჩვეულებრივი, საგაზაფხულო ცოცხალი ამინდი იყო დღეს თბილისში. გასეირნება გადავწყვიტე ქალაქში, მინდოდა საკუთარი თვალით მენახა, თუ როგორ შემოდის გაზაფხული დედაქალაქის ცხოვრებაში, როგორ შეიგრძნობს მას ჩემი თანამემამულეები…
რა თქმა უნდა მოვინახულე ჩემი საყვარელი სკვერიც თავისუფლების მოედანზე. ვხედავ, ხალხი რაღაცნაირად ემოციურად და გაოცებული მისჩერებოდა წმინდა გიორგის სკულპტურის მიმდებარე ტერიტორიას.მეც დავინტერესდი და ვხედავ საკმაოდ ეფექტურ სანახაობას. როგორც აღმოჩნდა, წარმტაცი მოდელები და სალონი MariGold-ი ახდენდნენ საქორწინო კაბების ჩვენებას. უმშვენიერესი მოდელები, საუცხოო საქორწინო სამოსი, გადასარევი ამინდი, ამაღლებული, უდავოდ ბედნიერი განწყობა, რაც ნამდვილად მოდიოდა შესაბამისობაში ამ ჩვენების დევიზთან – “ბედნიერი საქართველო”. ნამდვილად ვერ დავტოვებდი ყოველივე ამას ყურადღების გარეშე და, შესაბამისად, მოვამზადე ფოტო-რეპორტაჟი, რის მეშვეობითაც მთელი გულით გადმოგცემთ ამ ამაღლებულ განწყობილებას:

1. შორიდან, თითქოს, ქაოსური სიტუაციის შთაბეჭდილება რჩებოდა…
DSC00829 (700x525, 230Kb)

2. როცა უფრო ახლოს მივედი, არანაირი ქაოსი, მხოლოდ ამაღლებული, ბედნიერი განწყობა…
DSC00830 (700x525, 255Kb)

3. და ჩემს წინ მართლაც ფერიები იდგნენ… 🙂
DSC00951 (700x525, 300Kb)

4. ბედნიერი განწყობა ნამდვილად გადამდებია, მით უფრო თუ მას პერსონალურად ჩუქნიან… ჩემი ფოტოაპარატის ობიექტივს 🙂
DSC00914 (700x525, 259Kb)

5. ლურჯი ცა… თითქოს თვითმფრინავმაც ხაზი გაუსვა ბედნიერებას…
DSC00958 (700x525, 130Kb)

6. მართლაც ყველას გვინდა ბედნიერება და განსაკუთრებით ჩვენი სამშობლოსათვის…
DSC01020 (700x525, 213Kb)

საგაზაფხულო-ამაღლებული განწყობით,
edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე
(Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)