ჩემი ნაკვალევი ფეისბუკის გვერდებზე – 3


აბსოლიტური ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანთა ნამდვილ სახეებს გაჭირვების ჟამს ვხედავთ, ხოლმე. ამ დროს ვხედავთ იმასაც, თუ ვინ არ გამოგვიწოდა დახმარების ხელი, ვინ ზურგი შეგვაქცია თუ დაგვივიწყა, ხოლო ზოგმა უმადურმა, მედროვემ, ორპირმა თუ სხვა ტიპის სულმდაბალმა ნაძირალამ გვიმტრო და არ მოერიდა ტალახის სროლასაც კი…
რაც თავი მახსოვს, ყოველთვის იმ პრინციპით მიცხოვრია, რომ მეკეთებინა ის, რაც სხვებსაც სჭირდებოდათ და გამოადგებოდათ, შეძლებისდაგვარად, დახმარების ხელი გამეწოდა მათთვის ვისაც უჭირდათ, მხარში ამოვდგომოდი და გამეზიარებინა მათი წუხილი, თუმცაღა, ძალიან მტკივა გული, როცა მახსენდება, თუ როგორ შეძლებია თურმე ზოგიერთს ყველაფერი კარგის დავიწყება, როგორ ადვილად შეძლებია, თურმე, ზოგიერთს, ადამიანისთვის ზურგის შექცევა თუ გაწირვა, თუმცა ყველას, ვინც თვალს არ იბრმავებს, ძალიან კარგადაც უნდა დაენახა, თუ როგორ შეიძლება ბევრი რამ უცებ შეიცვალოს ცხოვრებაში, თანაც რადიკალურად და საპირისპიროდაც…
დღევანდელი გადასახედიდან უკვე ვრწმუნდები, რომ ალბათ ჩემთვის აუცილებელიც კი იყო მიმეღო ასეთი დიდი ცხოვრებისეული გამოცდა, როცა გაჭირვების ჟამს ბევრმა, ყველაფერ კარგთან ერთად, მეც დამივიწყა და ამასთან, ისეთებისგან დავინახე უგულობა, გულბოროტობა და უღირსი ქცევაც კი, ვისაც ღირსეულ ადამიანზე აქვს პრეტენზია, ზოგსაც საკუთარი თავი მორწმუნე ჰგონია თუ უშეცდომო და იდეალური. ყველაფერმა ამან ბევრი რამ მასწავლა…
მადლობა ღმერთს, რომ ასეთ დროს მთელი გულით დამიდგნენ გვერდით ის ადამიანები, ვისთვისაც მართლაც ახლობელი ვყოფილვარ. ისინი ყველანაირად ამომიდგნენ მხარში – ვინ თბილი სიტყვით თუ მხარდაჭერით, ვინ მორალურად თუ მატერიალურად და მათმა ასეთმა მხარდაჭერამ ცხოვრებაში ნათელი ფერებიც დამანახეს. ესენი იყვნენ, მართლაც რომ, ახლობელი ადამიანები და დღეს მთელი გულით მინდა გადავუხადო უღრმესი მადლობა ყველას, ვინც თავის დროზე გულთან ახლოს მიიტანა ჩემი გაჭირვება, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ნამდვილ მეგობრებსა და უძვირფასეს ნათესავებს, ჩემს მშობლებს და განსაკუთრებით ჩემს დაიკოს, რომელთა მხარში დგომა მართლაც ალალი იყო და უანგარო, ყოველივე ამან კი უფრო და უფრო გამაძლიერა, დამისახა კონკრეტული მიზნები, რათა შეუპოვრად შევჭიდებოდი ცხოვრებაში წარმოქმნილ პრობლემებსა თუ უსამართლობას.
მართალია, ბევრი რამ უკვე მოწესრიგებულია ახლა ჩემს ცხოვრებაში, თუმცაღა შემომრჩა გულისტკივილიც, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობებში გაჩენილმა ხინჯმა გამოიწვია. მაგრამ ცხოვრება გრძელდება და მართალია “შეუცდომელთა” გარდა ყველას რაღაც გვეშლება, მეც და სხვასაც, ვფიქრობ, ბევრი რამის დროულად გამოსწორებაც ასევე გვსურს, ხოლმე, მეც და იმედია სხვებსაც…
2014 წლის 2 სექტემბერი

 

ის იყო დავაანონსე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია-მოსაზრებების ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნების ახალი შემართებით გაგრძელება – პოლიტიკურ ან არაპოლიტიკურ თემებთან მიმართებაში იქნებოდა ეს თუ ადამიანურ ურთიერთობებზე, ჩვენს ყოველდღიურობაზე, რომ ქვეყანაშიც საკმაოდ საინტერესო პროცესები დაიწყო თუ გააქტიურდა. ოპოზიციაში თითქოს ერთგვარი დინამიური მოლოდინისა თუ აქტიური მზადების პერიოდია, ხელისუფლებაში კი დიდი დაფიქრებისა თუ ურთიერთობების გარკვევა-დალაგების მცდელობა. დღეს ბატონ Murman Dumbadze-ს ერთგვარი უკმაყოფილება შევამჩნიე, როცა იგი გარიცხეს (თუ თვითონ გავიდა) “ქართული ოცნების” რიგებიდან. აშკარად ჩანდა, რომ განაწყენებული იყო იმის გამო, თითქოს მას არ უსმენდნენ, არ უნდოდათ მისი გაგება. იმედია, ახლა მაინც შეუძლია გაიგოს ბატონმა მურმანმა ჩემი წუხილი, მისი მხრიდან ყურის მოყრუებისა თუ იგნორირების გამო, როცა მას საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, ჩემი აზრით, არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მივწერე არაერთხელ, განსაკუთრებულად გავამახვილე ყურადღება იმ კონკრეტულ საკითხებზეც, რომლებიც შესაბამის ადრესატებამდე უნდა მიეტანა და მათზე ხელისუფლებასაც უნდა გაემახვილებინა ყურადღება, მაგრამ… მოკლედ ფოსტაზეც მივწერე მას არაერთხელ, მობილურზეც, შევუთვალე კიდეც, თუმცაღა, მიუხედავად ჩვენი დიდი ხნის ნაცნობობისა და ჩემს მიერ წამოჭრილი საკითხების აქტუალობისა, მისი მხრიდან ფაქტიურად ნულოვანი რეაქცია მივიღე… ახლა იგი ოპოზიციაში გადავიდა (როგორც განაცხადა) და ძალიან კი საინტერესოა, აწი როგორი პასუხისმგებლობით მოეკიდება ცალკეულ პრინციპულ საკითხებს, რასაც მას მიაწოდებენ, თუმცა მე მის მიმართ, სამწუხაროდ, კარგა ხანია დავკარგე ნდობა…

P.S. ისე კი, სამართლიანობისათვის უნდა აღვნიშნო, რომ სხვებმაც წაუყრუეს ჩემს მიერ წამოჭრილ პრობლემებს. თუმცა მჯერა, რომ მალე დადგება დრო, როცა ბევრი რამ სათანადოდ გაანალიზდება, ბევრი რამ გაირკვევა, ყველაფერი ცხადი გახდება და მაშინ მართლაც გახდება აქტუალური ჩემს მიერ წამოჭრილი საკითხები, ამის შემდეგ კი, იმედია, სწორ გზასაც დაინახავენ კონკრეტული პრობლემების მოსაწესრიგებლად, რადგანაც არა მგონია ცალკეულ უწყებებსა თუ მთლიანად ხელისუფლებაში ეგონოთ, თითქოს ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი იდეალურადაა, თორემ ასე ეგონა თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობასაც და ახლა იმ სტატუსით, რაც მოიმკეს, უკვე მშვენივრად ხედავენ სხვის თვალში ბეწვსაც
თურმე როგორ ადვილად ხედავენ პრობლემებს, გონება ეხსნებათ და თვალებიც განსაკუთრებულად დაკვირვებული უხდებათ მავანთ, იმ დროს, როცა ოპოზიციაში არიან…
2014 წლის 14 სექტემბერი

 

“როგორც მექცევით ანალოგიურად გექცევით და ნუ გწყინთ”-ო, ასეთი საკმაოდ ლოგიკური და ბევრი რამის გათვალისწინებით სავსებით სამართლიანი პოზიცია წავიკითხე ახლახანს, ჩემი მოსაზრებაც დავაფიქსირე ამასთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად ჩავთვალე ფეისბუკის ჩემს გვერდზეც გადმომეტანა იგი:
მეც ხშირად მიფიქრია ამაზე, ამ ბოლო ხანს, თუმცა ასევე დავფიქრდები ხოლმე იმაზეც, ვინმეს არასწორად ხომ არ მოვექეცი და ძალიან ვწუხვარ და განვიცდი, როცა გამახსენდება სხვას თუ ცუდად მოვქცევივარ, ჰოდა მაინტერესებს, სხვაც თუ ჩაფიქრდება ხოლმე ასე, ჩემთან მიმართებაში? ისე კი, იმაზეც დავფიქრებულვარ, თუ რატომაა, რომ არც თუ იშვიათად მომხდარა, როცა გულით გაკეთებული სიკეთე შემდგომში ზოგზოგებმა ბოროტებით თუ არა უმადურობით მაინც დამიბრუნეს და ალბათ ამ მხრივ მე არ ვარ გამონაკლისი… ასე რომ, რას ვიზამთ, ესეც ცხოვრებისეული რეალობაა… ყველა თავისი საზომით ზომავს ყოველივეს და ამ დროს ხშირად ავიწყდებათ ხოლმე საკუთარი ცუდი და სხვისი კარგი…
2014 წლის 18 სექტემბერი

 

გინდ რეალურ ცხოვრებაში იყოს, გინდ ვირტუალურში, ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში თუ კიდევ სადმე, კონკრეტულ პირებს შორის ურთიერთობა თუ არ იქნება სინქრონული, თუ ცალმხრივია ყურადღება, პატივისცემა და უანგარო გულთბილ დამოკიდებულებასაც კი რაღაცნაირად აგდებულად ეპყრობიან, ადრე თუ გვიან ურთიერთობა მართლაც გახდება სინქრონული და ეს იქნება დამოკიდებულება ერთგვარი სარკისებული ანარეკლის მაგვარი… შემდეგ კი ურთიერთობაში თითქოს ყველაფერი ლოგიკური გახდება, მაგრამ ნორმალურობისა რა მოგახსენოთ…
ამიტომაცაა, რომ ძალზე სათუთად ვეპყრობი ჩემდამი გამოხატულ ყურადღებას თუ პატივისცემას და მცირეოდენ სითბოსაც კი ძალიან ვაფასებ, რამეთუ ამის ფასი, სხვებისა არ ვიცი, მაგრამ, პირადად ჩემთვის, ყოველთვის განუზომლად მაღალია!
2014 წლის 14 ოქტომბერი
გაგრძელება: ჩემი კიდევ სხვა მოსაზრებები და პოზიციები