არჩევნებამდე 40 დღეა


დღითი დღე ახლოვდება არჩევნები, წინ კიდევ 40, საკმაოდ ცხელი, დინამიური და უკომპრომისო დღეა, 1 ოქტომბერს კი საქართველოში შედგება არჩევნები, რომლის შედეგებიც განსაზღვრავს ქვეყნის კონკრეტულ გეზს და პრიორიტეტებს მომავალი 4 წლის განმავლობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და განვსაზღვრო კონკრეტული ღირებულებები, რომელთაც პირადად ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ და ვფიქრობ, რომ ეს ღირებულებები, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩემი სამშობლოსათვის. კერძოდ:

დემოკრატიული ღირებულებები, სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი მედია, პიროვნების თავისუფლება და თანასწორობა, თავისუფალი და ხელშეწყობილი ბიზნესი, სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, ევრო-ატლანტიკური კურსი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ღირსეული დამოკიდებულება და განსაკუთრებული პრიორიტეტის მინიჭება, თავიანთ მშობლიურ ადგილებში, მათი ღირსეული დაბრუნებისათვის, ეთნოწმენდისა და ოკუპაციის დაგმობა, ქვეყნის ტრადიციული და ისტორიული ღირებულებების პატივისცემა და დაცვა, პროგრესი, განვითარება, სტაბილურობა და ა.შ.

აი, ყოველივე ზემოაღნიშნული და კიდევ სხვა არაერთი საკითხი ითვლება ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად და ჩემს მიერ ამ პრიზმაში იქნება შეფასებული არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიაც.

40 დღის შემდეგ მეც გავაკეთებ ჩემს არჩევანს და ეს იქნება მხოლოდ ერთი ხმა რამოდენიმე მილიონს შორის, მაგრამ ამ ხმით მე დავტოვებ კვალს ცხოვრებაში რის გამოც, შემდგომში, არ უნდა შემრცხვეს, შესაბამისად, ჩემს მიერ გაკეთებული არჩევანი აუცილებლად იქნება ისეთი არჩევანი როგორსაც უნდა აკეთებდეს თავისუფალი ადამიანი უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით!

და, რა თქმა უნდა, მეც მექნება ჩემი შეფასებები როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ასევე, მთლიანობაში, მთელი პროცესისა, ასე რომ ელოდეთ შესაბამის ინფორმაციებს, ასევე, ჩემს ბლოგშიც, რომლებსაც რეგულარულად გამოვაქვეყნებ მეც

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

I’m blogger, I’m in online


2 კვირაზე მეტ ხანს ვიმყოფებოდი სოფლად. მართლაც რომ ყველანაირად დავისვენე როგორც ფიზიკურად ასე სულიერად და ემოციურად. ახლა კი სრულიად მზადყოფნაში ვარ ფიზიკურად, სულიერადაც და ემოციურადაც, რათა დასახული მიზანი რეალობად ვაქციო, ვიყო იქ სადაც უნდა ვიყო, ვაკეთო ის რასაც ვთვლი საჭიროდ და მნიშვნელოვნად, ვთქვა ის, რაც შინაგანი თავისუფლებითა და პრინციპულობითაა სათქმელი!
სათქმელი კი, მართლაც, ბევრი რამ მაქვს მასზედ, რაც უკვე სათანადოდ შევაფასე, თუმცაღა შესაფასებელი კიდევ მრავლადაა – სათქმელიც ასევე…
და ამასობაში ცისარტყელამაც გამოანათა – თითქოს ნიშანიაო…

DSC00155 (700x525, 213Kb)

ბლოგერმა კი ყველაფერი უნდა თქვას…

ასე რომ, ჩემი რუსულენოვანი ბლოგიდან, ასე ვთქვათ, აქაც გადმომაქვს რუბრიკა “ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა

edi (163x156, 30Kb)

ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

2012 წლის 20 აგვისტო

საქართველოში ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია


მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ, გააჟღერა სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შედგება 2012 წლის 1 ოქტომბერს. ამ დღესვე გაიმართება არჩევნები აჭარის უმაღლეს საბჭოში და საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ამომრჩევლები აირჩევენ, აგრეთვე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსაც. კალენდრის შესაბამისად 1 ოქტომბერი ორშაბათი დღეა, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს დღე, ერთჯერადად, დასვენების დღედ გამოცხადდება საქართველოში.

წინა საპარლამენტო არჩევნები, საქართველოში, გაიმართა 2008 წლის მაისში. მაშინ, ამ არჩევნებში, გამარჯვება მოიპოვა ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და მათ ხელთ აღმოჩნდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მანდატები. მეშვიდე მოწვევის პარლამენტის სპიკერი გახდა დავით ბაქრაძე, რომელიც სათავეში ედგა პარტიის მაშინდელ პროპორციულ სიას, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი. უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის ნაწილმა, მაშინ, უარი განაცხადა საპარლამენტო მანდატებზე, არჩეულმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე. დეპუტატის მანდატებზე უარი არ უთქვამს ”საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას” (ლიდერი შალვა ნათელაშვილი), მაგრამ პარტია, მთელი ოთხი წლის განმავლობაში, იმყოფებოდა ბოიკოტის რეჟიმში. პარლამენტში შევიდა ”საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, რომელმაც, ”ევროპელ დემოკრატებთან” (ადრე პარტიის სახელწოდება იყო ”ჩვენ თვითონ”. პარტიის ლიდერი პაატა დავითაია) და ”დემოკრატიულ პარტიასთან” (ლიდერი გია თორთლაძე) ერთად შექმნა საპარლამენტო უმრავლესობა, რომლის თავმჯდომარეც გახდა ”საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი თარგამაძე. პარლამენტში, რამოდენიმე თვის წინ, შეიქმნა ახალი, რადიკალური ოპოზიციური, ფრაქცია – ”ერთობა სამართლიანობისათვის”, რომელშიც გაერთიანდა 6 დეპუტატი და რომელთა  შორისაც 3 დეპუტატი წარმოადგენს კონკრეტულ პარტიას^ გია ცაგარეიშვილი,  პარტია “თავისუფალი დემოკრატები“, ჯონდი ბაღათურია – ”ქართული დასის” ლიდერი, ხოლო სულ ახლახანს, თავის ძველ პარტიას – ”საქართველოს მწვანეთა პარტია”, დაუბრუნდა დეპუტატი პეტრე მამრაძე. პარლამეტში, ასევე, ერთი დეპუტატითა (გურამ ჩახვაძე) არის წარმოდგენილი ”ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” (ლიდერი ბაჩუკი ქარდავა).

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ მერვე მოწვევის პარლამენტი, თავის სხდომებს, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან გაიმართება ქუთაისში და ქუთაისი ღებულობს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს.

როგორც ცხადი ხდება არჩევნებში მრავალი (30-ზე მეტი) პარტია აპირებს მონაწილეობის მიღებას, თუმცაღა ექსპერტებისა და ამომრჩევლების უმრავლესობის წინასწარი შეხედულებების შესაბამისად ფავორიტებად მიიჩნევა მმართველი პარტია – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური პარტია (კოალიცია) – ”ქართული ოცნება”. როგორც ცნობილია, საქართველოში ერთპალატიანი პარლამენტია, ხოლო დეპუტატების რაოდენობა – 150. პარლამენტის დეპუტატები აირჩევიან როგორც პროპორციული (პარტიული) სიით, ასევე მაჟორიტარულით (ერთმანდატიან ოლქებში), 77 და 73 დეპუტატი შესაბამისად.

ცალკეული პარტიები, ამომრჩევლებს თანდათანობით წარუდგენენ პარლამენტების წევრობის კანდიდატების სიებს, კანდიდატები კი, თავის ნხრივ, ყველანაირად შეეცდებიან მოიპოვონ საქართველოს მოქალაქეების ნდობა, ხოლო თავისუფალი და ღირსეული ამომრჩეველი ნდობას მხოლოდ მას გამოუცხადებს ვისიც სწამს და სჯერა.

ჩემი მხრიდან, შევეცდები, დროდადრო მოგაწოდოთ არჩევნებთან დაკავშირებული საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები.

მთელი გულით მინდა, რომ წინასაარჩევნო კამპანია და, მით უფრო არჩევნები, ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში და არ იყოს დარღვეული კანონები. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიები და დეპუტატობის კანდიდატები გულწრფელად სცემდნენ პატივს ამომრჩევლების აზრსა და ნდობას, ჩვენ ხომ ერთი ქვეყნის შვილები ვართ, საქართველო, ხომ, ჩვენი საერთო სახლია, – ჩვენი ფასდაუდებელი სამშობლო!

ასე თუ ისე, თითოეული ჩვენთაგანი უკვე თვალნათლივ ხედავს, რომ წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში იქნება  ძალზე დინამიური, მრავალფეროვანი და, სავარაუდოდ, – მოულოდნელობებით აღსავსეც…

ასე რომ, ცხელი წინასაარჩევნო კამპანიის მოლოდინშია სრულიად საქართველო და მეც

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

© წყარო: ჩემი რუსულენოვანი ბლოგის რუბრიკა –ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა