Category Archives: About me

ადამიანური ურთიერთობები გასაჭირში შეიცნობა


ახლახან რობერტ სტურუას მოსაზრებები წავიკითხე, სხვადასხვა თემასთან მიმართებაში და მართალია, რიგ საკითხებში (წლების განმავლობაში), მის პოზიცია-მოსაზრებებთან მიმართებაში კრიტიკული დამოკიდებულება მქონდა, მაინც მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეულ საკითხებში მასაც (როგორც ჩემს არაერთ ოპონენტს) აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი, ანგარიშგასაწევი და მისაღები მოსაზრება. მაგრამ, ამჯერად, ყურადღება მინდა გავამახვილო მის ერთ გულისტკივილიან ნათქვამზე – “გასაჭირში მყოფს, არც ერთმა კოლეგამ არ დამირეკა”-ო. მართლაც და რას დაამსგავსებს, ხოლმე, ხალხს “სეთურ-ხელისუფლებები”, რომელთაც თანამოძმის, ახლობლის ან, თუნდაც, მხოლოდ უბრალო ნაცნობის გასაჭირი ყოფნა “ღობის ჩხირის” ასოციაციას აღუძრავს?! თუმცა, საკითხავია, რამდენად სწორადაა შერჩეული, მსგავს შემთხვევებში, “განტევების ვაცი”? დათა თუთაშხიაც კი მიმართავს ხალხს “რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა”-ო, მაგრამ ადამიანური ღირსება თვით ამ ადამიანის კუთვნილება არაა? ის ან გააჩნია ან არა… მას, განა, რომელიმე ხელისუფალი (ხელმძღვანელი, მმართველი თუ ბატონი) იძლევა ან ართმევს?! სამწუხაროდ, ბევრის მსგავსად, მეც მახსენდება მავანთა გულბოროტობა, ორპირობა თუ უმადურობა, ზოგის ნასროლი ტალახი, ზოგისაც – “ამაყი” მდუმარება, მახსენდება ისიც, ვითომ ჩემი მეგობარი, ვითომ ახლობელი თუ “მადლიერი” ადამიანები როგორ დაუფიქრებლად გადაეშვნენ თვითგადარჩენის “ინსტიქტ-მორევსა” თუ პატრონთა მაამებლობის ჭაობში, სადაც დღემდე “ნებივრობს” ზოგი…
ეჰ, რას ვიზამთ, ესაა ჩვენი სინამდვილე – ადამიანურობისთვის ღმერთმა, ადამის მოდგმას, სახე უბოძა, მან კი ნიღაბი გამოიძერწა…
ცხოვრება კი გრძელდება – ცუდს კარგიც მოჰყვება, აუცილებლად. მე მადლიერი ვარ ცხოვრებისეული გამოცდილების, თუნდაც მწარე იყოს იგი, სხვა დაფიქრდეს, მაინც, რაღაც-რაღაცეებზე…

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

ხალხის უფლება


… ისევ გამახსენდა ბევრჯერ ნაფიქრი, რაც ადრეც არაერთხელ მითქვამს, კიდეც და დღესაც მინდა გავიმეორო, რომ რატომღაც მეუხამუშება სიტყვა “ხელისუფლება” და მის ნაცვლად ვფიქრობ ტერმინი “ხალხისუფლება” უნდა იქნას გამოყენებული, რამეთუ მმართველი ძალის კონკრეტული ქმედებები და გადაწყვეტილებები, ზუსტადაც რომ, ხალხის ინტერესების შესაბამისი უნდა იყოს და ცვლილებები, რეფორმები, პროგრესული გადაწყვეტილებები თუ ბევრი სხვა რამ, მოსახლეობას, ხალხის ინტერესებს უნდა ეთანადებოდეს. დიახ, ხალხის უფლებაა სურდეს და მოითხოვოს უკეთესი მომავალი, ჩვენ ყველამ კი თავი არ უნდა დავზოგოთ ამისთვის!
მე ყოველთვის მაღალი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო როცა ეს მოვალეობები ხალხთან არის დაკავშირებული და თანაც, ვარ იმ გუნდთან ერთად, ვისაც მოსახლეობის გაჭირვება გულთან ახლოს მიაქვს, შრომობს უდიდესი პასუხისმგებლობით, თავდაუზოგავად, პასუხისმგებლობა მეც მრავალჯერად მიძლიერდება!
და, ამ დროს, იმაზე ვფიქრობ და გულით მსურს, რომ ბევრი, ძალიან ბევრი იყოს ჩვენს ქვეყანაში ჩემზე მეტად პასუხისმგებლობით აღსავსე, რამეთუ ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მომცემს, უფრო მეტად გამაძლიერებს, ჩემთან ერთად გააძლიერებს ჩემს თანამემამულეებსაც და ჩვენს მრავალტანჯულ სამშობლოსაც!!!

2015 წლის 22 მარტი

 

საკმაოდ ხშირად გვაქვს შეხვედრები რეგიონის მცხოვრებლებთან და იცით რას მივაქციე ყურადღება? ხალხი დანატრებულია თბილ მოპყრობას და უკვირთ, ხოლმე, როცა ღიმილით და პატივისცემით ვეგებებით, როცა გულთან ახლოს მიგვაქვს მათი პრობლემები და მართალია ხანდახან ვერ ხერხდება პრობლემების უცებ გადაწყვეტა, მაგრამ როცა დამშვიდობებისას მათ იმედით აღსავსე სახეებს ვუყურებთ, როცა აშკარად ჩანს, რომ ჩვენი იმედი აქვს და გულდამშვიდებული ბრუნდებიან სახლში, პასუხისმგებლობა გვიასკეცდება, შემდეგ კი მთელი შემართებით ვცდილობთ პრობლემების მოწესრიგებას. ღამეებიც ხშირად გვითენებია და ძილიც არ გვეკარება, როცა ვხედავთ, თუ რამდენს სჭირდება ჩვენი დახმარება და მხარში ამოდგომა.
მსიამოვნებს ასეთი მაღალი პასუხისმგებლობით აღსავსე გუნდთან ერთად შრომა და თავს არ დავზოგავთ სხვების დასახმარებლად, იმიტომ, რომ ჩვენ ხალხისუფლება ვართ!
2015 წლის 5 მაისი

 

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსები

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

ჩემი ნაკვალევი ფეისბუკის გვერდებზე – 3


აბსოლიტური ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანთა ნამდვილ სახეებს გაჭირვების ჟამს ვხედავთ, ხოლმე. ამ დროს ვხედავთ იმასაც, თუ ვინ არ გამოგვიწოდა დახმარების ხელი, ვინ ზურგი შეგვაქცია თუ დაგვივიწყა, ხოლო ზოგმა უმადურმა, მედროვემ, ორპირმა თუ სხვა ტიპის სულმდაბალმა ნაძირალამ გვიმტრო და არ მოერიდა ტალახის სროლასაც კი…
რაც თავი მახსოვს, ყოველთვის იმ პრინციპით მიცხოვრია, რომ მეკეთებინა ის, რაც სხვებსაც სჭირდებოდათ და გამოადგებოდათ, შეძლებისდაგვარად, დახმარების ხელი გამეწოდა მათთვის ვისაც უჭირდათ, მხარში ამოვდგომოდი და გამეზიარებინა მათი წუხილი, თუმცაღა, ძალიან მტკივა გული, როცა მახსენდება, თუ როგორ შეძლებია თურმე ზოგიერთს ყველაფერი კარგის დავიწყება, როგორ ადვილად შეძლებია, თურმე, ზოგიერთს, ადამიანისთვის ზურგის შექცევა თუ გაწირვა, თუმცა ყველას, ვინც თვალს არ იბრმავებს, ძალიან კარგადაც უნდა დაენახა, თუ როგორ შეიძლება ბევრი რამ უცებ შეიცვალოს ცხოვრებაში, თანაც რადიკალურად და საპირისპიროდაც…
დღევანდელი გადასახედიდან უკვე ვრწმუნდები, რომ ალბათ ჩემთვის აუცილებელიც კი იყო მიმეღო ასეთი დიდი ცხოვრებისეული გამოცდა, როცა გაჭირვების ჟამს ბევრმა, ყველაფერ კარგთან ერთად, მეც დამივიწყა და ამასთან, ისეთებისგან დავინახე უგულობა, გულბოროტობა და უღირსი ქცევაც კი, ვისაც ღირსეულ ადამიანზე აქვს პრეტენზია, ზოგსაც საკუთარი თავი მორწმუნე ჰგონია თუ უშეცდომო და იდეალური. ყველაფერმა ამან ბევრი რამ მასწავლა…
მადლობა ღმერთს, რომ ასეთ დროს მთელი გულით დამიდგნენ გვერდით ის ადამიანები, ვისთვისაც მართლაც ახლობელი ვყოფილვარ. ისინი ყველანაირად ამომიდგნენ მხარში – ვინ თბილი სიტყვით თუ მხარდაჭერით, ვინ მორალურად თუ მატერიალურად და მათმა ასეთმა მხარდაჭერამ ცხოვრებაში ნათელი ფერებიც დამანახეს. ესენი იყვნენ, მართლაც რომ, ახლობელი ადამიანები და დღეს მთელი გულით მინდა გადავუხადო უღრმესი მადლობა ყველას, ვინც თავის დროზე გულთან ახლოს მიიტანა ჩემი გაჭირვება, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ნამდვილ მეგობრებსა და უძვირფასეს ნათესავებს, ჩემს მშობლებს და განსაკუთრებით ჩემს დაიკოს, რომელთა მხარში დგომა მართლაც ალალი იყო და უანგარო, ყოველივე ამან კი უფრო და უფრო გამაძლიერა, დამისახა კონკრეტული მიზნები, რათა შეუპოვრად შევჭიდებოდი ცხოვრებაში წარმოქმნილ პრობლემებსა თუ უსამართლობას.
მართალია, ბევრი რამ უკვე მოწესრიგებულია ახლა ჩემს ცხოვრებაში, თუმცაღა შემომრჩა გულისტკივილიც, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობებში გაჩენილმა ხინჯმა გამოიწვია. მაგრამ ცხოვრება გრძელდება და მართალია “შეუცდომელთა” გარდა ყველას რაღაც გვეშლება, მეც და სხვასაც, ვფიქრობ, ბევრი რამის დროულად გამოსწორებაც ასევე გვსურს, ხოლმე, მეც და იმედია სხვებსაც…
2014 წლის 2 სექტემბერი

 

ის იყო დავაანონსე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია-მოსაზრებების ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნების ახალი შემართებით გაგრძელება – პოლიტიკურ ან არაპოლიტიკურ თემებთან მიმართებაში იქნებოდა ეს თუ ადამიანურ ურთიერთობებზე, ჩვენს ყოველდღიურობაზე, რომ ქვეყანაშიც საკმაოდ საინტერესო პროცესები დაიწყო თუ გააქტიურდა. ოპოზიციაში თითქოს ერთგვარი დინამიური მოლოდინისა თუ აქტიური მზადების პერიოდია, ხელისუფლებაში კი დიდი დაფიქრებისა თუ ურთიერთობების გარკვევა-დალაგების მცდელობა. დღეს ბატონ Murman Dumbadze-ს ერთგვარი უკმაყოფილება შევამჩნიე, როცა იგი გარიცხეს (თუ თვითონ გავიდა) “ქართული ოცნების” რიგებიდან. აშკარად ჩანდა, რომ განაწყენებული იყო იმის გამო, თითქოს მას არ უსმენდნენ, არ უნდოდათ მისი გაგება. იმედია, ახლა მაინც შეუძლია გაიგოს ბატონმა მურმანმა ჩემი წუხილი, მისი მხრიდან ყურის მოყრუებისა თუ იგნორირების გამო, როცა მას საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, ჩემი აზრით, არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მივწერე არაერთხელ, განსაკუთრებულად გავამახვილე ყურადღება იმ კონკრეტულ საკითხებზეც, რომლებიც შესაბამის ადრესატებამდე უნდა მიეტანა და მათზე ხელისუფლებასაც უნდა გაემახვილებინა ყურადღება, მაგრამ… მოკლედ ფოსტაზეც მივწერე მას არაერთხელ, მობილურზეც, შევუთვალე კიდეც, თუმცაღა, მიუხედავად ჩვენი დიდი ხნის ნაცნობობისა და ჩემს მიერ წამოჭრილი საკითხების აქტუალობისა, მისი მხრიდან ფაქტიურად ნულოვანი რეაქცია მივიღე… ახლა იგი ოპოზიციაში გადავიდა (როგორც განაცხადა) და ძალიან კი საინტერესოა, აწი როგორი პასუხისმგებლობით მოეკიდება ცალკეულ პრინციპულ საკითხებს, რასაც მას მიაწოდებენ, თუმცა მე მის მიმართ, სამწუხაროდ, კარგა ხანია დავკარგე ნდობა…

P.S. ისე კი, სამართლიანობისათვის უნდა აღვნიშნო, რომ სხვებმაც წაუყრუეს ჩემს მიერ წამოჭრილ პრობლემებს. თუმცა მჯერა, რომ მალე დადგება დრო, როცა ბევრი რამ სათანადოდ გაანალიზდება, ბევრი რამ გაირკვევა, ყველაფერი ცხადი გახდება და მაშინ მართლაც გახდება აქტუალური ჩემს მიერ წამოჭრილი საკითხები, ამის შემდეგ კი, იმედია, სწორ გზასაც დაინახავენ კონკრეტული პრობლემების მოსაწესრიგებლად, რადგანაც არა მგონია ცალკეულ უწყებებსა თუ მთლიანად ხელისუფლებაში ეგონოთ, თითქოს ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი იდეალურადაა, თორემ ასე ეგონა თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობასაც და ახლა იმ სტატუსით, რაც მოიმკეს, უკვე მშვენივრად ხედავენ სხვის თვალში ბეწვსაც
თურმე როგორ ადვილად ხედავენ პრობლემებს, გონება ეხსნებათ და თვალებიც განსაკუთრებულად დაკვირვებული უხდებათ მავანთ, იმ დროს, როცა ოპოზიციაში არიან…
2014 წლის 14 სექტემბერი

 

“როგორც მექცევით ანალოგიურად გექცევით და ნუ გწყინთ”-ო, ასეთი საკმაოდ ლოგიკური და ბევრი რამის გათვალისწინებით სავსებით სამართლიანი პოზიცია წავიკითხე ახლახანს, ჩემი მოსაზრებაც დავაფიქსირე ამასთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად ჩავთვალე ფეისბუკის ჩემს გვერდზეც გადმომეტანა იგი:
მეც ხშირად მიფიქრია ამაზე, ამ ბოლო ხანს, თუმცა ასევე დავფიქრდები ხოლმე იმაზეც, ვინმეს არასწორად ხომ არ მოვექეცი და ძალიან ვწუხვარ და განვიცდი, როცა გამახსენდება სხვას თუ ცუდად მოვქცევივარ, ჰოდა მაინტერესებს, სხვაც თუ ჩაფიქრდება ხოლმე ასე, ჩემთან მიმართებაში? ისე კი, იმაზეც დავფიქრებულვარ, თუ რატომაა, რომ არც თუ იშვიათად მომხდარა, როცა გულით გაკეთებული სიკეთე შემდგომში ზოგზოგებმა ბოროტებით თუ არა უმადურობით მაინც დამიბრუნეს და ალბათ ამ მხრივ მე არ ვარ გამონაკლისი… ასე რომ, რას ვიზამთ, ესეც ცხოვრებისეული რეალობაა… ყველა თავისი საზომით ზომავს ყოველივეს და ამ დროს ხშირად ავიწყდებათ ხოლმე საკუთარი ცუდი და სხვისი კარგი…
2014 წლის 18 სექტემბერი

 

გინდ რეალურ ცხოვრებაში იყოს, გინდ ვირტუალურში, ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში თუ კიდევ სადმე, კონკრეტულ პირებს შორის ურთიერთობა თუ არ იქნება სინქრონული, თუ ცალმხრივია ყურადღება, პატივისცემა და უანგარო გულთბილ დამოკიდებულებასაც კი რაღაცნაირად აგდებულად ეპყრობიან, ადრე თუ გვიან ურთიერთობა მართლაც გახდება სინქრონული და ეს იქნება დამოკიდებულება ერთგვარი სარკისებული ანარეკლის მაგვარი… შემდეგ კი ურთიერთობაში თითქოს ყველაფერი ლოგიკური გახდება, მაგრამ ნორმალურობისა რა მოგახსენოთ…
ამიტომაცაა, რომ ძალზე სათუთად ვეპყრობი ჩემდამი გამოხატულ ყურადღებას თუ პატივისცემას და მცირეოდენ სითბოსაც კი ძალიან ვაფასებ, რამეთუ ამის ფასი, სხვებისა არ ვიცი, მაგრამ, პირადად ჩემთვის, ყოველთვის განუზომლად მაღალია!
2014 წლის 14 ოქტომბერი
გაგრძელება: ჩემი კიდევ სხვა მოსაზრებები და პოზიციები

ოჯახური ძალადობა და საზოგადოების პასუხისმგებლობა


dzaladobaდღეს, საქართველოს პროკურატურამ, საზოგადოებას გააცნო ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის შემუშავებული სამოქმედო გეგმა და აღნიშნულ პრობლემას კიდევ ერთი პრეზენტაცია, კიდევ ერთი ღონისძიება მიეძღვნა, სადაც, პირადად მე, ძალზე მნიშვნელოვნად მივიჩნიე ის, რომ კონკრეტული სამსახურების მიერ შესწავლილი იქნა ოჯახური ძალადობის 3 ათას ფაქტზე მეტი, რის საფუძველზეც განისაზღვრა შესაბამისი პრიორიტეტები და დაისახა კონკრეტული მიზანი. ისე კი, ბევრ ჩემს ნაცნობს ნამდვილად ემახსოვრება ისიც, რომ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურად წარმართვისათვის მეც არაერთხელ წამომიყენებია ანალოგიური მოსაზრება, გარდა ამისა ერთ-ერთ კონკრეტულ ღონისძიებაზე შეთავაზებული მქონდა, რომ არსებულ მონაცემთა ბაზაზე შექმნილიყო ერთიანი საინფორმაციო ბანკი, მომხდარიყო ფაქტების სიღრმისეულად შესწავლა, რეგულარულად მომზადებულიყო სტატისტიკური მასალები და ჩატარებულიყო შესაბამისი კვლევები. ეს იყო ჯერ კიდევ 2010 წელს, თუმცაღა აღნიშნულ პრობლემებზე მუშაობა ბევრად უფრო ადრე მქონდა დაწყებული და შევეცდები მაქსიმალურად სრულად გავიხსენო მთელი ეს პროცესი.

წლების წინ, საზოგადოების ფართო და აქტიური ჩართულობით შეიქმნა კანონი ოჯახურ ძალადობებთან დაკავშირებით. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე 2007 წელს მივლინებით ვიმყოფებოდი პორტუგალიაში, სადაც დავესწარი ოჯახური ძალადობისადმი მიძღვნილ სემინარს. ის ფაქტები და ისტორიები, რაც მაშინ გავიგე წამყვანი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებისგან, შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის და თავს ვიიმედებდი, რომ მსგავსი საშინელებები არ ხდებოდა საქართველოში, თუმცა…

დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად დროული იყო მაშინდელი ჩემი მივლინება აღნიშნულ სემინარზე დასასწრებად, რამეთუ სემინარიდან დაბრუნების შემდეგ, სულ რაღაც 2-3 თვეში ჩემი უშუალო ძალისხმევითა და ჩართულობით, შემუშავებული იქნა შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტი ოჯახური ძალადობის ფაქტების ერთიანი ცენტრალიზებული აღრიცხვის უზრუნველსაყოფად და ასევე, ჩემს მიერვე, შექმნილი იქნა სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც, წლების განმავლობაში დაგროვილი იქნა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციები, ხოლო ძალადობის ის ფაქტები, რომლებიც აღირიცხებოდა ერთიან საინფორმაციო ბანკში, იმდენად შემაშფოთებელი და საგანგაშო იყო, რომ ლამის დაუჯერებლადაც კი მიგვაჩნდა. ზუსტად ამ დროს მწარედ მახსენდებოდა ჩემი დაიმედებულობა ლისაბონის სემინარზე ყოფნისას. ამიტომაც, 2009 წლიდან განსაკუთრებით გააქტიურდა პროცესები ამ მიმართულებით, პრობლემასთან საბრძოლველად შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ორგანიზება გაუკეთდა არაერთ შეხვედრას, დისკუსიას თუ კონფერენციას, რომლებშიც მაქსიმალური აქტიურობით ვიყავი ჩართული. პარალელურად, ჩემს თანამშრომლებთან ერთად, ვაგრძელებდი აქტიურ საქმიანობას სააღრიცხვო-ანალიტიკური სფეროს გაფართოებისა და გამრავალფეროვნებისათვის. არსებულ სააღრიცხვო სისტემაში  ოჯახურ ძალადობაზე არსებულ მონაცემებს დაემატა მონაცემები ოჯახში მომხდარ კონფლიქტებზეც, რათა ნათლად წარმოჩენილიყო პრობლემის არსი, ხოლო ინფორმაციის ერთიანი კვლევისას, ასევე თუ იქნებოდა გაანალიზებული ოჯახური კონფლიქტისა თუ ძალადობის შედეგად ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულიც, პრობლემის არსი უფრო მეტად გამოიკვეთებოდა. ყოველივე ამას თუ დაემატებოდა თვითმკვლელობებსა და თვითმკვლელობის მცდელობების ფაქტებზე არსებული ინფორმაციების კომპლექსური ანალიზიც, კვლევის შედეგები ბევრად უფრო სრულყოფილი გახდებოდა. ზუსტად ამ საკითხებზე ვამახვილებდი ყურადღებას, მქონდა შესაბამისი იდეები და მოსაზრებები, აქტიურად ვმუშაობდი კონტრეტულ პროექტებზეც, თუმცაღა არ დამცალდა, რადგანაც 2011 წლის ბოლოს ხელმძღვანელობამ, ჩემი აზრით, გაუმართლებელი და წინდაუხედავი გადაწყვეტილება მიიღო და შედეგად მე ჩამოშორებული ვიყავი ჩემს საქმიანობას (ოჯახურ ძალადობასთან ერთად ვხელმძღვანელობდი, ასევე, სხვა ისეთ მიმართულებებს, სადაც ისეთი უდავო წარმატებები გვქონდა, რომ ყველა დონეზე იყო იგი თვალშისაცემი და ცალკე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩემი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ისეთი მიმართულებები იქნა შექმნილი. რომელთა ანალოგიც არ არსებობდა არა მარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოურ სივრცესა თუ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც). მოკლედ მე ვეღარ მოვახერხე ჩემი ცოდნა-გამოცდილების შემდგომი რეალიზება, ხოლო სამსახურმა როგორ მოახერხა იმ საქმიანობის განვითარება, რომელთაც მე ვხელმძღვანელობდი და შემდგომი წინსვლა, ამაზე მე ჩემი მოსაზრებები მაქვს, თანაც საკმაოდ ნეგატიურიც და დარწმუნებული ვარ, თავის დროზე ყველაფერს მოეფინება ნათელი…

დავუბრუნდები ისევ ოჯახური ძალადობის საკითხს და გავიხსენებ ერთ ჩემს გამოსვლას ოჯახური ძალადობის პრობლემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, სადაც ყურადღება გავამახვილე შემდეგზე:

“3 მარტს, 8 მარტსა და 1 ივნისს, შესაბამისად, განსაკუთრებული ემოციურობით აღინიშნება დედის დღე, ქალთა დაცვის საერთაშორისო დღე და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, სხვადასხვა ღონისძიებასა თუ სუფრაზე სადღეგრძელოების წარმოთქმისას საკმაოდ ომახიანად ხდება ხაზის გასმა იმაზე, თუ რაოდენ გვიყვარს და ვაფასებთ უფროს თაობას, ხანდაზმულ ახლობლებს, მეორე დღეს კი თითქოს ყველას ყველაფერი ავიწყდება, ავიწყდება მარტივი ჭეშმარიტება, რომ ერის ღირსება არც სადღესასწაულო დღეებით განისაზღვრება და არც მაღალფარდოვანი სიტყვებით, ჩვენი ღირსება ჩვენსავე ქმედებებშია… “

დიახ, უცოდველი და შეუცდომელი არავინაა და შესაძლოა ერთმა მეორეს გულიც ატკინოს მისდაუნებურად, მაგრამ ვინმეს დაჩაგვრა, ადამიანზე ძალადობა, სასტიკი მოპყრობა ბავშვთა, მანდილოსანთა თუ მხცოვანთა მიმართ, ეს არაადამიანური ბოროტებაა, ხოლო ვინც თვალს დახუჭავს ამაზე, იგი არანაკლები დამნაშავეა…

ძალიან მინდა, რომ საზოგადოება შეურიგებელი და უკომპრომისო იყოს ძალადობის ფაქტებთან მიმართებაში. ძალიან მინდა, ყველამ ერთად გავითავისოთ ის, რომ როცა ძალადობა ხდება ოჯახში, ეს არაა კონკრეტული ოჯახის პრობლემა, იგი მთლიანად ერის, ჩვენი საზოგადოების სირცხვილი და ტკივილია…

და მაინც მჯერა, რომ საზოგადოება ყოველთვის შეურიგებელი იქნება ნებისმიერი სახის ძალადობისადმი, ქალთა, ბავშვთა თუ მოხუცთა უფლებები ყოველთვის უმაღლეს დონეზე იქნება დაცული, მათდამი პატივისცემა თითოეული ჩვენთაგანის ღირსების საქმე იქნება, ხოლო აგრესია და სიძულვილი პატივისცემითა და სიყვარულით იქნება დამარცხებული!

დიდი იმედებით,
edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

ექო მომავლიდან… ჩემი მუზისთვის


მართლაც, საკმაო ხანს უგზო-უკვლოდ დაეხეტებოდა მომავლიდან წამოსული ექო, სანამ, ბოლოს და ბოლოს, არ გააღვიძა ჩემი მთვლემარე მუზა, რის შემდეგაც ისევ შევუდექი მუსიკალური კომპოზიციების შექმნას, წინ კი, როგორც ყოველთვის, დაუღალავ შრომასთან ერთად მელოდა ეკალ-ბარდით მოფენილი ლაბირინთები…
მოდით, მაქსიმალურად ამომწურავად მოგიყვებით ყოველივე ამის თაობაზე.

ახალი ალბომის შექმნის იდეა გამიჩნდა მალევე, მას შემდეგ, რაც დღის სინათლე იხილა წინა ალბომმა – 5 years after, რის თაობაზეც, ინტერნეტ სივრცეში 2012 წლის 2 იანვარს მოვახდინე ერთგვარი პრეზენტაცია და დავაანონსე მუშაობის დაწყება ახალ ალბომზე – “Echo from the future” და იანვარშივე დავიწყე მუშაობა კომპოზიციების შექმნაზე. მინდა გაგიმხილოთ ერთი საიდუმლო, კომპოზიციების შექმნის ჩემეულ სტილზე. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ კომპოზიციებს ვქმნიდი სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების დახმარებით, ასევე, ვეძებდი, ვამზადებდი, ვუკეთებდი არანჟირებას თუ მოდერნიზებას ცალკეულ შაბლონებს და ვახდენდი ყოველივე ამის სინქრონიზირებას სხვა, ასე ვთქვათ, “pattern”-ბანკებთან.

პირველი კომპოზიცია, რომელზეც დავიწყე მუშაობა, იყო “Runaway to the future“. ამ კომპოზიციის შექმნისას წარმოვიდგენდი, ხოლმე, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო მომავალი. მელოდია საშუალო ტემპისაა, საცეკვაო სტილის, თუმცა შეიძლება უბრალოდ მოუსმინოს მას ადამიანმა და ჩაიძიროს მომავალზე ფიქრებში. კომპოზიცია ფაქტიურად დავასრულე 2012 წლის გაზაფხულზე და მუშაობა გავაგრძელე ერთდროულად რამოდენიმე კომპოზიციაზე, რომელთა შორისაც იყო – ერთგვარად მარტივი, მონოტონური სტილის და ამაცეკვებელი  “RimpiTimpiTam“, რომანკიკული “Dance of the romantic fairies“, ემოციონალური “Rhapsody of mystical mountains“, ასეთ მრავალფეროვნებაში კი “დამნაშავე” იყო ჩემი მუზა 🙂 შესაბამისად, კომპოზიციები გამოვიდა მრავაფეროვანი გემოვნების შესაბამისი – მარტივი და მელოდიური საცეკვაოდან ემოციონალურ რაფსოდიამდე, ხოლო ფერიების ცეკვა ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს მთელი თავისი რომანტიკული ხიბლით და კომპოზიციას თვალებდახუჭული მოსმენისას გულს ხედავს უკვე ყველაფერს. აღნიშნული კომპოზიციები შუა ზაფხულისთვის ფაქტიურად უკვე დასრულებული მქონდა და ვმუშაობდი მათ უმნიშვნელო დახვეწაზე, თუმცა, ამ დროისათვის, ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ერთგვარი იმედგაცრუების პერიოდი, ქვეყანაში გაურკვევლობის ეპოქა და… რამოდენიმე თვით დაიძინა ჩემმა მუზამაც… წლის ბოლოს კი ახალი ძალით იფეთქა ჩემმა ოპტიმიზმა და მიუხედავად არაერთი პრობლემისა, მაინც, შევეცადე ბევრი რამის დალაგებას, მაქსიმალურად გავაქტიურდი ინტერნეტშიც და ჩემმა მუზამაც თანდათან დაიწყო გამოღვიძება 🙂

2013 წელი ბევრად უფრო აქტიური აღმოჩნდა ჩემთვის შემოქმედების თვალსაზრისით, ასევე გამოირჩეოდა მაქსიმალური მრავალფეროვანებით სხვადასხვა მიმართულებით და თუმცაღა მაინც მრავლად იყო პრობლემები, იგი შეუდარებლად უფრო უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე წინა წელი. გაზაფხულზე კი ვიგრძენი შემოქმედებითი ენერგიის აღზევება და შევუდექი მუშაობას ერთდროულად რამდენიმე კომპოზიციაზე. ლამის ყოველდღე ვიღვიძებდი განსაკუთრებული შემართებით, ახალ-ახალი იდეებით და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მუზა თვითონ ქმნიდა კომპოზიციებს, მე მხოლოდ მის ნებას ვემორჩილებოდი… 🙂

კომპოზიციებიც მრავალფეროვანი გამოვიდა და საკმაოდ განსხვავებულებით სტილითა თუ ტემპით. და, რა თქმა უნდა, გაზაფხულის გამოღვიძებას ამ ალბომშიც მიეძღვნა კომპოზიცია “Symphony of the spring clouds“, გარკვეულწილად მსუბუქი ჟანრის და ამავდროულად ადვილად შესაგრძნობი გაზაფხულის ემოციით – გამოღვიძება, დროდადრო ემოციონალური არასტაბილურობა, თუმცაღა, ყოველივე ეს, რომანტიკული გრძნობების თანხლებით… და განა შესაძლებელია გაზაფხულის ემოციებთან ერთად არ იყოს “Aphrodite’s thoughts“?! ეს კომპოზიცია შევქმენი რომანტიკული გრძნობების კარნახით, როცა სული აფორიაქებულია, გული კი საგულედან ლამობს ამოვარდნას… ზღვებისა და ოკეანეების თემას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს შემოქმედებაში და ამ ალბომში წარმოგვიდგა იდუმალი სირინოზების სახით – “Mermaids“. ამ კომპოზიციის მოსმენისას თითქოს ზღვის პრინცესების ჰიპნოზის ქვეშ ექცევი და საკმაოდ ადვილად შეიძლება წარმოიდგინო, თუ როგორ ლაღად და მომაჯადოებლად ცეკვავენ სირინოზები ტალღებთან ერთად. როცა ვმუშაობდი კომპოზიციაზე “Levitation“, ამ დროს მეც დავფრინავდი, თითქოს, ხოლო როცა დაფრინავ, ძალაუნებურად შესცქერი ცას, ვარსკვლავებს და “Spiral Galaxy” სპირალური ტრაექტორიით მიგვაქანებს ვარსკვლავთ სისტემების იდუმალ სამყაროში… განსაკუთრებული ემოციები იყო ჩაქსოვილი კომპოზიციაში “Prometheus’ awakening“, რადგანაც არც ისე ადვილია მითის გაცოცხლება და მისი რეალურად წარმოდგენა, თანაც მუსიკალურ შემოქმედებაში, თუმცა პრომეთემ (კავკასიის ქედის გამოქვაბულში კლდეზე მიჯაჭვულმა ამირანმა) მაინც გამოიღვიძა ჩემს კომპოზიციაში, ძალები მოიკრიბა და ბოლოს ბოროტებაც ააფეთქა… აფეთქების თემა გაგრძელდა შემდეგ კომპოზიციაშიც, დიდი ადრონული კოლაიდერის შემოქმედებით ვარიაციაში – “The small Hadron Collider“. ეს კომპოზიცია ყველაზე პატარაა ფორმატით, თუმცა განსაკუთრებით დინამიური და აქაც ფინალური აკორდი აფეთქებაა… ღმერთმა ქნას სინათლის შესაქმნელად…

და რა თქმა უნდა “Echo from the future”. ამ კომპოზიციაზე ყველაზე დიდხანს ვმუშაობდი, იგი ფორმატითაც ყველაზე დიდი გამოვიდა და ერთგვარად შემაჯამებელი. მასში სრულად იქნა ჩაქსოვილი ჩემი ემოციები, გრძნობები, ოცნებები და იმედები…

აი, ასეთი ასოციაციები მაქვს ჩემი მესამე ალბომის კომპოზიციებთან მიმართებაში, სხვას შესაძლოა განსხვავებული შეფასებები ჰქონდეს, რამეთუ ყველას თავისი გემოვნება, ინტერესი და წარმოდგენები აქვს…

მოკლედ, რიგი პრობლემების თანხლებით, 2013 წლის ბოლოს სრულად მოვრჩი მუშაობას ალბომზე და 2014 წელს შევხვდი ახალი ალბომით. შემდეგ უკვე შევუდეგი ალბომის გარეკანის გაფორმებას და სხვადასხვა ვარიანტიდან ყურადღება შევაჩერე “მოცეკვავე ნათებაზე” (ფოტო, ასევე, ჩემს მიერაა გადაღებული), რომელსაც, თითქოს, მომავალში გადავყავართ… მომავლიდან წამოსული ექოს მეშვეობით.

წარმოგიდგენთ ალბომს – ECHO FROM THE FUTURE (2013)

CD-Disk (700x322, 329Kb)აი, ასე გამოიყურება ჩემი მესამე ალბომის გარეკანი. ალბომი შედგება 12 კომპოზიციისგან, რომლებიც ქვემოთაა გამოტანილი და მათი გადმოწერა (არაკომერციული გამოყენებისთვის) შესაძლებელია მარტივად, კომპოზიციებზე დაწკაპუნებით ან მეთოდით “save as” (დაიმახსოვრე როგორც…).
მოკლედ აი კომპოზიციებიც, მოუსმინეთ და შეაფასეთ… 🙂
      კომპოზიციები ალბომიდან

კომპოზიციის დასახელება
ხანგრძლივობა
1. Edi Line – Runaway to the future 3:07
2. Edi Line – Mermaids 3:03
3. Edi Line – Rhapsody of mystical mountains 3:51
4. Edi Line – RimpiTimpiTam 3:24
5. Edi Line – Aphrodite’s thoughts 3:25
6. Edi Line – Levitation 3:36
7. Edi Line – Dance of the romantic fairies 3:39
8. Edi Line – Spiral Galaxy 3:48
9. Edi Line – Symphony of the spring clouds 3:49
10. Edi Line – Prometheus’ awakening 3:24
11. Edi Line – The small Hadron Collider 2:37
12. Edi Line – Echo from the future 4:42

იმედი მაქვს, ეს კომპოზიციები (თუნდაც ზოგიერთი) მოეწონებათ მსმენელებს 🙂

ამასთან, უარს ნამდვილად არ ვიტყოდი იმაზე, თუ ვინმე დამეხმარებოდა და ჩემთან ითანამშრომლებდა აღნიშნული კომპოზიციებისათვის ვიდეოკლიპების შექმნისას, რა დროსაც ძალიან გამომადგებოდა მათი ცოდნა ასევე მულტიპლიკაციაში, გრაფიკასა და  ვიზუალური ეფექტების შექმნაში.

აქვე, საინტერესო იყო იმის გაგებაც, თუ რომელმა კომპოზიციებმა მოგანიჭათ სიამოვნება ან, პირიქით, ჩათვალეთ წარუმატებელ ქმნილებად, ასე რომ, თქვენი აზრი შეგიძლიათ გამიზიაროთ პირადად, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – edilineco@gmail.com 🙂

ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ ინტერნეტ სივრცეში, აღნიშნულ ალბომთან დაკავშირებით, რამოდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული იქნა პუბლიკაცია – რევიუ #52: Edi Line – Echo From The Future

დასასრულს კი მინდა დავაანონსო მუშაობის დაწყება ახალ ალბომზე – “The World of Sadness and Gladness“…

უდიდესი სითბოთი,
edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)