საქართველოს დამოუკიდებლობა: საამაყო წარსულიდან ღირსეულ მომავლამდე


მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ერი რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავს, ეს სიამაყესთან ერთად, ბევრ სხვა ტკივილსაც გვახსენებს, რამეთუ საუკუნეების განმავლობაში, ბედის უკუღმართობის გამო, ჩვენს სამშობლოს არაერთხელ დაუკარგავს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, შემდეგ კი ბევრი სისხლიც დაღვრილა ქვეყნის ღირსება რომ აღდგენილიყო. დღეს, კიდევ ერთხელ გვეძლევა შანსი გავიხსენოთ და შევაფასოთ ჩვენი წარსული – ტკივილსა და ტრაგედიებთან ერთად წარმატებებითა და სიხარულით აღსავსეც, როცა მარცხს ბევრად უფრო მეტი გამარჯვება მოჰყოლია, როცა დაქუცმაცებული საქართველო მძლავრ სახელმწიფოდ გაერთიანებულა, როცა ერს ურიცხვი დამპყრობლისთვის უჩვენებია თავისი თავგანწირვა, შემდეგ კი უფრო და უფრო დავაფასოთ თაობების შეუპოვარი ბრძოლით ჩამოყალიბებული, დაბრუნებული თუ შენარჩუნებული სახელმწიფოებრიობა. თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმთან ერთად ღირსეული და წარმატებული სახელმწიფოს აშენებაზე ფიქრით უნდა იყოს ერი გაერთიანებული, რომ ქვეყანა ნამდვილად იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი…
ამასწინათ აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ: “ნამდვილ დამოუკიდებლობას ერთიანი ერი და საღად მოაზროვნე საზოგადოება მოიპოვებს მხოლოდ, ჩვენ კი ბედად გვერგო აურაცხელი ცხოვრებისეული გაკვეთილის მიღება.
ღირსეულ დამოუკიდებლობას ვუსურვებ/ვულოცავ სრულიად საქართველოს!”
დიახ, საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობა გადის ხიდზე – საამაყო წარსულიდან ღირსეულ მომავლამდე!
დიდება საქართველოს!!!
P.S. ისე, ცალკე მინდა გავამახვილო ყურადღება შემდეგ ფაქტზე, რომ 26 მაისი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა (1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული აქტის საფუძველზე) და ზუსტად ეს აღინიშნება დღეს!

“იარლიყების” ეპოქა


ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 25-წლიანი პერიოდი თამამად შეიძლება ჩავთვალოთ ე.წ. “იარლიყების” მიკერების ეპოქად, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მხარდამჭერები (რიგ შემთხვევაში, თავის მხრივ, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერებიც) თავისი ოპონენტის “გასანეიტრალებლად”, ტალახის სროლასთან ერთად, არ ერიდებოდნენ სრულიად დაუსაბუთებელ ბრალდებებსაც კი და ქვეყანა “გაივსო” წარმოსახვითი “მანჯურიის აგენტებით”, ყოველ ოპონენტში, ლამის, სახელმწიფოს მტერს ხედავდნენ, საზოგადოება დაიყო “იმისტებად” და “ამისტებად”, საკმარისი იყო გაგეკრიტიკებინა ხელისუფლება ან მისი ცალკეული ქმედება, რომ გამზადებული იყო “იარლიყი” – “კრემლის აგენტი”, “კაგებეშნიკი”, “ზვიადისტი” (როცა ზვიადი ერის მოღალატედ ჰყავდათ შერაცხული), “კორუმპირებული” (რომ შევარდნაძის ხელისუფლების მძიმე ნაკლზე გაესვათ ხაზი), “ნაციონალი” (სააკაშვილის ხელისუფლების შეცდომები თუ დანაშაულებრივი ქმედებები რომ მასაც მიწერებოდა) და კიდევ ბევრი სხვა, ამ დროს არც ოპოზიცია იყო, ხოლმე, გულხელდაკრეფილი და მასაც ჰქონდა “საავტორო უფლებები” ცალკეულ “იარლიყზე”. ჩემი აზრით, ყოველივე ამან, დიდი დაღი დაასვა დემოკრატიულ ღირებულებებს და ძალაუნებურად უშლის ხელს სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას, ამიტომ ყველა, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შეეშვას ასეთი “ბუმერანგის” წინ და უკან ქნევას, თორემ უკვე ბევრჯერ გაიტეხეს თავი იარლიყების მიმკერებლებმა…
P.S. მე, ამჟამად, არ ვარ არცერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი, არ გამაჩნია ფავორიტი პარტია, არასოდეს შემისხამს ხოტბა რომელიმე პარტიისთვის, მით უმეტეს არ ვყოფილვარ რომელიმეს ბრმა მომხრე, თამამად მიღიარებია ამა თუ იმ პარტიის და ხელისუფლების მიერ გაკეთებული კარგი საქმეები, თვალიც არასოდეს დამიხუჭავს შეცდომებსა თუ დანაშაულებზე და ასე გაგრძელდება მომავალშიც, შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ უკმაყოფილოც ბევრი მყავდეს და იარლიყებიც არ დაიშუროს ზოგზოგებმა… თუმცაღა სულაც არ მღელვებს ეს (გული რომც მატკინოს ძალიან), მე ნამდვილად ვერ დავუშვებ, რომ ჩემი პოზიცია და მოსაზრებები იყოს ყალბი!
23 მაისი, 2016 წ.

 

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

 

 

კორცხელის ტესტი


როცა საქმე დაპირისპირებასა და ძალადობამდე მიდის (თუნდაც გამიზნულ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი), ასეთ დროს არაფრის მომცემია თვალის დახუჭვა პრობლემაზე, რამეთუ მსგავი ქმედება ხეირის მომტანი არ ყოფილა არცერთი ხელისუფლებისთვის. და, აქვე, მინდა გავიმეორო ჩემი მოსაზრება, რომელიც სამეგრელოში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ დისკუსიაში დავაფიქსირე:
“პირადად მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ანალოგიურ პროცესებში და, საერთოდაც, ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება უფრო მეტი პასუხისმგებლობა და სამართალდამცავი სამსახურების მეშვეობით უნდა გამოავლინოს დამნაშავე თუ პროვოკატორი, რამეთუ ვინმეს თუ ინტერესი აქვს “შეამოწმოს” სამართალდამცავების პროფესიონალიზმი და ამისათვის გამომწვევადაც მოიქცეს, ვიღაცამ, თავისი დაუფიქრებლობით, შეიძლება, დათვურ სამსახური გაუწიოს ხელისუფლებას, ზოგმაც – ბრიყვული…”. ასევე ყურადსაღებია ის გარემოებაც, რაც არაერთ დისკუსიასაში ცალკეული მოსაზრებებისა თუ პოზიციის დაფიქსირებისას გამოჩნდა, როცა მოქმედი ხელისუფლების მომხრეები აცხადებდნენ, “ყველამ იცის – ნაციონალებისგან მოსალოდნელია პროვოკაციული ქმედებებიო”, ჰოდა თუ ხელისუფლებაც ასე ფიქრობს, მაშინ უფრო მეტად არ უნდა იყოს მობილიზებული?! დროულად არ უნდა გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა არ დაუშვას მსგავსი ექსცესები?! ხელისუფლების მომხრეებიც არ უნდა იყვნენ ამით დაინტერესებულები?! განა ძნელი იმის დაჯერება, რომ ძალადობამ აზვირთება იცის, შემდეგ კი განუკითხავად ანგრევს ყველაფერს და პირველ რიგში მოქმედი ხელისუფლების იმიჯს? ისტორიამ ხომ არაერთხელ დაამტკიცა ეს! ასევე, ახლო წარსულიდან ნურც იმას დავივიწყებთ, რომ საკუთარი მომხრისა თუ თანამოაზრის უპასუხისმგებლო ქმედება ბევრად უფრო მეტი ზიანის მომტანია ხელისუფლებისთვის, ვიდრე ოპონენტის მკაცრი და, თუნდაც, შეურიგებელი პოზიცია…
23 მაისი, 2016 წ.

 

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

ოკუპაციის ექო: ფარისევლობა, ცინიზმი, ბოროტება…


ამ დღეებში, მოსკოვში მცხოვრები ერთი ქართველი დამიკავშირდა და როგორც ბლოგერს (ქართულ და რუსულენოვან ინტერნეტ სივრცეში), რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული, მთხოვა დახმარება საქართველოს საინფორმაციო სტენდის მომზადებაში მართლმადიდებელი ერების მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის, რის ორგანიზებასაც მასთან ერთად მისი დაც ახდენდა, ხოლო ღონისძიება დაგეგმილი იყო მოსკოვის გარეუბანში. მე, ყოველთვის უდიდესი ენთუზიაზმითა და მონდომებით ვცდილობდი ჩემი სამშობლოს პოპულარიზებას ინტერნეტ სივრცეში და ახლაც მოხარული ვიქნებოდი საქართველოს პოპულარიზებაში ჩემი წვლილიც შემეტანა, თუმცა… ამჟამად არ მიცდია საქართველოს ბედკრული წარსულის შესახებ მეთქვა რაიმე თხოვნის ავტორისთვის, არც ეკლესია-მონასტრებისა თუ სასულიერო პირების განადგურების გამო გამომიხატავს აღშფოთება, ამ გულისტკივილს უბრალო მიმოწერაში სრულად ვერც გადმოვცემდი, ზემოხსენებული ღონისძიების ქართველ ორგანიზატორებს მე მხოლოდ ერთი, სრულიად ბუნებრივი კითხვა დავუსვი: “ჩვენი სამშობლოს სტენდის შექმნისას, საქართველო რომელ საზღვრებშია წარმოდგენილი, ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი თუ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე?” საოცარია, მაგრამ ორი დღე გავიდა უკვე და შეკითხვის დასმამდე ის მოსკოველი ქართველი თუ დაჟინებული თხოვნით გამოირჩეოდა და სულმოუთქმელად ელოდა ჩემს მხარდაჭერას, შეკითხვის შემდეგ ჩამიჩუმიც აღარ ისმის…
თუმცაღა, ახლა როცა ასეთი ტრაგიკული ფაქტი მოხდა ხურჩაში, როცა მთელი სისასტიკითა და დაუნდობლობით, დაუსჯელობის სინდრომით წახალისებულმა ნაძირალამ “ისარგებლა” ოკუპაციის ბოროტებით და სასიკვდილო ტყვია ესროლა საქართველოს მოქალაქეს, უიარაღო, მშვიდობიან მცხოვრებს, რა პირით უნდა მთხოვოს დახმარება ფარისევლობაში?!
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ერთიც უნდა ვთქვა: როცა ოკუპაციის საზღვარს გადმოლახავს არაკაცი ბოროტმოქმედი, ოკუპაციის მსახური, ჩაცხრილავს ადამიანს, შემდეგ კი მშვიდად დაბრუნდება უკან, შედეგად ეს ტყვია, ისევე როგორც საქართველოს, ცივილიზებულ სამყაროსაც მოხვდა გულში…
21 მაისი, 2016 წ.

 

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)