Category Archives: ყოველდღიურობა

საზოგადოების პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დასაცავად


მოსმენები, დასმენები, “ჩაშვებები”, უღირსი ხერხებით ადამიანის გამოჭერა, დაშინება და დაშანტაჟება, ე.წ. კომპრომატებით “გაძლიერებულნი” გონიერებას დაუფიქრებლად რომ მოისვრიან სანაგვეზე, აი ასეთი ქვეყანა ააშენა ერმა დამოუკიდებლობის პერიოდში, “ბოროტების იმპერიის” დროინდელს რომ არ ჩამოუვარდება და უფრო მეტიც, ტექნოლოგიური მიღწევების “ოსტატურად” გამოყენებით, ლამის, ყველამ შეითავსა კგბშნიკური მეთოდები და ტალახის სროლაშიც საოცრად დახელოვნდა… ახლა კი, გულზე მჯიღის ცემით, გინდა ევროპული ოჯახისკენ წავიღოთ ეს სიბინძურე, გინდა ე.წ. ევრაზიულ კავშირში იტრაბახოს, ზოგიერთმა, ასეთი “სიმდიდრით”… ამდენი ორპირი, გულბოროტი თუ უგულო, ამდენი ცინიკოსი და სულმდაბალი ადამიანი როცაა ქვეყანაში, უკვე რაღა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ხელისუფლებაში? თუმცა, ზუსტადაც ამიტომ გვინდა ძლიერი, სამართლიანი და მაღალი პასუხისმგებლობის დონის მქონე ხელისუფლება, რომელიც ჭეშმარიტად ხალხისუფლება იქნება და ჩვენც თავს მაქსიმალურად დაცულად ვიგრძნობთ… ეჰ, განა სულ ამ სურვილით და მოლოდინით არ ვართ, წლების განმავლობაში? თანაც, ნებისმიერ ადამიანს, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ იყოს, რომ ჰკითხო, თუ როგორ ქვეყანად სურს იხილოს საქართველო, უახლოეს მომავალში, პრაქტიკულად ყველას ღირსეულ, ადამიანის უფლებების სრულიად დაცულ ქვეყანაში უნდა ცხოვრება, ასეთ საქართველოს ნატრულობს ყველა. ჰოდა, ძალიან მაინტერესებს ახლა – ვინ უნდა ააშენოს ასეთი ქვეყანა, ვის იმედად და ვისი დახმარებით?
პირადად მე ერთი რამ სრულად მაქვს გათავისებული, რომ საკუთარ უფლებებთან ერთად ვალდებულებებიც გამაჩნია ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე და მართალია არ ვარ უცოდველი და ცხოვრებაში შეცდომებიც დამიშვია, ხოლმე, სხვისი გაჭირვება არასოდეს გამხარებია, არც ტალახი მისვრია ვინმესთვის და ბევრის მსგავსად, მეც, გულით მდომებია გასაჭირში მყოფთათვის მხარში ამოდგომა… ჰოდა, მიუხედავად ყოველივე ზემოხსენებული გულსატკენი ფაქტებისა, მაინც, რატომღაც მჯერა, რომ საქართველოში მრავლადაა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანები, ჩემზე უფრო მეტადაც კი, ამას ნამდვილად იმსახურებს ჩვენი მრავალტანჯული ერი, ჩვენი სამშობლო, უკეთეს მომავალსაც ვიმსახურებთ ჩვენ და ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ეს!!!

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

 

P.S. ადამიანის უფლებების დაცვასთან თუ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით ბევრჯერ თქმულა და სხვადასხვა ხელისუფლებების პირობებში ბევრჯერ დადებულა პირობა, რომ ქვეყანაში დაცული იქნებოდა ცივილიზებული სამყაროს ეს ფუნდამენტური ღირებულებები, თუმცაღა ისევ და ისევ, დრო და დრო, თავს შეგვახსენებს, ხოლმე, უღირსობის მავნე სენი, როცა ვიღაც ნაძირალები ფეხქვეშაც კი თელავენ საკუთარ ადამიანობას, რომ როგორმე სხვას ავნონ…

გუშინ ტალახი ესროლეს არა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ სრულიად საქართველოს. დიახ, გუშინ კიდევ ერთხელ შეაფურთხეს ადამიანურობას და ერს ისევ მოუწია სარკეში ჩახედვა, საკუთარი სირცხვილი რომ დაენახა…

დღეს კი ყოველივე ამაზე პასუხი უნდა აგოს უკვე საზოგადოებამ, ხელისუფლებასთან ერთად, დღევანდელ და წინა ხელისუფლებებთან ერთად, რამეთუ, თითქოსდა, ერთი ადამიანისადმი ნასროლი ტალახი სრულიად საქართველოს მოხვდა!

და აქვე, ძალზედ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება:

“ორი თვის წინ პირობა მივეცი ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩემი ყველა ნაბიჯი, ყველა განცხადება, ყველა საქმე მოემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში, ადამიანს. თითოეული ადამიანის დაცვა სახელმწიფოს ღირსების საქმეა! ის, რაც დღეს მოხდა, არის არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების დაშანტაჟებისა და დათრგუნვის მცდელობა. ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, და ჩვენი პასუხი ამ დარტყმაზე იქნება უმკაცრესი! ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მსგავსი დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ აღარასოდეს მოხდეს!

ვისი გადაღებული და გავრცელებულიც არ უნდა იყოს ეს ჩანაწერი, გეუბნებით, პირობას გაძლევთ, უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ეს იქნება სამაგალითო პასუხი, რომ მსგავსი სიბინძურე თავში აღარავის მოუვიდეს. სამაგალითოდ დაისჯება ყველა, ვინც საკუთარი ამაზრზენი მოქმედებებით საზოგადოების განვითარებას აფერხებს…

მე დავალება მივეცი შესაბამის უწყებებს – პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსწრაფესად გამოიძიონ ეს საქმე. ეს არის საგამოძიებო უწყებების გამოცდა, რომელიც მათ უნდა ჩააბარონ. ჩვენ მზად ვართ, გამოძიების პროცესში ჩავრთოთ ნებისმიერი ორგანიზაცია, ჯგუფი, ვისაც ამ საქმეში დახმარების გაწევა შეუძლია. სიტყვას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ცხოვრებიდან ეს საშინელი ჩანაწერები ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს.”
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი
11.03.2016 წ.

 

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

ადამიანური ურთიერთობების ანატომია


შესაძლოა, ეს ჩემი პირადი აზრი იყოს, მხოლოდ ან კიდევ ბევრის მოსაზრების გახმოვანება გამომივიდეს ადამიანურ ურთიერთობებთან მიმართებაში და ალბათ რაღაც-რაღაცეების გამეორებაც მომიხდეს, თუმცა ფაქტია, რომ საკმოდ ხშირად ხდება (რაოდენ სამწუხაროც არ იყოს ეს და რაც ძალზედ საგრძნობია ბოლო 5-10 წელია), როცა პიროვნული ურთიერთობები ერთგვარ ჩარჩოებში ექცევა რიგი პოლიტიკური პროცესების, მედროვეობის ელფერგადაკრული უცნაური “პრაგმატული” ინტერესისა თუ “ახლა ჩვენი დროა”-ს ტალღაზე მომართული ქედმაღლობის გამო. ყოველივე ამას ემატება, საზოგადოებაში, ჩვენს რეალობაში, იდეალურად ადაპტირებული მავანთა ყოფა: ერთის მხრივ ესენი არიან ზოგიერთი “თბილ” სავარძელში მოკალათებულნი, საკუთარი თავი “სხვებზე მაღლა მდგომად”, რომ მიაჩნიათ და ცხვირიც შესაბამისად აქვთ აწეული, მეორეს მხრივ კი ისინი, ვინც “თავის გადასარჩენად”, იმ “ცხვირაწეულთა” მაამებლად თუ სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენების მიზნით წაბორძიკებულს წიხლს დაუფიქრებლად რომ მიაყოლებენ, ისინი, ვისაც მედროვე-ორპირობა ისე აქვთ სისხლში გამჯდარი, რომ ხელები მუდამ ტალახისკენ, თვალები კი მსხვერპლისკენ გაურბით, ისინი ვისაც სხვის მიმართ შურმა თვლები დაუბრმავა, სხვისმა შეცდომებმა კი საკუთარი ცოდვა-დანაშაულები გადაავიწყა…
არადა, ცხოვრებაში ბევრი რამ, თანაც საკმაოდ ხშირად და მოულოდნელადაც კი იცვლება, ამასთან, არც თუ იშვიათად – საპირისპიროდ, ჰოდა ყოველივე ზემოაღნიშნულის, ცხოვრებისეულ გაკვეთილად და ჭკუისსასწავლებლად გამოყენება, ადრე თუ გვიან, ყველას მოუწევს, მანამდე კი კიდევ და კიდევ გავიაზროთ ის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ღირებულ, სანდო და საიმედო ურთიერთობებებს, ნამდვილ გულწრფელ ურთიერთობებს და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ განძს!
26 თებერვალი, 2016 წ.
© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

“სიძულვილის ენა” დისკუსიაში


ორ კვირაზე ცოტა მეტი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც აღვნიშნე – “ბეცი უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ შენიშნოს ის, თუ რაოდენ არასასურველად მატულობს დაძაბულობა ქვეყანაში და როგორ ხდება ამის გამიზნულად თუ უნებლიე ხელშეწყობა სხვადასხვა მხრიდან”… მას შემდეგ პროცესები უფრო თუ არ გამწვავდა, ყოველ შემთხვევაში, არც დამშვიდებულა და თუკი რეალურ გარემოში, ჩვენს ყოველდღიურობაში, მთლად გამოკვეთილად არ ჩანს ეს, ვირტუალურ სივრცეში, ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში უკვე სახეზე გვაქვს უკომპრომისო და დაუნდობელი, ხშირ შემთხვევაში, ზღვარსგადაცილებული დაპირისპირებები – ზიზღისა და სიძულვილის გამოხატვა ამა თუ იმ პიროვნებასთან თუ ერთმანეთთან მიმართებაში არა მარტო პოლიტიკური გემოვნებისა თუ მრწამსის გამო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოზიციებისა თუ მოსაზრებების გამოც, თუნდაც მათი ავტორები არც კი გამოხატავდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესს. ასეთი აგრესიულობა, ასეთი უხამსობა და ბილწსიტყვაობა, რაც ასე უხვად, ნიაღვარივით მოედინება სოციალურ ქსელებში დისკუსიების დროს, ნამდვილად არ “დაილექება” და დაკონსერვდება ვირტუალურ სივრცეშივე, რამეთუ იქ ურთიერთობა რაღაც აბსტრაქტულ ვირტუალურ სახელთან (“ნიკთან”) კი არ ხდება, არამედ კონკრეტულ ადამიანთან – უცნობთან თუ ნაცნობთან, ახლობელთან თუ უცხოსთან, რომელთაც ძირითადად იგივე აზრები და პოზიციები, ინტერესი და გემოვნება აქვთ რეალურ სივრცეშიც…
ჩემ თანამემამულეებს ნამდვილად არ სჭირდებათ იმის შეხსენება, თუ ტერიტორიულად რაოდენ პატარა ქვეყანაა ჩვენი სამშობლო (ყველასთვის ასეთი ძვირფასი და საამაყო რომაა) და რა ადვილად შეიძლება ახლობელი ადამიანების აღმოჩენაც ე.წ. “მტრულ ბანაკში”, ჰოდა რა გვინდა ახლა, გაღიზიანებული, აგრესიულად განწყობილი, უკომპრომისო, სასტიკი და დაუნდობელი ადამიანების მომრავლება, მით უფრო ჩვენს ახლობლებში ან, თუნდაც, ოპონენტებში?! მერე? მერე, ესოდენ მომატებული აგრესია, ვითომ, სადღაც შორს გადაიკარგება?! არა და არა!!! ყოველივე ეს, უნებლიედ თუ გამიზნულად ან კიდევ პროცესებისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო ისევ ჩვენს სიახლოვეს დაიბუდებს და მერე შეიძლება ისე უკონტროლოდ აზვირთდეს და აბობოქრდეს, რომ ყველაფერი ერთად წალეკოს ჩვენსავე მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებთან, თანამოაზრეებთან თუ ოპონენტებთან ერთად, რამეთუ ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება, რადიკალურადაც კი და დღეს, ერთ საკითხში თანამოაზრე, ხვალ ოპონენტი აღმოჩნდეს სხვა საკითხთან მიმართებაში, ხოლო ადამიანში დაბუდებული ზიზღი, სისასტიკე, აგრესია ისევ ძველებური “წარმატებით” გააგრძელებს “თავის გზას”…
მრავალ გარემოებათა გამო, წლების განმავლობაში თუ დღეს ჩადენილი რიგი შეცდომებისა და დანაშაულების გამო, ბუნებრივია, ადამიანი გაღიზიანებული იყოს, ისიც ბუნებრივია, რომ რაც უფრო დიდია უსამართლობის განცდა (იგი არ შემოისაზღვრება კონკრეტული წლებით და სხვადასხვა დოზით, ამა თუ იმ ქმედების შესაბამისად, მუდამ ჩვენს გვერდითაა), მით მეტად მატულობს ემოცია, რა დროსაც (მით უფრო ვინმეს მხრიდან დაუფიქრებელი და წინდაუხედავი ქმედებების გამო) არაა გამორიცხული ახალი შეცდომები, შემდეგ კი, ჯაჭვური რეაქციით მიღებული მოჯადოებული წრის გარღვევა, არც ისე ადვილია…
დიახ, უსამართლობის განცდა თრგუნავს ადამიანს და ლოგიკურად იწვევს პროტესტის გრძნობას (ყოველთვის – წარსულშიც, დღესაც და მომავალშიც ასე იქნება), შესაბამისად აუცილებელია, რომ “სამართალმა პური ჭამოს”, შეცდომა გამოსწორდეს, დამნაშავე დაისაჯოს და ყველას ვალდებულებაა (მით უფრო ხელისუფლების!) უზრუნველყოს სამართლიანობის განცდა საზოგადოებაში, ხოლო იმის დადგენა, თუ არეულობა, დაძაბულობა, აგრესიისა და ყველა იმ უმსგავსობის მატება, რაც ზემოთ აღვნიშნე, ვის ინტერესშიც შედის, მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და უდიდესი გამოცდილების მქონე ბრძენ ერს ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს…
მე (ისევე, როგორც ბევრი ჩემი თანამემამულე) ნამდვილად ვერ ვიქნები გულგრილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, კონკრეტული მოსაზრებებიც ამის გამო დავაფიქსირე, თუმცა ყოველივე ეს, ახლა, ასე ვთქვათ, ერთი ამოსუნთქვით დავწერე და არაა გამორიცხული ზოგი რამ ისე ვერ ჩამოვაყალიბე, როგორც საჭიროა და რიგ მოსაზრებებში კატეგორიულიც კი ვიყავი, ან კიდევ რაღაც-რაღაცეები მთლად ვერ დავაკონკრეტე, თუმცაღა მაინც მჯერა, რომ დღეს ნათქვამით, ბევრის პოზიცია გავახმოვანე – მე სათქმელი ასე ჩამოვაყალიბე, სხვა უკეთ იტყვის, ყველამ ერთად კი ღირსეული ქვეყანა უნდა ავაშენოთ, არა მხოლოდ ჩვენთვის, უფრო ჩვენი შთამომავლობისთვის!!!
2015 წლის 10 ნოემბერი
© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

ფეისბუკის გვერდებზე: პოზიცია და მოსაზრებები ფრაზებში…


ამ პუბლიკაციაში ფეისბუკის გვერდებზე განთავსებული თემებიდან, ცალკეულ ფრაზებად, გადმოვიტანე ჩემი მოსაზრებები და შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში, რომლებიც წლების განმავლობაში დამიფიქსირებია საკუთარი თუ სხვათა ქმედებების, გადაწყვეტილებების ან დაშვებული შეცდომების შეფასებისას და იმ დროისათვის, ბევრი რამ, ისედაც კარგად იყო ყველასათვის ცნობილი, თუმცა… საერთოდ კი, საზოგადოებასთან ერთად დრო ახდენს თითოეული ჩვენთაგანის ნაკვალევის შეფასებას, ტყუილ-მართალიც მაშინ გაირკვევა და “სამართალიც პურს შეჭამს”, მანამდე კი ჩვენს გულებში ჩავიხედოთ, სადაც საკუთარ ცოდვებსაც მრავლად დავინახავთ, მხოლოდ სხვაგან რომ არ ვეძებდეთ და მერე კი, იქნებ, ზოგმა სხვისი კარგი დაინახოს, არც სიკეთე დაივიწყონ, ზურგის შექცევა გადაიფიქრონ და სხვებისთვის დასახმარებლად ხელის გაწვდენაც არ დაენანოთ…

ახლა კი გთავაზობთ ფრაზებს 2011-14 წლებში დაფიქსირებული ჩემი ცალკეული პუბლიკაციებიდან:

ამჯერად ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა და ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი ამ მოსაზრებებით ისევ შეგეხმიანეთ მე
edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

“შავი სიების” ტყვეობაში


https://ediline.files.wordpress.com/2014/12/blacklist.jpgთვეების წინ, საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მთელი ძალისხმევა მქონდა მიმართული ერთი საიტის (რომლის ადმინისტრატორიც გახლავართ) ანტივირუსული სისტემა “AVAST!”-ის “შავი სიების” “კლანჭებიდან” გამოხსნაზე, რომელშიც სრულიად უსაფუძვლოდ იყო იგი ჩასმული. როცა დავიწყე სიტუაციის გარკვევა, აღმოჩნდა რომ, თურმე, რომელიღაც მეასეხარისხოვან და არაავტორიტეტულ ინტერნეტ-რესურს, ერთგვარი ეჭვი გაჩენოდა ამ საიტის მიმართ და ჩათვალა, რომ იგი შეიცავდა ზიანისმატარებელ პროგრამულ უზრუნველყოფას. ყოველივე ამაში უცნაური ისაა, რომ საიტი საკმაოდ მაღალ დონეზე იყო დაცული, თანაც, არ შეიცავდა არანაირი საეჭვო ფაილს, რაც დადგინდა საკმაოდ ავტორიტეტული რესურსების მეშვეობით შემოწმებისას, ხოლო გასაოცარი და აღმაშფოთებელიც კი იყო ის, რომ ზეაღნიშნული ანტივირუსული სისტემის ადმინისტრაციამ (თუ კონკრეტულმა სამსახურმა) საიტი “შავ სიაში” შეიყვანა არა საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებით ჩატარებული შემოწმების შემდეგ მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, არამედ, ასე ვთქვათ, საიდანღაც წამოსული ჭორ-ეჭვის დონის ინფორმაციის საფუძველზე, რითაც ძალაუნებურად დააკნინა საკუთარი ავტორიტეტულობაც.
დიახ, მსგავსი სიტუაციების შემთხვევაში, ერთნი თუ უსამართლოდ ზარალდებიან, მეორენი – ავტორიტეტის დაცემის რისკის ქვეშ დგებიან და ადრე თუ გვიან ნდობას დაკარგავენ, თუნდაც კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში…
რას მოვაყოლე ამხელა წინასიტყვაობა? იმას, რომ მსგავსი რამ ხდება, ხოლმე, ჩვენს ყოველდღიურობაში და საქართველოშიც, წლების განმავლობაში, როცა მცდარი და მე ვიტყოდი, საკმაოდ წინდაუხედავი გადაწყვეტილებები, არც თუ იშვიათ შემთხვევაში, ზუსტადაც რომ, არაზუსტი ინფორმირებულობის, ვიღაცის მიერ გაკეთებული სუბიექტური დასკვნების, ინფორმაციის არასწორი, არასრული და ტენდენციური გაანალიზებისა თუ ცალმხრივი შეფასების საფუძველზე მიიღებოდა. შესაბამისად, გონებაში იქნება ეს, ქაღალდზე თუ კომპიუტერულ ტექნიკაში, იქმნება, ხოლმე, ე.წ. “შავი სიები” (ან კიდევ ერთგვარი “თეთრი სიები”), რომლებიც შემდგომში გამოიყენება, ცალკეული პოზიციების დაფიქსირებისას, ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისთვის თუ საკუთარი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად… არადა, რამდენჯერ მომხდარა, როცა შევმცდარვართ, როცა მცდარი აღმოჩენილა ვინმეს თუ რამის შეფასება, ხოლო მოსმენების, დასმენების თუ “ჩაშვებების” შემდეგ, ლამის, გასული საუკუნის 30-იანი წლების უსასტიკესი რეპრესიების სულისკვეთებით მიღებულ გადაწყვეტილებებს რა აუნაზრაურებელი ზარალიც მოუტანია, არაერთხელ გამხდარა საზოგადოება ამის მოწმე… ასეთმა მწარე გაკვეთილებმა კი მავანნი, მართლაც, უნდა დააფიქროს იმაზე, რომ ესა თუ ის “სიები” არც ბრმად უნდა შედგეს, თუ კი მისი შედგენის საჭიროება მაინც დგება და დროდადრო, აუცილებლად უნდა გადაიხედოს, ხოლმე, ალტერნატიულ მოსაზრებებზე თუ არა, თუნდაც ცალკეული პროცესების კომპლექსურ ანალიზზე დაყრდნობით და შემდეგ, იქნებ, იმათი კონტურები და ზრახვებიც გამოიკვეთოს, ვის გამოც, შესაძლოა, შეცდომაშიც ყოფილიყვნენ შეყვანილნი…
ისე კი ე.წ. “სიები” (“შავი” იქნება თუ “თეთრი”), ამ პუბლიკაციაში, პირობითაა ნახსენები, რამეთუ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ მე, კონკრეტულ შეფასებასა თუ ჩამოყალიბებულ პოზიციაზე, რომელიც ვიღაცის მოსაზრების, “დღევანდელი კვერცხის” ეფექტის შესაბამისი ინტერესისა თუ მხოლოდ საკუთარი “პრაგმატული” გემოვნების მიხედვითაა განსაზღვრული. დროსა და სივრცეში კი, ყველაფერი ფარდობითია, უფრო მეტიც, ცვალებადია და არა მხოლოდ გემოვნების შესაბამისად, უფრო რეალური არსისა და შინაგანი მნიშვნელობის აღმოჩენის გამო… მერე კი ზოგი შეცდომებს ითვლის, ზოგიც ზარალს.
საერთოდ, ასეთი სიების ეფექტი ყოველთვის მოკლევადიანია და ხშირად საკმაოდ წამგებიანიც კი, მათი “მფლებელებისთვის”, რამეთუ, საერთო ანგარიშში, ზუსტადაც რომ ისინი აღმოჩნდებიან, ხოლმე, ამ სიების ტყვეობაში, მათთვისვე ნეგატიური შედეგით. არაერთხელ დაამტკიცა ეს ცხოვრებამ, ჩვენმა ყოველდღიურობამ…

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი
19 დეკემბერი, 2014 წ.

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)