ტოტალიტარიზმის ეპოქიდან “კითხვის ნიშნების” ეპოქამდე


უახლოეს წარსულში საქართველომ მოასწრო არაერთი ურთიერთგანსხვავებული ეპოქის გავლა, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა ისტორიაში და დღემდე ახდენს გავლენას ქვეყნის განვითარებაზე. შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო ჩემი მოსაზრებები აღნიშნულთან დაკავშირებით:
ტოტალიტარიზმის ეპოქა როგორი შემართებითაც გადატეხა წელში ეროვნულმა ერთიანობამ, ისეთივე მონდომებით დაანგრია ერის ეს მოკლევადიანი ერთობა, შედეგად ქვეყანამ, უკვე, ტოტალური განუკითხაობის ხანა ეგემა, ძმათამკვლელი ომის სირცხვილიც, ორპირობაც და ღალატიც, ღვთის რისხვამ კი ერს საკუთარ სულში ჩაახედა, თუმცაღა ბევრმა თვალი ვერ გაუსწორა რეალობას და “შვება” თვალის დახუჭვაში ჰპოვა… აღვირახსნილმა კორუფციამ, უშუქობამ, უგზოობამ, მოსახლეობის პერმანენტულმა გაღატაკებამ თუ სხვა ათასმა უმსგავსობამ ერი პრაქტიკულად დააჩოქა… უკვე შეუძლებელი ხდებოდა ყოველივე ამის ატანა და ამ წუმპემ ერს გაბრძოლებისკენ უბიძგა, მერე შუქიც გაჩნდა, ოპტიმიზმიც, იმედიც, ბევრი რამ აშენდა და გალამაზდა, პატარა ბავშვები მომრავლდნენ ეზოებში, მომღიმარმა სახეებმაც იმატა, თანდათან დაჩოქილი ერიც ამაყად წამოიმართა და წელში დაიწყო გასწორება, თუმცა მოულოდნელად ისეთი ალიყური იწვნია, რომ ისევ ძირს დაენარცხა – ძალაუფლების ტკბობაში “ჩაძირულებმა” ადამიანებს ერთმანეთისადმი ნდობა დააკარგვინეს, ტოტალურმა მოსმენებმა, დასმენებმა, “ჩაშვებებმა”, სხვის თეთრეულსა თუ ლოგინში ნერწყვგადმოდინებულმა ქექვა-ცქერამ ერს ღირსებაც დააკარგვინა, ძალადობა თუ დამცირებაც გაუადვილდათ ძალაუფლებით გონებაარეულებს, თავისიანებად თუ სხვისიანებად, ხელშეუხებლებად თუ ჩარეცხილებად დაყვეს საზოგადოება და ისე შეიყვარებდნენ თუ მოიძულებდნენ ადამიანებს, ისე გახრწნიდნენ თუ გარიყავდნენ, ცოდვა-მადლის ისეთი ცინიკური “ფორმულა” გამოიგონეს, რომ ადეკვატურობის არსმა საბოლოოდ დაკარგა აზრი… ჰოდა, ამოუვიდა ყელში, ყოველივე ეს, ერს და ალიყურის საპასუხოდ ისეთი მწარე მუშტი აგემა ხელისუფლებას, რომ, შემდეგ, ოპოზიციაში მყოფი დროდადრო თავისით ეცემა, ხოლმე, ნოკდაუნში, თუმცაღა დაბარბაცებულიც კი არ აძლევს მოდუნების საშუალებას მოქმედ ხელისუფლებას… არადა, წლების წინ, ისეთი რწმენით იყო გამსჭვალული ერი, ისე სჯეროდა ბევრი რამის და თავადაც ისე ლაღად დაიწყო ოცნება ბედნიერ მომავალზე, რომ დღევანდელი რეალური შედეგის გამო, დაბნეულმა, აღარც კი იცის პასუხი ვის მოსთხოვოს – მმართველ ძალას, კონკრეტულ გავლენიან პიროვნებას თუ საკუთარ თავს. წლების წინ რამდენ რამეში ეთანხმებოდა მოსახლეობა მაშინდელ ოპოზიციას, რამდენი პრობლემის მოგვარების იმედი ჰქონდა, როგორ სჯეროდა, რომ უსამართლობის განცდა აღარ ექნებოდა, რამდენი კარგი შანსი იქნა ხელიდან გაშვებული, რამდენი შეცდომა იქნა დაშვებული, მათ შორის, საკადრო სფეროში, ტალახის სროლის, წინა ხელისუფლების დროინდელი, აზარტი უფრო მეტი შემართებით იგრძნობა და ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ, ბევრი რამით დაიღალა ერი… ნათქვამია “ნეტარ არიან მორწმუნენიო”, მაგრამ ნეტავ იმათ ტვინში ჩამახედა, ვინც დღეს პრობლემებს ვერ ხედავს, ხოლო იმათ ტვინში ჩახედვა საერთოდაც არ მსურს, ვისაც აბსოლუტურად ყველა პრობლემის სათავე მხოლოდ ე.წ. “9-წლიანი მმართველობის ეპოქა” მიაჩნია. ყველა ეპოქის ფურცელი ადრე თუ გვიან, მაინც, გადაიშალა და ყველას თავისი მოეკითხა, მიმდინარე ეპოქის ფურცელსაც გადაშლის საზოგადოება, ეპოქისას, რომელსაც მე, თუნდაც, “კითხვის ნიშნების” ეპოქას დავარქმევდი…

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

ვარდობისთვე


სასიამოვნო ამინდი კიდევ უფრო გვიძლიერებს სიმშვიდის განცდას, ჩიტების საოცარი ჭიკჭიკი ლაღ ფერებს მატებს გამოღვიძებულ ბუნებას, არემარე ცოცხალი ფერებით აივსო, გაზაფხულის ამ უმშვენიერესი თვის, რომანტიკული მაისის, ჩვენს ცხოვრებაში შემობრძანებამ უფრო მეტი პოზიტივი უნდა მოიტანოს და მას, თუნდაც, ხელისშემშლელების მთელი არმია გადაეღობოს წინ, მაინც უფრო მეტი შემართებითა და პრინციპულობით უნდა შევეჭიდოთ ნებისმიერ პრობლემას. უდავო ჭეშმარიტებაა და ყოველი ჩვენთაგანისათვის უცხადესია, რომ სიკეთე, პატივისცემა და სიყვარულია, ზუსტად, ის ფასდაუდებელი ღირებულებები, რომლითაც საზოგადოებამ, გაძლიერებული პასუხისმგებლობის გრძნობის თანხლებით, ღირსეული მომავალი უნდა ააშენოს ჩვენი შთამომავლობისთვის, წინაპართა გმირული წარსულის წინაშე ვალმოხდილად რომ იგრძნოს თავი…
ვარდობისთვე ტყუილად კი არ შეარქვეს, ამ თვეს, ჩვენმა წინაპრებმა, ზუსტადაც რომ ვარდთან ასოცირდება წმინდა, გულწრფელი და ამაღლებული გრძნობები, მაისია ის კულმინაცია, როცა გაზაფხულის შემობრძანებით გამოღვიძებულ და გაძლიერებულ რომანტიკულ განწყობას ვიმკის, სითბოთი, სიხარულითა და სიყვარულით გაჯერებულს, გულიც რაღაცნაირად სხვანაირად, მართლაც განსაკუთრებულად, დადებითი ემოციებით აღსავსე გვიცემს ყველას, უფრო მეტად იმედიანი განწყობით ვიმუხტებით და მთელი შემართებით ვაგრძელებთ ბედნიერი მომავლის აშენებას…
ვარდობისთვის დადგომას გილოცავთ ჩემო თანამემამულენო, ჩემო ახლობელო ადამიანებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო!
სიხარული, სიყვარული და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ ცხოვრებაში!
1 მაისი, 2017 წ.

 

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

დღეს…


რა უცნაური დღეა, თავისებური, ერთდროულად ლოგიკურიც და ალოგიკურიც, მრავალმხრივად წინააღმდეგობრივი, ზოგან წვიმს, ზოგან ქარია, მზეც კი ანათებს, თუმცა სიცივემაც შეგვახსენა თავი, ზღვაც აღელდა და ტალღებით იმუქრება… დღეს ვიღაცას ილიჩი ახსენდება, დიდ ბელადად წოდებული ლენინი და ეს იმ დღეს, დედაბუნების დაცვაზე უფრო მეტად რომ უნდა ფიქრობდეს საზოგადოება, თუნდაც კალენდრის შეხსენებით, ყოველდღიური საზრუნავი ლამის კონკრეტული დღეებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების ამარა რომ დაუტოვებია. უცნაურია პოლიტიკური აზროვნებაც – ერის, ქვეყნის კონსტიტუციას ყველა საკუთარი სიყვარულისა (ზოგს ალალად, ზოგს გულუბრყვილოდ, ზოგსაც ბრჭყალებში მოქცეული) და გემოვნების საზომით რომ ზომავს, ყველას მხოლოდ თავისი სიმართლე და არგუმენტი რომ აქვს, ყველა ხალხის სახელით რომ საუბრობს, ხალხი კი…
ხალხი კი, ისევ და ისევ, იმას იმკის, რასაც წლების განმავლობაში თესავდა…
დღეს უცნაურიც კი აღარაა ის ფაქტი, რომ ჩვენი პლანეტა დენთის კასრზე დასვეს მავანთა უგუნურობამ, არაადამიანურობამ თუ უღმერთობამ, ეს მთელი მსოფლიოს ტკივილია, მართლაც და რაოდენ სამწუხაროა, რომ განგაშის ზარების შემოკრის ნაცვლად უფრო იარაღის ჟღარუნი ისმის ყველგან…
დღეს უჭირს ბევრ ჩემ თანამემამულეს, უჭირს აქ, თავის სამშობლოში, ბევრად უფრო მეტად კი მათ უჭირთ, ვინც ბედის უკუღმართობამ უცხო ქვეყნებში გადახვეწა…
უფალო, დაგვეხმარე! დაიფარე ჩემი სამშობლო, დაიცავი ჩემი თანამემამულეები ყოველთვის და ყველგან!
2017 წლის 22 აპრილი

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

მსგავსი თემატიკის პუბლიკაციები

8 ოქტომბრის არჩევნების ფაქტობრივი შედეგი


8 ოქტომბრის დაძაბულობით, იმედებით და მოლოდინებით აღსავსე დღემაც ჩაიარა, ჩატარდა არჩევნები, შედეგებიც პრინციპში ცნობილია, მაგრამ სანამ არჩევნების შედეგებზე ვიტყოდი რამეს, მანამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ქართული მედიისა თუ ინტერნეტ სივრცის ობიექტურობის უპირობო მარცხი, 1-1,5 პროცენტიანი ცდომილებით მოტრაბახე ეგზითპოლების სამარცხვინო მარცხი, ქართული კაცთმოყვარეობის, ადამიანური ღირსებისა თუ სამართლიანობის გულსატკენი მარცხი… კიდევ არაერთი დიდი თუ პატარა მარცხის მომსწრენი გავხდით, ოღონდ მათი გახსენებით კიდევ უფრო არ დავამძიმებ ჩვენს გულებს…
ქაოტურად თუ მოწესრიგებულად გადანაწილდა პროცენტები, გამოიკვეთნენ ლიდერებიც და აუტსაიდერებიც, ზოგი წუხს, ზოგიც ხარობს… ნათქვამია გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, არადა, მე საქართველოს გამარჯვება მინდოდა, რეალურად კი მხოლოდ ერთი პარტიის მეორეზე გამარჯვება მივიღეთ.
აი ასეთი მოსაზრებები მაქვს მე და თუ ვინმეს ჩემსგან განსხვავებული მოსაზრებები გაქვთ, კიდევ ერთხელ გაიხსენეთ წინასაარჩევნო პერიოდი, რამდენიმე კვირაში კი პარლამენტის სხდომაზე მყოფი დეპუტატებიც კარგად შეათვალიერეთ…
P.S. და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, მჯერა, რომ ივერია გაბრწყინდება! როდის მოხდება ეს? მაშინ, როცა ჩემი თანამემამულეების გამოკვეთილი უმრავლესობა უშუალოდ თვითონ შეიტანს საკუთარ წვლილს ქვეყნის წინსვლასა და გაძლიერებაში, უპირველესად კი ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბებაში!
9 ოქტომბერი 2016 წ.

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

 

 

საზოგადოების მოთხოვნა: “წინაზე უკეთესობა კი არაა მთავარი, შენს დაპირებებს უნდა აჯობო”


სიმართლე გითხრათ უკვე ძალიან გამაღიზიანებელია თითის გაშვერის პოლიტიკა, მით უმეტეს ხელისუფლება როცა აკეთებს ამას. ძალიან კარგად მესმის, რომ ოპონეტს უნდა დაუპირისპირდე პოლიტიკურ ბრძოლაში, მაგრამ ისეთი არგუმენტებით უნდა მოხდეს ეს, რომ მსგავსი ფაქტი არ უნდა იყოს შენთანაც. ყველას აქვს დაშვებული შეცდომები და უამრავია ასეთები “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხოლო ვინმე თუ ამას დაივიწყებს, ღირსიც ყოფილა იმ უმსგავსობების, რომელიც პირადად მას თუ არ შეეხო, მის რომელიმე ნაცნობ-ახლობელს ხომ აუცილებლად შეეხებოდა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენს ერს და ქვეყანას შეეხო! მაგრამ ხელისუფლებაში მყოფი ძალა სხვისი ქილიქით, სულ წარსულის მძიმე ფაქტების გახსენებით და ოპოზიციის ლანძღვა-გინებით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ თავისი საქმიანობით ისე კარგად უნდა ააწყოს ქვეყანაში ცხოვრება, ისეთი მაღალი დონის პროფესიონალი და პასუხისმგებლობით აღსავსე ხელმძღვანელი პირები უნდა ჰყავდეს, თავის წინასაარჩევნო დაპირებებს ისეთი შემართებით უნდა ასრულებდეს, რომ მოსახლეობის გულწრფელი(!) პატივისცემისა და ნდობის ღირსი იყოს. ძალიან კარგად მახსოვს ე.წ. მხედრიონის ეპოქა და სრული განუკითხაობა საქართველოში, პურის რიგებიც მახსოვს და ცარიელი მაღაზიებიც, ზვიადის განდევნას რომ მოჰყვა საქართველოში. ეს ქაოსი ცოტათი მაინც მოაწესრიგა “საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა” და ხალხს იმედის ნაპერწკალიც გაუჩნდა, თუმცა გავიდა წლები და ქვეყანა ერთი უბედურებიდან მეორეში გადავიდა – კორუფციის არნახული მასშტაბები, უშუქობა, უკანონობა, გატაცებები, დაკვეთილი მკვლელობები და კიდევ ბევრი უბედურება, რისი შეცვლაც მოინდომა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და მართლაც, პირველ წლებში შუქიც გაჩნდა ჩვენს ფანჯრებში, გზებიც მოწესრიგდა, “ქუჩის ყაჩაღი” – ავტოინსპექტორებიც წარსულს ჩააბარა, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი ამოქმედდა, ხალხს ისევ გაუჩნდა იმედის ნაპერწკალი, თუმცა თანდათან აღმოაჩინა, რომ ციხეებში სასტიკად აწამებდნენ პატიმრებს, ასევე მთელი სისასტიკით უსწორდებოდნენ ოპონენტებს, უტიფრად უსმენდნენ და უღირსად იღებდნენ ფარულ ჩანაწერებს – გასართობად, კონკრეტული მიზნებისთვის თუ მემკვიდრეობით გადასაცემად… ამ და კიდევ სხვა სიბინძურეების გამო ნაციონალების ხელისუფლებაც გადაირჩია ხალხმა. ახლა კი ახალი ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა, თუ შესანიშნავად არაა, წინაზე უკეთესი ხომააო. ჰოდა, ამას ვამბობდი – წინაზე უკეთესობა კი არაა მთავარი, შენს დაპირებებს უნდა აჯობო, ესაა მთავარი! თანაც რაღაცას კარგს რომ გააკეთებ, წინასთან შედარებით, ეს კი არ უნდა იტრაბახო და სხვა ლანძღო, უბრალოდ უნდა გაიაზრო, რომ ხელისუფალი ხარ და გევალება თანამემამულეებისთვის ზრუნვა! ყოველივე ამასთან ისიც საწყენია, რომ ისტორია დღესაც მეორდება და დღევანდელი ხელისუფლებაც ისევ ნაცნობი მეთოდებით უპირისპირდება თავის ოპონენტებს, ათას ბრალდებასაც უყენებს, თავისი ცუდის დანახვა კი არ სურს, უკეთეს შემთხვევაში, ზოგადი ფრაზებით, გაურკვეველი აღიარებით შემოიფარგლება. ზუსტად ასეთი პოზიცია ამარცხებს ყველა ხელისუფლებას!
როცა ვინმეს ბრალად სდებ, რომ ნაციონალებთანაა შეკრულიო, შენ არცერთი (ვიმეორენ – არც-ერ-თი!!!) ფაქტი არ უნდა გქონდეს ნაციონალებთან თუ ყოფილ ნაციონალებთან რაიმენაირი ურთიერთობის თუ კავშირის!
როცა შენსგან წასულ თანამდებობის პირს დასცინი და აქილიკებ, ვინც დაიტოვე ისინი იდეალურები თუ არა ხალხის სალანძღავი მაინც არ უნდა იყვნენ! როცა ვიღაც შენთან ერთადაა, მისი რაღაც არ მოგწონს თუ თვალს ხუჭავს, მერე იმის ღირსება უნდა გქონდეს, რომ თუკი შენთან აღარ იქნება, მაშინ არ გაიხსენო ნეგატივი!
როცა წლების განმავლობაში ხან რას დაიქადნებ წინა ხელისუფლების დროინდელ დამნაშავეებთან მიმართებაში და ხან რას, თანაც მუქარებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ამძაფრებ, ეს არაა სწორი და საზოგადოება ამას სათანადო შეფასებას აძლევს! 4 წელი იყავით ხელისუფლებაში და ამ დროის განმავლობაში დასასჯელიც უნდა დაგესაჯა, საქმეც განსაკუთრებული წარმატებით უნდა გეკეთებინათ და რაიმე არასწორის თუ შეცდომის გამო თავის მართლებაც არაფერზე უნდა გჭირდებოდეთ! გაითავისეთ, რომ ხელისუფლებაში ხართ და უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრიათ ქვეყნისა და ერის წინაშე, ინტერესები და უფლებებიც მაქსიმალურად უნდა დაიცვათ ყველასი, თქვენი ოპონენტებისაც!
P.S. არცერთი ხელისუფლების დროს არ ვყოფილვარ რომელიმე მთავრობის მეხოტბე ან რატომ უნდა ვყოფილიყავი?! ესა თუ ის პოლიტიკური ორგანიზაცია, სანამ ხელისუფლებაში მოვა, ხალხს იმას არ პირდებოდა, რომ ყველაფერს კარგს გავაკეთებო?! ჰოდა, რისი კეთების მანდატიც მისცა ხალხმა და გააკეთა, ეს რატომ უნდა იყოს აღფრთოვანებული ყიჟინის ღირსი? ხოლო, ხალხს რაც არ სურდა და იმის ნიშნებს დაინახავს ხელისუფლების ქმედებაში, ხელისუფალმა უნდა გაიგოს და მიიღოს ხალხის უკმაყოფილება!
23 აგვისტო 2016 წ.

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

BLOGერის ჟურნალისტური ჩანაწერები