“შავი სიების” ტყვეობაში


https://ediline.files.wordpress.com/2014/12/blacklist.jpgთვეების წინ, საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მთელი ძალისხმევა მქონდა მიმართული ერთი საიტის (რომლის ადმინისტრატორიც გახლავართ) ანტივირუსული სისტემა “AVAST!”-ის “შავი სიების” “კლანჭებიდან” გამოხსნაზე, რომელშიც სრულიად უსაფუძვლოდ იყო იგი ჩასმული. როცა დავიწყე სიტუაციის გარკვევა, აღმოჩნდა რომ, თურმე, რომელიღაც მეასეხარისხოვან და არაავტორიტეტულ ინტერნეტ-რესურს, ერთგვარი ეჭვი გაჩენოდა ამ საიტის მიმართ და ჩათვალა, რომ იგი შეიცავდა ზიანისმატარებელ პროგრამულ უზრუნველყოფას. ყოველივე ამაში უცნაური ისაა, რომ საიტი საკმაოდ მაღალ დონეზე იყო დაცული, თანაც, არ შეიცავდა არანაირი საეჭვო ფაილს, რაც დადგინდა საკმაოდ ავტორიტეტული რესურსების მეშვეობით შემოწმებისას, ხოლო გასაოცარი და აღმაშფოთებელიც კი იყო ის, რომ ზეაღნიშნული ანტივირუსული სისტემის ადმინისტრაციამ (თუ კონკრეტულმა სამსახურმა) საიტი “შავ სიაში” შეიყვანა არა საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებით ჩატარებული შემოწმების შემდეგ მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, არამედ, ასე ვთქვათ, საიდანღაც წამოსული ჭორ-ეჭვის დონის ინფორმაციის საფუძველზე, რითაც ძალაუნებურად დააკნინა საკუთარი ავტორიტეტულობაც.
დიახ, მსგავსი სიტუაციების შემთხვევაში, ერთნი თუ უსამართლოდ ზარალდებიან, მეორენი – ავტორიტეტის დაცემის რისკის ქვეშ დგებიან და ადრე თუ გვიან ნდობას დაკარგავენ, თუნდაც კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში…
რას მოვაყოლე ამხელა წინასიტყვაობა? იმას, რომ მსგავსი რამ ხდება, ხოლმე, ჩვენს ყოველდღიურობაში და საქართველოშიც, წლების განმავლობაში, როცა მცდარი და მე ვიტყოდი, საკმაოდ წინდაუხედავი გადაწყვეტილებები, არც თუ იშვიათ შემთხვევაში, ზუსტადაც რომ, არაზუსტი ინფორმირებულობის, ვიღაცის მიერ გაკეთებული სუბიექტური დასკვნების, ინფორმაციის არასწორი, არასრული და ტენდენციური გაანალიზებისა თუ ცალმხრივი შეფასების საფუძველზე მიიღებოდა. შესაბამისად, გონებაში იქნება ეს, ქაღალდზე თუ კომპიუტერულ ტექნიკაში, იქმნება, ხოლმე, ე.წ. “შავი სიები” (ან კიდევ ერთგვარი “თეთრი სიები”), რომლებიც შემდგომში გამოიყენება, ცალკეული პოზიციების დაფიქსირებისას, ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისთვის თუ საკუთარი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად… არადა, რამდენჯერ მომხდარა, როცა შევმცდარვართ, როცა მცდარი აღმოჩენილა ვინმეს თუ რამის შეფასება, ხოლო მოსმენების, დასმენების თუ “ჩაშვებების” შემდეგ, ლამის, გასული საუკუნის 30-იანი წლების უსასტიკესი რეპრესიების სულისკვეთებით მიღებულ გადაწყვეტილებებს რა აუნაზრაურებელი ზარალიც მოუტანია, არაერთხელ გამხდარა საზოგადოება ამის მოწმე… ასეთმა მწარე გაკვეთილებმა კი მავანნი, მართლაც, უნდა დააფიქროს იმაზე, რომ ესა თუ ის “სიები” არც ბრმად უნდა შედგეს, თუ კი მისი შედგენის საჭიროება მაინც დგება და დროდადრო, აუცილებლად უნდა გადაიხედოს, ხოლმე, ალტერნატიულ მოსაზრებებზე თუ არა, თუნდაც ცალკეული პროცესების კომპლექსურ ანალიზზე დაყრდნობით და შემდეგ, იქნებ, იმათი კონტურები და ზრახვებიც გამოიკვეთოს, ვის გამოც, შესაძლოა, შეცდომაშიც ყოფილიყვნენ შეყვანილნი…
ისე კი ე.წ. “სიები” (“შავი” იქნება თუ “თეთრი”), ამ პუბლიკაციაში, პირობითაა ნახსენები, რამეთუ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ მე, კონკრეტულ შეფასებასა თუ ჩამოყალიბებულ პოზიციაზე, რომელიც ვიღაცის მოსაზრების, “დღევანდელი კვერცხის” ეფექტის შესაბამისი ინტერესისა თუ მხოლოდ საკუთარი “პრაგმატული” გემოვნების მიხედვითაა განსაზღვრული. დროსა და სივრცეში კი, ყველაფერი ფარდობითია, უფრო მეტიც, ცვალებადია და არა მხოლოდ გემოვნების შესაბამისად, უფრო რეალური არსისა და შინაგანი მნიშვნელობის აღმოჩენის გამო… მერე კი ზოგი შეცდომებს ითვლის, ზოგიც ზარალს.
საერთოდ, ასეთი სიების ეფექტი ყოველთვის მოკლევადიანია და ხშირად საკმაოდ წამგებიანიც კი, მათი “მფლებელებისთვის”, რამეთუ, საერთო ანგარიშში, ზუსტადაც რომ ისინი აღმოჩნდებიან, ხოლმე, ამ სიების ტყვეობაში, მათთვისვე ნეგატიური შედეგით. არაერთხელ დაამტკიცა ეს ცხოვრებამ, ჩვენმა ყოველდღიურობამ…

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი
19 დეკემბერი, 2014 წ.

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

საკადრო დეფიციტი: პროფესიონალთა ნაკლებობა თუ შეუმჩნევლობა?


არ ვიცი სხვებს რა პოზიცია და მოსაზრებები აქვთ, მე კი აბსოლიტურად უნდა დავეთანხმო ბიძინა ივანიშვილს იმაში, რომ საქართველოში საკმაოდ საგრძნობი დეფიციტია მაღალკვალიფიციური, წლების განმავლობაში მიღებული სათანადო ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ანალიტიკოსების, ასევე მრჩევლების, ინფორმაციების დამმუშავებლებისა თუ პროგნოზისტებისა (ალბათ, კიდევ არაერთი სხვა სფეროს სპეციალისტების)… გარდა ამისა, ბევრ რამეზე დაკვირვებით, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არც განსაკუთრებით თავდადებული შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობა შეიმჩნევა ზოგიერთ უწყებაში და თუ შესაბამისი მოსაზრება-დასკვნები მაღალ ეშელონებამდე არ აღწევს ან შელამაზებულად და დამახინჯებულადაც კი მიდის, ეს კიდევ სხვა სახის მძიმე პრობლემაა, რაც წინა ხელისუფლებას (და ადრინდელებსაც) საკმაოდ ძვირად დაუჯდა და არც ამ ხელისუფლებას დაინდობს. შედეგად, ვიღაც ინანებს, ზოგიც ალბათ გაიხარებს, ხალხი და ქვეყანა კი ნამდვილად დაზარალდება… არ ვიცი, შეიძლება აქაც შემომედავოს ვინმე, მაგრამ ნამდვილად საფრთხილოდ მიმაჩნია რაიმეს გაიდეალურება, მით უმეტეს რომელიმე ხელისუფლებისა თუ კონკრეტული სამსახურების საქმიანობის შეუცდომლობაში და, მით უფრო, სრულყოფილებაში აბსოლიტურად დარწმუნებულობა, რამეთუ არაერთხელ გავმხდარვართ ერთგვარი “მოულოდნელობის” მოწმე და ზოგიერთი სიბრძნეც გვახსენდება, ამ დროს, თუ როგორ შეუძლია “ერთ წვეთ კუპრს მთელი კასრის წახდენა” და, ასევე ისიც, რომ “ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანდა”, შემდეგ კი – იმაზეც ღირს დაფიქრება, რომ “სიფრთხილეს თავი არ სტკივა”.
ამ ბოლო ხანებში საკმაოდ აქტიური მსჯელობის საგანი გახდა უკრაინაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს წინა ხელისუფლებაში ნამუშევარი კადრების დანიშვნის საკითხი. მე არ მსურს, ახლა, კონკრეტული პიროვნებების პროფესიონალიზმზე საუბარი და არც მათ შეფასებას ვაპირებ, თუმცაღა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ წინა ხელისუფლებამ იმდენი შეცდომა დაუშვა, იმდენი დაუფიქრებელი, წინდაუხედავი, არაგონივრული და ბრიყვული გადაწყვეტილებაც კი მიიღო, თავის დროზე, მათ შორის, საკადრო სფეროში (რასაც არც თვითონ უარყოფენ, ოღონდ, მას მერე, როცა “ურემი უკვე გადაუბრუნდათ”), რომ ნამდვილად დაიმსახურა ქვეყნის მმართველობიდან ჩამოშორება, რაც ჭკუისსასწავლებელი უნდა იყოს მათთვისაც და მით უფრო მათი შემცვლელებისთვის. დრო გვაჩვენებს, თუ ვინ რა ისწავლა…
აქვე, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ წლის განმავლობაში, ხელისუფლებებისა და მათი ოპონენტების ქმედებებსა თუ ცალკეულ პროცესებზე დაკვირვებამ, ერთი რამ ცხადად დამანახა (რასაც ბევრი სხვაც შეამჩნევდა, სავარაუდოდ), რომ სანამ ზოგზოგებს თავისი სიძლიერე ჭორების “დამუშავებაში”, სხვათა პირადი ცხოვრებისა თუ პოლიტიკური გემოვნების ქექვაში წარმოუდგენია და ამაზე აწყობენ თავიანთ ე.წ. საკადრო სტრატეგიას თუ სამოქმედო გეგმას, ამასობაში გონიერები და წინდახედულები თავის ირგვლივ ახდენენ საჭირო და ღირებული კადრების მობილიზებას, რათა ოპონენტებზე წინ და მაღლა აღმოჩნდნენ…
ასე რომ, საბოლოო ანგარიშში, სიძლიერე გამართლებით კი არა, გააზრებით მოიპოვება!
ჰოდა, ნამდვილად ღირს იმაზე დაფიქრებაც, რომ რაიმეს დეფიციტი, მხოლოდ, მის ნაკლებობას არ ნიშნავს, დეფიციტი საჭიროს თუ სასურველის შეუმჩნევლობამაც შეიძლება გამოიწვიოს…

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

“უბერებელი” გამონათქვამები და რეალობა


“იგავი უძღები შვილის შესახებ” ბევრ რამეს გვასწავლის, თუმცა, პირადად მე (ვფიქრობ, სხვებსაც), ცხოვრებამ იმდენი რამ მასწავლა, ასევე, რომ არც თუ ისე ადვილია აღნიშნული იგავი, მით უფრო, იგი, ასე ვთქვათ, ფართო გავრცელების არეალში განვიხილო და “ბრმად” მივიღო…
ჩემთვის, ასევე, ძნელია, მით უფრო, დაუსრულებლად იმის მიღებაც – “ერთ ლოყაში გარტყმის შემდეგ, მეორე მიუშვირე”-ო, რამეთუ ჩვენი ყოველდღიურობა, ლამის, უკვე გაჯერებულია ნდობის ბოროტად გამოყენებით, “ფარსადანიზმით” თუ უმადურობით, როცა საკმარისია ტალახის სროლა მიუტევო ადამიანს, იგი უმალ ახალ ტალახს გესვრის. ასევე, საკმაოდ ხშირად ხდება ისიც, რომ როცა ვინმეს აპატიებ დაღალატებას, ორპირობას, უმადურობას თუ კიდევ სხვა უღირსობას, აპატიებ იმასაც, როცა გაგწირავენ თუ სიკეთეს დაივიწყებენ და ზურგს გაქცევენ, ისინი კი, დაშვებული შეცდომის (თუ გულბოროტობის) გამოსწორების ნაცვლად, უფრო მეტად წახალისებულნი აგრძელებენ ყოველივეს. ისე კი ისიც მტკივნეულია, როცა ზოგზოგები, თავიანთი “კრავის” დუმილით, ახალისებენ ამას… და საერთოდ, ყოველივე აღნიშნულის გამოსწორება, მაინცა და მაინც, პატიების შემდეგ უნდა ხდებოდეს და მანამდე ვერა?!
არა მგონია, ჩემი ამ პოზიციით, რაიმენაირ კონფლიქტში მოვდივარ რწმენასთან თუ რელიგიურ გრძნობებთან, რამეთუ მიმაჩნია, რომ გაუაზრებლობითა და დაუფიქრებლობით უფრო არ იქნეს წახალისებული, ბოროტება, ძალადობა, უღირსობა, თორემ შეცდომა ყველას მოსდის ხოლმე და მეც მათ შორის, სამწუხაროდ, თუმცა ბოროტება, ძალადობა, ტალახის სროლა, გაჭირვებული ადამიანისთვის ზურგის შექცევა და კიდევ ბევრი რამ ჩემთვის მიუღებელი იყო ყოველთვის. თუმცა, ნებისმიერი უნებლიე (კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გამიზნულად არასოდეს ვატკენდი გულს სხვას!) შეცდომა, რაც დამიშვია და ვინმესთვის გული მიტკენია, ამას ძალიან განვიცდი, ჩემთვის ასევე მტკივნეული ყოფილა და პატიებაც მთელი გულით მითხოვია, არაერთხელ.
და, აქვე, ძალიან მაინტერესებს, რამდენად მრავლადაა ამქვეყნად “შეუცდომელები” და “უცოდველები”, რომლებიც მათდა უნებურად (თუ გააზრებულად) ბევრად უფრო სცოდავენ, ვიდრე ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავნი?
ჩემს ამ პოზიცია-მოსაზრებებში ბევრი თავის თავსაც დაინახავს, ალბათ, მთავარია – სად და როგორ?…
© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

ზემოთ დაფიქსირებული პოზიცია-მოსაზრებების გაგრძელებად, ასევე, მინდა გავიხსენო ერთგვარი თავისმართლების უსუსური მცდელობისთვის გამოსაყენებელი გამონათქვამი “შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს”-ო. პირადად მე, ამ გამონათქვამის, ვერც არსს (ღირსებისა და ადამიანურობის არსი მაქვს მხედველობაში) მივხვდი და ვერც ის “სიბრძნე” დავინახე, რომელსაც, ზოგზოგები, უცხოსა და ახლობლის მცნებების გააზრებაში “გაჭედვისას”, მაშველ რგოლივით “მოიხმობენ”, რათა თავიანთ (ან სხვის) უგუნურ თუ ბრიყვულ ქმედებაში ლოგიკურობა და, უფრო მეტიც, ნორმალურობა დაგვანახონ… ისე კი, მართლაც, ძალიან მაინტერესებს, აბა ვის მიმართ უნდა იყოს უფრო მეტად გამოხატული სითბო და ყურადღება თუ არა მეგობრების, ახლობელი ადამიანებისა თუ ძვირფასი ნათესავების მიმართ?!
ჩემი აზრით, ზუსტადაც რომ, ზემოაღნიშნული გამონათქვამის უაზრობა და ალოგიკურობა აუფასურებს ურთიერთობებს ადამიანებს შორის, არადა, რაოდენ მნიშვნელოვანად მიმაჩნია, მსგავსი უცნაური თავისმართლების ნაცვლად, გულწრფელობა და ღირსეული დამოკიდებულება იყოს წინა პლანზე წამოწეული, რომ მოყვასი, ახლობელი, მეგობარი, ამა თუ იმ გამონათქვამს, კეთილგანწყობის, პატივისცემისა თუ დაფასებისათვის გაიხსენებს, ზოგს კიდევ, საერთოდაც, გულით სურდეს ეს ყოველთვის, ყოველგვარი გამონათქვამების გარეშეც…
© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

ოჯახური ძალადობა და საზოგადოების პასუხისმგებლობა


dzaladobaდღეს, საქართველოს პროკურატურამ, საზოგადოებას გააცნო ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის შემუშავებული სამოქმედო გეგმა და აღნიშნულ პრობლემას კიდევ ერთი პრეზენტაცია, კიდევ ერთი ღონისძიება მიეძღვნა, სადაც, პირადად მე, ძალზე მნიშვნელოვნად მივიჩნიე ის, რომ კონკრეტული სამსახურების მიერ შესწავლილი იქნა ოჯახური ძალადობის 3 ათას ფაქტზე მეტი, რის საფუძველზეც განისაზღვრა შესაბამისი პრიორიტეტები და დაისახა კონკრეტული მიზანი. ისე კი, ბევრ ჩემს ნაცნობს ნამდვილად ემახსოვრება ისიც, რომ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურად წარმართვისათვის მეც არაერთხელ წამომიყენებია ანალოგიური მოსაზრება, გარდა ამისა ერთ-ერთ კონკრეტულ ღონისძიებაზე შეთავაზებული მქონდა, რომ არსებულ მონაცემთა ბაზაზე შექმნილიყო ერთიანი საინფორმაციო ბანკი, მომხდარიყო ფაქტების სიღრმისეულად შესწავლა, რეგულარულად მომზადებულიყო სტატისტიკური მასალები და ჩატარებულიყო შესაბამისი კვლევები. ეს იყო ჯერ კიდევ 2010 წელს, თუმცაღა აღნიშნულ პრობლემებზე მუშაობა ბევრად უფრო ადრე მქონდა დაწყებული და შევეცდები მაქსიმალურად სრულად გავიხსენო მთელი ეს პროცესი.

წლების წინ, საზოგადოების ფართო და აქტიური ჩართულობით შეიქმნა კანონი ოჯახურ ძალადობებთან დაკავშირებით. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე 2007 წელს მივლინებით ვიმყოფებოდი პორტუგალიაში, სადაც დავესწარი ოჯახური ძალადობისადმი მიძღვნილ სემინარს. ის ფაქტები და ისტორიები, რაც მაშინ გავიგე წამყვანი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებისგან, შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის და თავს ვიიმედებდი, რომ მსგავსი საშინელებები არ ხდებოდა საქართველოში, თუმცა…

დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად დროული იყო მაშინდელი ჩემი მივლინება აღნიშნულ სემინარზე დასასწრებად, რამეთუ სემინარიდან დაბრუნების შემდეგ, სულ რაღაც 2-3 თვეში ჩემი უშუალო ძალისხმევითა და ჩართულობით, შემუშავებული იქნა შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტი ოჯახური ძალადობის ფაქტების ერთიანი ცენტრალიზებული აღრიცხვის უზრუნველსაყოფად და ასევე, ჩემს მიერვე, შექმნილი იქნა სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც, წლების განმავლობაში დაგროვილი იქნა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციები, ხოლო ძალადობის ის ფაქტები, რომლებიც აღირიცხებოდა ერთიან საინფორმაციო ბანკში, იმდენად შემაშფოთებელი და საგანგაშო იყო, რომ ლამის დაუჯერებლადაც კი მიგვაჩნდა. ზუსტად ამ დროს მწარედ მახსენდებოდა ჩემი დაიმედებულობა ლისაბონის სემინარზე ყოფნისას. ამიტომაც, 2009 წლიდან განსაკუთრებით გააქტიურდა პროცესები ამ მიმართულებით, პრობლემასთან საბრძოლველად შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ორგანიზება გაუკეთდა არაერთ შეხვედრას, დისკუსიას თუ კონფერენციას, რომლებშიც მაქსიმალური აქტიურობით ვიყავი ჩართული. პარალელურად, ჩემს თანამშრომლებთან ერთად, ვაგრძელებდი აქტიურ საქმიანობას სააღრიცხვო-ანალიტიკური სფეროს გაფართოებისა და გამრავალფეროვნებისათვის. არსებულ სააღრიცხვო სისტემაში  ოჯახურ ძალადობაზე არსებულ მონაცემებს დაემატა მონაცემები ოჯახში მომხდარ კონფლიქტებზეც, რათა ნათლად წარმოჩენილიყო პრობლემის არსი, ხოლო ინფორმაციის ერთიანი კვლევისას, ასევე თუ იქნებოდა გაანალიზებული ოჯახური კონფლიქტისა თუ ძალადობის შედეგად ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულიც, პრობლემის არსი უფრო მეტად გამოიკვეთებოდა. ყოველივე ამას თუ დაემატებოდა თვითმკვლელობებსა და თვითმკვლელობის მცდელობების ფაქტებზე არსებული ინფორმაციების კომპლექსური ანალიზიც, კვლევის შედეგები ბევრად უფრო სრულყოფილი გახდებოდა. ზუსტად ამ საკითხებზე ვამახვილებდი ყურადღებას, მქონდა შესაბამისი იდეები და მოსაზრებები, აქტიურად ვმუშაობდი კონტრეტულ პროექტებზეც, თუმცაღა არ დამცალდა, რადგანაც 2011 წლის ბოლოს ხელმძღვანელობამ, ჩემი აზრით, გაუმართლებელი და წინდაუხედავი გადაწყვეტილება მიიღო და შედეგად მე ჩამოშორებული ვიყავი ჩემს საქმიანობას (ოჯახურ ძალადობასთან ერთად ვხელმძღვანელობდი, ასევე, სხვა ისეთ მიმართულებებს, სადაც ისეთი უდავო წარმატებები გვქონდა, რომ ყველა დონეზე იყო იგი თვალშისაცემი და ცალკე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩემი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ისეთი მიმართულებები იქნა შექმნილი. რომელთა ანალოგიც არ არსებობდა არა მარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოურ სივრცესა თუ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც). მოკლედ მე ვეღარ მოვახერხე ჩემი ცოდნა-გამოცდილების შემდგომი რეალიზება, ხოლო სამსახურმა როგორ მოახერხა იმ საქმიანობის განვითარება, რომელთაც მე ვხელმძღვანელობდი და შემდგომი წინსვლა, ამაზე მე ჩემი მოსაზრებები მაქვს, თანაც საკმაოდ ნეგატიურიც და დარწმუნებული ვარ, თავის დროზე ყველაფერს მოეფინება ნათელი…

დავუბრუნდები ისევ ოჯახური ძალადობის საკითხს და გავიხსენებ ერთ ჩემს გამოსვლას ოჯახური ძალადობის პრობლემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, სადაც ყურადღება გავამახვილე შემდეგზე:

“3 მარტს, 8 მარტსა და 1 ივნისს, შესაბამისად, განსაკუთრებული ემოციურობით აღინიშნება დედის დღე, ქალთა დაცვის საერთაშორისო დღე და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, სხვადასხვა ღონისძიებასა თუ სუფრაზე სადღეგრძელოების წარმოთქმისას საკმაოდ ომახიანად ხდება ხაზის გასმა იმაზე, თუ რაოდენ გვიყვარს და ვაფასებთ უფროს თაობას, ხანდაზმულ ახლობლებს, მეორე დღეს კი თითქოს ყველას ყველაფერი ავიწყდება, ავიწყდება მარტივი ჭეშმარიტება, რომ ერის ღირსება არც სადღესასწაულო დღეებით განისაზღვრება და არც მაღალფარდოვანი სიტყვებით, ჩვენი ღირსება ჩვენსავე ქმედებებშია… “

დიახ, უცოდველი და შეუცდომელი არავინაა და შესაძლოა ერთმა მეორეს გულიც ატკინოს მისდაუნებურად, მაგრამ ვინმეს დაჩაგვრა, ადამიანზე ძალადობა, სასტიკი მოპყრობა ბავშვთა, მანდილოსანთა თუ მხცოვანთა მიმართ, ეს არაადამიანური ბოროტებაა, ხოლო ვინც თვალს დახუჭავს ამაზე, იგი არანაკლები დამნაშავეა…

ძალიან მინდა, რომ საზოგადოება შეურიგებელი და უკომპრომისო იყოს ძალადობის ფაქტებთან მიმართებაში. ძალიან მინდა, ყველამ ერთად გავითავისოთ ის, რომ როცა ძალადობა ხდება ოჯახში, ეს არაა კონკრეტული ოჯახის პრობლემა, იგი მთლიანად ერის, ჩვენი საზოგადოების სირცხვილი და ტკივილია…

და მაინც მჯერა, რომ საზოგადოება ყოველთვის შეურიგებელი იქნება ნებისმიერი სახის ძალადობისადმი, ქალთა, ბავშვთა თუ მოხუცთა უფლებები ყოველთვის უმაღლეს დონეზე იქნება დაცული, მათდამი პატივისცემა თითოეული ჩვენთაგანის ღირსების საქმე იქნება, ხოლო აგრესია და სიძულვილი პატივისცემითა და სიყვარულით იქნება დამარცხებული!

დიდი იმედებით,
edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

მოსაზრებები და პროგნოზები


სხვათა პოზიციების გასაგებად და საკუთარი მოსაზრებების სიმტკიცის შესამოწმებლად თუ გასამყარებლად ხშირად ჩავრთულვარ დისკუსიებში, რა დროსაც, არც თუ იშვიათად, გამომითქვამს პროგნოზები და ჩემი ვარაუდები კონკრეტულ პროცესებთან მიმართებაში. ვფიქრობ, ზოგიერთი მათგანი, მაინც, ემახსოვრებათ ჩემ ნაცნობ-მეგობრებსა და ახლობლებს, ვისთანაც კი გამომითქვამს კონკრეტული მოსაზრებები ამა თუ იმ პრინციპულ საკითხზე, მით უმეტეს, რომ შემდგომ არაერთხელ გამართლებულა ჩემი ნათქვამი. ამ ბოლო ხანებში, დისკუსიებში, სჭარბობს მსჯელობა პოლიტიკაზე, რადგანაც, საკმაოდ ბევრი აქტუალური საკითხი წამოიწია წინა პლანზე, თანაც მათ გააქტიურებას მედია და სოციალური ქსელებიც განსაკუთრებით უწყობს ხელს. ჰოდა, რახან, წლების განმავლობაში გამოთქმული ჩემი პროგნოზი და მოსაზრება არაერთხელ გამართლებულა (ჩვენდა სასიხარულოდ თუ სამწუხაროდ), გადავწყვიტე ფეისბუკის გვერდებზეც დავაფიქსირო, ხოლმე, ჩემი პოზიცია-პროგნოზები მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში.
მე კი, რაც უფრო სიღრმისეულად ვეცნობი და ვაანალიზებ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ცალსახად ვრწმუნდები, რომ ცვლილებები ქვეყანაში ბევრად უფრო დინამიურად მიმდინარეობს, ვიდრე ეს იყო წლების წინ და მოულოდნელობების ეფექტიც საკმაოდ გაზრდილია. ასეთ დროს სრულ გულუბრყვილობად მიმაჩნია ის, თუ ვინმეს ხელისუფლებაში ჰგონია (მთავარია მას რა ჰგონია, სხვა ამბავია რა პოზიციას აფიქსირებს), რომ ყველაფერი სტაბილურადაა და ასევე გაგრძელდება თვეებისა და წლების განმავლობაშიც და მათი აზრით არც არაფერია შესაცვლელი. ჩემი აზრით კი, ყოველივე ის რაც ხდება ამ ბოლო ხანებში, საკმაოდ სერიოზული სიგნალი უნდა ყოფილიყო ხელისუფლებისთვის და თუ ყოველმხრივ გააზრებული და წინდახედული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, თუნდაც, ეს წელი ასე თუ ისე, მშვიდად იქნას “გადაგორებული”, მოჩვენებითი სტაბილურობა დიდხანს მაინც არ გასტანს. ისე კი, ჩვენს ქვეყანაში, დეკემბრის თვე მაინცა და მაინც არ გამოირჩევა განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობებით (თუ არ გავიხსენებთ, ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, ერის კიდევ ერთ დიდ სირცხვილს – თბილისის ომს), თანაც მოსახლეობა იმ იმედზეა გადართული, რომ ყველა ნეგატივს, გაჭირვებასა თუ პრობლემას წარმავალი წელი წაიღებს. პრობლემები ნაკლებადაა მოსალოდნელი იანვარ-თებერვალშიც, რადგანაც საახალწლო განწყობა, რაღაცნაირად, თრგუნავს საპროტესტო განწყობას, ხოლო თებერვლის ბოლოს დაიწყება ბევრი რამის გაანალიზება, გადაფასება, თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ბევრ მიზეზთა გამო, ქვეყნად უკმაყოფილო და უმადური ბევრად უფრო მეტია ვიდრე კმაყოფილი და კარგის დამნახავი. ჩემი აზრით, თუ რაიმე სერიოზულად (და რადიკალურადაც კი) არ შეიცვალა, მოსახლეობაში აუცილებლად გაიზრდება უკმაყოფილების მუხტი, რასაც, თავის მხრივ, წაახალისებს და უფრო გააძლიერებს სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტი, რა დროსაც ზოგი, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, საკუთარი ადგილის დამკვიდრებისა თუ გაძლიერების ინტერესით იქნება შემართული, ზოგს ხელისუფლების დასუსტების სურვილი ამოძრავებდეს, შესაძლოა, ზოგიც იმედგაცრუების გამო უკომპრომისოდ იქნება შემართული და ხელისუფლებას დაუთვლის ყოველ შეცდომას, წინდაუხედაობას თუ ჩავარდნას და, ჩემი აზრით, მარტ-აპრილში სრულიად მოსალოდნელია საპროტესტო გამოსვლების სერიოზული ტალღის აგორებაც, მართული თუ უმართავი პროცესების თანხლებით…
ამიტომ, თუკი უმოკლეს ვადაში არ იქნება განხორციელებული შესაბამისი აუცილებელი საკადრო ცვლილებები (რაც, რიგ შემთხვევებში, ლამის, დაგვიანებულიც კია) ცალკეულ უწყებებში, ხოლო, მთლიანობაში, ქვეყანაში არ განხორციელდება ძირეული ცვლილებები მოსახლეობის ფართო მასების ინტერესებისა და მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, თუკი არ იქნება აღიარებული შეცდომები (შეუცდომელი არავინაა და, მით უფრო, ერთგვარად, რევოლუციური ცვლილებების ტალღაზე მოსული ხელისუფლებები, თორემ ხელისუფლება, როცა ვეღარ თუ აღარ ხედავს საკუთარ შეცდომებს, ამის შემდეგ რაც მოსდის, ხოლმე, კი დავინახეთ არაერთხელ) არ მიეცემა მათ ადეკვატური შეფასებები და მიდგომა არ იქნება თვითკრიტიკული, ეს აუცილებლად გამოიწვევს მკვეთრად ნეგატიური ფონის ჩამოყალიბებას საზოგადოებაში, რაც ნამდვილად არ მოიტანს კარგ შედეგებს არც კონკრეტული ხელისუფლებისთვის და არც ქვეყნისთვის. საერთოდ კი, ხალხი, ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომების დროული აღიარებისა და სიტუაციის გამოსწორების მცდელობის შემთხვევაში ბევრად უფრო მიმტევებელია, ხოლო როცა ურემი გადაბრუნდება, მერეა, რომ უკვე აღარაფრის სჯერა…
და ბოლოს, გულისტკივილით მინდა აღვნიშნო ის სამწუხარო რეალობა, რომ ქვეყანაში, წლების განმავლობაში, ყველაზე მეტად მომრავდნენ ერთგვარი “პროფესიონალები” (მტერზე უფრო საშიში “მომხრეები” თუ “თანამოაზრეები”), რომლებიც დათვური სამსახურის გაწევით არიან დაკავებულნი და რომლებიც, სიტუაციის არევის შემთხვევაში ჩირგვებში იმალებიან, ზოგიც, თავის სამსახურს, უკვე, ახალ “მსხვერპლთ” სთავაზობს…
მოკლედ, ამის თქმა მინდოდა დღეს და ვისაც როგორ სურს (თუ შეუძლია) ისე მიიღოს ჩემი მოსაზრებები, შემდეგ კი ზოგისთვის ოპონენტი აღმოვჩნდები, ალბათ, ზოგი თანამოაზრედ მიმიჩნევს, ზოგი ვერ გაერკვეს, შესაძლოა, ჩემს ნათქვამში, ზოგიც ინტერესით დაელოდოს ახალ ნათქვამს…

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი
19 ნოემბერი, 2014 წ.

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)