სურვილები და შესაძლებლობები


მედიაში იქნებოდა ეს თუ ცალკეულ საუბრებში, ექსპერტების, პოლიტოლოგების, ანალიტიკოსების, პოლიტიკოსებისაგან იქნებოდა ეს თუ უბრალო მოკვდავთა მხრიდან, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, არაერთხელ აღნიშნულა და გამახვილებულა ყურადღება ცალკეულ პრობლემებზე, საფრთხეებზე თუ რისკებზე, არაერთხელ გამოთქმულა ძალზედ საყურადღებო მოსაზრება უმნიშვნელოვანეს თემებზე და წარსულის შეცდომებიც ისე მრავლად გვაქვს, რომ ჭკუის სასწავლებლად სხვისი შეცდომები არც კი გვჭირდება, მაგრამ…
რატომღაც მეჩვენება, რომ ქართული საზოგადოებაც მოწყდა რეალობას და გაჩერებული საათისა არ იყოს, დროდადრო თუ დაემთხვევა “ზუსტ დროს”…
ამასობაში კი, ერთნი ვიღაცის მაკომპრომიტირებელ დოკუმენტებს აფრიალებენ, მეორენი ჭორებით საზრდოობენ, ზოგი სხვისი განქიქებითა თუ განკითხვით ისეა დაკავებული, რომ საკუთარი ცოდვები გადაავიწყდა, არიან ისეთებიც, ვისაც რაიმე საკითხთან მიმართებაში თავისი ბრიყვული მოსაზრება სხვათა ბრძნულ ნააზრევს ურჩევნია, ვიღაც სხვის შეფასებას და მის მიმართ აზრის ჩამოყალიბებას, ლამის, სიზმარში ნანახი “ფაქტებით” ცდილობს და რეალობისა თუ უმთავრესი პრიორიტეტის დანახვის ნაცვლად, ისევ, ძილბურანში დარჩენას ამჯობინებს… ხანდახან ისეთი გრძნობა მიპყრობს, რომ ერს კარგა ხანია შეეყარა რაღაცნაირი უცნაური ვირუსი და, არც თუ იშვიათად, თითქოს ელოდება რაღაცის გაფუჭებას, სიტუაციის არევას, პრობლემების შექმნას თუ გაღრმავებას და მხოლოდ ამის შემდეგ, ვაი-ვიშვიშით ცდილობს რაღაცეების გამოსწორება, თუმცაღა ბევრი რამის გამოსწორება უკვე ძალიან ძნელდება, ზოგი შესაძლოა ვეღარც კი გამოსწორდეს, ყოველივე ეს კი კიდევ იმის გამოც ხდება, რომ ვიღაც ძალად იბრმავებს თვალს, რომ არ დაინახოს და თავსაც იყრუებს, რომ არ მოისმინოს ის, რაც მნიშვნელოვანია, არ გაიგონოს, არ გაიაზროს და არ გაიგოს, ზოგიც “სხვის საქმეში” არ ერევა, არადა გულგრილობით შეცდომები, რომ უფრო მძიმდება, კიდევ რამდენი ცხოვრებისეული გაკვეთილის შემდეგ უნდა მიხვდნენ ზოგ-ზოგები?!
მე ახლა აქ ვწერ ჩემს სათქმელს, ჩემს გულისტკივილს, სხვა სხვაგან ამბობს მას და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეგრერიგად მომრავლებული დაბრმავებულების, დაყრუებულებისა თუ “სხვის საქმეში” ჩაურეველთა გამო, შესაძლოა, ახალი გადაბრუნებული ურმებიც ვნახოთ და შეცდომებიც გამოჩნდეს, თუმცა ამით რა შეღავათი, ისევ მოჯადოებულ წრეზე უნდა დავრჩეთ?! ხოლო, თუ სიტუაცია აირევა ზოგი, ალბათ, განტევების ვაცის ძებნას დაიწყებს, ზოგსაც კიდევ ერთხელ მოუნდება, რომ დატკბეს თავისი “შეუცდომლობითა” და “იდეალურობით”, გინდაც ბევრი რამ გაფუჭდეს, გაფუჭებულს აღარაფერი ეშველოს და ქვეყანაც კი დაიქცეს…
ჰოდა ერთნი, რაგინდ მონდომებულნი იყვნენ და უდიდესი გულწრფელობითაც სურდეთ წარმატებები, სასურველი შედეგი, მაინც, ვერ დადგება, სანამ მრავლად იქნებიან ისეთებიც, ვინც ასეთ მონდომებას, თავისი უცოდინარობით, უნიათობით, სიბრიყვით, დაუფიქრებლობითა თუ უპასუხისმგებლობით, ცივ წყალს გადაასხამს… ხოლო ასეთების სიმრავლე თუ სიმცირე დამოკიდებულია საკადრო პოლიტიკაზე, მით უფრო საშუალი და ქვედა რგოლებთან მიმართებაში, რამეთუ, საბოლოო ანგარიშში, ზუსტად ეს რგოლები განსაზღვრავენ პოლიტიკასაც და წარმატება-წარუმატებლობასაც…
დიახ, სხვადასხვა რგოლში მიღებული კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებები გარკვეულწილად და, ხშირ შემთხვევაში, ძირითადადაც განსაზღვრავენ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისა და ქვეყნის მომავალსაც, ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებული დაფიქრება და უდიდესი პასუხისმგებლობაა ამ მხრივ გამოსაჩენი…

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)