ჩემი ნაკვალევი ფეისბუკის გვერდებზე – 2


2 წლის წინ, გაგანია წინასაარჩევნო ციებცხელების ფინიშის სწორს ერთ პუბლიკაციად შევკრიბე თვეების განმავლობაში ფეისბუკის გვერდებზე დაფიქსირებული პირადი პოზიციები თუ მოსაზრებები ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე და მას შემდეგაც არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია ცალკეულ პრინციპულ თუ მტკივნეულ საკითხებზე, რომელთა გარკვეული ნაწილი, გასაგები (თუ გაუგებარი) მიზეზების გამო ასცდა კონკრეტული ადრესატების დაფიქრების ზონას და ეს მით უფრო გულდასაწყვეტია იმის გამოც, რომ ის გულისტკივილი რაც მე გამომიხატავს თუ ის პრობლემური საკითხი რაც მაწუხებდა, მათზე ბევრ სხვასაც უთქვამს თავისი სათქმელი, თუმცა ამ მხრივ უკეთესობისკენ ბევრი ვერაფერი შეიცვალა საზოგადოებაში.

გადავწყვიტე გავაგრძელო ფეისბუკის გვერდებზე დაფიქსირებული პოზიციების პირადი ბლოგის გვერდებზე გადმოტანა (ზოგი ადრე უკვე მაქვს გადმოტანილი ცალკე პუბლიკაციებად და აქ აღარ გავიმეორებ) და თუმცა არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ახლა მაინც მიაღწევს სათქმელი კონკრეტულ ადრესატებამდე, ვფიქრობ, მაინც სწორი გადაწყვეტილებაა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებული მოსაზრებების გატანა ინტერნეტის ლაბირინთების უფრო ფართო არეალში, რამეთუ ვინ იცის, ექნებ ერთხელაც… არადა თვეების წინ გამოთქმული მოსაზრებების დიდი ნაწილი, ჩემი აზრით, დღესაც განსაკუთრებით უნდა იყოს აქტუალური…

* * *

ბევრი რამ შეიცვალა ქვეყანაში და კიდევ ბევრი შეიცვლება მომავალში, ხალხიც თანდათან ითავისებს იმას თუ რა არის ნამდვილი ადამიანური ღირებულებები. ყოველივე ამის ფონზე მაინტერესებს: ამ შეცვლილი რეალობის შემდეგ რითი უნდა ისაზრდოოს იმ ხალხმა, ვინც უდიდეს სიამოვნებას ღებულობდა საპატიმრო ადგილებში ხალხის წამებითა და დამცირებით, ვისაც მოსმენები ართობდა და სხვის პირად საქმეებში ჩარევა, ვინც ჭორების გავრცელებითა და სულმდაბლობით იყო დაკავებული, ვისაც დასმენები ანიჭებდა ბედნიერებას და ტალახის სროლა უმაღლეს ღირსებად მიაჩნდა, ვისთვისაც ხალხის გაუცხოება და მათი დაშინება იყო სიხარულის მომტანი?
2012 წლის 28 ოქტომბერი

 
არ ვიცი რამდენად ხშირად შემოდიოდნენ ფეისბუქის ჩემს გვერდზე ჩემი მეგობრები, ნაცნობები თუ ყოფილი თანამშრომლები, მე კი რეგულარულად ვათვალიერებდი მათ სტატუსებს, გაზიარებებს და ე.წ. ლაიქებს. დღესაც, კიდევ ერთხელ, ვესტუმრე ზოგიერთი მათგანის ფეიბუქის გვერდს და უცნაური რამ დავაფიქსირე. ადრე, ზოგზოგების მიერ საკმაოდ ემოციური და დიფირამბნარევი უზომო სიყვარულით იყო ხოლმე გაზიარებულ-დაპოსტებულ-დალაიქებული ყოფილი ხელისუფლების ცალკეული ლიდერების სურათები, სტატუსები თუ ფეისბუკის გვერდები, ახლა კი, ამ მიმართულებით, თითქოს, ყველაფერი ”მოსუფთავებულია”. საინტერესოა რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე – მლიქვნელობასთან, მედროვეობასთან თუ პოლიტიკური გემოვნების სახეცვლილებასთან? ან იქნებ მოდური თუ შეკვეთილი დალაიქება-გაზიარებების ნაცვლად გააზრებულობა უფრო არჩია ზოგიერთმა და მიხვდა, რომ ნამეტანი მოსდიოდა პირფერობა-მაამებლობის მხრივ, თანაც, ზოგი რამ უკვე არამომგებიანადაც ჩათვალა ახლა? თუმცაღა არიან ისეთებიც, რომელთათვისაც ცალკეული კუმირები ისევ კუმირებად და სათაყვანებელ პირებად დარჩნენ და ამით საკმაოდ პრინციპულად ინარჩუნებენ თავიანთ ერთგულებას. ისე კი, ზოგიერთებთან მიმართებაში, მაინც, საკმაოდ დაფიქრდებოდა ადამიანი… საერთოდ კი, ბევრი მართლაც უნდა დაფიქრდეს ბევრ რამეზე, ალბათ…
რატომღაც, ერთი, ჩემს მიერ ადრე გამოქვეყნებული პუბლიკაცია გამახსენდა – საკადრო პოლიტიკა და სავალალო შედეგები
2012 წლის 4 ნოემბერი

 
დღეს, მსოფლიო, ნამდვილად არ განიცდის ინფორმაციის ნალკებობას, მით უფრო ნაკლებობას მრავალფეროვნებისა, თუმცაღა ამ მოზღვავებულ ინფორმაციულ ნაკადს, ინტერესისა თუ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების გარდა საკმაოდ ნეგატიური გავლენის მოხდენაც შეუძლია ადამიანზე და არც თუ უმნიშვნელოსი.
დილიდან დამთრგუნა რამდენიმე პუბლიკაციამ, უფრო ზუსტად კომენტარებმა ამ პუბლიკაციებზე. ვფიქრობ და შიშით ვუყურებ მომავალს – ნეტავი, როგორ და როდის მოხერხდება, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს საზოგადოებაში დაგროვილი ამდენი ზიზღის, სიძულვილისა და გაუტანლობისაგან?
კოაბიტაცია, კოაბიტაცია, კოაბიტაცია…
ამ ბოლო დროს, ყველას, ლამის, ეს “მშობლიური” სიტყვა აკერია პირზე, თანაც ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ კოაბიტაცია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსების “საჯილდაო ქვაა” და არც არავინ ფიქრობს იმაზე, რომ კოაბიტაცია, ზუსტადაც რომ, მთლიანად საზოგადოებას სჭირდება, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ დღეს, ზუსტადაც რომ, სიკეთემ უნდა სძლიოს ბოროტებას, ქვეყანა რომ განვითარდეს და გაძლიერდეს. განა, ცოტაა პრობლემა ქვეყანაში, რომელსაც ყველა ერთად უნდა შევეჭიდოთ?!
არადა, სულ რაღაც ერთი კვირის წინ, საზოგადოება, სრულიად საქართველო, შეცდომებისა და მიყენებული ტკივილისათვის პატიებას ითხოვდა, მიტევებასა და შენდობას.
მძიმე მარხვაც დაავიწყდა, თითქოს, ხალხს და მხოლოდ სააღდგომო დღეებში მოახდენენ, ალბათ, „სავალდებულო“ თბილი ურთიერთობების დაფიქსირებას, მერე კი…
2013 წლის 24 მარტი

 
გაგრძელება: კიდევ სხვა მოსაზრებები და პოზიციები აქტუალურ საკითხებზე