Category Archives: Uncategorized

ჟურნალისტიკის ჰარაკირი


ძალიან კარგად მახსოვს და სხვებსაც ემახსოვრებათ, ალბათ, თუ როგორი მედია-გარემო იყო ქვეყანაში 2012 წლის არჩევნებამდე, როცა, ხელისუფლებასთან შეხმატკბილებულად, სამი ნაციონალური არხი სამოთხეში ცხოვრებას აჯერებდა (ცდილობდა, ყოველ შემთხვევაში) მოსახლეობას, თითქოს ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყო სამართლიანობა, ყველგან უმაღლეს დონეზე იყო დაცული ადამიანის უფლებები, ბიზნესი კი – ხელშეუხებელი, ხოლო ხელისუფლების უკლებლივ ყველა ოპონენტს სრული თავისუფლება ჰქონდა საკუთარი აზრის თუ პოლიტიკური პოზიციის გამოხატვისას…
ბევრი რამე შეიცვალა 4 წლის წინ, საზოგადოებამ დაიწყო თავისუფალ მედიაზე მიჩვევა, სიმართლის გაჟღერებაც თამამად და შეუზღუდავად ხდებოდა, თუმცაღა, რატომღაც მეჩვენება, რომ, პოლიტიკური პროცესებისა და ვიღაც-ვიღაცეების გემოვნების გათვალისწინების გამო, დღეს ქართული ჟურნალისტიკა თვითონ იკეთებს უკვე ჰარაკირს და შესაძლოა ამაში, “უანგაროდ”ეხმარებიან კიდეც, ჰარაკირი რომ უფრო სრულყოფილი გამოვიდეს…
როგორც 4, 7, 9, 15, 25 წლის წინ თუ უფრო და უფრო ადრეც, ბევრი რამ არ მომწონდა, არც ვაიჟურნალისტებს ვუჯერებდი, არც ვაიპოლიტიკოსებს, არც ხელისუფლების ზღაპრებს ვიჯერებდი და ასევე არ ვიბრმავებ თვალს არც ახლა, ასე იქნება ყოველთვის, რაც არ მომწონს, ნუ გაირჯებით, რომ მომაწონოთ! ხოლო შეცდომების გამეორებას რაც მოყვება, კარგად უნდა იცოდეს ყველამ!
4 სექტემბერი 2016 წ.

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

 

“იარლიყების” ეპოქა


ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 25-წლიანი პერიოდი თამამად შეიძლება ჩავთვალოთ ე.წ. “იარლიყების” მიკერების ეპოქად, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მხარდამჭერები (რიგ შემთხვევაში, თავის მხრივ, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერებიც) თავისი ოპონენტის “გასანეიტრალებლად”, ტალახის სროლასთან ერთად, არ ერიდებოდნენ სრულიად დაუსაბუთებელ ბრალდებებსაც კი და ქვეყანა “გაივსო” წარმოსახვითი “მანჯურიის აგენტებით”, ყოველ ოპონენტში, ლამის, სახელმწიფოს მტერს ხედავდნენ, საზოგადოება დაიყო “იმისტებად” და “ამისტებად”, საკმარისი იყო გაგეკრიტიკებინა ხელისუფლება ან მისი ცალკეული ქმედება, რომ გამზადებული იყო “იარლიყი” – “კრემლის აგენტი”, “კაგებეშნიკი”, “ზვიადისტი” (როცა ზვიადი ერის მოღალატედ ჰყავდათ შერაცხული), “კორუმპირებული” (რომ შევარდნაძის ხელისუფლების მძიმე ნაკლზე გაესვათ ხაზი), “ნაციონალი” (სააკაშვილის ხელისუფლების შეცდომები თუ დანაშაულებრივი ქმედებები რომ მასაც მიწერებოდა) და კიდევ ბევრი სხვა, ამ დროს არც ოპოზიცია იყო, ხოლმე, გულხელდაკრეფილი და მასაც ჰქონდა “საავტორო უფლებები” ცალკეულ “იარლიყზე”. ჩემი აზრით, ყოველივე ამან, დიდი დაღი დაასვა დემოკრატიულ ღირებულებებს და ძალაუნებურად უშლის ხელს სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას, ამიტომ ყველა, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შეეშვას ასეთი “ბუმერანგის” წინ და უკან ქნევას, თორემ უკვე ბევრჯერ გაიტეხეს თავი იარლიყების მიმკერებლებმა…
P.S. მე, ამჟამად, არ ვარ არცერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი, არ გამაჩნია ფავორიტი პარტია, არასოდეს შემისხამს ხოტბა რომელიმე პარტიისთვის, მით უმეტეს არ ვყოფილვარ რომელიმეს ბრმა მომხრე, თამამად მიღიარებია ამა თუ იმ პარტიის და ხელისუფლების მიერ გაკეთებული კარგი საქმეები, თვალიც არასოდეს დამიხუჭავს შეცდომებსა თუ დანაშაულებზე და ასე გაგრძელდება მომავალშიც, შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ უკმაყოფილოც ბევრი მყავდეს და იარლიყებიც არ დაიშუროს ზოგზოგებმა… თუმცაღა სულაც არ მღელვებს ეს (გული რომც მატკინოს ძალიან), მე ნამდვილად ვერ დავუშვებ, რომ ჩემი პოზიცია და მოსაზრებები იყოს ყალბი!
23 მაისი, 2016 წ.

 

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

 

 

ის, რაც სათქმელია, უნდა ითქვას კიდეც…


ვფიქრობ, დღეს, მართლაც რომ, წინააღმდეგობებით აღსავსე სივრცეში იმყოფება თითოეული ჩვენთაგანი და, ლამის, ყოველდღე იმის გარკვევაში ვართ – მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ თუ მრუდე სარკეების გალერეაში ვიმყოფებით? ან იქნებ ვიღაცის უხილავ ხელს მარიონეტის როლის მორგება სურს ჩვენთვის?
ძნელია წინასწარ გამოიცნოს ადამიანმა, თუ რა იქნება წინ, რა ელის მას ცხოვრებაში, მაგრამ იმდენად ძლიერია, ხოლმე, ყოველივეს ნათელ ფერებში დახატვის სურვილი, რომ, ხშირად, სასურველს რეალობადაც აღიქვამს. თუმცა, ადრე თუ გვიან, როცა არსებულ რეალობას გაუსწორებს თვალს, მერეღა ხვდება, თუ რაოდენ დიდად განსხვავდება იგი სასურველისაგან.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ნიღბებით მორთულმა კარნავალმა ყოველდღიურობაში გადმოინაცვლა და ბევრმა თავისი ზომის ნიღაბიც შესანიშნავად მოირგო სახესა თუ გულზე – ზოგმა უცოდველი კრავის, ზოგმა სოლომონ ბრძენის, ზოგმაც იდეალურისა, თუმცა, პირადად მე არ ვიცი როგორია იდეალურის ნიღაბი, მაგრამ ის კი ძნელი გამოსაცნობი არაა, რას უნდა ელოდოს ადამიანი ნიღბის შიგნით…
კიდევ ბევრი რამის თქმა მინდოდა, თუმცა მაგის დროც დადგება…
19.04.2013 წ.
P.S. და, ვფიქრობ, დადგა ეს დროც…

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე

საინფორმაციო სივრცე და საზოგადოების არჩევანი


დღეს, მსოფლიო, ნამდვილად არ განიცდის ინფორმაციის ნალკებობას, მით უფრო ნაკლებობას მრავალფეროვნებისა, თუმცაღა ამ მოზღვავებულ ინფორმაციულ ნაკადს, ინტერესისა თუ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების გარდა საკმაოდ ნეგატიური გავლენის მოხდენაც შეუძლია ადამიანზე და არც თუ უმნიშვნელოსი.

დილიდან დამთრგუნა რამდენიმე პუბლიკაციამ, უფრო ზუსტად კომენტარებმა ამ პუბლიკაციებზე. ვფიქრობ და შიშით ვუყურებ მომავალს – ნეტავი, როგორ და როდის მოხერხდება, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს საზოგადოებაში დაგროვილი ამდენი ზიზღის, სიძულვილისა და გაუტანლობისაგან?

კოაბიტაცია, კოაბიტაცია, კოაბიტაცია…

ამ ბოლო დროს, ყველას, ლამის, ეს “მშობლიური” სიტყვა აკერია პირზე, თანაც ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ კოაბიტაცია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსების “საჯილდაო ქვაა” და არც არავინ ფიქრობს იმაზე, რომ კოაბიტაცია,  ზუსტადაც რომ, მთლიანად საზოგადოებას სჭირდება, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ დღეს, ზუსტადაც რომ, სიკეთემ უნდა სძლიოს ბოროტებას, ქვეყანა რომ განვითარდეს და გაძლიერდეს. განა, ცოტაა პრობლემა ქვეყანაში, რომელსაც ყველა ერთად უნდა შევეჭიდოთ?!

არადა, სულ რაღაც ერთი კვირის წინ, საზოგადოება, სრულიად საქართველო, შეცდომებისა და მიყენებული ტკივილისათვის პატიებას ითხოვდა, მიტევებასა და შენდობას.

მძიმე მარხვაც დაავიწყდა, თითქოს, ხალხს და მხოლოდ სააღდგომო დღეებში მოახდენენ, ალბათ, „სავალდებულო“ თბილი ურთიერთობების დაფიქსირებას, მერე კი…

მერე კი ყველაფერი ისევ ცხოვრების “ჩვეულებრივ” რიტმში ჩადგება და იქნებ დღესვე დაგვეწყო ფიქრი იმაზე, რომ ეს რიტმი ადამიანებს კი არ უნდა აშორებდეს ერთმანეთისგან, არამედ უნდა აახლოებდეს…

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

მათემატიკური სილამაზე და სიმეტრია კალენდარში


ჩემი აზრით საკმაოდ ლამაზი თარიღია დღეს 21.11.12 და ამით მთავრდება თავისებური სიმეტრიაც კალენდარში, ამ ათასწლეულში… აი ნოემბერის თვე 31-ით რომ დამთავრებულიყო, მომავალი წლის ნოემბერში კიდევ ერთხელ ვიქნებოდით ლამაზი თარიღის მოწმე – 31.11.13, თუმცა…

ცხადია, რომ კალენდარში ერთგვარი ”შეზღუდვის” გამო, მიმდინარე ათასწლეულში, არც თუ ხშირად გვქონდა იმის ბედნიერება, რათა შეგვხვედროდა საინტერესო და, ასე ვთქვათ, ლამაზი თარიღები. აი სიმეტრიული თარიღები, ძირითადად, ნოემბრის თვეში გვხვდებოდა, მათ შორის კი ყველაზე ლამაზი გამოვიდა ბევრი ერთი – 11.11.11.

თავისებურად ლამაზი თარიღების მოწმენი ჩვენ უკვე გავხდით შემდეგ დღეებში:

01.01.01; 02.02.02; 03.03.03; 04.04.04; 05.05.05; 06.06.06; 07.07.07; 08.08.08; 09.09.09; 10.10.10; 11.11.11 და დეკემბერში გავხდებით, ამ ათასწლეულში, ლამაზი თარიღის დაფიქსირების ფინალური აკორდის მოწმეც – 12.12.12, მას მერე, რამოდენიმე დღეშიც, ამ წლისათვის, კიდევ ერთი საინტერესო თარიღი იქნება – 20.12, ხოლო ამის შემდეგ, როგორც იტყვიან, ”ფინიტა ლა კომედია”…

დიახ, როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ ლამაზი და სიმეტრიული თარიღია დღეს და კიდევ ერთი-ორს შევხვდებით დეკემბერში, შემდეგ კი მოგვიწევს 10-საუკუნიანი ლოდინი, კალენდარში ახალი მათემატიკური სილამაზის სანახავად. მეტი რა გზა გვაქვს, დაველოდით;)

თუმცაღა ვცდები და 10-საუკუნიანი ლოდინი არ მოგვიწევს, 10 წლის შემდეგ ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთგვარად სიმეტრიულ თარიღს 22.11.22, ხოლო მე თუ რაიმე გამომრჩა, იქნებ თქვენი მხრიდან დამატებული იქნას კიდევ სხვა, ასე ვთქვათ, მათემატიკური სილამაზის თარიღები:)

მართლაც, ლამაზი სანახავია ციფრებით ”დახატული” ხელოვნება და არაერთი პუბლიკაცია მომზადებულა არითმეტიკულ კურიოზებთან დაკავშირებითაც, როცა უკვე უყურებ ”ციფრების სიმფონიას”…

ძალიან მიყვარს მათემატიკა და ეს ლოგიკურიცაა, მე ხომ სპეციალობით მათემატიკოსი ვარ:)

ისე კი, ყველა ცხადად ხედავს, რომ ეს ზუსტი მეცნიერება, უკვე, საკმაოდ ”ემოციურად” და აქტიურადაც კი ”შეიჭრა” სხვადასხვა მეცნიერებაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში, ლამის, ყველა სფეროს განუყოფელი ნაწილი გახდა…

და, ბევრ რამეს, მართლაც რომ, არც თუ იშვიათად, ციფრებითა და რიცხვებით ვაფასებთ, საკმაოდ ხშირად ვუყურებთ ციფრულ ფორმატში…

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)