Category Archives: GEOპოლიტიკა

საქართველოს დამოუკიდებლობა: საამაყო წარსულიდან ღირსეულ მომავლამდე


მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ერი რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავს, ეს სიამაყესთან ერთად, ბევრ სხვა ტკივილსაც გვახსენებს, რამეთუ საუკუნეების განმავლობაში, ბედის უკუღმართობის გამო, ჩვენს სამშობლოს არაერთხელ დაუკარგავს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, შემდეგ კი ბევრი სისხლიც დაღვრილა ქვეყნის ღირსება რომ აღდგენილიყო. დღეს, კიდევ ერთხელ გვეძლევა შანსი გავიხსენოთ და შევაფასოთ ჩვენი წარსული – ტკივილსა და ტრაგედიებთან ერთად წარმატებებითა და სიხარულით აღსავსეც, როცა მარცხს ბევრად უფრო მეტი გამარჯვება მოჰყოლია, როცა დაქუცმაცებული საქართველო მძლავრ სახელმწიფოდ გაერთიანებულა, როცა ერს ურიცხვი დამპყრობლისთვის უჩვენებია თავისი თავგანწირვა, შემდეგ კი უფრო და უფრო დავაფასოთ თაობების შეუპოვარი ბრძოლით ჩამოყალიბებული, დაბრუნებული თუ შენარჩუნებული სახელმწიფოებრიობა. თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმთან ერთად ღირსეული და წარმატებული სახელმწიფოს აშენებაზე ფიქრით უნდა იყოს ერი გაერთიანებული, რომ ქვეყანა ნამდვილად იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი…
ამასწინათ აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ: “ნამდვილ დამოუკიდებლობას ერთიანი ერი და საღად მოაზროვნე საზოგადოება მოიპოვებს მხოლოდ, ჩვენ კი ბედად გვერგო აურაცხელი ცხოვრებისეული გაკვეთილის მიღება.
ღირსეულ დამოუკიდებლობას ვუსურვებ/ვულოცავ სრულიად საქართველოს!”
დიახ, საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობა გადის ხიდზე – საამაყო წარსულიდან ღირსეულ მომავლამდე!
დიდება საქართველოს!!!
P.S. ისე, ცალკე მინდა გავამახვილო ყურადღება შემდეგ ფაქტზე, რომ 26 მაისი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა (1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული აქტის საფუძველზე) და ზუსტად ეს აღინიშნება დღეს!

ოკუპაციის ექო: ფარისევლობა, ცინიზმი, ბოროტება…


ამ დღეებში, მოსკოვში მცხოვრები ერთი ქართველი დამიკავშირდა და როგორც ბლოგერს (ქართულ და რუსულენოვან ინტერნეტ სივრცეში), რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული, მთხოვა დახმარება საქართველოს საინფორმაციო სტენდის მომზადებაში მართლმადიდებელი ერების მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის, რის ორგანიზებასაც მასთან ერთად მისი დაც ახდენდა, ხოლო ღონისძიება დაგეგმილი იყო მოსკოვის გარეუბანში. მე, ყოველთვის უდიდესი ენთუზიაზმითა და მონდომებით ვცდილობდი ჩემი სამშობლოს პოპულარიზებას ინტერნეტ სივრცეში და ახლაც მოხარული ვიქნებოდი საქართველოს პოპულარიზებაში ჩემი წვლილიც შემეტანა, თუმცა… ამჟამად არ მიცდია საქართველოს ბედკრული წარსულის შესახებ მეთქვა რაიმე თხოვნის ავტორისთვის, არც ეკლესია-მონასტრებისა თუ სასულიერო პირების განადგურების გამო გამომიხატავს აღშფოთება, ამ გულისტკივილს უბრალო მიმოწერაში სრულად ვერც გადმოვცემდი, ზემოხსენებული ღონისძიების ქართველ ორგანიზატორებს მე მხოლოდ ერთი, სრულიად ბუნებრივი კითხვა დავუსვი: “ჩვენი სამშობლოს სტენდის შექმნისას, საქართველო რომელ საზღვრებშია წარმოდგენილი, ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი თუ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე?” საოცარია, მაგრამ ორი დღე გავიდა უკვე და შეკითხვის დასმამდე ის მოსკოველი ქართველი თუ დაჟინებული თხოვნით გამოირჩეოდა და სულმოუთქმელად ელოდა ჩემს მხარდაჭერას, შეკითხვის შემდეგ ჩამიჩუმიც აღარ ისმის…
თუმცაღა, ახლა როცა ასეთი ტრაგიკული ფაქტი მოხდა ხურჩაში, როცა მთელი სისასტიკითა და დაუნდობლობით, დაუსჯელობის სინდრომით წახალისებულმა ნაძირალამ “ისარგებლა” ოკუპაციის ბოროტებით და სასიკვდილო ტყვია ესროლა საქართველოს მოქალაქეს, უიარაღო, მშვიდობიან მცხოვრებს, რა პირით უნდა მთხოვოს დახმარება ფარისევლობაში?!
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ერთიც უნდა ვთქვა: როცა ოკუპაციის საზღვარს გადმოლახავს არაკაცი ბოროტმოქმედი, ოკუპაციის მსახური, ჩაცხრილავს ადამიანს, შემდეგ კი მშვიდად დაბრუნდება უკან, შედეგად ეს ტყვია, ისევე როგორც საქართველოს, ცივილიზებულ სამყაროსაც მოხვდა გულში…
21 მაისი, 2016 წ.

 

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

“უკრაინული გაკვეთილი” ევროკავშირისთვის


europeეს ბოლო დღეები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მწარე “უკრაინული გაკვეთილი” მიიღო ევროკავშირმა, სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ აქტიური და ემოციურია დისკუსიები ამასთან დაკავშირებით და საქართველოშიც ყველანი ძალზე მტკივნეულად განვიცდით ევროპული პოლიტიკის ერთგვარ მარცხს პოსტსაბჭოურ სივრცეში. პირადად მე, ძირითადად, ინფორმაციის დამუშავების, ანალიზისა და სტატისტიკის სფეროში მაქვს დაგროვილი ცოდნა-გამოცდილება, თუმცაღა ამ ბოლო წლებში მოხდარმა ცალკეულმა მოვლენებმა იმდენი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ძალაუნებურად, ლამის მთელი მოსახლეობა და მათ შორის მეც, აქტიურად ვართ ჩართულები პოლიტიკურ დისკუსიებში.
წლების განმავლობაში, სხვადასხვა დისკუსიაში (ძირითადად ჩემ რუსულენოვან ბლოგში), საკმაო სიმწვავით გამიკრიტიკებია, ხოლმე, კრემლის პოლიტიკა საქართველოსთან და რუსეთის სხვა მეზობლებთან მიმართებაში, თუმცაღა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისაგან თავის შეკავებაზე, თუ ვინმეს მიმართ უნდა გაისმას კრიტიკა, საყვედური ან პრეტენზია, ჩემი აზრით, ყველაზე ნაკლებად ეს რუსეთს უნდა ეხებოდეს და, შესაბამისად, ყველა უნდა გამოვიდეს ერთგვარი “თვითდამშვიდების ბურუსიდან”. კიდევ რამდენი პრაქტიკული მაგალითისა თუ ისტორიული ფაქტის მომსწრე უნდა გახდეს ევროპული გაერთიანება, რომ ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას მის მიერვე დეკლარირებული ღირებულებების, მისწრაფებებისა და პოლიტიკის დასაცავად?! მართლაც, ყოველთვის ადვილი იყო დამნაშავისა თუ “განტევების ვაცის” ძებნა სადღაც ჰორიზონტს მიღმა, მით უფრო, რომ ამ დროს ურემი უკვე გადაბრუნებულია… უკრაინის მაგალითზე და მხოლოდ ამ ქვეყანაზე “ხელის შეწმენდის” მცდელობის ნაცვლად, ნამდვილად, აუცილებელია სერიოზული დასკვნების გაკეთება და პირველ რიგში ეს ევროკავშირს ეხება. მახსენდება ერთ დროს პოპულარული იუმორისტული (თუ ანეგდოტური) გამონათქვამი, მეკარე რომ ეუბნება დაცვაში მდგომ ფეხბურთელებს – “თქვენ კარში არ დაარტყმევინოთ და დანარჩენი ჩემზე იყოს”-ო. ყველამ ძალიანაც კარგად იცოდა, თუ რა ზეწოლის ქვეშ მოექცეოდა უკრაინა, თუმცაღა (და, ეს ჩემი სუბიექტური აზრია) ევროკავშირმა იმის მეასედიც კი ვერ გააკეთა უკრაინის შესაყვანად თავის ოჯახში, ვიდრე ამას აკეთებს თავისივე წევრებისათვის უსერიოზულესი პრობლემების მოსაწესრიგებლად. განა საკმარისი იყო მარტო კარების გაღება და, თუნდაც, გულითადი მიპატიჟება? საერთოდ კი ყველამ უნდა აღიაროს, რომ როგორსაც იმსახურებდა “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროექტი, ისეთი ყურადღება ნამდვილად არ დაეთმო მას და რიგ შემთხვევებში უფრო დეკლარირებული სახიათის პოლიტიკასთან გვქონდა საქმე, ვიდრე ქმედითი ნაბიჯებით ხდებოდა იდეის რეალიზება. არადა, რამდენი საინტერესო ერთობლივი პროექტების ამოქმედება იქნებოდა მნიშვნელოვანი (მეც კი მქონდა ცალკეული იდეები “ანალიტიკური კვლევის ცენტრის” შექმნის, სამართალდამცავი, გარემოს დაცვის, სტატისტიკის, მედიის თუ სხვა მიმართულების, სხვადასხვა ბიზნეს თუ ეკონომიური პროექტების რეალიზების კუთხით და კიდევ სხვა მრავალი…) პოსტსაბჭოურ სივრცეში ევროპული ღირებულებების უფრო მეტად პოპულარიზება-რეალიზებისათვის და ევროპულ ოჯახში ერთგვარი “ჩრდილოვანი” ინტეგრირებისათვის. არა მგონია ვცდებოდე, რომ ევროკავშირში ინტეგრირება მხოლოდ ე.წ. “საშინაო დავალებებით” ან ხელმოწერებით არ ხდება…

კიდევ ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ დანაჩენი სხვა დროს იყოს…

ისე კი, ძალზე მნიშვნელოვანად და მიზანშეწონილად მიმაჩნია, უკრაინის პოზიციასთან, საქართველოს გეგმებთან და ევროკავშირის ინტერესებთან მიმართებაში დაგროვილ საკითხებსა თუ პრობლემებთან დაკავშირებით, ცალკეული სამთავრობო, და არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ექსპერტთა ჯგუფების ინიციატივით დაიგეგმოს დისკუსიების ციკლი თუ, ერთგვარი, “მრგვალი მაგიდის” შექმნა აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისათვის. ვფიქრობ, იმდენად მძიმე ერთწლიანი პერიოდი გველოდება წინ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია უკვე ახლა დაიწყოს სერიოზული გააქტიურება და ყველა შესაძლო თუ მოსალოდნელი სცენარების წინასწარ გაანალიზება, რათა საჭიროების შემთხვევაში “მზა რეცეპტები” თუ არა სერიოზულად ნაფიქრი და ნამსჯელი მაინც იყოს რიგ პრობლემებთან მიმართებაში, თორემ ფაქტის წინაშე დადგომისას, მით უფრო, ცაიტნოტურ მდგომარეობაში ყოფნისას, რამდენი შეცდომის დაშვებაა მოსალოდნელი, ისტორიამ არაერთხელ დაგვანახა…

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

ღირებულებები და პასუხისმგებლობა


ორი დღეა ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ემოციებისა და უდიდესი გულისტკივილის გამო სიტყვებს ვერ ვპოულობდი, რათა სათქმელი ისე მეთქვა და ჩემს მოსაზრებას ზუსტად ის მიმართულება ჰქონოდა, რომ კონკრეტული ადრესატისაკენ ყოფილიყო მიმართული, თუნდაც მას არ წაეკითხა იგი… თუმცაღა, საერთო ანგარიშში, ჩემი ამ პოზიციით უფრო საზოგადოებას ვუზიარებ გულისტკივილს, ვიდრე “ბარიკადების” რომელიმე მხარეს მდგარ, ვინმე კონკრეტულ პიროვნებას…
ალბათ, უნდა მომხდარიყო 17 მაისის დაპირისპირება, რომ საქართველოში, ბოლოს და ბოლოს, დაწყებულიყო ბევრი რამის, მართლაც რომ, ადეკვატურად შეფასება…
მართლაც, საკმაოდ ემოციურადაც დაიწყო ბევრი რამის შეფასება და ეს ორი დღეა მედია სივრცესა თუ ტრანსპორტში, ქუჩასა თუ სახლში ყველა ახდენს თავისეულ შეფასებას ყოველივე იმისა, რაც მოხდა თბილისში, გუშინ…
ყველას თავისი აზრი აქვს, ყველას თავისი სიმართლე, არც პრეტენზიებისა და ბრალდებების ნაკლებობა იგრძნობა, არც დამნაშავის პოვნა გაუჭირდა ბევრს და არც კონკრეტული ღირებულებები დავიწყებია, რომლებსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ქვეყნისა თუ ადამიანისათვის, თუნდაც იგი სხვათა პოზიციასა თუ შეფასებას ეწინააღმდეგებოდეს. ღირებულებათა თუ პოზიციების დაპირისპირებისას კი საზოგადოება უნდა მივიდეთ იმ ჭეშმარიტებამდე და თვალნათლივ დაინახოს ის, თუ რომელი ღირებულებაა ნამდვილი და რომელი ბუტაფორია, კონკრეტულ პოზიციათა დასაცავად რომელი და როგორი ქმედებაა ღირსეული თუ უღირსი, შემდეგ კი ქმედების შესაბამისი ტერმინის ან ბრჭყალებში ჩასმა ხდება ან ამაყად წარმოთქმა…
ცალკეული ღირებულებებისა თუ კონკრეტული გადაცდომების შეფასებისას, შესაძლოა ძნელი იყოს იმის გარკვევა, თუ სად გადის ზღვარი ჭეშმარიტებასა და სიყალბეს შორის, მაგრამ ზღვარი ნამდვილად არსებობს და მას მხოლოდ დაკვირვებული, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება თუ შეამჩნევს, რომელიც ერთი დღის ემოციით კი არ აზროვნებს, არამედ ერისა და ქვეყნის მომავლის, მისი კეთილდღეობის საზომის შესაბამისად მოქმედებს…

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)
facebook
18.05.2013 წ.

წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან…


დღეს შემოდგომის პირველი დღეა, ამინდიც შემოდგომისაა, გარემოც, ფიქრებიც და აზრებიც…

არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა.

… დაიწყო ”წიწილების დათვლის” ერთთვიური…

18:00. ამოიწურა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სიების წარდგენის ვადა. სიები წარადგინა უკლებლივ ყველა საარჩევნო სუბიექტმა და რამოდენიმე დღეში ცნობილი გახდება ყველა იმ პირის ვინაობაც, ვისაც მიაჩნია, რომ სწორედ იგი უნდა იყოს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, სწორედ იგი უნდა იყოს ხელისუფლებაში და წინ გაუძღვეს ქვეყანას შემდგომი 4 წლის განმავლობაში. ნეტავ რამდენი გვყავს ასეთი? ნეტავ რამდენია მზად მძიმე, მაგრამ საამაყო ტვირთის ღირსეულად საზიდად? ნეტავ ვინ როგორაა მზად დაუღალავად იშრომოს, თავდაუზოგავად იღვაწოს სამშობლოსთვის და გასცეს ბევრი რამ, რათა ერის სიყვარული მიიღოს სანაცვლოდ? მათზე, უკვე, შემდგომში ვისაუბრებ…

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)