#‎NBAVOTE‬ zaza pachulia: უფრო მეტი, ვიდრე მხარდაჭერა


მახარებს თანამემამულეთა ასეთი მხარდაჭერა ზაზა ფაჩულიასადმი. მართლაც და, რა დიდი ძალა აქვს ქართულ სიამაყეს (ამ სიტყვის მხოლოდ წმინდა და ნათელი გაგებით), როცა უზომოდ გვახარებს ქართველის წარმატება უცხო ქვეყანაში. დიახ, გულწრფელად გვიხარია მათი ყოველი წარმატება, რომლებიც ლამის ბევრ წარუმატებლობას გვავიწყებს ჩვენს ქვეყანაში…
მართალია, ამასწინათ, კონკრეტული ლინკის საშუალებითაც მივეცი ხმა ჩვენს საამაყო კალათბურთელს, თუმცა საერთო სურვილის უფრო გასაძლიერებლად ე.წ. ტექსტური (მენტორული) ფორმატითაც დავაფიქსირებ პირად ინტერესს:
‪#‎NBAVOTE‬ zaza pachulia!

ამასთან, ცალკე მინდა აღვნიშნო ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ერის ასეთი გაერთიანება, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი მცირერიცხოვანი ერის მხარდაჭერა, შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს სასურველი შედეგის მისაღებად, რაც კარგად ესმით ჩემს თანამემამულეებს, თუმცა, მის მხარდასაჭერად, ჩვენი ასეთი მონდომება და ერთ მუშტად შეკვრა, ვფიქრობ, უკვე არის ზაზას გამარჯვება…
აქვე ისიც მინდა ვთქვა, უფრო მთელი გულით ვისურვო, რომ ოდესმე ის დროც დამდგარიყოს, როცა ჩვენი ქვეყნის სპორტულ (და არა მარტო) გუნდებში მოხვედრას ინატრებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ნუ ვიქნებით ამ მხრივ უიმედოდ პესიმისტები, რამეთუ სპორტი (ბევრ სხვა მიმართულებასთან ერთად) ისეთი რამაა, რაც ნამდვილად არაა დამოკიდებული ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიულ ზომასა თუ მოსახლეობის რაოდენობაზე, ამ მხრივ, მთავარი რაცაა, ესეც ძალიან კარგად ვიცით ყველამ…
ჩვენს ერთიანობასა და მიზანდასახულობას გაუმარჯოს!

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

ადამიანური ურთიერთობები გასაჭირში შეიცნობა


ახლახან რობერტ სტურუას მოსაზრებები წავიკითხე, სხვადასხვა თემასთან მიმართებაში და მართალია, რიგ საკითხებში (წლების განმავლობაში), მის პოზიცია-მოსაზრებებთან მიმართებაში კრიტიკული დამოკიდებულება მქონდა, მაინც მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეულ საკითხებში მასაც (როგორც ჩემს არაერთ ოპონენტს) აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი, ანგარიშგასაწევი და მისაღები მოსაზრება. მაგრამ, ამჯერად, ყურადღება მინდა გავამახვილო მის ერთ გულისტკივილიან ნათქვამზე – “გასაჭირში მყოფს, არც ერთმა კოლეგამ არ დამირეკა”-ო. მართლაც და რას დაამსგავსებს, ხოლმე, ხალხს “სეთურ-ხელისუფლებები”, რომელთაც თანამოძმის, ახლობლის ან, თუნდაც, მხოლოდ უბრალო ნაცნობის გასაჭირი ყოფნა “ღობის ჩხირის” ასოციაციას აღუძრავს?! თუმცა, საკითხავია, რამდენად სწორადაა შერჩეული, მსგავს შემთხვევებში, “განტევების ვაცი”? დათა თუთაშხიაც კი მიმართავს ხალხს “რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა”-ო, მაგრამ ადამიანური ღირსება თვით ამ ადამიანის კუთვნილება არაა? ის ან გააჩნია ან არა… მას, განა, რომელიმე ხელისუფალი (ხელმძღვანელი, მმართველი თუ ბატონი) იძლევა ან ართმევს?! სამწუხაროდ, ბევრის მსგავსად, მეც მახსენდება მავანთა გულბოროტობა, ორპირობა თუ უმადურობა, ზოგის ნასროლი ტალახი, ზოგისაც – “ამაყი” მდუმარება, მახსენდება ისიც, ვითომ ჩემი მეგობარი, ვითომ ახლობელი თუ “მადლიერი” ადამიანები როგორ დაუფიქრებლად გადაეშვნენ თვითგადარჩენის “ინსტიქტ-მორევსა” თუ პატრონთა მაამებლობის ჭაობში, სადაც დღემდე “ნებივრობს” ზოგი…
ეჰ, რას ვიზამთ, ესაა ჩვენი სინამდვილე – ადამიანურობისთვის ღმერთმა, ადამის მოდგმას, სახე უბოძა, მან კი ნიღაბი გამოიძერწა…
ცხოვრება კი გრძელდება – ცუდს კარგიც მოჰყვება, აუცილებლად. მე მადლიერი ვარ ცხოვრებისეული გამოცდილების, თუნდაც მწარე იყოს იგი, სხვა დაფიქრდეს, მაინც, რაღაც-რაღაცეებზე…

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)