Tag Archives: მედია

8 ოქტომბრის არჩევნების ფაქტობრივი შედეგი


8 ოქტომბრის დაძაბულობით, იმედებით და მოლოდინებით აღსავსე დღემაც ჩაიარა, ჩატარდა არჩევნები, შედეგებიც პრინციპში ცნობილია, მაგრამ სანამ არჩევნების შედეგებზე ვიტყოდი რამეს, მანამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ქართული მედიისა თუ ინტერნეტ სივრცის ობიექტურობის უპირობო მარცხი, 1-1,5 პროცენტიანი ცდომილებით მოტრაბახე ეგზითპოლების სამარცხვინო მარცხი, ქართული კაცთმოყვარეობის, ადამიანური ღირსებისა თუ სამართლიანობის გულსატკენი მარცხი… კიდევ არაერთი დიდი თუ პატარა მარცხის მომსწრენი გავხდით, ოღონდ მათი გახსენებით კიდევ უფრო არ დავამძიმებ ჩვენს გულებს…
ქაოტურად თუ მოწესრიგებულად გადანაწილდა პროცენტები, გამოიკვეთნენ ლიდერებიც და აუტსაიდერებიც, ზოგი წუხს, ზოგიც ხარობს… ნათქვამია გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, არადა, მე საქართველოს გამარჯვება მინდოდა, რეალურად კი მხოლოდ ერთი პარტიის მეორეზე გამარჯვება მივიღეთ.
აი ასეთი მოსაზრებები მაქვს მე და თუ ვინმეს ჩემსგან განსხვავებული მოსაზრებები გაქვთ, კიდევ ერთხელ გაიხსენეთ წინასაარჩევნო პერიოდი, რამდენიმე კვირაში კი პარლამენტის სხდომაზე მყოფი დეპუტატებიც კარგად შეათვალიერეთ…
P.S. და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, მჯერა, რომ ივერია გაბრწყინდება! როდის მოხდება ეს? მაშინ, როცა ჩემი თანამემამულეების გამოკვეთილი უმრავლესობა უშუალოდ თვითონ შეიტანს საკუთარ წვლილს ქვეყნის წინსვლასა და გაძლიერებაში, უპირველესად კი ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბებაში!
9 ოქტომბერი 2016 წ.

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

 

 

ჟურნალისტიკის ჰარაკირი


ძალიან კარგად მახსოვს და სხვებსაც ემახსოვრებათ, ალბათ, თუ როგორი მედია-გარემო იყო ქვეყანაში 2012 წლის არჩევნებამდე, როცა, ხელისუფლებასთან შეხმატკბილებულად, სამი ნაციონალური არხი სამოთხეში ცხოვრებას აჯერებდა (ცდილობდა, ყოველ შემთხვევაში) მოსახლეობას, თითქოს ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყო სამართლიანობა, ყველგან უმაღლეს დონეზე იყო დაცული ადამიანის უფლებები, ბიზნესი კი – ხელშეუხებელი, ხოლო ხელისუფლების უკლებლივ ყველა ოპონენტს სრული თავისუფლება ჰქონდა საკუთარი აზრის თუ პოლიტიკური პოზიციის გამოხატვისას…
ბევრი რამე შეიცვალა 4 წლის წინ, საზოგადოებამ დაიწყო თავისუფალ მედიაზე მიჩვევა, სიმართლის გაჟღერებაც თამამად და შეუზღუდავად ხდებოდა, თუმცაღა, რატომღაც მეჩვენება, რომ, პოლიტიკური პროცესებისა და ვიღაც-ვიღაცეების გემოვნების გათვალისწინების გამო, დღეს ქართული ჟურნალისტიკა თვითონ იკეთებს უკვე ჰარაკირს და შესაძლოა ამაში, “უანგაროდ”ეხმარებიან კიდეც, ჰარაკირი რომ უფრო სრულყოფილი გამოვიდეს…
როგორც 4, 7, 9, 15, 25 წლის წინ თუ უფრო და უფრო ადრეც, ბევრი რამ არ მომწონდა, არც ვაიჟურნალისტებს ვუჯერებდი, არც ვაიპოლიტიკოსებს, არც ხელისუფლების ზღაპრებს ვიჯერებდი და ასევე არ ვიბრმავებ თვალს არც ახლა, ასე იქნება ყოველთვის, რაც არ მომწონს, ნუ გაირჯებით, რომ მომაწონოთ! ხოლო შეცდომების გამეორებას რაც მოყვება, კარგად უნდა იცოდეს ყველამ!
4 სექტემბერი 2016 წ.

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

 

დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა…


დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა, თუმცა არ ვიცი რამდენად გვაქვს სადღესასწაულოდ საქმე, როცა ბოლო წლების განმავლობაში ასე უხვად დარიგდა ჟურნალისტის ნიღაბი…
მე კი ბევრი ისეთი ჟურნალისტი გამიგია, რომელსაც სიმართლისთვის თავი გაუწირავს, რომელიც ტყვიას არ შეუშინდა, ფულზე არ დახარბდა და უღირსი რეპორტაჟი არ გააკეთა…
დიახ, ამ ქვეყნად ბევრი შესანიშნავი ჟურნალისტი არსებობს, თუმცაღა საქართველოში რამდენია ასეთი, ძნელი სათქმელია, ალბათ თითებზე ჩამოსათვლელი…
ისე კი, ჟურნალისტობისთვის ნამდვილად არაა საქმარისი ამა თუ იმ ტელევიზიაში, გამომცემლობასა თუ სააგენტოში “გაჩითვა”, არც ზოგ-ზოგების დიპლომი განსაზღვრავს ბევრს და ე.წ. “ქსივას” დონეზე თუ განიხილება მხოლოდ…
წელიწადნახევრის წინ, წინასაარჩევნოდ, ქართულ მედიასთან დაკავშირებით დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და გულისტკივილიც ბევრ რამეზე გამოვხატე, თუმცა, დღეისათვის, მე ჩემი გულისტკივილი შემომრჩა, ისევ, ქვეყანას კი მოუმრავლდა ჟურნალისტის “ქსივოროსნები”…
მე კი რაოდენობაზე უფრო ხარისხი მაინტერესებს, ღირსეული, პრინციპული, სიმართლისთვის მებრძოლი ჟურნალისტები, რომელთა პროფესიას დიპლომი კი არა, მათი წესიერებით გაჟღენთილი პროფესიონალიზმი განსაზღვრავს და მხოლოდ მათ ვულოცავ ამ პროფესიონალურ დღესასწაულს, მათ ვულოცავ, ვისაც ამ სტატუსის მატარებლად მიიჩნევს ერი დღეს თუ არა მომავალში მაინც!
დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა…

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

პრესის თავისუფლება განსაზღვრავს საზოგადოების თავისუფლებას


პრესისა და სიტყვის თავისუფლება – ეს არის ცივილიზებული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ფასეული მონაპოვარი, ხოლო პრესისა და სიტყვის თავისუფლების ხარისხი  პიროვნების თავისუფლების ხარისხის პირდაპირპროპორციულია.

Файл:1301 Connecticut Avenue.JPG

სიტყვის თავისუფლება ყოფილ სსრკ-ს რესპუბლიკებში

საბჭოთა კავშირში სიტყვის თავისუფლებაზე საუბარს და მის შეფასებას, ვფიქრობ, ნამდვილად არა აქვს ახლა აზრი, რადგანაც ვთვლი, რომ სსრკ-ში, პრაქტიკულად არ იყო არანაირი პრესა, იყო მხოლოდ ერთი მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა. ამ უზარმაზარი ქვეყნის მოსახლეობისათვის, ალბათ ბევრად უფრო სანდო და დამაჯერებელი იყო კერძო, პირადი საუბრების დროს მიღებული ინფორმაცია, როცა ოფიციოზისგან ფარულად იგებდენენ იმ ჭეშმარიტებას, იგებდნენ იმას, თუ როგორ ცდილობდა საბჭოთა პრესა და ტელევიზია ხალხის გაბითურებას, როგორ ცდილობდა ინფორმაციულ ვაკუუმში ყოლოდა მოსახლეობა, ხოლო ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, როგორც ადრე აღვნიშნე, “ხალხი ჰგავს ქვევრში გამოკეტილ აბესალომს და მანამ ვერ გათავისუფლდება, სანამ ქვევრი არ გატყდება”… ჰოდა, ბოლოს და ბოლოს, გატყდა ის “ტოტალიტარული ქვევრიც” და ხალხმა იგემა ინფორმაციის თავისუფლების გემოც…

და მაინც, როგორ შეიცვალა სიტუაცია სსრკ-ს დაშლის შემდეგ?

ძნელია ზუსტად და სრულად განისაზღვროს მიღებული შედეგები. შესაძლოა, ყოფილი საბჭოთა რეპუბლიკებში, ამ ტოტალიტარული იმპერიის დაშლის შემდეგ, სიტუაცია არც თუ ისე მძიმეა, როგორც ეს იყო ათეული წლების წინ, თუმცაღა ცალკეული ხელისუფალი, რიგ შემთხვევებში, მაინც იადვილებს ცხოვრებას, როცა პრესას პრესის ქვეშ მოაქცევს ხოლმე… ხოლო, როცა არ არის პრესისა და სიტყვის თავისუფლება, მაშინ პიროვნების თავისუფლებაც, სადღაც შორს, “ჰორიზონტს მიღმაა”…

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, დღეისათვის არსებული, პრესის თავისუფლების ხარისხის შეფასებისას თვალშისაცემია ძალზე სერიოზული განსხვავება ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და სხვა დანარჩენებს შორის. აი რას ნიშნავს ცივილიზებულ ევროპულ თანამეგობრობაში ყოფნა…

ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს ყოფილ სსრკ-ში შემავალ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა სიტყვის თავისუფლების მხრივ 2003-2013 წლებში*:

ქვეყანა**/
წელი, ადგილი***
2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011-12 2013
აზერბაიჯანი 113 136 141 135 139 150 146 152 162 156
ბელარუსი 151 144 152 151 151 154 151 154 168 157
ესტონეთი 12 11 11 6 3 4 6 9 3 11
თურქმენეთი 158 164 165 167 167 171 173 176 177 177
ლატვია 11 10 16 10 12 7 13 30 50 39
ლიტვა 17 16 21 27 23 16 10 11 30 33
მოლდოვა 94 78 74 85 81 98 114 75 53 55
რუსეთი 148 140 138 147 144 141 153 140 142 148
საქართველო 73 94 99 89 66 120 81 99 104 100
სომხეთი 90 83 102 101 77 102 111 101 77 74
ტაჯიკეთი 113 95 113 117 115 106 113 115 122 123
უზბეკეთი 154 142 155 158 160 162 160 163 157 164
უკრაინა 132 138 112 105 92 87 89 131 116 126
ყაზახეთი 138 131 119 128 125 125 142 162 154 160
ყირგიზეთი 104 107 111 123 110 111 125 159 108

106

* – ცხრილის შედგენისას გამოვიყენე რესურსი “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (Reporters Without Borders);
** – ცხრილში ქვეყნები ალფავიტის მიხედვითაა დალაგებული;
*** – იმ შემთხვევისას, როცა რამოდენიმე ქვეყანას ერთი და იგივე სარეიტინგო ქულა აქვს დაკავებული ადგილის ნომრად აღებულია პირველი ანუ უკეთესი მაჩვენებელი.

ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ცხრილი გამოვიდა და შედეგების ანალიზიც საინტერესო დასკვნების საშუალებას იძლევა. მართლაც, ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იყოს მრავალფეროვანი და ალტერნატიული ინფორმაციები, ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის პრიორიტეტული იყოს პრესისა და სიტყვის თავისუფლება, შედეგად კი პიროვნების თავისუფლება. ძალიან მინდა, მედია უფრო და უფრო თავისუფალი იყოს ჩემს სამშობლოში და მთელს მსოფლიოშიც, ასევე, უფრო და უფრო მაღალი იყოს ჟურნალისტებისა და რეპორტიორების პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობაც!

აი ასე გამოიყურება სიტყვის თავისუფლების შესაბამისი მსოფლიო რუკა 2013 წლისათვის

 2013 World Press Freedom
გაგრძელება: ნახეთ ინდექსები და შესაბამისი რეიტინგი ცხრილის სახით (2013 World Press Freedom Index)