ჟურნალისტიკის ჰარაკირი


ძალიან კარგად მახსოვს და სხვებსაც ემახსოვრებათ, ალბათ, თუ როგორი მედია-გარემო იყო ქვეყანაში 2012 წლის არჩევნებამდე, როცა, ხელისუფლებასთან შეხმატკბილებულად, სამი ნაციონალური არხი სამოთხეში ცხოვრებას აჯერებდა (ცდილობდა, ყოველ შემთხვევაში) მოსახლეობას, თითქოს ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყო სამართლიანობა, ყველგან უმაღლეს დონეზე იყო დაცული ადამიანის უფლებები, ბიზნესი კი – ხელშეუხებელი, ხოლო ხელისუფლების უკლებლივ ყველა ოპონენტს სრული თავისუფლება ჰქონდა საკუთარი აზრის თუ პოლიტიკური პოზიციის გამოხატვისას…
ბევრი რამე შეიცვალა 4 წლის წინ, საზოგადოებამ დაიწყო თავისუფალ მედიაზე მიჩვევა, სიმართლის გაჟღერებაც თამამად და შეუზღუდავად ხდებოდა, თუმცაღა, რატომღაც მეჩვენება, რომ, პოლიტიკური პროცესებისა და ვიღაც-ვიღაცეების გემოვნების გათვალისწინების გამო, დღეს ქართული ჟურნალისტიკა თვითონ იკეთებს უკვე ჰარაკირს და შესაძლოა ამაში, “უანგაროდ”ეხმარებიან კიდეც, ჰარაკირი რომ უფრო სრულყოფილი გამოვიდეს…
როგორც 4, 7, 9, 15, 25 წლის წინ თუ უფრო და უფრო ადრეც, ბევრი რამ არ მომწონდა, არც ვაიჟურნალისტებს ვუჯერებდი, არც ვაიპოლიტიკოსებს, არც ხელისუფლების ზღაპრებს ვიჯერებდი და ასევე არ ვიბრმავებ თვალს არც ახლა, ასე იქნება ყოველთვის, რაც არ მომწონს, ნუ გაირჯებით, რომ მომაწონოთ! ხოლო შეცდომების გამეორებას რაც მოყვება, კარგად უნდა იცოდეს ყველამ!
4 სექტემბერი 2016 წ.

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

 

დისკუსიებში ერის სახე ჩანს…


ისევ და ისევ ვუბრუნდები ჩემთვის (და ვფიქრობ ბევრი სხვა საღადმოაზროვნე ადამიანისთვის) განსაკუთრებით მტკივნეულ თემას – სიძულვილის ენას დისკუსიებში. ისეთი ზიზღი და გაუტანლობა, უხამსობა და ბილწსიტყვაობა, ისეთი მტრობა რასაც მე დისკუსიებში (თუ ვითომ დისკუსიებში) ვხედავ, სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას, ასეთი აგრესია ძალიან დააზარალებს ერს და ნურავინ იფიქრებს, რომ ეს მძაფრი ნეგატივი სოციალურ ქსელსა თუ რომელიმე ინკოგნიტო თანამოასუბრეში ჩაიკარგება. და თუ არგუმენტების ნაცვლად პიროვნულ შეურაცხყოფაზე იქნება გადასვლა, მაშინ ნურავის ექნება იმის იმედი, რომ შედეგად მოაზროვნე საზოგადოებას მიიღებს. ნურც ესა თუ ის დამკვეთი თუ წამქეზებელი გაიხარებს იმით, რომ მისმა მეხოტბემ ლანძღვა-გინებით ვიღაც “მიაჩმორა”, რამეთუ ასეთი უღირსის გვერდში დაყენება თვითონ მასაც უღირსს ხდის და ადრე თუ გვიან ამ უღირსების რომელიმე საკითხში შეუთანხმებლობის გამო უკვე მათ შორის ამოხეთქავს ყველა ზემოხსენებული ნეგატივი…
ღირსეულ ქვეყანას კი მხოლოდ ღირსეული საზოგადოება ააშენებს!
იდეალური არავინაა, მაგრამ გულბოროტი უღირსების აშენებული სახელმწიფო რომ ღირსეული იქნება, ამის არ მჯერა…
4 სექტემბერი 2016 წ.

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

ბრიტანული “პასიანსი”


დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი გაერთიანებული სამეფოს შიდა საქმეა, რეფერენდუმის შედეგებს პატივი უნდა სცეს ყველა ქვეყანამ და მეც, სხვა ქვეყნის მოქალაქე, უპირობოთ ვცემ პატივს ბრიტანელების უმრავლესობის გადაწყვეტილებას, თუმცა მაქვს გარკვეული მოსაზრებები, რომელთაც, ასე ვთქვათ, ჩემთვის “შევინახავ”:
1. რეფერენდუმის შედეგების პროცენტულ თანაფარდობაში – 52/48 ისეთი მცირე სხვაობაა, რომ ევროკავშირიდან გასვლის მსურველთა გამარჯვება, მაინცა და მაინც, ვერ ჩაითვლება წონადად, მით უმეტეს იმასთან კავშირსა თუ მიმართებაში, თუ რა სერიოზულ ცვლილებებსაც გამოიწვევს ყოველივე ეს უშუალოდ დიდი ბრიტანეთისთვის;
2. როგორც რეფერენდუმის შედეგების პირველადი ანალიზიდან გამოიკვეთა, ახალგაზრდა თაობა, ძირითადად, ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგი იყო, ამას თუ დავუმატებთ იმ ფაქტსაც, რომ ევროპელი ახალგაზრდობის (მათ შორის ბრიტანელი ახალგაზრდობის) აბსოლიტური უმრავლესობა ინტეგრაციული პროცესების მომხრეა, მაშინ ძნელი არ უნდა იყოს იმის გამოცნობა, თუ რამდენად უფრო პრეტენზიული და მომთხოვნი გახდება ბრიტანელი ახალგაზრდობა საკუთარი ხელისუფლების მიმართ, არათუ ყოველწლიურად, ლამის ყოველდღიურადაც კი;
3. ყოველი ფართომასშტაბიანი ცვლილება, ჯაჭვური რეაქციის პრინციპით, გარკვეულ გავლენას ახდენს ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროზე და რაიმე გაუთვალისწინებელი ნეგატიური პროცესების წარმოშობისას, ყველა სხვა ძველ თუ ახალ პრობლემასთან ერთად, დიდ ბრიტანეთს, უკვე მარტო მოუწევს გაუმკვლავდეს ყოველივეს;
4. ნამდვილად უპასუხისმგებლო უნდა იყოს ის ბრიტანელი, რომელიც რეალურად არ შეაფასებს იმ სიტუაციას, რაც რეფერენდუმის შედეგების შემდეგ დაფიქსირდა შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას წაერთვა ევროკავშირში ყოფნის უფლება;
5. რეფერენდუმის შედეგები სათანადოდ უნდა გაანალიზოს ევროკავშირის ხელმძღვანელობამ და ყველაფერი გააკეთოს არა მარტო ამ გაერთიანების მოლითურობის შესანარჩუნებლად, არამედ მის უფრო გასამრავალფეროვნებლად თუ გასაძლიერებლად და დიდი დანაკლისის როგორღაც შესავსებად. ისე, ვიღაცას თუ აღარ სურს ევროკავშირში დარჩენა, არიან ქვეყნები, რომლებიც უფრო მეტ კოლორიტს შესძენენ ამ პროგრესულ ევროგაერთიანებას და მანაც დანაკლისის შევსებაზე უნდა გააკეთოს აქცენტი და მოულოდნელად წარმოქმნილი ნეგატივის გადაფარვა პოზიტივით მოახდინოს…
ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს!
2016 წლის 24 ივნისი

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

საქართველოს დამოუკიდებლობა: საამაყო წარსულიდან ღირსეულ მომავლამდე


მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ერი რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავს, ეს სიამაყესთან ერთად, ბევრ სხვა ტკივილსაც გვახსენებს, რამეთუ საუკუნეების განმავლობაში, ბედის უკუღმართობის გამო, ჩვენს სამშობლოს არაერთხელ დაუკარგავს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, შემდეგ კი ბევრი სისხლიც დაღვრილა ქვეყნის ღირსება რომ აღდგენილიყო. დღეს, კიდევ ერთხელ გვეძლევა შანსი გავიხსენოთ და შევაფასოთ ჩვენი წარსული – ტკივილსა და ტრაგედიებთან ერთად წარმატებებითა და სიხარულით აღსავსეც, როცა მარცხს ბევრად უფრო მეტი გამარჯვება მოჰყოლია, როცა დაქუცმაცებული საქართველო მძლავრ სახელმწიფოდ გაერთიანებულა, როცა ერს ურიცხვი დამპყრობლისთვის უჩვენებია თავისი თავგანწირვა, შემდეგ კი უფრო და უფრო დავაფასოთ თაობების შეუპოვარი ბრძოლით ჩამოყალიბებული, დაბრუნებული თუ შენარჩუნებული სახელმწიფოებრიობა. თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმთან ერთად ღირსეული და წარმატებული სახელმწიფოს აშენებაზე ფიქრით უნდა იყოს ერი გაერთიანებული, რომ ქვეყანა ნამდვილად იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი…
ამასწინათ აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ: “ნამდვილ დამოუკიდებლობას ერთიანი ერი და საღად მოაზროვნე საზოგადოება მოიპოვებს მხოლოდ, ჩვენ კი ბედად გვერგო აურაცხელი ცხოვრებისეული გაკვეთილის მიღება.
ღირსეულ დამოუკიდებლობას ვუსურვებ/ვულოცავ სრულიად საქართველოს!”
დიახ, საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობა გადის ხიდზე – საამაყო წარსულიდან ღირსეულ მომავლამდე!
დიდება საქართველოს!!!
P.S. ისე, ცალკე მინდა გავამახვილო ყურადღება შემდეგ ფაქტზე, რომ 26 მაისი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა (1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული აქტის საფუძველზე) და ზუსტად ეს აღინიშნება დღეს!

“იარლიყების” ეპოქა


ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 25-წლიანი პერიოდი თამამად შეიძლება ჩავთვალოთ ე.წ. “იარლიყების” მიკერების ეპოქად, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მხარდამჭერები (რიგ შემთხვევაში, თავის მხრივ, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერებიც) თავისი ოპონენტის “გასანეიტრალებლად”, ტალახის სროლასთან ერთად, არ ერიდებოდნენ სრულიად დაუსაბუთებელ ბრალდებებსაც კი და ქვეყანა “გაივსო” წარმოსახვითი “მანჯურიის აგენტებით”, ყოველ ოპონენტში, ლამის, სახელმწიფოს მტერს ხედავდნენ, საზოგადოება დაიყო “იმისტებად” და “ამისტებად”, საკმარისი იყო გაგეკრიტიკებინა ხელისუფლება ან მისი ცალკეული ქმედება, რომ გამზადებული იყო “იარლიყი” – “კრემლის აგენტი”, “კაგებეშნიკი”, “ზვიადისტი” (როცა ზვიადი ერის მოღალატედ ჰყავდათ შერაცხული), “კორუმპირებული” (რომ შევარდნაძის ხელისუფლების მძიმე ნაკლზე გაესვათ ხაზი), “ნაციონალი” (სააკაშვილის ხელისუფლების შეცდომები თუ დანაშაულებრივი ქმედებები რომ მასაც მიწერებოდა) და კიდევ ბევრი სხვა, ამ დროს არც ოპოზიცია იყო, ხოლმე, გულხელდაკრეფილი და მასაც ჰქონდა “საავტორო უფლებები” ცალკეულ “იარლიყზე”. ჩემი აზრით, ყოველივე ამან, დიდი დაღი დაასვა დემოკრატიულ ღირებულებებს და ძალაუნებურად უშლის ხელს სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას, ამიტომ ყველა, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შეეშვას ასეთი “ბუმერანგის” წინ და უკან ქნევას, თორემ უკვე ბევრჯერ გაიტეხეს თავი იარლიყების მიმკერებლებმა…
P.S. მე, ამჟამად, არ ვარ არცერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი, არ გამაჩნია ფავორიტი პარტია, არასოდეს შემისხამს ხოტბა რომელიმე პარტიისთვის, მით უმეტეს არ ვყოფილვარ რომელიმეს ბრმა მომხრე, თამამად მიღიარებია ამა თუ იმ პარტიის და ხელისუფლების მიერ გაკეთებული კარგი საქმეები, თვალიც არასოდეს დამიხუჭავს შეცდომებსა თუ დანაშაულებზე და ასე გაგრძელდება მომავალშიც, შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ უკმაყოფილოც ბევრი მყავდეს და იარლიყებიც არ დაიშუროს ზოგზოგებმა… თუმცაღა სულაც არ მღელვებს ეს (გული რომც მატკინოს ძალიან), მე ნამდვილად ვერ დავუშვებ, რომ ჩემი პოზიცია და მოსაზრებები იყოს ყალბი!
23 მაისი, 2016 წ.

 

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

 

 

BLOGერის ჟურნალისტური ჩანაწერები