საზოგადოების მოთხოვნა: “წინაზე უკეთესობა კი არაა მთავარი, შენს დაპირებებს უნდა აჯობო”


სიმართლე გითხრათ უკვე ძალიან გამაღიზიანებელია თითის გაშვერის პოლიტიკა, მით უმეტეს ხელისუფლება როცა აკეთებს ამას. ძალიან კარგად მესმის, რომ ოპონეტს უნდა დაუპირისპირდე პოლიტიკურ ბრძოლაში, მაგრამ ისეთი არგუმენტებით უნდა მოხდეს ეს, რომ მსგავსი ფაქტი არ უნდა იყოს შენთანაც. ყველას აქვს დაშვებული შეცდომები და უამრავია ასეთები “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხოლო ვინმე თუ ამას დაივიწყებს, ღირსიც ყოფილა იმ უმსგავსობების, რომელიც პირადად მას თუ არ შეეხო, მის რომელიმე ნაცნობ-ახლობელს ხომ აუცილებლად შეეხებოდა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენს ერს და ქვეყანას შეეხო! მაგრამ ხელისუფლებაში მყოფი ძალა სხვისი ქილიქით, სულ წარსულის მძიმე ფაქტების გახსენებით და ოპოზიციის ლანძღვა-გინებით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ თავისი საქმიანობით ისე კარგად უნდა ააწყოს ქვეყანაში ცხოვრება, ისეთი მაღალი დონის პროფესიონალი და პასუხისმგებლობით აღსავსე ხელმძღვანელი პირები უნდა ჰყავდეს, თავის წინასაარჩევნო დაპირებებს ისეთი შემართებით უნდა ასრულებდეს, რომ მოსახლეობის გულწრფელი(!) პატივისცემისა და ნდობის ღირსი იყოს. ძალიან კარგად მახსოვს ე.წ. მხედრიონის ეპოქა და სრული განუკითხაობა საქართველოში, პურის რიგებიც მახსოვს და ცარიელი მაღაზიებიც, ზვიადის განდევნას რომ მოჰყვა საქართველოში. ეს ქაოსი ცოტათი მაინც მოაწესრიგა “საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა” და ხალხს იმედის ნაპერწკალიც გაუჩნდა, თუმცა გავიდა წლები და ქვეყანა ერთი უბედურებიდან მეორეში გადავიდა – კორუფციის არნახული მასშტაბები, უშუქობა, უკანონობა, გატაცებები, დაკვეთილი მკვლელობები და კიდევ ბევრი უბედურება, რისი შეცვლაც მოინდომა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და მართლაც, პირველ წლებში შუქიც გაჩნდა ჩვენს ფანჯრებში, გზებიც მოწესრიგდა, “ქუჩის ყაჩაღი” – ავტოინსპექტორებიც წარსულს ჩააბარა, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი ამოქმედდა, ხალხს ისევ გაუჩნდა იმედის ნაპერწკალი, თუმცა თანდათან აღმოაჩინა, რომ ციხეებში სასტიკად აწამებდნენ პატიმრებს, ასევე მთელი სისასტიკით უსწორდებოდნენ ოპონენტებს, უტიფრად უსმენდნენ და უღირსად იღებდნენ ფარულ ჩანაწერებს – გასართობად, კონკრეტული მიზნებისთვის თუ მემკვიდრეობით გადასაცემად… ამ და კიდევ სხვა სიბინძურეების გამო ნაციონალების ხელისუფლებაც გადაირჩია ხალხმა. ახლა კი ახალი ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა, თუ შესანიშნავად არაა, წინაზე უკეთესი ხომააო. ჰოდა, ამას ვამბობდი – წინაზე უკეთესობა კი არაა მთავარი, შენს დაპირებებს უნდა აჯობო, ესაა მთავარი! თანაც რაღაცას კარგს რომ გააკეთებ, წინასთან შედარებით, ეს კი არ უნდა იტრაბახო და სხვა ლანძღო, უბრალოდ უნდა გაიაზრო, რომ ხელისუფალი ხარ და გევალება თანამემამულეებისთვის ზრუნვა! ყოველივე ამასთან ისიც საწყენია, რომ ისტორია დღესაც მეორდება და დღევანდელი ხელისუფლებაც ისევ ნაცნობი მეთოდებით უპირისპირდება თავის ოპონენტებს, ათას ბრალდებასაც უყენებს, თავისი ცუდის დანახვა კი არ სურს, უკეთეს შემთხვევაში, ზოგადი ფრაზებით, გაურკვეველი აღიარებით შემოიფარგლება. ზუსტად ასეთი პოზიცია ამარცხებს ყველა ხელისუფლებას!
როცა ვინმეს ბრალად სდებ, რომ ნაციონალებთანაა შეკრულიო, შენ არცერთი (ვიმეორენ – არც-ერ-თი!!!) ფაქტი არ უნდა გქონდეს ნაციონალებთან თუ ყოფილ ნაციონალებთან რაიმენაირი ურთიერთობის თუ კავშირის!
როცა შენსგან წასულ თანამდებობის პირს დასცინი და აქილიკებ, ვინც დაიტოვე ისინი იდეალურები თუ არა ხალხის სალანძღავი მაინც არ უნდა იყვნენ! როცა ვიღაც შენთან ერთადაა, მისი რაღაც არ მოგწონს თუ თვალს ხუჭავს, მერე იმის ღირსება უნდა გქონდეს, რომ თუკი შენთან აღარ იქნება, მაშინ არ გაიხსენო ნეგატივი!
როცა წლების განმავლობაში ხან რას დაიქადნებ წინა ხელისუფლების დროინდელ დამნაშავეებთან მიმართებაში და ხან რას, თანაც მუქარებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ამძაფრებ, ეს არაა სწორი და საზოგადოება ამას სათანადო შეფასებას აძლევს! 4 წელი იყავით ხელისუფლებაში და ამ დროის განმავლობაში დასასჯელიც უნდა დაგესაჯა, საქმეც განსაკუთრებული წარმატებით უნდა გეკეთებინათ და რაიმე არასწორის თუ შეცდომის გამო თავის მართლებაც არაფერზე უნდა გჭირდებოდეთ! გაითავისეთ, რომ ხელისუფლებაში ხართ და უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრიათ ქვეყნისა და ერის წინაშე, ინტერესები და უფლებებიც მაქსიმალურად უნდა დაიცვათ ყველასი, თქვენი ოპონენტებისაც!
P.S. არცერთი ხელისუფლების დროს არ ვყოფილვარ რომელიმე მთავრობის მეხოტბე ან რატომ უნდა ვყოფილიყავი?! ესა თუ ის პოლიტიკური ორგანიზაცია, სანამ ხელისუფლებაში მოვა, ხალხს იმას არ პირდებოდა, რომ ყველაფერს კარგს გავაკეთებო?! ჰოდა, რისი კეთების მანდატიც მისცა ხალხმა და გააკეთა, ეს რატომ უნდა იყოს აღფრთოვანებული ყიჟინის ღირსი? ხოლო, ხალხს რაც არ სურდა და იმის ნიშნებს დაინახავს ხელისუფლების ქმედებაში, ხელისუფალმა უნდა გაიგოს და მიიღოს ხალხის უკმაყოფილება!
23 აგვისტო 2016 წ.

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

დატოვე კომენტარი