ჩემი ნაკვალევი ფეისბუკის გვერდებზე


როგორც არაერთხელ აღმინიშნავს სხვადასხვა პუბლიკაციებში, წლების განმავლობაში განსაკუთრებული აქტიურობით ვარ ჩართული ინტერნეტის ცხოვრებაში და ვარ ბლოგერი რუსულ და ქართულენოვან ინტერნეტ-სივრცეში, თუმცაღა, ვერ ვიტყვი, რომ ისეთივე აქტიურობით გამოვირჩევი ფეისბუკზეც, მით უფრო, თვეების წინ, მაგრამ, რასაც ვწერდი, ყოველივე იყო გულით ნათქვამი და მომავლის იმედებით ნაკარნახევი. ცხოვრება წინ მიდის და ჩვენც წინ უნდა გავიხედოთ, თუმცაღა ნუ დავივიწყებთ ჩვენს ნაკვალევს…

ჰოდა, მეც გადავწყვიტე, ერთ პუბლიკაციად, შემეკრიბა, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გადმოცემული ჩემი გულისთქმა და მკითხველთან ერთად დავფიქრებულიყავი თვეების განმავლობაში დაფიქსირებულ პოზიციებზე:

* * *

მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებულობით გამოვირჩევი, მაგრამ ვინც თვლის, რომ ჩემზე უკეთესია, მან თავის გულში ჩაიხედოს, შემდეგ კი მის მიერ გაკეთებული საქმეები თუ მიღწეული წარმატებები ჩემსას შეადაროს…

ისე კი, ალბათ, მარტო მე არ უნდა ვფიქრობდე ასე!

f 21.09.2012

 

შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს, რაც კარგი საქმეებით უნდა გადაიფაროს და სიკეთის კეთებით. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ღირსეული დამოკიდებულება იყოს ადამიანებს შორის, რათა მათ ერთმანეთთან მისასვლელი პირი ჰქონდეთ, ერთმანეთისათვის სახეში შეეძლოთ შეხედვა, რაც ვერანაირად მოხერხდება, თუ ხელები სისხლით, ძალადობით ან ტალახითაა გაჟღენთილი…
ამ ბოლო ხანებში ბევრი რამ შეიცვალა ქვეყანაში და, საინტერესოა, ეს ცვლილებები თუ შეეხოთ მათ, ვინც მხოლოდ სხვებისკენ იშვერს, ხოლმე, თითს, ვინც თავის ქცევას და გადაწყვეტილებებს აიდეალურებს და, ამ დროს, ვერ ამჩნევს თავისავე უსუსურობას…

f 21.09.2012

 

სრული ჭეშმარიტებაა ის, რომ ადამიანის ნიჭი, გამოცდილება, ცოდნა, შრომისმოყვარეობა არ დაიკარგება და, შესაძლოა, მხოლოდ, გარკვეული დროის განმავლობაში, დარჩეს იგი შეუმჩნეველი, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს!
ყველა ადამიანს ვუსურვებ მისცემოდეს შანსი თავისი შესაძლებლობები მოახმაროს სამშობლოს კეთილდღეობას!

f 03.07.2012

 

არავინ იცის რა მოხდება ხვალ, მაგრამ დღეს ხომ შეუძლიათ შეაფასონ თავიანთი ქცევა და დაფიქრდნენ? თუ ვიღაც ვერ ამჩნევს სიკეთეს, სხვა თვალნათლივ დაინახავს უმადურობას… წინ კი ყველას ცხოვრებისეული სარკე ელოდებათ…

f 30.06.2012

 

ცხოვრებაში ბევრი უცნაურობა ხდება, უამრავი ფაქტი უმადურობისა თუ დაუფასებლობის, სიკეთის დავიწყებისა. არც თუ იშვიათად გვხვდება, უკვე, როცა ერთი სიტყვითაც კი არ იტყვიან ადამიანის მიერ გაკეთებული საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმის თაობაზე და, არა თუ აღნიშვნის ღირსად თვლიან, აღარც კი იხსენებენ, თუ რამდენი რამ კარგი გაუკეთებია მას. როგორც სჩანს მედროვეობაა, თურმე, ზოგიერთების ცხოვრების წესი, თუ არა და, მათ რომ ჰკითხოთ – იქცევიან საამაყოდ, მათთვის მნიშვნელოვანია ადამიანური ღირებულებები, ღმერთიც სწამთ და პატრიარქის ქადაგებებსაც უგდებენ ყურს… არ მჯერა!!!
ასე ერთდროულად როგორ შეეყარათ, ზოგიერთებს, ეს უცნაური ვირუსი, ადამიანს და მის გაკეთებულ საქმეებს რომ ავიწყებს?!
მუდმივი არაფერია, ამქვეყნად, და სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში ზოგიერთები, – ”ბოდიში”, ”შევცდი, მაპატიე”, ”ძალიან ვწუხვარ” და სხვა მსგავსი გამონათქვამებით, გულწრფელ მოინანიებენ, ვითომ, თავიანთ ქცევას და წმინდანებად გადაიქცევიან?
არც ეგ მჯერა! არ მჯერა სიტუაციას მორგებული სინანულისა და რა ვქნა?!

f 14.06.2012

 

ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენად სამართლიანად ახდება, ხოლმე, ადამიანისათვის გამონათქვამი: ”რასაც დასთეს – იმას მოიმკი”. ხომ, არც თუ იშვიათად ხდება ცხოვრებაში, როცა სიკეთეს დასთესს ადამიანი და, თუნდაც, უმადურობას მოიმკის…? თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ შემთხვევებში მიღებული შედეგი ადამიანს ბევრი რამის სწორად შეფასების საშუალებას აძლევს და ცხოვრებისეული სიბრძნეც ემატება.
ხანდახან კი, ზოგიერთს, თესვაც არ სჭირდება ისე მოიმკის, ხოლმე, სასურველ მოსავალს და არც კი დაფიქრდება – თუ რამდენადაა ეგ დამსახურებული…
მოკლედ, მაინტერესებს: ზემოაღნიშნული გამონათქვამი ამქვეყნიურ ცხოვრებას ეხება?

f 31.05.2012

 

მართლაც, რომ წუთია ეგ წუთისოფელი, თუმცა მაინც რამდენი რამის შემეცნება ესწრება: სიკეთისა და ბოროტების, ნდობისა და ღალატის, ადამიანურობისა და მედროვეობის… და ადამიანის ნამდვილი სახეც კარგად სჩანს, თურმე, თუნდაც მას ნიღაბი ეკეთოს, მეტადრე კი მაშინ, თუ იგი საერთოდ კარგავს სახეს…
”განა ყველა კაცია?
ათასში ერთი გამოვა…”
მიყვარს ეს სიმღერა, საკმაოდ დიდი სიბრძნეა გადმოცემული…

f 21.04.2012

 

ცხოვრება ადამიანისათვის ერთი დიდი გამოცდაა, ხოლო ამ ცხოვრებაში დატოვებული ჩვენი ნაკვალევით ხდება ჩვენი ცხოვრებისა და ადამიანურობის შეფასება. უცოდველი არავინაა ამ ქვეყნად და, მით უმეტეს, არც უშეცდომო. მეც დამიშვია შეცდომები და სხვებსაც უტკენიათ ჩემთვის გული. ზოგს სიკეთე არ დაუნახავს, ზოგს კი – საკუთარი შეცდომა… მაგრამ ცხოვრება წინ მიდის და ჩვენც წინ უნდა გავიხედოთ, უნდა გვწამდეს და გვჯეროდეს.
ძალიან განვიცდი ჩემს შეცდომებს, განვიცდი თუ ვინმეს ვაწყენინე, თუ ვინმეს გული ვატკინე…
გთხოვთ მაპატიოთ!
მჯერა და დარწმუნებული ვარ ღმერთი ყველას გვაპატიებს შეცდომებს – ჩვენ ერთმანეთს ვაპატიოთ!
დღეს მიტევების დღეა!

f 26.02.2012

 

ადამიანი სულიერად შეიძლება ამაღლდეს და არა კარიერის კიბით!
ადამიანი სიკეთის კეთების შედეგად შეიძლება ამაღლდეს და არა ძალაუფლების ტკბობით!
ადამიანი თავმდაბლობით შეიძლება ამაღლდეს და არა მედიდურობით!
… და ყველამ თავისი ჯვარი უნდა ზიდოს ამ ქვეყანაზე!

ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას!!!

f 27.09.2011

 

P.S.

მალე ჯვართამაღლების დღეა და რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ საკუთარ გულში და სარკეში ჩავიხედოთ, კიდევ ერთხელ, რამეთუ, ადამიანი იმ დონემდე მაინც იყოს ამაღლებული, შინაგანად, რომ:

– სხვისი მადლი, სიკეთე და კარგი საქმეები არ დააკნინოს, რათა, თუნდაც ამ ფონზე, საკუთარის უკეთ წარმოჩინება სურდეს;

– სხვა არ გააქილიკოს, არ დასცინოს, არ შერისხოს, ადამიანური შეცდომების გამო ტალახი და ქვა არ ესროლოს, რადგანაც არავინაა ამ ქვეყნად უშეცდომი, რაც არ უნდა იდეალური ეგონოს საკუთარი თავი ვინმეს, რითაც უფრო დიდ შეცდომას თავადვე დაუშვებს;

– ზურგი არ აქციოს მას, ვისაც მისი თანადგომა, მხარდაჭერა ან დახმარება სჭირდება, რადგანაც არავინ იცის, ცხოვრება ვის რას უმზადებს წინ;

One thought on “ჩემი ნაკვალევი ფეისბუკის გვერდებზე”

დატოვე კომენტარი