დღეს…


რა უცნაური დღეა, თავისებური, ერთდროულად ლოგიკურიც და ალოგიკურიც, მრავალმხრივად წინააღმდეგობრივი, ზოგან წვიმს, ზოგან ქარია, მზეც კი ანათებს, თუმცა სიცივემაც შეგვახსენა თავი, ზღვაც აღელდა და ტალღებით იმუქრება… დღეს ვიღაცას ილიჩი ახსენდება, დიდ ბელადად წოდებული ლენინი და ეს იმ დღეს, დედაბუნების დაცვაზე უფრო მეტად რომ უნდა ფიქრობდეს საზოგადოება, თუნდაც კალენდრის შეხსენებით, ყოველდღიური საზრუნავი ლამის კონკრეტული დღეებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების ამარა რომ დაუტოვებია. უცნაურია პოლიტიკური აზროვნებაც – ერის, ქვეყნის კონსტიტუციას ყველა საკუთარი სიყვარულისა (ზოგს ალალად, ზოგს გულუბრყვილოდ, ზოგსაც ბრჭყალებში მოქცეული) და გემოვნების საზომით რომ ზომავს, ყველას მხოლოდ თავისი სიმართლე და არგუმენტი რომ აქვს, ყველა ხალხის სახელით რომ საუბრობს, ხალხი კი…
ხალხი კი, ისევ და ისევ, იმას იმკის, რასაც წლების განმავლობაში თესავდა…
დღეს უცნაურიც კი აღარაა ის ფაქტი, რომ ჩვენი პლანეტა დენთის კასრზე დასვეს მავანთა უგუნურობამ, არაადამიანურობამ თუ უღმერთობამ, ეს მთელი მსოფლიოს ტკივილია, მართლაც და რაოდენ სამწუხაროა, რომ განგაშის ზარების შემოკრის ნაცვლად უფრო იარაღის ჟღარუნი ისმის ყველგან…
დღეს უჭირს ბევრ ჩემ თანამემამულეს, უჭირს აქ, თავის სამშობლოში, ბევრად უფრო მეტად კი მათ უჭირთ, ვინც ბედის უკუღმართობამ უცხო ქვეყნებში გადახვეწა…
უფალო, დაგვეხმარე! დაიფარე ჩემი სამშობლო, დაიცავი ჩემი თანამემამულეები ყოველთვის და ყველგან!
2017 წლის 22 აპრილი

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

მსგავსი თემატიკის პუბლიკაციები

დატოვე კომენტარი