ემოციები, სამართლიანობა, მენტალიტეტი


რამდენიმე დღეა, რაც მშვიდი გარემოდან დედაქალაქში დავბრუნდი და მთელი ეს დღეები ვცდილობ რაღაცნაირად ვუპოვო ახსნა საინფორმაციო ველში, სოციალურ ქსელებში, მედიაში და მთლიანად საზოგადოებაში აგრერიგად ფესვდადგმულ აგრესიასა და სისასტიკეს, მაგრამ ამის გაგება ფაქტიურად შეუძლებელია, მით უფრო მასთან შეგუება.

ძალზე მტკივნეული გასახსენებელია, მაგრამ მაინც უნდა გავიხსენო, 5 წლის წინანდელი, უდიდესი ტკივილით აღსავსე ის პერიოდი, როცა ჩემი სამშობლო კიდევ ერთხელ გაეხვია ომის ქარცეცხლში და კიდევ ერთი ძნელად მოსაშუშებელი იარა დაუტოვა ერს. იმ დროს მეც, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, სოციალურ ქსელებში აქტიურად ვიყავი ჩართული დისკუსიებში. ძალზე ძნელად და მძიმედ გადასატანი იყო, ჩემთვის, მომხდართან შეგუება – სხვადასხვა მხარის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა, ავანტურისტულმა ჩანაფიქრებმა თუ დანაშაულებმა ჩემი სამშობლოს თავზე „სიკვდილის ღრუბლები“ შეჰყარა, რომლებიც შემდგომ ცეცლის წვიმად იქცა, მრავალი უდანაშაულო და მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მიწა სისხლით მოირწყა… მაშინდელ დისკუსიებში მე ნამდვილად არ ვცილობდი დამეცვა საქართველოს ხელისუფლება და ქვეყნის ლიდერები, ეს არც ჩემი კომპეტენცია იყო, არც მიზანი და არც სურვილი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ყოველივე მომხდარს პრინციპულ და ადეკვატურ შეფასებას მისცემდა ცივილიზებული სამყარო, ყოველივე შეფასებული იქნებოდა საერთაშორისო კანონებისა და ნორმების შესაბამისად – დამნაშავეც გამოიკვეთებოდა და დაზარალებულიც. მე კი, ჩემი პოზიციებით, ვიცავდი საერთაშორისო თანამეგობრობისა და ცივილიზებული სამყაროს ძირითად ღირებულებებს და ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის ურღვევობის პრინციპის დაცვა, ასევე, ადამიანის უფლებების დარღვევის, ოპუპაციისა და ეთნოწმენდის დაგმობა. საკმაოდ მძიმე, უკომპრომისო და, ხშირ შემთხვევაში, უხეშ და უხამს კომენტარებზე მიწევდა პასუხების გაცემა, თუმცა, პირადად მე, ყოველთვის ვცდილობდი დისკუსიებში ვყოფილიყავი მაქსიმალურად კორექტული, რაც, ჩემდა გასაკვირად, თითქოს, უფრო მატებდა აგრესიას ზოგიერთ ჩემს ოპონენტს. მაშინ დაახლოებით ასეთი პოზიციით მივმართე რუსეთში მცხოვრებთ:

„ცალკეული პირების ასეთი აგრესია, უხეშობა და უხამსობა დიდს ვერაფერს დამაკლებს მე, ამ ვირტუალურ სამყაროში, თუმცა მათ ასეთ „ადამიანურობას“ თუ არაადამიანურობას, რეალურ ცხოვრებაში, განუზომლად მეტი უსიამოვნების მოტანა შეუძლია თავიანთი ახლობლების, მეზობლების, თანამოქალაქეთა თუ თანამემამულეთათვის…“
ვფიქრობ, წლების წინ დაფიქსირებული ეს პოზიცია დამაფიქრებელი უნდა იყოს ჩემი თანამემამულეებისათვისაც.

რატომ გავიხსენე ყოველივე ეს…

მთელი ცხოვრების მანძილზე მესმოდა, ხოლმე, ენით აუწერელი აგრესიულობის გამოხატვა იმ პირთა მიმართ, რომლებიც ასევე ენით აუწერელ სისასტიკესა და დანაშაულს ჩადიოდნენ: „ფეხებით უნდა ჩამოკიდო და სასტიკად აწამო“, „ხორცები უნდა დააჭრა და მარილი დააყარო“, „ასეთი ადამიანი ჩანასახშივე უნდა მოესპოთ“, „ქვებით უნდა ჩაქოლო“, „სახლკარი უნდა გადაუწვა“, „წამებით უნდა მოკლა“ და სხვა მსგავსი აგრესიულობითა თუ ზიზღით გამოწვეული „ლინჩის წესით“ გასამართლების სურვილების მოწმე ვხდებოდით თითოეული ჩვენთაგანი და არც თუ იშვიათად… დიახ, მართლაც ძნელია ცივილიზებულობა, კორექტულობა, მიმტევებლობა მოსთხოვო მორალურად თუ სულიერად განადგურებულ ადამიანს, ვისაც ახლობელს მოუკლავენ, როცა იგი დაჰყურებს უღმერთოდ ნაწამებ თუ დასახიჩრებულ სხეულს, როცა გული აქვს მოკლული ახლობელ ადამიანზე საზარელი ძალადობის ფაქტის გაგების შემდეგ, ძნელია ემოციებისა და რისხვის შეკავება, როცა არასრულწლოვანს უსასტიკესად ექცევიან, აწამებენ, ძალადობენ მასზე, როცა არ ინდობენ ფეხმძიმე ქალბატონს თუ უსუსურ მოხუცს… ჰოდა, დანაშაულს ტკივილი მოჰყვება, ხოლმე, ტკივილს – აგრესია, ნებაზე მიშვებულ აგრესიას კი – ახალი დანაშაული და… წრეც შეიკრა.

ციხეებში მომხარი სისასტიკის თუ სხვა არაერთი უმძიმესი ფაქტის ამსახველი კადრების არსებობის გაგებისა თუ ნახვის შემდეგ საზოგადეობაში აგრესიის მუხტი ისე გაიზარდა, რომ, რიგ შემთხვევაში, ძალზე ძნელდება ზღვარის გავლება სამართლიანობის აღდგენისა და შურისძიების სურვილს შორის. ძნელი ყოფილა და შეუძლებელიც კი იმასთან შეგუება, თუ როგორ მოინდომეს კონკრეტულმა პირებმა, რომელთაც უშუალოდ ევალებოდათ კანონისა და ადამიანის უფლებების დაცვა, მოეხდინათ დაზარალებულთა ახლობლების ემოციური თუ „ცხელ გულზე“ გამოთქმული სურვილების რეალიზება, ყოველივე საკუთარი კათმოძულეობით გამოწვეული სურვილების შესაბამისი დანაშაულებით „გაემდიდრებინა“, შიში და უიმედობა დაეთესა ხალხში. ამ დროს, ძლიერნი ამა ქვეყნისანი, დაარხეინებულები იყვნენ, სხვები – მოლოდინში… საერთო ჯამში კი, საზოგადოებისათვის, მართლაც რომ, ძალზე მძიმე აღმოჩნდა სარკეში ჩახედვა, სადაც სისასტიკესთან ერთად საკუთარი უსუსურობაც დაინახა და ასეთ შემთხვევაში უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინაა დამნაშავე, ვინ უმწეო მსხვერპლი და ვინ უსუსური, დაშინებული, დაბრმავებული თუ დამუნჯებული… რაც მოხდა, ეს უკვე ერის უდიდესი ტკივილი და სირცხვილია, რომლის მსგავსიც აღარ უნდა განმეორდეს, თუ გვაქვს ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი და პრეტენზია.

და, რაც მთავარია, საკმაოდ სერიოზულად უნდა მოხდეს დაფიქრება იმაზეც, თუ ვის მიმართ როგორი ნდობის ხარისხი უნდა იყოს და ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ შეცდომა ბევრს შეიძლება მოუვიდეს, რადგანაც უცოდველი არავინაა ამქვეყნად და ადამიანს შეცდომის დაშვების გარდა კარგისა და სასარგებლოს გაკეთებაც შეუძლია, როცა შანსი ეძლევა, რისი მრავალი მაგალითიც არსებობობს, ხოლო ამის საპირისპიროდ, პრაგმატული მოსაზრებების თუ დროებითი ინტერესის გამო, კონკრეტული პიროვნების გაიდეალურება თუ მოხდება, ყველაფერზე თვალის დახუჭვა და საკადრო პოლიტიკაც კერძო ინტერესზე აეწყობა, შემდეგ საკმაოდ მტკივნეული იქნება შეცდომის აღიარება, შედეგებზე რომ არაფერი ვთქვათ…

და, მერამდენედ მიწევს  ჩემი, კარგა ხნის წინ გამოქვეყნებული, პუბლიკაციის გახსენება:
საკადრო პოლიტიკა და სავალალო შედეგები

© ფეისბუკის ჩემი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 18/08/2013, in ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა, პოზიცია და მოსაზრები and tagged , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: